გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გიორგი ქებურიას დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე

მდგრადი და პოლიტიკური მოდა

გიორგი ქებურიას დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე

მომხიბვლელი და ენერგიული შემობიჯება ლონდონის მოდის სცენაზე” - ასე შეაფასა ცნობილმა მოდის ჟურნალმა Women’s Wear Daily- გიორგი ქებურიას ახალი კოლექცია და მისი დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე, რომელიც ინგლისის დედაქალაქში თებერვლის ბოლოს შედგა. “Elle”-მა კი ქებურია 5 ახალ ყურადღებამისაქცევ და საინტერესო ბრენდის სიაში შეიყვანა.

მოდის კვირეულებისდიდ ოთხეულსშორის, ლონდონში ყველაზე მეტად აფასებენ ინოვაციებსა და ექსპერიმენტულ მიდგომებს. ეს ადგილი არაერთხელ გამხდარა ორიგინალური ხელწერის მქონე ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პლატფორმა და სამომავლო წარმატების ტრამპლინი. სწორედ ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა თავის დროზე ისეთი დიზაინერების დებიუტი, როგორებიც არიან ჯონ გალიანო, ალექსანდრ მაქქუინი, სტელა მაკარტნი და სხვები. ამიტომ, აქ მოხვედრა ყველასთვის განსაკუთრებული პატივი და სტიმულია.

ლონდონი გიორგი ქებურიასთვისაც განსაკუთრებული ადგილია და აქ მოხვედრა მისი დიდი ხნის ოცნება იყო: „ეს ქალაქი ახალი დიზაინერების აღმოჩენის ერთგვარი მეგაპოლისია - ლონდონის მოდის კვირეულები ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიულობით და ავანგარდულობით. აქ ნამუშევრების წარდგენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ამან მომცა საშუალება, დამეძლია გარკვეული კომპლექსები და დამეკმაყოფილებინა ის სურვილები, რომლებსაც ბავშვობაში ვაგროვებდი“, - ამბობს ქებურიაინდიგოსთანსაუბარში.

34 წლის გიორგი ქებურია იმ თაობას მიეკუთვნება, ვისი ბავშვობაც 1990-იან წლებს დაემთხვა. სანახევროდ ჩაბნელებულ და კრიზისში ჩაფლულ თბილისში მოწყენილობისა და უსაქმურობის დროს, ის თავს სანთლის შუქზე მოდის ჟურნალების თვალიერებით იქცევდა. ხატვის სურვილი და ინტერესიც მაშინ გაუჩნდა

ბავშვობიდან სულ ვხატავდი. OTTO- დიდი კატალოგები გვქონდა სახლში, რომლებსაც ხშირად ვათვალიერებდი ხოლმე. როცა ფოტოებს ვუყურებდი, სულ მინდოდა დამეწყვილებინა ეს ყველაფერი ერთმანეთთან: საყურე პიჯაკთან, პიჯაკი ქვედაბოლოსთან და აშ. კოლაჟურად ვთამაშობდი ამ ყველაფრით“.

მიუხედავად ამ გატაცებისა და ნიჭისა, რომელიც სკოლის დამთავრების პერიოდში უკვე აშკარა იყო, გიორგიმ მშობლების თხოვნით ბიზნეს მენეჯმენტზე ჩააბარა. თუმცა, ეს სფერო მისთვის იმდენად უინტერესო აღმოჩნდა, რომ ოჯახისთვის ანგარიშის გაწევისა და სწავლის ფორმალურად დამთავრების რესურსი აღარ აღმოაჩნდა. ამიტომ, ერთ დღესაც სწავლას თავი დაანება. იმავე პერიოდში თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში დამწყები დიზაინერებისთვის კონკურსი ტარდებოდა, სადაც ამ ინდუსტრიაში სრულიად გამოუცდელმა ქებურიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. მას შემდეგ დიზაინერობა მისი ოფიციალური პროფესია, მოდა კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

ლონდონი მოდის კვირეული

გიორგი ქებურიას ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე  23 თებერვალს გაიმართა, სადაც მან 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.

keburia London fashion week

როგორც დიზაინერი ამბობს, ეს ორთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია და ამ ხნის განმავლობაში ერთი დღეც არ დაუსვენია.

ჩვენება დიდი ხანია არ მქონია, პოლიტიკური ვითარების გამო საქართველოში სამწუხაროდ აღარ ტარდება მოდის კვირეულები. ამიტომ, ჩემთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, როგორც მოდელებთან მუშაობის, ისე სტილისტებთან, ფოტოგრაფებთან და პრესასთან თანამშრომლობის კუთხით“. 

კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის ერთ-ერთი ინსპირაცია გიორგი ქებურიასთვის ბავშვობის სათამაშოები და თოჯინები იყო. პატარაობაში მათთვის ტანსაცმლის შეკერვისა და ჩაცმის გამოცდილება არ ჰქონია, ამიტომ ეს ერთგვარი კომპენსაციაც იყო იმ პერიოდის: არ ვაცმევდი არასდროს, მაგრამ ეტყობა რადგან ბავშვობაში ვერ მოვასწარი ამის გაკეთება, ახლა მომინდა თავიდან მეთამაშა ამ ყველაფრით და ექსპერიმენტები ჩამეტარებინა. მინდოდა, მაქსიმალურად ბევრი პერსონაჟი გამეერთიანებინა კოლექციაში და განსხვავებული  ნამუშევრები შემექმნა, კონკიას კაბიდან დაწყებული მილიტარისტული უნიფორმებით დასრულებული“, - ამბობს დიზაინერი.

კლასიკური სილუეტები თანამედროვე, ფუტურისტული და მილიტარისტული ელემენტებით, ვიქტორიანული ეპოქისა და 80-იანი წლების საინტერესო, ორგანული სინთეზი და ამ ყველაფრის ახლებური ინტერპრეტაცია ქებურიას ნამუშევრებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

სხვადასხვა ტექსტილებისა და გეომეტრიული ფორმების ორიგინალური შერწყმა კი კონტრასტულ ჰარმონიას ქმნის, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. მისი ჩვენება არ არის მხოლოდ კონკრეტული ნამუშევრების წარდგენა, ეს სპექტაკლია - ავტორის განაცხადი თავისი იდეებით, მესიჯებით, მუსიკითა და დრამატურგიით. ქებურია ძალიან ზუსტად იყენებს ქართული ჯგუფის Skazz-ის მუსიკას, რომელიც ცნობილია თავისი სოციალური და პოლიტიკური თემატიკით, საპროტესტო მუხტით. დღევანდელი საქართველოს კონტექსტში კი ეს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. საპროტესტო ბანერით დაამთავრა გიორგი ქებურიამ თავისი ჩვენებაც: „თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!“ - ეწერა ბანერზე, რომელიც დიზაინერმა წარმოდგენის ბოლოს სცენაზე გამოიტანა.

ჩემთვის ეს პროტესტი ყოველდღიურობაა, თბილისში როცა ვარ, სულ რუსთაველზე ვდგავარ და ვცადე, რომ იქაც გამეპროტესტებინა და ხმა მიმეწვდინა უფრო დიდი აუდიტორიისთვის, სადაც საერთაშორისო პრესაც ესწრებოდა.

ეს იყო ჩემი ყოველდღიური პოზიცია, არაფერი განსაკუთრებული. წინააღმდეგი ვართ ამ სახელმწიფოსი და ამ რეჟიმის, ვითხოვთ უკანონო პატიმრების გამოშვებას და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას“, - ამბობს ქებურია.

ლონდონის მოდის კვირეულზე დადებითი პრესის გარდა ქებურიას ბრენდის მიმართ შემსყიდველები, . ბაიერების ინტერესიც გაიზარდა. დიზაინერს საერთაშორისო გაყიდვების გამოცდილება აქამდეც ჰქონია. მისი ტანსაცმელი და სათვალეები არა ერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან რიანა, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კაია გერბერი და სხვები. თუმცა, ლონდონის მოდის კვირეულზე მოხვედრა ნებისმიერ დიზაინერს უამრავ ახალ კარს უხსნის, როგორც შემოქმედებითი, ისე კომერციული თვალსაზრისით. ლონდონის მერე ქებურიამ ნამუშევრები პარიზში წაიღო, სადაც სპეციალური შოურუმი მოეწყო ბაიერებისთვის.

მდგრადი მოდა

ლონდონის მოდის კვირეულზე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ ქებურიას შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი, მისი ნამუშევრების მხატვრული ღირებულების გარდა ისიც იყო, რომ დიზაინერი პროდუქციას ეკოლოგიასთან და მდგრადობასთან შესაბამისობაში ქმნის. დღეს ეს საერთაშორისო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. გლობალური ეკოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში მდგრადობასა და ეკომეგობრულობას სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ინდუსტრიებში. მით უმეტეს, ცნობილია, რომ მოდის ინდუსტრია, განსაკუთრებით კი სწრაფი მოდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დამაბინძურებელიააწარმოებს წარმოუდგენლად დიდი ოდენობის ნარჩენს და ამ წარმოებაშიც, ანუ ტანსაცმლის შექმნის პროცესშიც, ძალიან დიდ რესურსს მოიხმარს.

კვირეულზე ნამუშევრების წარდგენაში ქებურიას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი QUIS დაეხმარა. პროექტი საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ხარისხისა და სტანდარტების გაუმჯობესებაში ეხმარება ისეთ სექტორებში, როგორებიცაა მოდა და ტექსტილი, სათამაშოები, ავეჯი და ხის ნაწარმი, შესაფუთი მასალები და სამშენებლო მასალები. ეს მათ საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უფრო მომზადებულები იყვნენ გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისთვის

დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მდგრადი იდეების მიმართულებით და ცდილობს, საკუთარ კოლექციებში უმეტესად ორგანული და გადამუშავებული მასალა გამოიყენოს, რომელიც არ შეიცავს მავნე ქიმიურ შენაერთებს. ბრენდს დანერგილი აქვს ნარჩენების მართვის პრაქტიკაც და შეფუთვის დროსაც გადამუშავებულ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს. ეს მიდგომა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა მას გლობალურ ბაზარზე მიმზიდველ და სოციალურად პასუხისმგებლობიან ბრენდად აქცევს.

ქებურიასთან ევროკავშირის მხარდაჭერილი სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში არა ერთხელ ვითანამშრომლეთ, რა დროსაც დაარსდა მოდისა და ტანსაცმლის ასოციაცია და რომლის აქტიური წევრიც არის გიორგი. ის მუდმივად ცდილობს, ჩართული იყოს ამ პროცესებში და გაითვალისწინოს ის ტენდენციები და ტრენდები, რაც დღეს აქტუალურია ევროკავშირში და რაც ხელს შეუწყობს ბრენდებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე. ამიტომ, ამჯერადაც, ბევრი არ გვიფიქრია მხარდაჭერაზე, რადგან, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი დიზაინერი მაღალი მოდის ჩვენებაზე იღებდა მონაწილეობას და მეორეც, ის სრულ თანხვედრაში იყო მდგრადობის იმ სტანდარტებთან, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ“, - ამბობს QUIS- კომუნიკაციების მენეჯერი, მარი გოგუაძე ინდიგოსთან საუბარში.

გიორგი ქებურია ამჯერად თბილისშია და სექტემბრისთვის ახალი, შუალედური კოლექციის შექმნას გეგმავს. მოდის ენაზე ამას Resort ან Cruise collection-საც უწოდებენ, რომელიც ტრადიციული შემოდგომა/ზამთრისა და გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების მიღმა კოლექციებს მოიაზრებს. მაგალითად Pre-fall, ანუ შემოდგომის წინა კოლექცია, სადაც აქცენტი ისევ თბილი სეზონის ტანსაცმელზე კეთდება, თუმცა, უკვე შემოვა ადრეული შემოდგომის ელემენტები და აქსესუარები. ქებურიას ეს ნამუშევრები ამჯერად მხოლოდ ონლაინ განთავსდება და ლონდონის მოდის კვირეულის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვან საერთაშორისო მომხმარებელს დაელოდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა