პოეზია | იურგენ როოსტე
იურგენ როოსტე გამორჩეული თანამედროვე ესტონელი პოეტია, რომელიც თბილისში მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოვა. ფესტივალი წელს 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
გეყვარები მარადისობის
დასასრულამდე?
გეყვარები მარადისობის დასასრულამდე
და იმის იქითაც
ჩვენ გავიარეთ მარადისობის დასასრული
და შევჩერდით რამდენიმე საათით
იმის გაუაზრებლად თუ რა მოხდა
თუ როგორ სამყაროს შევეჩეხეთ
გეყვარები მაშინაც კი თუ
ვერ გავუმკლავდები ამ ყველაფერს
თუ ისევ გამოვთვრები და სამყაროს დასასრულამდე
ერთი წუთით ადრე ჩამომეძინება საკუთარ ჭუჭყში
ოთახის კუთხეში როგორც უდარდელ ჩვილს
გეყვარები როცა ღამე ჩამოწვება
როცა ამინდი ჯოჯოხეთურად ცივი იქნება
და ჩვენ არსად წასასვლელი არ გვექნება
და შუქი არ გვექნება და რაიმე მიზანი არ გვექნება
გეყვარები
როცა გეტყვი რომ ჩვენ ერთად
შევაჩერებთ დროს და რომ მთელი საიდუმლო ისაა რომ
ჩვენ გარეშე სამყარო გაუქმდება
გეყვარები
თუნდაც ამ საუცხოო სამყაროს გამო
რომელიც ბოლოს და ბოლოს შესაძლოა არსებობდეს კიდეც (რატომღაც)
გეყვარები მე გადარეული ცხოველი
ეგოისტი დიდი მამრი აფთარი ხის დალეწილი ტოტიდან
რომ კრუტუნებს თბილ სიმღერას წარმოუდგენლად ღრმა სიმღერას
და წარმოუდგენლად ღრმა ღამე როცა ეშვება ჩვენ შორის
და კაცმა არ იცის რა მოხდება როცა გათენდება
კაცმა არ იცის
გეყვარები მე რომელსაც სწყურია შენი სითბო
შენი სისხლი და მისი დაუფლების იმედით ცოცხლობს
გეყვარები საყვარელო
გეყვარები მარადისობის დასასრულამდე
და
იმის
იმის
იმის
იქითაც.
> > >
რა სარგებელი მოაქვს პოეზიას
გეკითხები – რა
შეარიგებს პოეზია
ჩვენს გაყრილ მშობლებს
მკლავებს ისევ გააყრევინებს მკლავებში
როგორც ყოველთვის მოჩანს
როგორც იყო კიდეც
ჩიტების გალობა და ნათელი მზე
რაში გვჭირდება პოეზია
რამენაირად დაგვეხმარება
მოვისროლოთ ალკოჰოლი ჯანდაბაში
მე ვთქვი „მოვისროლოთ ალკოჰოლი"
რატომ უნდა მოვისროლოთ
ის ჩვენი ნაციონალური მახასიათებელია
სავაჭრო ნიშანი
უფრო მძლავრი ვიდრე „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესტონეთში"
უსიკვდილოდ დაგირეკავ
მერე კი ბარში გავალთ
ჰემინგუეიმაც კი იცოდა
რომ სამყაროს ნებისმიერ ნავსადგურში
შეხვდები ესტონელს
სრულად გაბოლილს
გალეწილს და დალეწილს
რატომ გვჭირდება პოეზია
როდესაც ჩვენი დედები შეუდგნენ
ალკონავტობას კოსმოსში
ან გაითქვიფნენ სამუშაო მასაში
ჩვენ შორის ბზარი გაჩნდა
რომელმაც შეხების წერტილები არ დაგვიტოვა
და ანტიდეპრესანტებიღა დარჩა
კასტრირებულ სამყაროში
რა ხეირია პოეზიისგან
ყველას ფეხზე ჰკიდია
როცა იდიოტების ჯგრო
წერს ლამაზ და ბუნდოვან სიტყვებს
რომ ომი ცუდია
ნუ აწარმოებთ ომს
სიცოცხლეს მოუფრთხილდით
რომ ფული ცუდია
მე არ წავალ დღეს სიურრეალისტურ სუპერჰიპერმეგამარკეტში
რა ყრია პოეზიაში
გადაიხდის ჩემს ქირას
და წავა ჩემ ნაცვლად სამსახურში
და გაუჩნდება ჭკვიანური იდეა
თუ როგორ შევიყვარო ხელახლა
ჩემი ცოლი
მიხსნის შიმშილისგან
და გადამატანინებს ერთ ლოთურ ღამეს ქალაქში
და როცა დავეცემი
ნაცემი
და გამვლელებისგან დაკიდებული
დამეხმარება რომ ფეხზე წამოვდგე
მეორე მხრივ
ვის რად უნდა ესტონეთის რესპუბლიკა
ესტონეთის რესპუბლიკა არის როგორც ვაიმწერლის ნაჯღაბნი
ქარების ქვეყანა დიახ გმადლობთ არაფერს კარგად ბრძანდებოდეთ
გამაქანეთ აქედან ჯოჯოხეთში
ბანკებიც კი კლასიკურია
პოეზიას ოქროს ფასი აქვს
და მეცნიერები რითმებს ზელენ
სოციოლოგი ეძებს ალიტერაციულ სიტყვას
რომ ოდნავ მაინც გამოაცოცხლოს ბუნდოვანი ნაშრომი
სექსი და კექსი პოეზიად მიიჩნევა
და ამ სირობას ყველგან შეხვდებით
ოთხტაეპიანი ტროქეები
პროფესიონალური სპორტი
ელეგიურ ორტაეპედში
მე ვკითხულობ რად გვინდა პოეზია
ვეკითხები საკუთარ თავს და ბიჭს
მანქანის რეცხვით რომ შოულობს ფულს
და იმ ლამაზ ბავშვს უცხოურ კულტურათა სწავლების ინსტიტუტიდან
რომელიც პოეტების იმპორტს ეწევა
და ვეკითხები გეიტივინიუსების მკითხველს საკაიფო ღამის კლუბში
ნეონის ნათება
ვრეკავ სექს-ტელეფონზე და ვეკითხები
და ვრეკავ ზეინკალთან და ვეკითხები
ვის სჭირდება
პოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოეზია
ისმინე რასაც ისინი მეტყვიან
უსმინე საკუთარ თავს
ეს თითქმის პოეზიაა
ეს თითქმის ჩვენი უდიდესი პოეტების სტროფების მსგავსია
დიახ ჭეშმარიტად
ვის სჭირდება