ქართველები, უისტორიო ხალხი
1.
თვალსა და ხელს შუა
დღე გაითალა თითქმის მთლიანად,
სულის შებერვა აკლია.
აქ ლიანდაგი ჩვენი სუფრაა,
იქ სადგურია ღამის.
თამადა ჩრდილი აცილებს,
გადაეხვია უბრალო მზეს.
2.
თუ ლურჯი ჩანთა
სახელურითურთ ისაა,
რაცაა, რაც ჩანს,
და იმად რჩება წვრილმანები,
რადაც ჩაყრი
და ჩაალაგებ,
ჩვენი ადგილი, ჩემი და შენი,
ამ ჩანთაში, ქვეყნიერების
ხელაც რომ იყოს,
მაინც არაა.
ვერ ჩავიწყობით, ვერ ჩავიგდებით,
რადგან ის არ ვართ,
ვინც ან რაც ვართ.
აი, საგნები, ნივთები,
უშფოთველია მათი ფენები,
უშიშარია მათი შრეები.
შენ კი დასწვდები თვალით ჩანთის ფერს,
ხელით - სიმძიმეს,
ოღონდ არც ფერი და არც წონა ხარ.
ან ვითომ თვითონ იყო
ჩანთა რამე,
ნაცნობ-უცნობს
სახელურივით გაუწვდი სახელს,
რომელიც გქვია
ქვასავით გამძლეს.
და უფრო მეტიც,
თუ მწერალი ხარ,
წერე წერაქვით.
3.
ნახითხითარი სიცილი გიცავთ გაუგებრისგან,
როგორც სილუეტს არ თმობს აბრისი.
ნახეთ, ხათრი ხომ არ არის
გაწეულ-გამოწეული,
როგორც ფუყე გისოსები,
და წინასწარ გაყიდულიც,
როგორც შვილი იოსების,
მეტსახელად იუდასი,
რომ განტევების გადარჩენილი
ვაცი ვაცინოთ
რიტუალებით გატიალებულ
ამ ქვეყანაში.
4.
ღალატის ჭიქით თუ დაილევა
პირველი ღვინო ვინაობის,
თავისუფლების,
მე მაღალ ღალატს დავარქმევდი
ერთგულებას, ღალატის ღალატს.
შიშით ღალატის ხალათი აცვია
ერთ სამარცხვინო ქალაქს,
რომელშიც აღარ დავეძებ
აკვიატებულ მწვანე ლამბაქებს,
მივდივარ, სადაც მატყობენ,
არ ვუღალატებ, ვივლი,
ვალად მომცემენ თამბაქოს.
5.
გამეორება, გამეორება არის
დროში დაცვა წონასწორობის.
ვითომ მოგდევდნენ
შურისძიების დაჟინებული
ერინიები ან მოირები,
თავს იმეორებ ხანდახან ნებით,
ან უნებლიეთ ემეორები.
მაგ სხეულს, შენიც რომ იყოს
ეგ არეული ცრუ და მართალი,
როცა სიცოცხლე გამოეცლება,
აღარ და აღარ დასჭირდება
წონასწორობის დროში დაცვა
და შენ გაქრები.
წადი, მოიარე
ქუჩა ხალხით მსხმოიარე
და ვიტრინების ფართო ფოთლები,
რომლებსაც არხევს, უბერავს
შენი მანამდე-მერეს მარაო.
6.
ტრადიცია რა დიაცია, მოგეხსენება,
იგია ყველას ველოსიპედი,
დაიქირავებ, პედლებიანად შენი იქნება;
თუ მოისყიდი ქრთამით,
ანდა უვადოდ გამოისყიდი,
ის გეყოლება, როგორც მოსამართლე,
რომლისთვისაც კანონია შენი სიტყვა.
დაყოფილია ჩვენი ამბავი თუმცა თავებად,
ზოგჯერ გზა გვეზედმეტება,
ზოგჯერ კი გვეცოტავება.
ანონიმური კანონების კანიონებით მივექანებით,
და ოჯახების ჯოგი ჯაგარია
ამ ქვეყნის შეტრუსულ ზურგზე.
სამაგიეროდ
მაზალო თავის ჩამოსახრჩობად
ყოველთვის ხელთაა
თოკი და ბაწარი.
მაგრამ რწყილი
და ჭიანჭველა
ხომ ძველი ქართული
ინტერნეტიცაა,
რომელშიც მომწიფდა
ცოტა მეტი ცა.
7.
არ გამოვდგები მე მაგალითად,
რომ იშიმშილო
იმ შილოფში ჩასმულმა,
რომელსაც საქმედ გიკერავს დღე,
და დაანაყრო,
აყროლების მაგივრად,
რომელიმე ვიწრო ორმო,
როგორც თოფმა - შალითა.
8.
შენი თვალსაზრისი თუ ვალს აზვიადებს,
რომელიც გადევსო,
ქარი და წვიმა გარწმუნებენ,
ისე გაზარდე,
ამოიბურცა და გადაივსო
მოთმინების ფიალასავით,
და ვალმა ენაც თუ აილესა,
ასე, სიტყვა-სიტყვით, გადაგახდევინებს.
დევის დევნა კი
მიგიყვანს, სადაც
დევის დედას
ზურგზე აქვს
გადაგდებული
შენი საკბილო
და რუკასავით კერტი,
რომელიც გზასაც კი მიგასწავლის,
იქით მიმავალს,
სადაც მოუკრავ პირს
შენს გადაუხდელ, იმავე ვალს.
9.
განა განაჩენს გააჩნია,
როგორს მოისმენ,
როცა წინდაწინ ეხლები
პატიმრის ამრეზილ გალიას,
და შიშის შეშაც პირდაპირ სიზმრების
ტყიდან იყიდება,
რომელშიც მთავარი სიზმარი ცხადია.
და რომ განაჩენს,
ბოლოს და ბოლოს,
გამამართლებელს გამოგიტანენ,
ეგეც ცხადია,
და გაგიშვებენ დაუყოვნებლად.
ბედს რომ ართავენ,
მოგეგებება
სუფთა ჰაერი დების,
და არსებობის დახუთულ ოთახს
საბოლოოდ აერიდები.
10.
ასე ხანდახან მე გავიხსენებ,
რომ განსხვავება მსგავსებით
სამუდამოდ შებოჭილია,
და რომ მსგავსებას განსხვავება
ვერ გადალახავს,
ვერსად წაუვა, დაემალება და გაექცევა,
რომ განსხვავებას მსგავსება
საგან-საგან საგანგებოდ
ეწევა და იჭერს,
და სამყაროს დაფაზე
გააგორებს ნაჭერ კენჭებს მუჭიდან.
საქმე ასეა, აქ მეასეა თუ პირველი,
არყოფნა ნიშნავს აღარყოფნას,
არარსებობა - აღარარსებობას,
და, ესე იგი,
ერთმანეთისგან განუყრელია ყოფნა-არყოფნა,
მაგრამ ისე კი არა, ისურვებდა როგორც ვინმე
სულ ყოფნას დახარბებული
ან არყოფნისგან შემდრკალი, შეშინებული.
ერთით მეორის ირიგაციავ,
მეტი რა გითხრა, ასეთი ხარ,
სიცოცხლეს ტანზე სველი სიკვდილი,
და არა პირიქით, აცვია.
11.
მჭიდრო დრო რომ მჭირს,
ხელი რომ ვიყო,
ის იქნებოდა ხელთათმანი,
ისე ვიწრო და ნეკზე მომდგარი,
მაჯის ხუთეულს შემიხუთავდა,
მოკაკვულ თითებს
აღარ მისცემდა გაშლა-გასაქანს,
ხელი კი არა, ვიქნებოდი
ჩლიქი და ფლოქვი.
ქარის საგზალი
ფქვილი რომ ვიყო,
ხალხი - წყალი და
დრო იქნებოდა
მონების თონე.
მტვერში მიგდებული
ძველი ლამპარი ვყოფილიყავი,
დრო იქნებოდა ბრმა ალადინი.
12.
ორი ლექსი
*
საქმე ამზადებს ფიქრის მაკეტებს,
ფიქრი თავის თავს აკეთებს.
ყური დაუგდე, მოკეტე,
იყავი თავის მოკეთე.
**
თუ შენ გგონია, რომ გევალება გავლა,
შეჩერდი, ისე იარე, იარემარე,
და მერე რამე არ იუარო,
რაც იქნება დასასრულის რომელიმე სახე.
დინჯი ჯებირ-ნაპირების დოინჯი
მდინარემ თუ არ შემოიყარა,
წყალდიდობა მას წაიღებს პირველს,
მიწასთანაც გაასწორებს გვალვა.
13.
ზღაპარი იტყოდა თავის ბინადარზე,
ჯავრიც იყარაო,
ბოლოს ინავარდა,
გული მოიოხა, ლხინი გამართა.
იმპერიის პირიდან
გადავარდნილი ლუკმა და
ახლა გახლავართ
ქართველები უისტორიო ხალხი.
14.
ზღვას ქარავანი მიადგა.
ზღვა, ხმელთაშუა,
აქამდე თუ არ გინახავს,
გაგეგონება მაინც.
ზღვა თუ არა,
წყალი მაინც ხარ
მიზეზთაშუა.
რადგან ადგანან ერთმანეთს თავზე,
მიზეზმა - განზრახვა,
განზრახვამ - მიზანი,
მიზანმა ახალი მიზეზი შვას,
და ასე შემდეგ, მოგეხაზება ეგ ნაპირები;
და ასე შემდეგ, ჩაეხვევა გლუვი ნიჟარა
და დასაქოქი ლოკოკინა იქ იქირავებ ბინას;
და ასე შემდეგ, გულხელდაკრეფილ ლაბირინთს
შენ უდარაჯებ, ვიდრე
მოცლილი ვინმე მოვა და
დაგჯაბნის ხარისთავიანს,
ან თვითონ დაიხარჯები.
გამაყუჩებელ საბაბებს თავისი საქმე უქნია.
ჩამძინებია, თუ რა ხდება,
ან აქ აქლემებს რა უნდა,
რა, ქარვასლაა თუ კარუსელი?
15.
ჩვენით შეჩერების ჩრდილივით ჩვევა
და მერყეობის მიუხედავად
თავის იქ შემაგრება,
წონასწორობის განახლება,
შენარჩუნება
განგვასხვავებს მე და შენ ქვებისგან,
მაგიდებისგან, მანქანებისგან, წვიმისა და ქარისგან,
კედლებისგან, ტელეფონებისგან, ფულისა და ფეხსაცმლისგან,
ავეჯისა და ეკრანებისგან,
ჰორიზონტისგან, კიბეებისგან, პლანეტებისა და მზეებისგან,
რადგან ისინი ერთმანეთის საზღვრებს თუ ცნობენ,
ოღონდ არა თავისას.
მე და შენ ვართ ორი ორმო,
რომელიც თავის
თავში ვარდება
და სხვას არავის,
არაფერს,
არამედ ფსკერისკენ
მხოლოდ ფეხს ითრევს.
16.
ახლა მისთვის მიწის
წყალს უყვია პირი,
გადაჭარბებულ მნიშვნელობას
იბრალებდა თვითონ ასადამე რაც,
უნებლიეთ რასაც
მე მაშ ადრე ვანიჭებდი ან.
მაგრამ ისიც მინახავს,
ღამიდან ღამემდე
მთვარე როგორ ამოდის და ივსება -
არა ერთი შადრევანი ჭებიდან.
17.
მაგას რა დაღლის,
სიქას რა გააცლის,
რა გაასავათებს,
ბედი აქვს ძაღლის
და მოთმინებას დააავადებს.
ერთბაშად წაგებულს
თანდათან იბრუნებს.
მსგავსების ძვალს
განსხვავება ხრავს.
წკავწკავებს წამებით,
გიღრენს აჯაგრული წუთებით
და დრო იყეფება ხაფი საათებით.
შორიდან ჩანდა შუქის კიაფი,
ხაფანგი დაგიგეს შენ კი იაფი.
მასში ჩავარდნა მთელია კაიფი,
ბედთან გარითმული კაფია.
სულ განსხვავება ხდება
და ყველგან არის მსგავსება.
18.
სადაფის დეფისით მანქანა კერავს,
მე კი დავკემსე ქუჩა.
სახლი სარდაფებს აგროვებს,
ქუჩა უჩაგრავს.
სადაც ტროტუარს უარსებია
და მაღაზიის თეთრი ეთრია,
შავ წენგოშია თეთრი ნიგოზი.
მაგაზე იწვა ნაგაზი,
თებერვლის ნედლი ღამე.
ადგილი - გამძლე ფერს,
დრო კი თარიღებს არ იღებს.
ორივე მხოლოდ დაღია
და - მეტ-ნაკლებად მუქი და ღია.
19.
ამდენ გრძნობა-ვარაუდს
ვერ აუდის ეგ სხეული,
თვითონაც დასკვნად გამოტანილმა
რომ მოიყარა ასაკი.
თავს ვითომ შორიდან
ადარებ მას აკი,
მაინც იგივე იგავი ხარ,
ოღონდ
მეტისმეტად მეტისი,
შესახებ ნათქვამი არა-დიახის.
რადგან, დიახ, იახლოვებ,
მაგრამ - არა გარანტიას,
სიტყვა ხისტიც გეკადრება,
სიგარეტის ბოლივით
აზრი - უფრო დრეკადი
და დაშნაში გასკოლილი,
როგორც გასკონელი.
20.
როგორც რომ მოჭიმო თასმის ბოლოები
და ისე შეკრა,
განსხვავებაში ვცოცხლობ
და მსგავსებაში ვკვდები
მეც, როგორც ყველა
პატიოსანი სხვა მეტაფორა.
მგონია ოდნავ მოულოდნელი
და უადგილო,
ასე უვარგისი მორბენალი
რომ წინ გამიშვა,
მაინც უნიჭოდ მოჭადრაკეს
ფიგურა მომცე. ვახ, მე და ფორა?
21.
ერქვა ქვეყანას გურჯისტანი,
იყო ვითომ ურჩის ერთი.
ცხოვრობდა კაცი სხეულისტანი,
იყო სატანა ანუ მეტოქე
მთავარი დოქისა,
რომელშიც ღვინის მაგივრად იდგა
ნაირ-ნაირი ორთოდოქსია.
შემორაგული ხალხი თვრებოდა
და მობარბაცე იყო ერთგული
ხან კანიბალი ბელადების,
ხან რელიგიის ლეგოსი,
ხან ისტორიას დაიბრალებდა,
თავს შეითხზავდა და იბრალებდა.
ვიღას ახსოვდა კაცი სატანა,
განა არ ჰქონდათ კაცის ატანა,
ამბობდნენ, არც კაქტუსია
და არც საეჭვო ლიანა,
არც ეკლიანი არის აკაცია,
არ მოვიძულოთ მთლიანად,
კი - უცნაური, ეგეც ქეიფის კარის კაცია.
22.
ხე, იქ გაზრდილი,
ტყისგან სესხულობს
თავისივე შეტანილ
და თავის წილ ტყეს,
კიდეც უბრუნებს უკან,
როცა გამხმარი წაიქცევა,
ან ვინმე მოჭრის და გამოიტანს.
შენ კი, უბირო,
მაგ შენი სხეულით იქით მიტანილი,
აქეთ გაქვს ნასესხები
შენი გრძნობა-გონება,
რომელსაც სიკვდილი უკლებლად
დაგაბრუნებინებს,
შიგადაშიგ რომც დაკარგო
და უკუნეთში წაგერთვას ცნობად,
გინდაც ძილმა
გააყოლოს ხელს ხოლმე,
ან გადაგდება თვითონ დაუპირო.
ულმობელია მევალე
და შენით უდგას სული.
სად წახვედი?
მოდი, მოდი, უდარდელი
გავაგოროთ ნარდი.
23.
რას ერჩი, გულის მაგივრად
შავი მორევი ვისაც ჰქონია,
სხვისთვის აკრძალვის უფლება
თავისუფლება ჰგონია.
ცხოვრების ყაიდაც ზუსტად ეგეთია,
ჯერ გვითავაზებს, ჩამოგვირიგებს
საჩუქრად თაფლის ულუფებს,
მერე კი ყელზე ყულფი გვიკეთია.
24.
რომ აზროვნების ზრდილობაა ფილოსოფია
და არა სიბრძნის საფულე, ულევი,
სიტყვის ფოთლები ამას მღეროდა
წინდახედული ფრაზის ღეროდან,
ზედ ზოგადობდა აზრის ზამბახი
და მიწათმოქმედ ფესვებად
გრძნობის ეშვები
ეშვებიან მოუსავლეთში,
რომელზეც მოვიწევ
მეც უცნაურ მოსავალს.
25.
ჯინში ჯიუტი ჩაუდგეს,
სადაც კი ხდება უკიდურესობა
და არსებობას რესორები
გამოეცალა, დრო, მოზამბარე.
ხელის ცეცებით ბევრიც ეცადო,
ვერ შემაჯამებ აჯამებთან.
ჩემი მაჯა მე მაჯამებს კუშტად,
შევიკვრები კენტი მუშტი.
მუშთაიდის ძველი ბაღი აღიარებს:
ცის ნამცეცებს ხე იბარებს
და მათხოვარ ხეიბარს
თავს ტაკვები აკვებინებს.
26.
უკვე რამდენი იუკადრისა,
გადის წლები და მიჰყვება
ცხოვრება, სნობის უარიანი.
რას დავეძებდი? თვითონ ვყოფილვარ
გააფთრებული ცნობის უნარი.
ცნობაც დავკარგე, ცნობას მოვედი
ხან უნებლიეთ, ხან ნებით,
და თურმე როგორ აწრიალდება
ეს უადგილო, უდროო
და გრძნობის ბაწრით დაბმული.
ხელი მომიხვდა, ბოთლი წამექცა,
სუფრა სიზმრების ღვინომ გაჟღინთა.
რა უარია სნობის უარი,
თუ ყველა მიზეზს მაინც რაც ასდის,
საეჭვოდ არის საბაბის სუნი.
27.
ან ეს როგორ და ეგენი რატომ,
თავს ვერ აუხსნი,
ბრბოში ნაზარდი
თუ მორწმუნე ხარ
შენ, მოქალაქე დეგენერატო.
ერატოსთენემ, გეოგრაფმა,
და არისტარქემ, ფილოსოფოსმა,
მზეს მიუჩინეს
და დედამიწას, მთვარეს, ვარსკვლავებს
მათი კუთვნილი ადგილი,
და საპოვნელიც,
არსებითად, სულ ცოტა დარჩა.
ნუ გეგონება გიჟი პოეტის მიეთ-მოეთი,
რომ მთავარია იმის მიგნება,
დაჟინებული ძებნა,
ცნობა როგორ და საიდან მოდის,
ანდა სად მიდის, თუ წამსვლელია.
იქით საგნების
სიფათებს მათი
ცნობ იერებით,
აქეთ კი - შენი
ცნობის უნარით,
ამ ერთადერთი ცნობიერებით.