გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ქვის ანგელოზი
თეგები: #მიმოხილვა

ქვის ანგელოზი | მედეა იმერლიშვილი

მარგარეტ ლორენსი, „ქვის ანგელოზი"
მთარგმნელები – ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე
გამომცემლობა „დიოგენე"

მენავაკა ერთი პატარა გამოგონილი ქალაქია, კანადის პრერიებში. წარმოიდგინეთ უსაშველო ველები ნარშავის ბუჩქებით, უჯიშო არყის ხეებით, აგურის რამდენიმე სახლით და საწყალობელი ქოხმახებით, ქუჩებში დაგებული ფიცარნაგებით და პატარა გოგო, ასე ექვსი წლის, შავი ხავერდის არშიამოვლებული, კუბოკრული სარაფნით, მისთვის ონტარიოელ დეიდას რომ შეუკერავს, ამ ფიცარნაგის ღრიჭოებში ჩაყრილი ხურდა ფულის ამოღებით რომ ირთობს თავს, ანდა მამამისის, ჯეისონ კერის, იმხანად შეძლებული და ქალაქში დიდად პატივსაცემი კაცის მაღაზიაში, ვაშლის გადმობრუნებულ, ცარიელ ხის ყუთზე რომ დასკუპებულა, ჭერმის ჩირისა და ქიშმიშის კასრების გარემოცვაში და სიგრძისა და ზომა-წონის ერთეულებს იზეპირებს  „ორი ჭიქა  ერთი კათხა; ორი კათხა - ერთი პინტი; ორი პინტი  ერთი კვარტი; ოთხი კვარტი - ერთი გალონი; ორი გალონი  ერთი პეკი; ოთხი პეკი  ერთი ბუშელი...“ მამამისი, ზორბა და მხარბეჭიანი, დახლს იქით დგას და უჩიჩინებს, უმეცარი გინდა დარჩეო, „უსაქმობა ეშმაკს გადაგკიდებსო“, და შეგონებებს დროდადრო არყის ხის წკეპლასაც მიაშველებს. 

ქალაქს, გორაკზე გაშლილ სასაფლაოზე, ჰეიგარის დედის საფლავზე წამომართული ქვის ანგელოზი გადმოჰყურებს  იდუმალი დედა, უსინათლო თვალებითო, „მავან ქანდაქარს ამ ქვის თვალებში გუგების ამოკვეთაზე არც კი ეფიქრა. ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა: გორაკზე შემომდგარი, როგორ გაგვიძღვებოდა ზეცისაკენ, როცა არცკი იცოდა, თუ ვინ ვიყავით და რანაირები“. კერი შოტლანდიელ მთიელთა გვარი იყო, კლანრანალდ მაკდონალდის წარმომავლობის, საკუთარი საბრძოლო მოძახილით  „დამიდექით, ვისაც გული გერჩით!“  პატარა ჰეიგარი მოწადინებით რომ დასძახებდა  ეს იყო ჰეიგარ კერის ბავშვობა. 

წიგნები, ხომ ხშირად ხდება, კითხულობ და იხმობენ სხვა წიგნებს, სხვა მწერლებისას, ამბებს სხვა დროისას და ადგილებისას. მარგარეტ ლორენსის „ქვის ანგელოზის“ ჰეიგარ შიპლის მონათხრობმა, შიპლი ქმრის გვარია, ერთი უხიაგი და თავის ზმანებებში ჩარჩენილი უცნაური კაცის, მისმა აწეწილმა ფიქრებმა, ბავშვობის წლებით რომ იწყება და მერე მოსდევს ქალიშვილობის, გათხოვების, დედად გახდომის, სიბერის ამბები  ეს ყველაფერი ერთმანეთს ენაცვლება  ორი ამბავი გამახსენა. მანამდე, ვიდრე იმ ორ წიგნზე ვიტყოდე, რადგან ჰეიგარის ქმარი ვახსენე, აქ ერთი ასეთი მომენტია, ჯვრისწერის მერე, ქორწილის მერე, ერთი ზარიც კი არ რეკდაო, არც მამა დასწრებია, არც ძმა და ჯალაბობა, ბრემის „რძის შრატის სუნით გაჯერებულ უსახურ სახლში“, ღამით ფიქრობს  „როცა ჩემკენ დაიხარა ეს ამოდენა გოლიათი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემში ამოდენა რამ დაეტეოდა... არადა, როცა საკმარისი ადგილი გამოინახა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მეორე თავი გამომება ანდა სხეულის მანამდე უცნობი ნაწილი აღმომაჩნდა. იმ წუთს სიამოვნებაცა და ტკივილიც ერთი იყო ჩემთვის და არც ერთს არ ჰქონდა მნიშვნელობა. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, კიდევ კარგი, ღმერთის წყალობით, უკვე ყველაფერი ვიცი და ასეა თუ ისე, მოსახდენი მოხდა და რც იმდენად მომაკვდინებელი ყოფილა, როგორც წარმომედგინა-მეთქი. ასე იყო ეს ამბავი, მე ხომ ყველგან და ყოველთვის საღად მოაზროვნე გოგოდ ვრჩებოდი“. ჰო, მთელი ცხოვრება „საღად მოაზროვნე გოგოდ“ რჩებოდა  შიშებითა და ეჭვებით სავსე ჯიუტ ქალად.  

ის წიგნები კი, აი, რომლებია  ჯონ ბენვილის „ზღვა“, ოთხმოც წელს მიტანებული მაქს მორდენის ამბავი, „წარსული მეორე გულივით რომ უცემს მკერდში“, ცოლის სიკვდილის მერე, ბავშვობის ადგილებს რომ ინახულებს, და უცოცხლდება ეს წარსული, თითქოს ბავშვობის ამბებით ცდილობს მთელი თავისი ცხოვრების ახსნას და გამართლებას, მეორეც  ჯონ მაქსველ კუტზეეს აქვს ერთი წიგნი – Age of Iron  კუტზეს რამდენიმე წიგნი არის ქართულად ნათარგმნი, ეს – არა, და ამ წიგნშიც ხანში შესული ქალი გვიყვება თავისი ცხოვრების ამბავს, შვილისთვის მიწერილი წერილებით. აქ არ არის ბავშვობის მოგონებები, აქ ხნიერი და ავადმყოფი ქალის, სიკვდილის პირას მისული ქალის ფიქრები და შიშია, როგორც „ქვის ანგელოზში“. ოღონდაც, იქ ხომ ამ ქვის ანგელოზით იწყება მთელი ამბავი და მისივე უსინათლო თვალების მზერაში სრულდება და ერთიანდება, აქ, კუტზეესთან, ანგელოზებს სულაც მიუტოვებიათ ქალაქი,  სამხრეთ აფრიკა, ძარცვა, მკვლელობები ირგვლივ,  ასეთი ამბებია. ანგელოზებმა დატოვეს ქალაქი, თუკი ვინმე კარზე მოგიკაკუნებს, მხოლოდ გზასაცდენილი ვინმე უპოვარი ან სულაც თავზე ხელაღებული მძარცველი შეიძლება აღმოჩნდესო. აქაც მხოლოდ ქალის სხეულისთვის გასაგები შეგრძნებებია, ქალმა და მისმა სხეულმაც, სხვანაირი მარტოობა იცის და ტკივილიც  სხვანაირი, სიკვდილამდელი ფიქრებიც და თვითონ სიკვდილიც  სხვანაირი, მჯერა.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა