ქვეყანა “სამოსნების” იმედად
03.11.2016ცნობილი გამოთქმაა, რომ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ხუთოსნები წიგნებს წერენ წარმატებული კომპანიების შესახებ, ოთხოსნები კონსულტაციას უწევენ ამ კომპანიებს, სამოსნები მართავენ მათ, ოროსნები კი ფლობენ.
ოროსნებისა და სამოსნების ბიზნეს-წარმატებას, ამ მრავალგზის დამტკიცებულ “უცნაურობას”, ბევრი ლოგიკური მიზეზი აქვს:
• მხოლოდ სამოსნები და ოროსნები არიან “შეჩვეული” წარუმატებლობის შემდეგ "ფეხზე წამოდგომას"
• ისინი კრიტიკის მიღებას და გათვალისწინებას ადრეული ასაკიდან მიეჩვივნენ
• ხუთოსნებისგან განსხვავებით სამოსნებს არავინ არცერთ ნიშანს “მუქთად” არ უწერდა. ყველაფრისთვის ბრძოლა უწევდათ.
• გაკვეთილების სწავლას “მოცდენილი” საათები სამოსნებმა ეზოში და ქუჩაში გაატარეს, სადაც “გაგების და ურთიერთობის” ინსტიტუტი დაამთავრეს. თანამედროვე ენაზე ამას ემოციური ინტელექტის (EQ) განვითარება ჰქვია.
საქართველოში ბევრს საუბრობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც ყველა განვითარებული ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს.
ჰოდა, სწორედ “სამოსნები” და “ოროსნები” აკეთებენ ამ მცირე და საშუალო ბიზნესს. ისინი თუ გაძლიერდნენ, ოთხოსნებსა და ხუთოსნებსაც არ მოაკლდებათ საქმე.
მთავარია, თავისი შესაძლებლობების დაიჯერონ, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ამ გაბედულ და გამოცდილ ხალხს მთელი ცხოვრებაა უფროსები (სახლში, სკოლაში, უმაღლესში და სამსახურში) უყიჟინებენ, რომ “მათგან არაფერი გამოვა”, რომ “ასე ვერ გაფრინდებიან” და კიდევ ათას მსგავს სისულელეს.
მე კიდევ მინდა მოგმართოთ, ძვირფასებო და კარგებო, თქვენზეა მთელი ქვეყნის იმედი. თქვენ უნდა გახდეთ (დღესაც ხართ) ამ ქვეყნის დასაყრდენი. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. არ დაიჯეროთ, თუკი საპირისპიროს მტკიცებას დაგიწყებენ.
დიდ წარმატებას გისურვებთ!