გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სასულიერო სემინარია

ქალაქი ქვეთავებად - თბილისის სასულიერო სემინარია

ამბავი #2 - თბილისის სასულიერო სემინარია

ქაშუეთის ეკლესიისა და ეროვნული გალერეის უკან, 9 აპრილის ბაღში, რომელსაც თავდაპირველად ალექსანდრეს ბაღი ერქვა, 1873 წლის 6 დეკემბერს მეფისნაცვალმა ჩამოიარა. იქვე სამი სტუდენტი იჯდა. მათ თავის დაკვრის მაგივრად, სიცილი ატეხეს და ქუდები არც მოიხადეს, მხოლოდ წვერებს შეეხნენ. სემინარიელებს: დ. კეზელს, ს. ჭრელიშვილსა და ა. მაჭარაშვილს მეტეხის ციხეში უკრეს თავი. ეს მეფის თვითმპყრობელობისადმი ღიად და უშიშარად გამოთქმული პროტესტის პირველი შემთხვევა იყო. გამოძიებამ კეზელის წერილებიც აღმოაჩინა, სადაც დასტურდებოდა, რომ სტუდენტები მალულად იკრიბებოდნენ და აკრძალულ ლიტერატურასაც კითხულობდნენ, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი საერო საკითხავი, სავარაუდოდ, პოლიტიკური აქცენტებით.

სამივე სტუდენტი მეტეხის ციხეში მოათავსეს. დაკითხვაზე ხშირად მათი წამქეზებლის დასახელებას თხოვდნენ,  მაგრამ ისინი დუმდნენ.

პროტესტის გამღვივებელი, პირველ რიგში, ალბათ თავად ის სისტემა იყო, რასაც სასულიერო სემინარია ქმნიდა და თავს ახვევდა მოსწავლეებს. მაშინდელ საქართველოში, სადაც ან სამხედრო უნდა გამოსულიყავი, ან მღვდელი, ან სოფელში გლეხად დარჩენილიყავი, ან ქალაქში - მოსამსახურედ გემუშავა, ეს იყო ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლის შემდგომი სასწავლო საფეხურით; მაგრამ, ამავდროულად, ეს გახლდათ ადგილიც, სადაც გასწავლიდნენ მხოლოდ რუსულ ენაზე, წირვა-ლოცვასაც რუსულ ენაზე ატარებდნენ და ჰქონდათ მკაცრი მოლოდინი, რომ მათი ნებისმიერი მოსწავლისგან დადგებოდა რუსეთის იმპერიის ერთგული მსახური, რუსულ ენაზე წირვა-ლოცვის შემსრულებელი სასულიერო მოღვაწე.

,,ოჰ! როგორი სასიამოვნოა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა და სიკვდილი ჭეშმარიტების და ხალხის თავისუფლებისთვის’’, - წერდა სემინარიელი მეგობრებისთვის მიწერილ წერილში დავით კეზელი, იგივე „ნიჰილისტი, მეამბოხე, რესპუბლიკანელი“ (როგორც თავს თვითონ უწოდებდა). მისთვის სემინარია სასტიკი სისტემის პირდაპირი გამოხატულება იყო. ამაზე საუბრობდა მეგობრებთან და კითხულობდა შესაბამის ლიტერატურასაც.  

იმ შენობიდან, რომელსაც განათლებული, მორწმუნე, ღვთისა და მეფის სამსახურში მყოფი ადამიანები უნდა აღეზარდა, კეზელის მსგავსად, ბევრი რევოლუციურად განწყობილი ადამიანი გამოდიოდა. აქ სხვადასხვა დროს სწავლობდნენ: ლადო კეცხოველი, მიხა ცხაკაია, იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), ფილიპე მახარაძე, ისიდორე რამიშვილი - თითქმის ყველა, ვინც 1905 წლის რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განათლების კერების გაჩენაზე ზრუნავდა და  ვინც 1918 წლის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში შეიტანა წვლილი.

1837 წელს ნიკოლოზ პირველი საქართველოში ჩამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რუსი იმპერატორი ეწვია თბილისს. მაშინ მოსახლეობის უმრავლესობა ბანიან სახლებში ცხოვრობდა. მხოლოდ რამდენიმე შენობა გამოირჩეოდა სილამაზით, ერთ-ერთი მათგანი კი, იაკობ ზუბალაშვილის ქარვასლა იყო, რომელიც იმდროინდელი გარეთუბანში პასკევიჩ-ერევანსკის მოედნის სიახლოვეს იდგა. დღეს ამ ადგილს თავისუფლების მოედანი ჰქვია. ამ შენობაში კი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმია. 

იმპერატორის მიღებისათვის შესაფერისი შენობის დიდხანს ძებნა არ დასჭირვებიათ. მეჯლისის გამართვა სწორედ ზუბალაშვილის ქარვასლაში გადაწყვიტეს. 

უქვაფენილო თბილისში მუხლამდე ტალახი იყო. სტუმრები ეტლებიდან მეკურტნეების დახმარებით გადმოდიოდნენ. მეკურტნე ტვირთის მზიდავი იყო, რომელსაც ხელში აყვანილი შეჰყავდა ქალბატონები შენობაში, ტალახით რომ არ დასვრილიყვნენ. ამ მეჯლისს ესწრებოდა საქართველოს ეგზარქოსი, რომელსაც შენობა ისე მოსწონებია, რომ იაკობ ზუბალაშვილის შვილთან იქვე დაუდია შეთანხმება შენობის გაყიდვაზე. სამი წლის შემდეგ იქ თბილისის სასულიერო სემინარია გაიხსნა. 

1840-50-იან წლებში მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დიდი რესურსი მოახმარა თბილისის კეთილმოწყობას, აშენდა ოპერაც, საქართველო კულტურული ცხოვრება ღვივდებოდა. ამ პროცესის ნაწილი იყო ადგილობრივი სასწავლებლის გახსნაც. 

,,დავფრთხი და შევშინდი, როდესაც ბნელ ღამეში წინ გადამეშალა ლამპებით გაკაშკაშებული თბილისი. მართალია, ელექტრონის მზე არ ადგა მაშინ ამ ქალაქს, მაგრამ ლამფების ცეცხლითაც ძლიერ იყო განათებული. რიგზე ჩამწკრივებული სინათლე შორიდან გაბმულ ცეცხლის ზოლს წარმოადგენდა და ეს ზოლები მიიმართებოდნენ ზოგი განზე, ზოგი - აღმა, ზოგი - დაღმა. ქალაქი აჭრელებული იყო”. - ისიდორე რამიშვილი, 1878 წელი.

ასეთი უცხო და მიმზიდველი სურათით ხვდებოდა თბილისი  სხვადასხვა კუთხიდან დიდ ქალაქში სასწავლებლად ჩასულ ახალგაზრდებს.  თბილისი მათ არა მხოლოდ ახალ კულტურულ გარემოს სთავაზობდა, არამედ ახალ შესაძლებლობასაც, ესწავლათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისციპლინები და იქიდან წასვლის შემდეგ საზღვარგარეთ უფრო საფუძვლიანი უმაღლესი განათლების მიღებაზეც ეოცნებათ. თბილისის სემინარიაში მოხვედრა ყველას შეეძლო, ვინც მისაღებ გამოცდებს ჩააბარებდა. დირექცია თვითონ არკვევდა გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა, თუ არა სტუდენტის ოჯახს. ღარიბებს თავად აფინანსებდა, ისე კი, სწავლა და ცხოვრება წელიწადში 170 მანეთი ჯდებოდა. 

სემინარიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მეცხრამეტე საუკუნის დასასრული და მეოცეს დასაწყისია. მაშინ მწიფდებოდა სოციალისტური რევოლუციაც და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც. ეს დიდი ძვრები კი სემინარიის ცხოვრებაზეც აისახებოდა.

წინააღმდეგობას კი დირექცია რეჟიმის გამკაცრებით პასუხობდა. განსაკუთრებით სასტიკი გარემო პავლე ჩუდეცკის რექტორობის დროს, 1883-1886 წლებში იყო. მან სასწავლებლის ბიბლიოთეკა არასასულიერო შინაარსის წიგნებისაგან გაწმინდა. სტუდენტებს კლასგარეშედ მხოლოდ წმინდანების ცხოვრება და სხვადასხვა საღვთისმეტყველო წიგნები დარჩათ. ჩუდეცკის არც ღამით ეძინა. თორმეტი საათიდან ის კლასებში დადიოდა  და სტუდენტების უჯრებს ამოწმებდა, სემინარიაში აკრძალული ლიტერატურა რომ არ შეპარულიყო. 

სილიბისტრო ჯიბლაძე სემინარიის საავადმყოფოში მკურნალობდა. საწოლში იწვა და წიგნს კითხულობდა, როცა რექტორი თავზე წაადგა. სილიბისტრო ადრეც ბევრჯერ შეუმჩნევიათ აკრძალული ლიტერატურით ხელში, ამიტომ განსაკუთრებულად მეთვალყურეობდნენ. რექტორმა სტუდენტს წიგნი ხელიდან გამოგლიჯა. გაცოფებული სილიბისტრო წამოხტა და საჩხუბრად მოემზადა, მაგრამ ჩუდეცკი სწრაფადვე გაეცალა. მეორე დღეს სილიბისტროს აცნობეს, რომ პედაგოგიურმა საბჭომ მისი გარიცხვა გადაწყვიტა. მან მშვიდად ჩაიცვა ტანსაცმელი, გავიდა გარეთ და სემინარიისკენ გაემართა. კლასთან ჩასაფრებული სილიბისტრო ჯიბლაძე რექტორს თმაში სწვდა. ოთხი სართული ცემა-ტყეპით ჩაიყვანა, მისი გარეთ გაგდებაც სცადა, თუმცა ბოლო სართულზე ფეხი დაუცდა და ძირს დაგდებულ რექტორს თავზე წამოექცა. ჩუდეცკის ყვირილზე გამშველებლები გაცვივდნენ. პირდასისხლიანებული რექტორი სახლში წაიყვანეს, სილიბისტრო კი გასამართლების შემდეგ, მეტეხის ციხეში მოხვდა.


სემინარიელები, მათ შორის არიან: ისიდორე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, აბროსი ხელაია(1921-1927 წლებში კათოლიკოს პატრიარქი)

ჩუდეცკი თავისას არ იშლიდა. სემინარიის სტუდენტ იოსებ ლაღიაშვილს წერილი აღმოუჩინა, სადაც ის სიმპათიას გამოთქვამდა მარქსიზმისადმი. ლაღიაშვილი სემინარიიდან გარიცხეს. რექტორმა ეს არ იკმარა და ერთ-ერთი რუსის მოხელე აიძულა, უარი ეთქვა თავისი შვილის ლაღიაშვილთან მომზადებაზე, რითაც ლაღიაშვილს შემოსავლის უკანასკნელი წყარო დაუკარგა. გარიცხულმა სტუდენტმა რამდენჯერმე ითხოვა სემინარიაში აღდგენა, თუმცა ყოველ ჯერზე, რექტორი ჩუდეცკიც და ეგზარქოსი პავლეც მას უარით ისტუმრებდნენ. თანაც, ლაღიაშვილი მგლის ბილეთით იყო გარიცხული, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტუდენტს აღარც ერთი სასწავლებელი აღარ მიიღებდა. ბოლოჯერ სცადა ბედი და რექტორთან ისევ თხოვნით მივიდა. უარი რომ მიიღო, დამალული ხანჯალი დააძრო და ჩუდეცკი სასიკვდილოდ დაჭრა. ცნობილია, რომ მისი მკვლელობა იქამდეც იგეგმებოდა, ლაღიაშვილს კი, კარგი მოტივიც ჰქონდა, ამიტომ ეს საქმე მას მიანდეს.

სწორედ ამ ამბის შემდეგ დაწყევლა პავლე ეგზარქოსმა საქართველო. რასაც დიმიტრი ყიფიანის წერილი მოჰყვა, სადაც ის ბოდიშის მოხდას ითხოვდა. ყიფიანი რუსეთში გადაასახლეს, შემდეგ კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 

1890 წელს იოსებ ლაღიაშვილი გადასახლებიდან ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა. ამერიკიდან გამოუგზავნია წერილი, სადაც ჰყვებოდა, გაქცეულებმა როგორ იპოვნეს სანაპიროზე ნავი, რამდენიმე დღე როგორ ებრძოდნენ ტალღებს, სანამ იაპონური გემი არ შემოხვდათ. იოსებ ლაღიაშვილის გარდაცვალების დრო და ადგილი უცნობია.

დამნაშავეების გამოსავლენად დირექციას ჯაშუშებიც ჰყავდა. ამ მხრივ რუსი მოწაფეები ცუდ დღეში იყვნენ, რადგან მათ სტუდენტები ყოველთვის ეჭვის თვალით  უყურებდნენ. ამბობდნენ, ვიღაც ჯაშუშად შემჩნეული რუსი მოწაფე ბოლო სართულიდან გადმოუგდიათ და მოუკლავთო. ასეთ ამბებს ეჭვქვეშ არავინ აყენებდა, რადგან დანაშაული სემინარიაში ხშირად ხდებოდა.

თუ სასულიერო სემინარიაში ანტირუსული და პატრიოტული ზრახვები აერთიანებდა ყველა ქართველ მოწაფეს, იგივე არ ითქმის პოლიტიკურ და სოციალისტურ იდეებზე, რაც მეოთხე კლასის შემდეგ იჩენდა ხოლმე თავს. მეოთხე კლასი გარდამავალი ეტაპი იყო სემინარიელების ცხოვრებაში. იქამდე საერო საგნებს სწავლობდნენ: ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სამოქალაქო ისტორიას, ლოგიკას, სიტყვიერებასა და სხვა. მეხუთესა და მეექვსე კლასში კი მიმდინარეობდა უშუალოდ  მღვდლობისთვის მომზადება. ამიტომ მეოთხე კლასის შემდეგ ბევრი ტოვებდა სემინარიას, იმ იმედით, რომ სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც არც მღვდლობა უნდოდა, მაგრამ სემინარიიდან მაინც არ მიდიოდა - აქ ღამის გასათევი და თბილისში დარჩენის შანსი ჰქონდათ. როცა სემინარიის მკაცრი განაწესიდან გადახვევასა და ახალ იდეებზე მიდგებოდა საქმე, ეს მცირე ჯგუფი, ყველაზე მეტად აქტიურობდა. 1870-იან წლებში ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ლიდერი, რომანოზ ფანცხავა ცნობილი კრიტიკოსი და ჟურნალისტი გახდა. ის ამარაგებდა სემინარიას არალეგალური ლიტერატურით, წიგნების შეკვეთებსაც იღებდა. მისივე მეთაურობით დადიოდნენ საიდუმლო შეკრებებზეც, სადაც ეცნობოდნენ სოციალისტურ იდეებს და კამათობდნენ, ჰყვებოდნენ, როგორ დაასრულეს სიცოცხლე ეშაფოტზე ამ იდეების გამჟღერებლებმა.

სტუდენტების შეკრებების შესაჩერებლად სემინარიაში მდგომარეობა უფრო გამკაცრდა. ღამ-ღამობით ინსპექტორი და მისი თანაშემწეები ფეხაკრეფით შედიოდნენ და ათვალიერებდნენ, რა ხდებოდა ამ უზარმაზარ, გრძელ საძინებელში, სადაც ოთხასამდე სტუდენტს ეძინა. ერთ ღამეს, როცა სამარისებური სიჩუმე იდგა, უცებ, ვიღაცამ მამალივით დაიყივლა. გაბრაზებული ინსპექტორი იქითკენ გაიქცა, მაგრამ ამ დროს უკნიდან ჭიხვინის ხმა მოესმა, მერე ბღავილი და ასე შემდეგ. გაცეცხლებული ისნპექტორი წინ და უკან დარბოდა, მაგრამ როგორც კი ვინმეს მიაუხლოვდებოდა მშვიდად მძინარე სტუდენტის გარდა ვერაფერს ხედავდა. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ოთახებში მორიგეობა არ შეწყვიტეს.

ასეთ ურჩ მოსწავლეებს, რომლებიც გაბატონებული მოძღვრებისა და წესების წინაააღმდეგ მიდიოდნენ, ,,პროტესტანტებს’’ ეძახდნენ. დირექცია ცდილობდა, სასწავლებელი ,,პროტესტანტებისგან’’ გაეწმინდა, მაგრამ სტუდენტების პროტესტის ეშინოდათ. 

ერთხელ, საბჭოს სხდომაზე მეექვსე კლასიდან რამდენიმე მოწაფის გარიცხვა განიხილეს. გადაწყვეტილება შემდეგ სხდომაზე უნდა მიეღოთ. იმ ღამესვე სემინარიის ინსპექტორს ქვებით ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. სტუდენტები წლის ბოლომდე სემინარიაში მაინც დატოვეს.

1894 წლის აგვისტოში თბილისის სასულიერო სემინარიაში იოსებ ჯუღაშვილი ჩაირიცხა. გორის სემინარიაში სწავლის შემდეგ მას, როგორც ჩანს, მკაცრ წესებთან შეგუება არ გასჭირვებია, თუმცა, აქ განსაკუთრებული სიმკაცრე იყო. სემინარიაში ,,დამნაშავეს’’, ხშირად, კარცერშიც კი სვამდნენ.


სემინარიელები: სტალინი - ბოლო რიგში მარცხნიდან მეორე.

,,თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორების მოსწავლეთა ქცევაზე ზედამხედველობის ჩანაწერების წიგნში’’ დეტალურად არის აღნუსხული მოსწავლეთა ქცევები:

1894 წლის 4 დეკემბერი - ,,ჯუგაშვილი (I კლასი) ცუდად იდგა ტაძარში ღვითსმსახურების დროს - ეყრდნობოდა კედელს და იდგა ცალ ფეხზე’’.

21 დეკემბერი, 1895 წელი - ,,თავისუფალ გაკვეთილზე (ბერძნული ენის მასწავლებლის ავადმყოფობის გამო) I  კლასის მოსწავლეები: კარბელოვი, ჯუგაშვილი, მურახოვსკი, ლიაძე, ცინცაძე არ აქცევდნენ რა ყურადღებას, რომ მეზობელ ოთახში მიმდინარეობდა სიტყვიერების გაკვეთილი, ქართულად მღეროდნენ ჯგუფურად, ისევე ხმამაღლა, როგორც ეკლესიაში’’.

სოსო ჯუღაშვილი ლადო კეცხოველის ახლო მეგობარი იყო. სემინარიაში 1893 წლის 1-4 დეკემბერს მოწყობილ დემონსტრაციასაც ლადო კეცხოველი მეთაურობდა.

სემნარიის მოსწავლეთა განცხადება საქართველოს ეგზარქოსს:

,,მე, ვლადიმერ კეცხოველი, სასულერო სემინარიის მოსწავლეთა სახელით, მოგმართავთ. ყოველი სასწავლო დაწესებულება, თავისი იდეით, მოწოდებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის ამზადებდეს ფიზიკურად ჯანმრთელ, ზნეობრივად კეთილშობილ და გონებრივად განვითარებულ ადამიანებს. რამეთუ ეს მისი მიზანი და აზრია მისი არსობისა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა: პირველი -  ყრმათა აღზრდისა და განათლების ისეთი სისტემა, რომლის დევიზი იქნება ქრისტიანული სიყვარული და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურობა. მეორე - თვით სისტემა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც არ შეესაბამებიან ამ სისტემის სულს, არარაობაა. სემინარიის აღსაზრდელები, ზოგადსაკაცობრიო სიყვარულის სახელით, მოვითხოვთ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებას: პირველი - მამაო რექტორმა უარი თქვას ჩვენს მორალურ და სიტყვიერ დამცირებაზე, მეორე - გაძევებულ იქნას სემინარიიდან მასწავლებელი ბულგაკოვი და ზედამხედველი პოკროვსკი, რადგანაც მათი ხასიათის ატანა ჩვენ სემინარიელებს შეუძლებლად მიგვაჩნია. ისინი ჩვენთვის არიან ბოროტნი ანგელოზნი, მეფისტოფელნი, რომლებიც აღშფოთებენ ჩვენს სინდისს, ქუჩური ლანძღვა-გინებითა და უსაფუძვლო, ინკვიზიტორული გამოძიებით. მესამე - ეკლესიაში ქართული გალობა, ნაციონალური ჰანგები, არათუ აიკრძალოს, არამედ გაგრძელდეს ისევე, როგორც ქართული ენის პედაგოგმა ჭეშმარიტად გვასწავლოს რამე ქართული. მეოთხე - დაარდეს სემინარიაში ქართული-ენისა და ლიტერატურის კათედრა, რაც აუცილებელია ჩვენთვის, ქართული საზოგადოების მომავალ მსახურთათვის. თუ არ იქნება ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ჩვენ როგორღა ვასწავლით ხალხს. როგორღა გავავრცელებთ განათლებას. ზემოთ ხსენებული პოკროვსკი და ივანოვი უსათუოდ უნდა მოიკვეთნონ სემინარიიდან. არ გვინდა არც ერთი ჯაშუში, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გრძნობას და მივყევართ დემორალიზაციისაკენ’’.

1894 წლის 31 იანვრის განკარგულებით  დემონსტრაციაში მონაწილე 87 სტუდენტი სემინარიიდან გარიცხეს. მათ აუკრძალეს თბილისში ყოფნის უფლებაც. ნება დართეს სხვა სემინარიაში გაეგრძელებინათ სწავლა, გარდა თბილისისა. სოსო ჯუღაშვილი გარიცხულთა სიაში არ არის, შესაძლოა, ამ დემოსტრაციაში არც მონაწილეობდა, მან 1899 წელს თავისი ნებით მიატოვა სემინარია.

,,იმ სასტიკმა რეჟიმმა, რომელიც გამეფებული იყო სემინარიაში ჩემში აღარანაირი რწმენა აღარ დატოვა; მეც ზოგიერთი ჩემი ამხანაგებიც დილით კარგად გიახლებოდით ჩაის და ისე მივდიოდით ეკლესიაში საზიარებლად ღრმად დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ღმერთი და ეკლესია ეს სულ ფიქციაა და არავითარი სასჯელი ღმერთისაგან ჩვენ არ მოგველის’’. - ესტატე მირიანაშვილის მოგონებებიდან.

მოგონებებში დეტალურად არის აღწერილი სასწავლო პროგრამა. მაშინ, როდესაც სტუდენტები მსჯელობას, ახალი ინფორმაციის მიღებასა და აზრების გაცვლას იყვნენ მოწყურებულები, მათ საშინაო დავალებების უბრალოდ დაზეპირება უწევდათ. ისინი დიდი სიხარულით შეხვდნენ გიორგი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის საქართველოში დაბრუნებას, რადგან ისინი განათლების სიმბოლოები იყვნენ.

,,ჟენევის ნახვას, იქ ცხოვრებას ისე ვნატრობდით, როგორც მართლმოწრმუნე მაჰმადიანი მექაში წასვლას ქააბის თაყვანისაცემლად.’’ - იაკობ მანსვეტაშვილი.

მათთვის განათლება იყო ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ საჭირო ცოდნას სემინარიის კედლებში ვერ იღებდნენ. აქ დაგროვილი გამოცდილება, ლათინური და ბერძნული ენა, ფილოსოფია და ლოგიკა, სემინარიელებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაინც პატარა სივრცეში უცხო ქვეყნის დანიშნულ დიქტატორებთან ბრძოლის გამოცდილება გამოდგა. მაშინ არავის ეგონა, რომ ზიარებამდე ზიარებისვე ღვინით დამთვრალი სტუდენტები მთელ ქვეყანაში გაიფანტებოდნენ და ამ გამოცდილებას რევოლუციების მოსაწყობად, შემდეგ კი ქვეყნის გასათავისუფლებად გამოიყენებდნენ. სემინარიიდან გარიცხული სილიბისტრო ჯიბლაძეს სიტყვამ გახსნა საქართველოს დამფუძნელი კრება. ამ კრების წევრი იყო ისიდორე რამიშვილიც, რომელიც შემდეგ სქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო აფხაზეთში, წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციის წევრები იყვნენ ესტატე მირიანაშვილი და იაკობ მანსვეტაშვილიც. 

სემინარია 1904 წელს დღევანდელი მეცხრე საავადმყოფოს შენობაში გადაიტანეს. 1917 წელს კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა და რუსული საერგზარქოსოს კუთვნილი სემინარია საბოლოოდ დაიხურა. 

 

წყაროები: 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
რადიო თავისუფლება
საქართველოს ეროვნული არქივი

გამოყენებული ლიტერატურა:

,,ესტატე მირიანაშვილის მოგონებები”
,,იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებები”
,,ისიდორე რამიშვილის მოგონებები”
გრიგოლ გიორგაძე - ,,თვითმპყრობელობა და რევოლუცია’’
ალექსანდრე დაუშვილი - ,,სტალინი’’
აკა მორჩილაძე - ,,ქართულის რვეულები’’ 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა