გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პოეზია | ზურა ჯიშკარიანი

საშობაო ტექსტი

ეს დედაა.
რადიო, საიდანაც ისმოდა განთიადი, ლუპზე
გაშვებული სიგნალი მოკლე ჩართვებით.

დედაჩემი ტელესკოპია: ღამესავით შავი თვალი,
რომელიც აკვირდება ჩვენკენ მომავალ სიცარიელეს
სამყაროს ჰორიზონტებიდან.

მისი წლიური ანგარიშები და სტენოგრაფიული
გამოთვლები არის ჩემი გენეტიკური კოდი.

ეს მამაა.
ცაში აშვერილი კალაშნიკოვი, რკინის ყვავილი.

მან იცის – ეს ტყვიები ვერასოდეს გაარღვევენ
სტრატოსფეროს,
მაგრამ მაინც დაუნდობლად ისვრის სუპერნოვების
მიმართულებით.
მარადიული ომის დასასრულს ის აღნიშნავს ახალი
ომით.

მამაჩემი უცნობი ქალაქების მონატრებაა,
რომელიც უკვე ყელში მაწვება
და ლამისაა გადმოიღვაროს –
მარგალიტის მდინარეებად
ჩემს თვალებში ჩაზრდილი ვიდეოკამერებიდან.

ერთხელ ის და მისი მეგობრები, ყაყაჩოს წვენით
გაბრუებულები, უსაქმურობისგან მისი დიდი ბაბუის
საფლავზე წავიდნენ,
ოდესღაც ბაბუა პატარა კომეტის ჩამოვარდნას
შეესწრო ზღვისპირას, დიდხანს უტრიალა ციურ
სხეულს ბიბლიური შიშით აკანკალებულმა, შემდეგ
წაიღო და უცნობ ადგილას გადამარხა.

ასე წვანან ახლა
მიწის სიღრმეში
ერასტო და ციური სხეული:

მეფაიტონე, რომლის შესახებ არაფერი ვიცი
და კომეტა, რომელიც სამყაროს დასაბამიდან
დაფრინავს სიზმრისეულ ტრაექტორიებზე და ბოლოს
ქალაქის სასაფლაოზე აღმოჩნდა, თავზე დადგმული
ხის ჯვრით.

ზღვის რბილი ხმაური არხევს რბილ ბალახს ჯვრის
გარშემო, მილიარდი ვარსკვლავი ციმციმებს მის ფონად.
ეს მე ვარ.
სამარე, საიდანაც, როგორც დედას და მამას
სჯეროდათ – ოდესმე წამოვიდოდა თოვლი.

 

წერილი გმირს

გამარჯობა, გმირო,
როცა ძველ სატელეფონო ცნობარებში
ეძებდნენ შენს გაცრეცილ სახელს
ხვალინდელი ზეცის არქივებისთვის –
მე მეძინა.

შენ უბრალოდ უნდა აგეკრიფა 022
და გეთქვა, რომ –
ხეების სუნი ასდის კედის,
რომ კატებმა ისევ მოისაქმეს საწოლის უკან,
რომ ფრაქტალური გეომეტრია
გასათვალისწინებელია ქალაქის დაგეგმარებაში –
მაგრამ ქარხნებმა გაგიტაცეს და ცეკვავდნენ
შენთვის, როგორც ვარსკვლავები და ცხოველები
კრიშნას გარშემო.
სამყარო მოსაწყენია ორშაბათობით, გეთანხმები.

აი ასეთი მოულოდნელია ჩვენი ტრაექტორიები
დილის მაღვიძარადან საღამოს კლუბებამდე
დილის ყავიდან საღამოს ზახოდებამდე
დილის ცივი ტრანსპორტებიდან ღამის კომფორტულ
საწოლამდე
სევდიანი, გმირული და ელეგანტური ორგაზმით
ორ (ან მეტ) ხმაში.

შენ საახალწლო ჩინური მაშხალა ხარ, გმირო!
იაფად ნაყიდი ჯადოქრობა ღარიბი კვარტალის
ბავშვებისთვის.
როცა დღეები იწვებიან როგორც სიგარეტი ჩემს
თითებში.
შენ იცი – ქარხნების სუნი ასდის საყვარელ ადამიანს.
შენ იცი, სადაც ამზადებენ მისნაირებს.

შენ ალბათ ცუდ ვარსკვლავზე გაჩნდი
იმიტომ რომ უკვე კარგა ხანია გამაზე საკუთარი
სპეც. რეპორტაჟი
(რომელიც არის ცხოვრებაში ერთხელ და მერე
არასდროს, ისიც თუ გმირად დაიბადე)
ვინაიდან მათ უკვე გამორთეს თავისი
ტელევიზორები, შეჭამეს კაბელები და წავიდნენ
სამსახურში.

არა უშავს. სამაგიეროდ
ჩვენ დაგვრჩა – ყველა სახის ჯანქი და უამრავი
ფერადი სათამაშო
სატელეფონო ხაზები და AM სიხშირეები
იარაღის საწყობები და რემბრანდტის რეპროდუქციები.

გარდა ამისა
მე შევძელი გადამენახა რამდენიმე უცნაური ნოტი
რომელიღაც საბავშვო პიესიდან
ფორტეპიანოსთვის.

 

+++

გთხოვ, დედა,
დაურეკე ღმერთს
და დაუტოვე მას ჩემი შავ-თეთრი ოცნებები
ავტომოპასუხეზე.
გაიხსენე ჩემი სუსტი გულისფეთქვა შენში.
მე ძალიან არაფხიზელი და გადაღლილი ვარ
და ვერაფრით ვიხსენებ ჩვენს ფარულ, ინტიმურ
სიზმრებს,
რომლებსაც ერთად ვუყურებდით მაშინ,
როგორც ანონიმურ ფილმებს VIP კლუბში
და არაფერი იცოდნენ სხვებმა.

გთხოვ, დედა,
დაურეკე ამ უაზრო ღმერთს
და დაუტოვე სიჩუმის 9 თვე ავტომოპასუხეზე.
დააფიქსირე ჩვენი პოზიცია. იცოდეს.
გოგო, რომელსაც ბოლოს ვხვდებოდი, საერთოდ არ
გგავდა შენ, დედა.

სად არიან ჩემი მეგობრები,
როცა ყოველ დილით ყავას და სიძულვილს ვსვამ
მზის სხივებთან თამაშით?
სად არიან ჩემი მტრები,
როცა ამდენ საბაბს ვიძლევი
და როცა ასეთი გახსნილი და ჯვარცმული ვარ
ყოველდღიურობაზე.

ასე იქცევა ის, რასაც შენ ეძახი – ცხოვრებას,
იმად, რასაც შენ ეძახი – სტატისტიკას.

ისინი ყველანი ჩემი სიმარტოვის საძებრად არიან
წასულები, დედა,
და იმედია, მათ უკვე უყვართ ერთმანეთი ტუჩებში,
იმედია, მათ უკვე უყვართ ერთმანეთი ანუსში
და უყვართ ერთმანეთი თვალებით.
და იმედია, ისინი უკვე არასოდეს დაბრუნდებიან.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა