ქალები შიშის გარეშე | აქტივიზმის 16 დღე
25 ნოემბერი კალენდარში ჩასანიშნი თარიღია. ეს არის დღე-პირველი, როცა 16-დღიანი „ხმაური“ იწყება ქალთა მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოში, რომელიც 10 დეკემბერს კულმინაციას - კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. ესაა ხმის ამაღლების, ქალთა გამხნევებისა და შესაბამისი აქტივიზმის 16 დღე შიშის გარეშე.
რას ვგულისხმობთ:
ჩვენს გვერდით, საქართველოში თუ სხვა ქვეყნებში, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წელიწადს, ნოემბერში, თავიანთი მისიის შესახებ გვახსენებენ. წელიწადის სწორედ ამ დროს ისინი გამოჰყოფენ ხოლმე 16 დღეს და ამ 16 დღის განმავლობაში წარმოუდგენელი შემართებით და ენთუზიაზმით სავსენი ხმაურობენ ძალიან მთავარი ფასეულობების ყველასთვის შესახსენებლად, ესენია: ადამიანთა შორის თანასწორობა, ჰარმონიული განვითარების შანსისა და განათლების მნიშვნელობა და ქალთა მიმართ ძალადობის შეკავება.
ისინი ფიქრობენ, რომ ამ ხმაურიანი დღეების გარეშე, რთული იქნება შველისა და გამხნევების მომლოდინე ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც გვერდით დგომა ძალიან სჭირდებათ. რადგან კრიზისისა და ქაოსის გამომწვევი გლობალური და ადგილობრივი საინფორმაციო ნაკადები თანაგრძნობის და ზრუნვის ადგილს თითქმის არ გვიტოვებს.
აქტივიზმის 16 დღე საჭიროა ყველგან, სადაც პატრიარქალური საზოგადოება გენდერულ უთანასწორობას და ძალადობას ქალების მიმართ სულ სხვადასხვაგვარად, ყველგან - თავისებურად ასაზრდოებს; სადაც უპირატეს როლში მოქცეულები წლიდან წლამდე, თავისდაუნებურად თუ აბსოლუტურად გააზრებულად, ისეთ საცხოვრებელ პირობებს უქმნიან ქალებს, რომელშიც არა თუ სამყაროს შეცნობა, მოგზაურობა და რეფლექსია, ცნობისწადილის დაკმაყოფილება და იდეების სხვათათვის გაზიარება, ასევე, საკუთარ გულის თქმას აყოლა და პიროვნული განვითარებაა რთული, არამედ, ბაზისური ადამიანური უფლებების ქონაც ზოგჯერ ფუფუნებას წარმოადგენს.
ეს ასეა თანამედროვე საზოგადოების ბევრი სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფისთვის, თუმცა, მაინც განსაკუთრებით - ქალებისთვის, გოგოებისთვის, რადგან სწორედ ქალთა მიმართ ძალადობაა ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტად განმეორებადი ადამიანის უფლებების დარღვევა მთელს მსოფლიოში. ჯიუტად განმეორებადი, რადგან ზოგჯერ კანონმდებლობა მოისუსტებს, ზოგჯერ - მხარდამჭერი სერვისები, თუმცა, ყველგან, თავი და თავია, საზოგადოებებში ფესვგადგმული, მჩაგვრელი დამოკიდებულებები ქალების შესახებ - ნორმალიზებული დამცირება, ჩაგვრა, მეორეხარისხოვანი როლის მინიჭება და სხვა.
16-დღიანი კამპანია 1960 წლის 25 ნოემბრიდან იღებს სათავეს. ამ დღეს დომინიკის რესპუბლიკაში, ტრუხილიოს დიქტატორული რეჟიმის პირობებში, ცემით მოკლეს და კლდიდან გადააგდეს სამი პოლიტიკური აქტივისტი - სამი და, პატრია, მინერვა და მარია-ტერეზა მირაბალები. დები ფემინისტური წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ - ტრაგიკული სიკვდილის მიუხედავად, მათი იდეა ქალთა უფლებების შესახებ იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც მოიპოვა. ამის შემდეგ, 1980 წლიდან ლათინურ ამერიკაში, 1999 წლიდან კი - გაეროს წევრ ქვეყნებში, ყოველ 25 ნოემბერს აღნიშნავენ ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების საერთაშორისო დღეს. 1991 წლიდან, 25 ნოემბერი, ასევე არის სტარტი ზემოთ ხსენებული 16-დღიანი კამპანიისთვის, რომელიც უწყვეტ რეჟიმში, სხვადასხვაგვარი ფორმით, საინფორმაციო და სააზროვნო დღის წესრიგში აყენებს ქალთა უფლებებს და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა აქცენტს სვამს, სხვადასხვა საკითხს ააქტიურებს. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ კამპანიების -- #MeToo-სა და #TimesUp-ის რეზონანსულობაც მეტყველებს ქალთა უფლებების თემის მნიშვნელობაზე - ამ მხრივ გადაუჭრელი საკითხების სიმრავლეზე.
საქართველოში მიმდინარე 16-დღიანი აქტივიზმის მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია CARE, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში 1990-იანი წლებიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვაზე. წელს მათი კამპანიის მთავარი სათქმელია: #შიშისგარეშე, რაც ნიშნავს: დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ქალს უნდა შეეძლოს უშიშრად, შეურაცხყოფის, დამცირების და ძალადობის გარეშე, იცხოვროს და განვითარდეს უსაფრთხო გარემოში, იყოს სოციუმის სრულფასოვანი ნაწილი, გადაწყვეტილებების მიმღები, იდეების ავტორი, ბედნიერი და იმედით სავსე. ეს წარმოსახვა ემყარება გააზრებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შესაძლოა გარდაუვალია, მაგრამ მისი შეჩერება - მაინც შესაძლებელი. ამისთვისაა სწორედ საჭირო შიშის დაძლევა და ხმაურის ატეხვა სასურველ მიზნებზე. ეს, შეიძლება, მხოლოდ ნეგატიურ ხმაურს არ ნიშნავდეს. შეძახილებში ყველანი გავარჩევთ გაბედულებას, შემართებას, მიზანსწრაფულობას, ერთმანეთის გამხნევების, დაფასების, შექების, წახალისების სურვილს, რასაც ქალების მიმართ აქტივისტები ავლენენ.
2023 წელი იყო პირველი წელი, როცა CARE-ს გამოკითხულ ქალთა შორის უსაფრთხოება იდგა მსოფლიოს უმთავრეს პრობლემათა სამეულში პირველ ადგილზე. კლიმატის ცვლილება, ომი, შეიარაღებული კონფლიქტი და საერთოდ ნებისმიერი ჰუმანიტარული კრიზისი შიშის საფუძველს აღვივებს ბევრნაირ სოციუმში მცხოვრებ ქალში: მიგრანტ, ლგბტქ, სოფლად მცხოვრებ თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებში, ონლაინ და ინტერნეტს მიღმა რეალობებში, სამსახურებში და ოჯახებში. ქალებს ავიწრობენ გენდერული ნიშნით, ისინი კარგავენ შემოსავალს და საარსებო წყაროს, ჯანმრთელობას და, უბრალოდ, ბედნიერების, ან, მარტივად, სიცოცხლის უფლებას. CARE-ის ხედვით კი, საჭიროა კრიზისების დაძლევისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზებზე მეტად დავინახოთ ქალების როლი. „ქალები პირველები იწყებენ მშვიდობის შენებას, ოჯახების და საკუთარი საზოგადოებების მხარდაჭერას. ისინი არ არიან უბრალოდ მსხვერპლი. თუ მათ კვლავაც არ შეიმჩნევს საზოგადოება, ანდა - შეიმჩნევს, მაგრამ მათში მხოლოდ ჩაგრულსა და მსხვერპლს დაინახავს, ეს ტრავმის განმტკიცების გარდა არაფერს მოგვცემს“, - წერია CARE-ის 2024 წლის ანგარიშში Women in War.
ამიტომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა, რაც 25 ნოემბრიდან დაირხევა ჩვენს საინფორმაციო არხებში, ესაა - შიშის გარეშე. შიშის გარეშე ცხოვრებაა მიზანი და ამ მიზნამდე სხვადასხვა საზოგადოება ჩაგვრაზე ნორმალიზების მოხსნით და გენდერულ როლებზე წარმოდგენების ამოყირავებით უნდა მივიდეთ.
ავტორი: თამარ კვინიკაძე
______________________________
CARE-ის 2020 და 2021 წლების მონაცემებში ჩანდა, რომ მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მენტალური ჯანმრთელობა იყო ადამიანებისთვის. 2023 წელს კი, გაცილებით მეტმა ქალმა და კაცმა დააყენა უპირატეს ადგილზე უსაფრთხოება.
უკიდურესად გაიზარდა კონფლიქტში მცხოვრები ქალების რიცხვი. 2022 წელს 600 მილიონი ქალი ცხოვრობდა შეიარაღებული კონფლიქტიდან 50 კმ-იან რადიუსში. ესააა მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქალების 15 პროცენტი. გარდა ამისა, ესაა 1990-იანი წლებიდან გაორმაგებულზე დიდი რიცხვი.
იმ ქალების 58 პროცენტი, რომელთაც CARE ესაუბრა კონფლიქტურ ზონებში, აცხადებს, რომ საარსებო წყაროს მოპოვებაში დახმარებას საჭიროებს. კონფლიქტის ყველაზე დიდ გავლენად ქალთა 41 პროცენტი საკვებზე მოთხოვნას ასახელებს.
იზრდება სექსუალური უსაფრთხოების საფრთხეც. 257 მილიონზე მეტი ქალი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც კონფლიქტურ სიტუაციებში სექსუალური ძალადობის მასობრივი შემთხვევებია.
წყარო: CARE Women in War Report 2024