გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გრაფიკა

პოსტაპოკალიფსური ლოცვა | ანდრო დადიანი

შენი სურვილების მალამოთი თვალებაგმანული დისკო წუის ჰაერში, 
კოსმიურ სატელიტებს უკავშირდება და ჩემს სხეულს დაეძებს 
მფეთქავ, მოცახცახე, დაოსებულ ჩემს სხეულს. 
წუის, ზუზუნებს ფოლადის დისკო.

მე ვიქნბი მამაჩემი რომელმაც არ დამილია არსობის პური 
და მამაგრებდა პიროვნული დესტაბილიზაციის დროშას. 
მე ვიქნები დედა რომელმაც თმებით ბოქვენზე მიმიწნა 
და არაფერი მინახავს მისი საკეისრო შრამების გარდა
და მე ვიქნები პირველ რიგში მე, რომელმაც ვერ იპოვა ძალა 
აქ, ამ ტიალ მინდორში აწურული აღარ მდგარიყო.

- რად არ ეცემი,
რა ჯანდაბას უდგახარ, 
რატომ არ წაიქცევი და იფორთხებ კრისტინასავით? *
მატერიალური ინგრედიენტებით სავსეა უფალი, 
ჰოდა იდექი ასე მუხლებში შიშჩამდგარი და
დაელოდე ყველა მის გამოვლინებას.

და ჰა, ხმალივით შემართული ველი შენი დისკოების ქალაზე ღრჭიალს, 
სისხლის მოჩუხჩუხე შადრევანი ვარ ამ დამზრალ მინდორში 
სადაც გადამფრენ ჩიტებს პირიდან სევდის ბელტები სცვივათ.
გაგდებულ თავზე საკუთარი ტორსიდან მორაკრაკე სისხლი მახმება 
და თვალებს მიოსებს
მწყურია, მწყურია, მწყურის*
დაგვალვული, გამხმარი ენა მიდევს პირში და მაინც გეტყვი 
- მომიხსენე მე, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.* 


---
* იგულისხმება ენდრიუ ვაითის ''Christina’s world''
* იოანეს 19/28 - ''შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.''
* მართლამდიდებლური ლოცვანი სინანულისანი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა