გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სადარბაზო

ქურთუკი

1.

ეძებს, რომ გამოდგეს, პანელებს,
თან ისტორიას პარავს ესპანელებს.
მისი გენია არ ცნობს ჰიგიენას,
მაინც მზადაა, შეაფასოს ფრანგების რანგები.
აღიარება რომ დააჩქაროს მწერალმა ერმა ნელი,
გააბითურა მიამიტი მან გერმანელი.
და მას ჰგონია, რომ ინგლისელი გაგლესილია.
მან მოითავა იტალია, მოითალია.
გადასასვლელებს ეძებს უსაფრთხოს, იაფფონიანს.
მისგან სიშორემ გადაარჩინა ჯერჯერობით იაპონია.

 

2.

ჩემი სხეული გამომეცალოს,
როგორც ფეხქვეშ მიწა,
როგორც ალუდას გამოეცალა მუცალი.
რადგან სხეულიც ამბავივით არის შეთხზული,
ახალს რას მოიგონებს
და რას გამიგებს ფეხქვეშ
ჩემი მეს, ჩემი მეოდის
და ჩემი ტანის ბრმა ავტორი,
მინდა, გავიგო.
ასე ამბავი მოიგონეს
და ახალ ტანში, ახალ ამბავში გადაიტანეს,
თუ როგორ ეურჩა ხალხს და ჯამაათს
და იუარა ყველა ადათი,
გადაიმტერა, გააცეცხლა თავისი თემი,
თავისი ხელით გადააქცია
ის მთავარ თემად.
თემმაც, რომელსაც სხვა გზა არ ჰქონდა,
იგი მოიკვეთა
და გააძევა დედაბუდიანად.
სახლკარი მისი კი დაწვეს
და ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს,
მეორედ მოუკლეს მუცალი.
ისიც წავიდა,
ხელმოცარული ისევ,
კვლავ უსხეულო და უამბავო.
სიცოცხლემ სიკვდილს მისი ზღაპარი,
როგორც ჩანს, აღარ უამბო.

 

3.

დრომ გადაიღო წვიმად. ჩადგა ქარადაც.
ხალხი, შიში და განხეთქილება
დაგროვდა მტვრიან შუშის ქილებად.
გაივსო კედლის რუხი კარადა.

 

4.

ასე ჩავუთქვი სახურავებიდან ჩამობნელებას 
მე ვიტრინებთან არ ვიტრიალებ,
შენ შემახვედრე.
ქუჩას აბრები მოუჩანს,
ზარბაზნები როგორც გალეონს.
ის კი ბუტბუტებს 
გზას მე ქალაქში თვითონ მოვიკვლევ,
არ დაუხარჯავთ აქ სახაზავი და ფარგალიო.
არ შეგიძლია,
არ შეაშველო ასეთს ნაბიჯი,
და სიარულით ხმელი ნაპირი შენც არ გალიო.
თან შეგიძლია,
მოქსეული ლაითბოქსებით
თვალი ვითომ გაითბო.

 

5.

თუ სადარბაზოს
ლიფტი ლუკმასავით
ყელში გაეჩხირა
და სართულებზე დაგევალოს ასლივით ასვლა,
მხრებს რომ იჩეჩავს,
იმ ქუჩას გადახედე,
დრო და თარიღი დათარეშობს,
ეძებს მისამართს.
მეამდენე ნამდვილ ასლად
დაინომრები
მათი შეხვედრა-შეწილადებით,
როგორც რომ ინომრებოდეს
კოსმოსში ამოტყორცნილი
გეიზერები ენცელადიდან.

 

6.

არა ნაკადი, არა მდინარე, არამედ
ცნობიერების გეიზერი გაიზიარე,
როცა ფიქრების არტყამ ნაფაზებს.
უმეტაფოროდ უტიფარია კაცადგონება
და ტკაცა-ტკუცი გაუდის,
როგორც ბატიბუტს ტაფაზე.

 

7.

ამეტორღიალა, არ დაიღალა
და იღლიაში ამოვიჩარე,
წავიღე ჩრდილი.
გზაში ვაშინებ,
დავაგდებ ხოლმე,
ვერცხლის წყალივით იფანტება,
აიკრიფება, ისევ თან მახლავს.
ჩამვლელები ჩამომართმევენ
ზოგჯერ ხელივით,
ზოგჯერ კი  როგორც
არასწორად გაგებულ ნათქვამს.
არც გაემტყუნებათ,
აზრიც სიტყვების ჩრდილია,
აქეთ საკაიფოდ მკაფიო,
იქით გადღაბნილი, არ უჩანს ბოლო.
მე კი მათ ვართმევ სამაგიეროს 
ჩრდილი ჩრდილის წილ.
სახელურიან შეხვედრებს
დრო ვედროებით მიაქვთ,
შუქის ჭიქებით იკლავენ წყურვილს,
საღამოებად დილა დალეწეს.

 

8.

ავად სად ავა,
თავი თუ გაისავათა.
აცალე, დასვი,
კიბესთან ნახოს რამე სადგური
და გულს მოურთე დროებითი,
ფართო გალია.
ორი მისდევდა სევდას ქვეყანა,
აქეთ შენი და იქით კი, თურმე,
პორტუგალია.*
და ის დასრულდეს,
რომელშიც
ვადა გაუვა სისადავეს
და სადავოა სევდა სადავედ.

* Saudade  სევდა პორტუგალიურად

 

9.

დილით ამინდია ჟამი და ჟანგი,
საღამოსია მოსიარულე
და უამრავი უამინდობა.
თამადა ღამედ მოვა და
დაუამ-დაუამინდებს.

 

10.

ორგან ორგანო
მოვარგე ონკანის
და არც კი წვეთავს,
მილი მალე მიიმალა.
მილიარდობით წლის ქვეწარმავალს
შუბლზე ვასხივართ, ცვარი.
დაუკითხავად დამგზავრებულ
თუმცა თაღლითებს დაღლით ვერ დაღლი,
ზოგმა მათგანმა ვერ ითაღლითა,
აზრი გაივლო,
აწონ-დაწონა დაბალ-მაღლითაც 
მე აქ რა მინდა?
და 
ქვეწარმავალ მიწას ვამძიმებ!

 

11.

და უნებლიე ბიოლოგიის მდაბიო ლოგინს
გრძნობის უნარი შეეძინა,
გრძნობა გაუჩნდა.
და არყოფნაზე დაბოღმილი
გრძნობა ღობეა,
ის, ჯერ უბირი ჯებირი,
იზრდება ზღუდედ და კაშხლადაც,
თუმცა სიცოცხლის მოახლეს
თავისი ძალა მაინც არ ჰყოფნის
არყოფნის დიდხანს შესაკავებლად,
უნდა თუ არა, უნდა დანებდეს.
თაობა აფეთქებს სიკვდილის მაშხალებს.
სიცოცხლე იკვებება გვამებით,
გრძნობა, ნობათის გახსნა-გახსენება,
გრძნობა ნობათებს იღებს და გზავნის,
უთარგმნელს თარგმნის ენებად.
მერე სიკვდილსაც დაუტაცია
გრძნობა სამყაროს რეპუტაციად.

 

12.

და წინაპართა წინაპარი,
თითქმის ზღაპარი,
ასტეროიდის დროიდან
სძინავს მის ნაფოტებს
ფსკერსა და მიწაში.
გონების მაგნიტი მათ აგნებს,
(და მათთან ერთად მეც რომ დამთაგა!)
ერთხელაც ანთებს და ნახულობს სიზმრებად.
ზოგი გაიელვებს, ზოგი ინავლება.
რუსთველი სტროფების რთველით,
შექსპირი პირით პროსპეროსი
და ფიროსმანის მუნჯი ფუნჯი
სიზმრების საზღვრებს აზუსტებენ,
კი არ ტოვებენ, აფართოვებენ,
სხვა გასაქანი რადგან არ გაქვთო.

 

13.

მონა მენიჩბე გალერაზე გარეულია.
ალაგ-ალაგ მე ალაგმე,
ის მე, რომელიც ფარგალია
და შემოგარენს ირგვლივ ალაგებს.
დრო, უხილავიც
კი ისრებიან
კისრის საათად გასავათებს.
დროდადრო ეგ მეც მოასვენე,
მუდამ მედროვე, თანამედროვე,
დროის ფარგალი.
ისევ ქუჩაში გახვალ და
იქ მიმოდიან,
თავსაათიან და ფეხფარგლიან
სულ კენტავრებად მიაჭენებენ.
მონა მენიჩბე გალერაზე
აგონიაში გაგიგონია.

 

14.

წითელი წინწკლებით საღამო რუხია,
უხიაგს არ ჰგავს,
წიგნივით ჩაეგო სახლების ყდაში,
ქუჩა გაუწვა ყუად
და გამვლელები ვეწარწერებით.
ასჯერ დასჯერდი დასჯებს საჯაროდ,
და გაუმართე პანაშვიდები,
მივალთ მღელვარედ მშვიდები.
ეს ერთი იყო შეცდომა
და მთელი მათი დანაშაული.
სიცოცხლე ყოველთვის სიკვდილით ისჯება.
დინჯად მსჯელობენ მესიჯები და ირჯებიან.
მეთქი-მუქთაა სიკვდილი,
ისე გაიაფდა, როგორც აფდეითი,
და შენგან თითქოს ნებართვას ითხოვს.
ღამემ გადაწვა წიგნი,
მე წამოვიღე მუგუზალივით წითელი ხურმა,
მოდი და მეწვიე
მე ამის მერე სტუმრად.

 

15.

მონა ლაჩარი მევაჭრება,
ენას არ აჩერებს,
არ გავაჩუმო, რომ არ ჩავჩარო,
რომელიც გასცა,
პირში ნებართვის ბირთვი.
მდედრი კადრების
დაყრილია ქუჩა ქვირითად.
და ძირითადად
მამრი კადრები ავრცელებენ
შემთხვევითობის ეპიდემიას.
არ გავაცდენდი, აბა რა,
რომც მქონდეს, მათზე
ფოტო აპარატს.
ფეხით ვივლიდი, შევხვდებოდი,
ხან დავუცდიდი, დავინახავდი
გამონაკლისებს,
რომ არ მოეკლათ თავები.
ისევ ფეხს ვითრევ,
მე ვაჭრობაში ისევ ჩავები.
თუ არ მიუსწრებ, შეყოვნებას
როგორ იკადრებს ამაყი კადრი,
რომელმაც იცის თავის ყადრი.

 

16.

პოეტი მარტო არ დაიტოვება,
მაშინვე გამართავს სიტყვების ორგიას.
მასთან სოდომი მონაგონია.
უკუღმართობა უღმერთობითურთ
ადგა და ენას მოარგო.

 

17.

შუბლი წაიკრა ბინდის ბენდენათი
და ფერადი ფარების ტრასერებით
დასერა ქუჩა სერიოზულად.
ასე უღამდება პეკინის ქუჩას.
სხვაგანსავით აქაც
ჩვენ დავდივართ ცოცხლები,
ხვალინდელი მკვდრების
დღევანდელი ჩრდილები,
სევდის ძაფით ნაკერი ჩრდილები.
უზრდელია მომავალი,
მაგრამ სარდაფში ხილი სავსეა,
დაეყუდება მყიდველი.
მუზარადში თავს მალავს წარსული
და, შემეშვითო, ხელებს ასავსავებს.
გემო გემივით გზას გაიგნებს
მოზღვავებულ ღამეში
და მოწითალო ყვითელი ანაყრებს თვალს.
მუშტად შეკრული მუშტარ-ვაჭარი
ერთმანეთს უდასტურებენ,
ცხოვრება რომ თეატრია,
სრული საროლეთი.
ბაიკერმაც ჩაიქროლა
ჯმუხი ხმების სროლით.

 

18.

ცუდ რამეს უდრის,
მე რასაც გეტყვი:
ეგ გრძნობა, რომლითაც
შენს თავს ცნობ და გამოარჩევ სხვებისგან;
ის შენი გრძნობა, რომელიც ისმენს ხმას ან ხედავს ფერს;
ეგ გრძნობა, რომლითაც ეწებები აწმყოს;
ისიც, რომელიც ეხება ვინმეს;
ეგ გრძნობა, რომლითაც ხვდები უხეში სახლების,
გაწელილი ქუჩების,
მიმავალი ადამიანების და მომავალი ხალხის,
მანქანების და ვიტრინების აზრს;
ისიც, რომელიც გაგრძნობინებს ახლის დაძველებას;
ეგ გრძნობა, რომლითაც აცილებ ცას ქალაქის ღამეში;
ყოველი შენი გრძნობა
საფეხურია.
შენ იქ ბრუნდები,
საიდანაც სულთმობრძავი გონება
გრძნობების ბადეს გადააგდებს საწარსულეთში
და შენთვის თოკის კიბედ დაუშვებს
პირველ სიზმრებთან,
და იქიდან დაწყებული
მთელ თავის ცხოვრებას,
რომელიც შენ შენი გგონია,
თანდათან თავისკენ ეზიდება,
იხსენებს სწრაფად და დაწვრილებით.
მას აგონდება, შენ გრძნობ.
ასეთია გრძნეული საიდუმლო,
რომელსაც გიმხელ მე.
შენ კი შენსასთან,
მე ჩემს სიკვდილთან, ვბრუნდებით.

 

19.

შეხედე, რა ხურავს,
კეფიან თავზე ლურჯი კეპია,
ირიდებს შუბლი
ენაბლუ ხალხებს,
მოდის პოეტი და ხარახურა.
მას ნაჩუქარი აცვია
ქურთუკ-ჯინსები და ბატინკები,
ზედ ვინ შეხედავს,
მსხვერპლადაც არ შესწირავდნენ
მაგისნაირს ინკები.
მეხსიერების მასხარა ხარ
და ხარხარივით გასამებული.
მაინც თვალზე მეტია,
რადგან პოეტია
და თავის თავს ხედავს,
ვინც თავის კანში ვერ დაეტია.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა