გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქართული ოცნება

1.

იყო ქვეყანა არამეა,

არ აგერიოს მასში ნათქვამი,

რომ სხვა ისაა, ვინც და რაც კი არამეა.

მაგრამ სამყაროს ჭიპი არც მეა

და არც პერანგად დაბადებისას კაცს ის არ სცმია.

ნებისმიერის ნალოლიავები ან დათრგუნული

მეა თვითონაც ჯერ მხოლოდ არასხვა,

და მერე სხვა ყველაფერი.

როცა უდავობის სისხლისგან იცლება ცხადი და

როცა უდავობას ემშვიდობება სიზმრის ნაპირი,

რომელიც მელექსემ ადიდა,

მაშინ გაზავდები გაქრობის ძალაში

შენ, შეუმცდარი სხვად,

და ნებისმიერი სხვაც უმეობას გადაჰყვება

გაცამტვერდება.

მოხდება არყოფნის უხმო ზარების  დარისხვა.

შენ არ ხარ უცხოპლანეტელი.

იცი, რატომ არ ხარ შენ უცხოპლანეტელი?

იმიტომ, რომ შენ ხარ უცხოვარსკვლაველი.

და შენ რომ იყო სახლი ან კოტეჯი,

სასახლე, ციხე,

კოშკი ან

რომ იყო რამე ჟანგიანი გარაჟი

ან დაფხავებული თუნდაც ფარდული,

იმ სახლის კარი იქნებოდა ბნელი ვარსკვლავი,

რომელიც რომ ყოფილიყო ცხოველი,

შენ იქნებოდი იმ ცხოველის ერთი ცალი თვალი,

თუმცა თვალი მას იმდენი ექნებოდა,

რამდენიც ჩვენ ვართ, ვყოფილვართ ან ვიქნებით.

ჩვენ ჩვენზე მეტნი ვართ,

განსაკუთრებით მაშინ,

როცა ხელზე შენ

მე ტანით აქვე მეხები,

ჩვენი ცხოვრება

საზენიტოა ქვემეხები.

 

 

 

2.

აზრი, რომლისაც მზერა საზარლად კონცეპტიანია,

პოეტო, ვიდრე გამქრალხარ,

შენ გაიზიარ-გაუზიარე

და ქალის კოცნე პიტნა ტანი.

გრძნობაა ხელების გეზი,

აზრია გრძნობის განზრახვა,

რომელიც გავიდა, თითებს გადაღმავდა.

ქალი შეწუხდა და თან გამიწყრა,

ისედაც ხელიდან წასული,

მეც რომ ხელიდან მეცლები,

რომელიც სიკვდილის

დაგთაგა დაღმა, ვდარდობო.

მე კი რა ვთქვა, რა ვუპასუხო,

აბა, რომელი სიტყვა მივაწოდო?

სვლების წველის დაფა ცურებს

და ყველას ჰგონია თავი ფიგურა,

რომელიც თვითონ აქ დაფაცურებს,

თუმცა ყოველი მათგანი

მხოლოდ კერტია, ოღონდ ისეთი,

შენებს რომ ოდნავ ვერ შეედრება.

დაფიან-ფიგურებიანად,

სხვა მისნაირი სახელურების ხელში

ყველა მათგანი აბსტრაქციის გამოჩორკნილი სახელურია.

 

 

 

3.

როგორც უდაბნოს მზედაკრული ვინმე ნუბიიდან,

ნუ იმეორებ ყურმოკრულ ბოდვას

და შენც ნუ ბოდავ,

ისტორია მეორდებაო.

ისტორიაში მხოლოდ ის მეორდება,

რომ ყველაფერი ისევ და ისევ, მაგრამ პირველად ხდება.

წელსაც ისტორია თავის ასპარეზს მორჩილად -

რადგან პირველად უნდა დაამჩნიოს

ახალმა რწმენამ და რელიგიამ ბობღვა წლიური - თმობს.

სამართლიანი ბუნების გულუხვმა ძალამ

როგორ გაიღო შენთვის -

შენი ქვეყანა თუ ეგეთია,

რომ ხარ მდარელი, გიამბობ - ღვაწლი ურითმო.

ამასობაში მომრავლებულა შეჯვარებული ტანთან თავები.

ყოველი მათგანი კი მოგაგონებს სიბრძნის კიდობანს,

ის მოგაგონებს უნაყოფო არა კვერცხ ლითონს.

ახალი აღთქმის, სახარებების ზღაპრები

ერთ რამეს მაინც ამბობს უდავოს,

ჯიბეში გიჩხრიალებდეს

და ღმერთსაც იყიდი

და ღმერთის შვილსაც,

ღმერთის დედასაც იყიდი

არაკ ვერცხლითო.

 

 

 

4.

სააღდგომო

 

ყველა რელიგია თავისი მთავარი ტყუილის

ბზრიალა დაზგაზე ამოზიდული

სასიბინძურე თიხის ქოთანია,

გარედან მორთული

ჭრელი ხატებით

თვალისაც მოსატყუებლად

და, თანაც, მისაძინებლად

სინდისიანი ოდნავ გონების.

შეხმატკბილების თანხმობას

ირგვლივ უარეს, უარის უარესს,

იქნებ ჩვენც მიგვაჯღაბნინოთ

ზედ რამე, ოღონდ

მგრძნობიარედ ჰიგიენურიო.

თუმცა ჭურჭელი,

რომელსაც ნაზი ფუნჯებით მიადგნენ

ცივილიზებული კონფორმისტები,

ვიღაც მოგონილი და არც არსებული,

მაგრამ თან მოკლული კაცის

მკვდრეთით აღდგომის

ბრტყელი ტყუილის

ბზრიალა დაზგაზე გიზგიზებს:

მხოლოდ ახანგრძლივებს

ნელსურნელების თაყვანისცემას

ქოთნის ზედაპირის სენტიმენტალური გადამლაშება.

ქალბატონებო და ბატონებო,

თუ ასე გაგრძელდა,

დარჩება უმეტესობა

არა შარშანდელ ნაკოპროფაგარად,

არამედ - რწმენის ღოჯებზე გადმოფენილ

სულ მუდამ დამდეგ ადამ ლაშებად.

 

 

 

5.

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები,

ფსიქოდელიავ, დელიავ რანუნი.

ეს ესე, ესე იგი, სულაც ლექსია.

და მითს ანკარა წყალს როგორ უმღვრევს ხოლმე

ზედმეტი ისტორია, არა?

ვინ იცის, მართლაც კრეტელი იყო დედოფალი ელენე,

რომელიც ვითომ ტროელმა

მოსტაცა ბერძენ ქმარს.

კრეტელი იყო დედოფალი ელენე ვითომ რომლის დასაბრუნებლად

ხომალდებით გაილაშქრეს ბერძენმა გმირებმა

და ათწლიანი ალყის შემდეგ

ტროა დაიპყრეს და დაიბრუნეს ელენე.

კრეტელი იყო ფრიქსე, რომელიც

კოლხეთში გადაიხვეწა

ფრთოსან ვერძზე ამხედრებული.

და სწორედ იმ ვერძის ოქროს საწმისის დასაბრუნებლად

ხომალდ არგოთი გაილაშქრეს კოლხეთისაკენ

თურმე რჩეულმა ბერძენმა გმირმა არგონავტებმა.

ყურს კი იმასაც მოკრავ სამეცნიერო გამოკვლევებში,

რომ ის ხილვების მომგვრელი

ყოველწლიური ელევსინის მისტერიებიც კონტინენტზე

კუნძულ კრეტადან გადაბარგებულა.

ახლა მივაკითხოთ იმ უცნაურ და ამოუცნობ ტროას ხის ცხენს,

რომელიც ვითომ შინ გაბრუნებულმა ელინებმა დატოვეს ნაპირზე

ტროელების ცხვირწინ, მათ კი ცხენის კულტი ჰქონდათო

და გულუბრყვილოდ თავისი ხელით შეაბრძანეს ის ხის ცხენი ტროას გალავანში,

ცხენის მუცელში კი ამ დროს ვერაგი ელინების დესანტი გატრუნულიყო.

დაღამდა, გახსნეს მათ ცხენის ფაშვში საიდუმლო ლუკი

და უძლეველი ქალაქის განადგურებას გაუღეს კარი.

ციხე შიგნიდან გატყდებაო, ამაზეა ნათქვამი.

მითი თვალთმაქცობს ხოლმე

და აქეთ-იქით გაურბის

ხალხური ისტორიით ამღვრეულ კაცის გონებას.

სინამდვილეში, მითის ანკარა სინამდვილეში

ის ვითომ ცხენი არა ვინმეს სადმე მალულად შესაპარებლად,

არამედ პირიქით, შიგნიდან გარეთ ზარზეიმით გამოსატანად

ფიცრებისგან შეკრული კიდობანი იყო

მსგავსი ბიბლიური აღთქმის კიდობნის,

რომელშიც გრძნეული სასმლის

ძველი და სანდო რეცეპტები ინახებოდა.

და მათ რა უნდა წამოეღოთ იმ ქალაქიდან

ჰაომა-ჰალუცინოგენით სათუთად გადათესილი

ნოყიერი მიწის გარდა,

ან სხვა რა ჯილდო უნდა მიეცა მკურნალ და ჯადოქარ

მედეას არგონავტებისთვის.

ეს კი ნიშნავს, რომ

თავიდან იყო ერთი ამბავი,

მოგვიანებით რომელიც ორად გაიპო:

ატროვებული მარჯვნივ გატროვდა,

რომ მოინელოს ელენე;

მარცხნივ წასული გაემგზავრა კოლხეთ-კახეთში,

რომ იქ მიადგეს მედეას.

და ორივეგან არა რამის და ვინმეს ისევ უკან დასაბრუნებლად,

არამედ რაღაცის სასწავლად და გამოსართმევად მიდიოდნენ.

ხოლო ისტორიას რატომღაც ეხამუშება,

რომ ისტორია ცხადის მომგვრელი

სიზმრების დევნაში გადის.

ასე რომ, არგონავტიკა და ილიადა

უკვე თავიდან, ამჯერად ერთად დასაწერია.

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები,

ფსიქოდელიავ, დელიავ რანუნი.

 

 

 

6.

როგორც მზე თურმე გარშემოირტყამს

ცისკრის ვარსკვლავებს, ასპიროზს,

დაიბზრიალებს ირგვლივ ოტარიდს,

ვაითუ, ბოლოს სანახავია თვალითაც,

ავადმყოფობის ფსკერზე რომ

ჭეშმარიტების წვეთი ანთია.

აქ მე ვგულისხმობ სინდრომს კოტარდის.

ამით შეპყრობილს ხმამაღლა ჰგონია,

რომ უკვე მკვდარია, არაა ცოცხალი.

სავაითუო ჭეშმარიტება

კი შეიძლება ის იყოს,

რომ არა იმ ბედშავ შეშლილს ეჩვენება

რაღაც ისეთი, რაც მტკნარი სიცრუეა,

არამედ ჩვენ ვცდებით,

როცა გვგონია, რომ ვართ ცოცხლები.

ვინ იცის, ვტყუვდებით,

რადგან ვასკვნით, რომ

სიცოცხლით სავსე ცოცხალსაც ნიშნავს.

რა სანაქებო ღვინითაც არ უნდა გაისველოს პირი,

ცარიელივით ფხიზელი დარჩება ჭიქა.

თუმცა ღვინისგან დაცლილს, გარეცხილს, გამშრალს,

მთელი სიმთვრალე

ჭიქას თავისთვის მიაქვს და

გრძნობა თევზია, ჩვენ ვართ ანკესები.

მაგრამ უგემოვნო გოიმების მოგონილია

მეთევზედ ღმერთი და უფალი.

აბა, როგორო - თუ გაკითხინოს

იაფფასიან პოპულარობას დახარბებული

ვინმე ბლაგვის სიბრალულმა,

დილა-საღამოს უღრუბლო ცისკენ მე მიგითითო.

შეხედე გულში რომ იკრავს მერყევ მერკურის

და როგორ იზიდავს მზისგან გაზნექილი

მიდამო, ის ვენერას.

თუმცა საფიქრალი კიდევ იმდენია,

რომ ზოგჯერ მაინც გონების თვალი მოატყუე,

ცოტა წაუძინე,

მოიგე წამი და მოისვენე, რა.

 

 

 

7.

წლების მორები,

დახერხილი ცილინდრ-კუნძებად,

მძიმედაც გადმოგორდება

მრგვალ-მრგვალ თვეებად.

მერე ისინიც დაპობილია

ჯერ პირწამახულ კვირებად

და მერე წვრილ-წვრილ დღეებად.

ჯერ რომ ნედლია, ხრჩოლავს და

შეშა არ იწვის კარგად,

ამას დრო ჰქვია.

თუმცა სახელი ყველა მათგანს

თავზე ადგას და აქვს დარქმეული,

საგანს სახელი ისე კი არ ეზრდება,

როგორც ირემს ეზრდება რქები.

რისთვისაც უმი დამირქმევია,

ახლა კი ნედლად მიხსენებია.

რომელიც ცხოვრობს ნებივრად,

იგი ტყეში გვემალება

და ჩვენ გარშემო იქ დაჭერილი

ან ტყვეობაში გაჩენილი საგნების ზოოპარკია.

ხელთ გვაქვს რომელიც,

ის დრო ნედლია, ხრჩოლავს

და საათები მიაქვს წუთების უთესლეს ნიავს:

შემთხვევითობის გულუხვი წყალობით

იგი იპოვის ნოყიერ ნიადაგს

და გაჩეხილის სამაგიერო ტყედ გაიზრდება

რაც კი რამე ამონაყარი გადაურჩება

ამათ სიხარბეს:

ნედლი დროთი იკვებება

ირემი საგნები,

ზოგი ზორბა ძნელად და

ადვილად ზოგი მცირე მისაგნები.

 

 

 

 

8.

რადგან არ დავბადებულვარ ქუდბედიანი,

უნდა წავიდე სადმე და შავი ვიშოვო ქუდი,

რომ შავი კეპით თავი შევიქო დიდად.

მერე მექნება თავი ქუდში და

შავ ქუდში იქნებ თავიც მომქონდეს.

შავი ვარსკვლავი ვის არ ექუდება,

ვისაც კი ადგას თავი მცნობარი.

მე და შენ რა ვართ

თითო წყვეტილი სტრიქონის გარდა

სქელტანიანი იმ ცნობარის?

მოდი, ერთმანეთს

სიტყვა-სიტყვით გადავეხლართოთ

და მერე რა, რომ

ცოტა უთავბოლო გამოვა ამბავი,

უამრავია ასეთი ნედლი და მზადაა ცოტა.

ისედაც დაკრული, რომ არ დაგიძმარდეს

გრძნობა, სიცოცხლის ღვინო,

მიფუჩეჩების გარეშე

შენ უნდა საქმით თავი დაადგა, დააცო ტანს.

როგორც კაცი - ცრურწმენებს და დაცდილს,

ისე მისდევს ლექსი რითმას.

რომ ეძახი სატრფოს,

გააკვირვებ რით მას?

ყველა წვიმა ნუ გგონია,

თუ გაიშლის ქარი თმას.

უთვალავფერიან არარსებობას,

ეს უფერული არსებობა რითი სჯობია?

და, როგორც პოეტს მოეთხოვება, პარაზიტობა

ჩემი დღეების სამსახური

და ღამეების ჯობია.

თუ პოეტი ხარ, გაგიჭირდება,

ისეთი რამე იპოვო,

თავს რომ არ უსაყვედურო.

შავქუდიანის მასპინძელი

ერთი ქალია, უსაყვედურო.

 

 

 

 

9.

დღეს ქუჩის ტანზე რომ მივსეირნობდი,

აქეთ გონებაში ქუჩამ ჩამომიარა

და ასე მითხრა,

შენ კი არ გეუბნები, მაგრამ, ზოგადად ადამიანო,

ადრეც მითქვამს, ბევრს რომ ბაზრობ,

ზოგი აზრი აზრად აზრობს,

მაგრამ ზოგი ისეთია,

 რომ გონებას ყინავს, აზრობს.

შენ რომ გგონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია.

როცა შენ რამე გგონია, შენ რომ გგონია, არის ეგ უდავო,

ვინ შეგეკამათოს. მაგრამ როცა კი

მაგ უდავობას იმაზე ავრცელებ

და თვითონ იმას მიაწერ,

რაც შენ გგონია, აი, მაშინ კი იბადება

ცხადის უმწარესი შენი შეცდომები და ურჩხულები.

და შენი ხელით თავისუფლებას,

როგორც კოშმარებს, ისე გუდავო.

უბოროტესი ორი მტერი ჰყავს,

ფხიზლად იყავი, თავისუფლებას.

ორივე გადაცმულია თავისუფლებად.

რომ არის იგი ამფეთქებელი თავისუფლების,

ამას უწოდებს ორივე ხელშეუხებელ თავის უფლებას.

ერთი მათგანია მონობის თავისუფლება,

ხოლო მეორეა რწმენის თავისუფლება.

ამას კი ვუსმენდი, მაგრამ ტროტუარზე

ნიკაპი რომ დამიდია,

წელი გავირთულე, თორემ

ასე ასაკის ჰუკმა კი არ მომკაკვა.

მან კი განაგრძო, ქუჩამ ექოთი:

კიდევ ერთია ხშირად მაცდური ოქსიმორონი,

მას ჰქვია ნების თავისუფლება;

სინამდვილეში, რას იზამ, თავისუფალი ნებაა მაშინ

და მხოლოდ მაშინ,

როცა ასრულებს, იცავს და მიჰყვება

თავისუფლების პროტოკოლს,

რომელიც თვითონ თავის თავს სულ წერს,

რომ ცოტა მაინც გაუმკლავდეს

ხალხის თავებში შემოვერაგებულ

რელიგიური რწმენის და

პოლიტიკური მონამორჩილობის

ჰემორაგიულ წყლულებს;

ხალხი ჭრელია, ზოგმა გამოჟონა ხასიათებად,

ზოგიც გამჟღავნდა ზნეებად,

ზოგიც მიიგნო ნირებად.

ქუჩამ დასძინა, ახლა მე მომმართა,

წელში როცა გასწორდები

და ვინმე შენი ჭკუისაც ქალი თუ ნახო,

ასე ძალიან თუ გაგიმართლა,

ერთად გატკეპნეთ იგნორირება,

ერთად ცელეთ ლანძღვა და

დაუნდობლად კაფეთ ქება.

ისიც გეყოფათ, სხვებთან საერთო

რომ გაქვთ დიდი აფეთქება.

წადით და იევადამეთ!

ქუჩამ ჩაიქროლა და მე მივაძახე

მუზარადიანს, ყრუს:

მომეცი, სხვებისნაირობის

ცდუნებას ბოლომდე თუ ვძლიე, ვადა მე.

 

 

 

 

 

10.

ისევ გავალ და მუხლს გავიმწარებ,

გავქალაქდები,

სადაც მაჯიდან გაქცეულ

თითებად აქცია მოქალაქეები

და პანდემიის შიშმა დამოძღვრა,

ხელისუფლებამ კი დაარიგა,

რომ საჭიროა

განცალკევებით სიარული

და მაღაზიის შინ და გარეთ

რიგებშიც ასევე დგომა,

ანუ დისტანციის დაცვა.

და დისტანციამ არ დააყოვნა და გამვლელები

სულ აქეთ-იქით დაარიგა.

პატივი ეცი მეტ მეტრს!

დაიცავი დისტანცია,

დისტანცია დაგიცავს!

მაგრამ ნუ გეგონება,

რომ დისტანცია ქალაქში

სიჩუმესავით ჩამოვარდა.

არა, ო, არა!

იგი ზემოდან კი არ დაგვეცა,

არამედ უღრმესი ფსკერიდან

ქალაქში მან ამოყვინთა:

დისტანცია დაადგენს მასშტაბს,

ხოლო მასშტაბი განსაზღვრავს კონტურს.

ბრბოს ნუ ენდობი,

აბა, პატრიარქი რა უწმინდესია?

არამედ დისტანცია არის უწმინდესი

და უფერული მინის

უგამჭვირვალესი ჭურჭელი,

მხოლოდ რომელიც აძლევს

მასში ჩასხმული არსებობის უბრალო წყალსაც

სიცოცხლის მყიფე ფორმას.

დისტანციის გაზრდა აპატარავებს და ამთლიანებს,

დისტანციის შემცირება ადიდებს და ანაწევრებს.

მაგრამ როცა კი გადააჭარბებს,

მაშინ სიშორეც და სიახლოვეც,

ორივე თანაბრად აქრობს.

გრძნობა გონების შიშველი ხელია,

რომლითაც ვებღაუჭებით

დისტანციის ხიჭვებიან მოაჯირს.

დაბადება, გაზრდა, ცხოვრება

დისტანციისაა აგებ-დაგება და შენარჩუნება.

დისტანციის დაკარგვა კი მთავრდება სიკვდილით.

როგორც ხედავ,

ის ძირითადი დისტანცია

უბრალოდ თვალსაჩინო გახდა

ქუჩის გამჭვირვალე მეტაფორაში.

თუმცა მეტაფორაც ხომ ჭურჭელია.

მე კი წავედი, მუხლი გავიმწარე,

გარეთ ხომ მაინც საქართველოა

და, ეს ისედაც ასეთი სარისკო ცნება,

გადაქცეული „ქართული ოცნება“

მჟავე სიკვდილის არის კოცნებად.

 

 

 

 

11.

გადაიყარა. გამოაგზავნა მზემ მოყვითალო გიმნასტები.

დღეს გვიანაა და ხვალ თუ არა,

ქალაქს გააშრობს ზეგ, იმ ნესტიანს.

სახლი რომ მქონდეს,

შემოივლებდა ღრმა და ბინდიან აივანს

და ექნებოდა თეთრი ოთახი, მაღლა ბანი და

გვერდზე მონადგამი ვერანდა.

თუმცა რაც მქონდა,

იმას ხომ ისე მივხედე

და ვუპატრონე,

რომ ასეთ ბინად გამივერანდა.

თეთრი ოთახი რას ავიჩემე, რად მინდა?

მე არც არაფრად, მაგრამ ეტყობა, ვიცი, რომ

საკმარისია, საერთოდ რამე მინდოდეს ეგეც მენდომება და.

ბევრი ვიარე თუ ცოტა,

ერთ გულჩვილ ყაჩაღს გადავეყარე.

რომ არაფერი, სიტყვაზე მენდო, მებადა.

წავიდა, მითხრა, ბევრი არც მეო და

მე რომ ვარ, ასეთისაგან

არც ნაჩუქარი უნდოდა

და არ უღირდა

არც ფუჭნაჭუჭა მას ომებადაც.

გავყევი, გავძარცვე, ერჩივნა,

ასეთი არ სცმოდა მოდა.

არყოფნის პერანგი ჩავიცვი,

ყოფნის შევიკარი ღილები.

არ შესცივდება არც იმას,

ჩემი ნაქსოვი ქუდი შუბლზედაც ჩამოვაფხატე,

ჩავაცვი ჩემი ხაკი და

დროის ნაბიჯი ქურთუკი,

ჭკუაც დავარიგე, ვუთხარი,

რამდენჯერ უნდა გაგიმეორო,

ერთხელ დაწყებული ბარემ ბოლომდე

საქმე მიიყვანე, მიადგები ჯიქურ თუკი.

წავიდა, არის თავის თეთრ ოთახში,

მე კი ნაყაჩაღარს მოვირგებ, მოვთელავ.

 

 

 

 

12.

სახუმარო

 

თითის თათუნი თუთუნს ათუნებს,

ვტენი ქაღალდის ღუმელში,

ზედ ვაწვეთებ ცეცხლის შხეფს და

გამომწვარი ჭიქა-ჭურჭელი

უკვე კვამლისფერ

და მაღალ ფეხზე

დადგა, სულგასულს ეჩქარება,

მთელი ჭერით რომ თვითონ აივსოს.

ხომ ნათქვამია,

ვერ ითამაშებს ყელგამშრალი

დიდხანს ალალს და ნაივსო.

ცოტა ხომ მაინც ძირს, იატაკზე

უნდა დაასხა და დაღვარო.

თორემ კედლები აბა, საიდან?

წარსულს გვაშორებს,

რა და, მომავალი,

თვითონ წარსულიდან ამომავალი.

და, ნათელია, არ აგვერიოს რათა,

რომელი რომელს გვეკუთვნის,

ჯოგად ამომავლის

აწმყოა დაღით

დადაღვა რომ.

რომ ეკითხები: კიდევ დაგისხა?

მოკრძალებული ლოთი ხელს გამოიწვდენს

და ასავსავებს მას ცრუ უარად: აპაპა!          

სადღაც ნამდვილად გყოლია

ბაბუა და პაპა,

თორემ საიდან ორი ის აბა, ბებია.

ზოგჯერ გავიხსენოთ,

სულ მიზეზების გამაყუჩებელი

რომ საბაბებია.

თითი თათუნით თუთუნს ათუნებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა