გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქრისტე ისტერიულად

1.

მე არაფერი მეანგარება,
თვლა და ანგარიში ველურის საქმეა,
თორემ ტყეების ბინადრისთვის
კმარა ერთი და უთვალავი,
ეყრდნობი ერთ ხეს
და ირგვლივ უთვალავია.
ყველა სხვა რიცხვი, რაოდენობა
ან მეფესავით ერთთან ახლოა,
ან უთვალავთან  ველურებივით,
ვიდრე მათ ტყის სავარცხელი
დააცალკევებს ხოლმე,
როგორც ნადირს.
ჩვენი დრო სხვაა, მათი  სხვა.
ტყეში დრო წვიმს, ფოთლებზე ხმაურობს,
მას მიწა ისრუტავს და ფესვები სვამენ.
ველურების დრო მდინარესთან ერთად
ნაპირებიდან გადმოდის
და ველზე რჩება დიდ გუბეებად,
ადგილმა როგორც დაყარა,
და ყარს მომდევნო წყალდიდობამდე.
ქვეყანა დადის, ქვეყანა ბრუნავს,
მე კი  ვიღლები
და ჩემი შუბლი დროს ელოდება.

 

2.

მე კი დავიწყებ დავიწყებით,
უბრალო ხვლიკი ნუ გეგონება,
განსხვავებული არის ტრიტონი.
ვერ მიცნობ, თვალი თუ არ მომკარი,
თუმცა გარშემო ხალხი დგას მილეთის,
ხმელეთის ოღონდ, მეც ვარ თვითონი,
და ხელგაშლილი, როგორც ნაპირი,
მითი მითითებად აღარ გამოდგება.
მეკიდა, მაგრამ ვაღიარებ,
როგორც იარებს,
რომ ჟანგიანი დაჟინებით
იმდენ ხანს ზელდა ერთმანეთს
და ერთმანეთში იძერწებოდა
ორი სველი და ლიმფური მითი 
ადამიანის და მისი ღმერთის 
რომ ახლა მათი განცალკევება
უფრო ძნელია,
ვიდრე ხვლიკის და ტრიტონის
ან შენადნობი ლითონის,
და მათი კვალი ნელი და ღრმაა,
რადგან ორივე ერთად
და ფეხის ათრევით მიიძურწება.

 

3.

სიტყვის არ მინდა ძალა,
არ მინდა თავზემოთ ძალა.
დღეებად დაკეპა, დაკეპა, დაკეპა,
ყოფნა-არყოფნა, ნგრევა-აგება
მანქანდაკებამ, რომელიც
ნახევრად არის მანქანა,
ცოცხალი ბუნების სახელოსნოში
ბრმა ოსტატობით აწყობილი;
ხოლო ნახევრად ქანდაკებაა,
ანუ ნახელავი ხალხის,
რომელიც გახლავთ კრებული,
ნებით თუ უნებლიეთ,
ერთმანეთის მძერწავ-გამომთლელი
და მეტ-ნაკლებად მრავალი
მანქანდაკების.
იყო ძველთაძველი ფილმი,
უნდა გამერჩია, მეომრებიდან
რომაელების რომელია
და რომელია დაკების,
რომელსაც თავზემოთ ძალა არ ეყო,
ჩემი არ იყოს.

 

4.

შეგრძნებების ჩანგლით
მე გავტეხავ რეალობის ნაჭუჭს
და ათქვეფილი, უმი ფანტაზია,
თვალსა და ხელს შუა,
მეხსიერების ერბოკვერცხად შეიწვება,
იერით იქნება ბოკვერი.
ადრე თუ გვიან
გვიანდერძებს
მოისრის ხმა,
მოისრეს თვალებს
და მოვა ხმა, რომ
მოვახმარო
ჩემი ღარიბი მარაგი მათ,
იმის მაგივრად,
ისინი თვითონ მოვიმარაგო,
როგორც მათ ექცევა,
იქცევა ვინც ხოლმე
საერთო სითხედ.
მოვა ხმა, რომ
მოვახმარ ომის ომლეტს
მშიერი მშვიდობის სუფრას,
როგორც სიტვებით უსიტყვოდ
ვუმასპინძლდები სპილენძის მძიმე ჰულაჰუპს.

 

5.

მანქანდაკება ანუ
კაცი ცხოვრობ ცოდნაში,
თუნდაც ცოდნა
იყოს ოდნავ,
როგორც ახალშობილის
ან მომაკვდავის უკვე.
ცხოვრობ ცოდნაში,
რომელიც არის
მეტ-ნაკლები,
ტყუილ-მართალი,
მამაკაცურ-დედაკაცური,
ცხადის და სიზმრის,
მოჩვენებითი ან არც ისე,
როგორიც ახლავს ყველა ჯურის
დამცინავებს, მკაცრებს, ნარცისებს,
ოღონდ ცხოვრობ ცოდნაში
და სხვაგან არსად.
ის გვევლინება ფორმად და არსად,
მთვრალი რინდივით ხმამაღალია
თუ ფხიზელივით ირინდება,
რჩება ბანალურ და გამოუვალ
და ბალანივით ლაბირინთებად
სამყაროს ტყავზე.

 

6.

მთელი შენი
დაწყევლილი სხეული
წლების წყალში
ჩაგდებულ
იკლაკნება
ანკესზე,
რომ შიგადაშიგ
მასაც აგნებდეს
მიტყუებული
ამბების თევზი.
თავი რომ ცოცხალი
გეგონოს
და არა მინის მუმია,
გონებით ეძებ
იმას, რაც ამბის მინიმუმია.

 

7.

მანქანდაკება ან უფრო მოკლე ერთი მარცვლით
მანქანდაკი სჯობია სახელს,
რომელსაც არ ცვლით.
ადამიანი დაირქვით,
ვითომ ადამის მოდგმამ,
ბიბლიური ზღაპრის
იმ პირნაზი პერსონაჟის მიხედვით,
რომელიც ისე მწარედ დასაჯეს
ცოდნის ხის ნაყოფის გასინჯვის გამო,
რომ მას დაეწყო
ფსიქოგენური და უმწვავესი ალერგია,
რომელიც მისგან მემკვიდრეობით
მემკვდარეობად გადაეცა
შთამომავლობის უმრავლესობას,
რადგან ცოდნაზე
ალერგიაა რელიგია!
მაგრამ ცოდნის სათავეა გრძნობა,
რომელიც გონების საწმისში
იწმინდება აბსტრაქციის ჰაომად,
უკვე რომელსაც,
ოღონდ ენაში,
როგორც რძეში, წესიერად გაზავებულს,
მომარჯვებული კულტურის თასით
ხელმეორედ სვამს სხეული,
როგორც ქურუმი კრეტული
წარმომავლობის,
და უკვე თვრება,
რათა გონებამ ცნობიერების კონკრეტული
ნახოს სიზმარი,
რომელიც ისე მსგავსი გვაქვს,
რომ საჯარო გვგონია
ანუ ცხადი.
ასეცაა ანდა კი,
რატომაც არა,
შენ გეუბნება, ადამიანს,
კაცი, მანქანდაკი.

 

8.

ჯერ ჯარიმების ჯარის ჯერია, დავიჯერო,
მერეს მორევი რომ მოერევა
და ისე დამცლის,
სიკვდილს შეშურდება,
შვების მეწაღეს.
წაიღებს არიფის
მანერის ფანერის ნავს ნავსი ნაკადი,
რომელიც ნაპირებად
დაყრილი მკლავების
ქაფიანი მაჯებით
ხარბად ფლანგავს,
რასაც იტევს
ვეღარ ღარი, ღარიბი.
იქ უამრავი ქალი და
არანაკლები კაცია.
ვპოულობ ფონს და
დღიდან დღემდე გავდივარ,
ბორანი ვიყო,
ეგაა ჩემი ნავიგაცია.

 

9.

პირველად არ იყო იგი.
უკიდურესად
ანუ ისე თუ გაართულებ
ფიზიკური სამყაროს
რომელიმე უსახურ ნაწილს,
რომ მიაღწიოს შესაძლებელი
სირთულის საზღვარს,
როგორც ყრუ კედელს,
მაშინ დაკარგავს
ის შედეგის მოტანის უნარს
და შეგუბდება გამოუვალ მიზეზად,
რომელშიც ერთხმად აირეკლება
გამოძახილი თვითონ მისი
შორი და ახლო
ყველა მიზეზის.
მაგრამ, რაც ნაყოფს ვერ გამოიღებს,
მიზეზი, რომელიც
ვეღარ პოულობს გამოსავალს,
თანდათან პირთამდე აავსებს
სამყაროს საზღვრის კაშხალს
და გადმოიქცევა
გრძნობის და შეგრძნების ჩანჩქერად,
რომელშიც ხოლმე
ნაწნავებად გამოერევა
ცოტა ხნით უძრავი
უცნაური ფორმები და სახეები,
რომლებსაც ერთ-ერთი მათგანი 
ენაამოდგმული კაცად მანქანდაკი 
უწოდებს თავის
მეს, გონებას, სხეულს
და ირგვლივ ქვეყნიერებას.
ასე გაქრება უსულო ის
და მის მაგივრად
შეიქმნება სულდგმული იგი.
ჩვენ ვართ ნალები, რომლებითაც
დაჭედილია ფლოქვები სიზმრის.

 

10.

არა უბირ
და სქელკანიან
ანუ ნორმალურ,
არამედ
გამძაფრებულ ცნობიერებას
უბრალო ძაფიც ეეკლება,
ეკლად ესობა,
როგორც თვალისჩინს 
ეკლესიები.
რადგან ხერხემლის
ვერტიკალური გამალებით
შორს ვერ წაუხვალ,
ის დაოთხილი დაგეწევა
და მისი პირის
ერთი ქალური გამალებით
მოისხიპები,
შიშველი, როგორც
ფოტოს ჰიპები.
მოვა ტექსტის სტილისტივით,
მოვა სტიქსის ამორძალი,
ჩაგასწორებს
და წაგიღებს
დილის ტივით.

 

11.

ქრისტე ისტერიულად
ეწირება თბილისს.
ორაზროვანი ჰორიზონტი
ზოგან ო, რა ზანტია.
იმის მაგივრად,
რომ დრო იხელთოს,
როცა ზურგს ვაქცევ
და აიკრიფოს გუდა-ნაბადი,
გადაიხვეწოს,
სამშვიდობოს გავიდეს,
იგი ირგვლივ ტრიალებს
და თვალს არ მაცილებს,
როგორც მეგობარი ნაგაზი.
ამასობაში ეს ქალაქი,
ბატონ-პატრონად თავი რომ მოაქვს
და ჰორიზონტის უზურპატორი,
გათენებიდან დაბნელებამდე
ხერხემალივით ამტვრევს ჰორიზონტს.
ნამსხვრევებს ქუჩებში
ფიჩხივით აგროვებს,
რომ ღამით დაანთოს
უბოლო ხანძარი,
და ჰორიზონტი
რეკლამა-აბრებში იწვის,
ვიდრე სისხამ დილით
მკვდრეთით და ფერფლიდან
აღდგება, როგორც
ფენიქსის რემიქსი 
იესო ქრისტე.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა