გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პროპაგანდა
თეგები: #რუსეთი

რადიაციული პროპაგანდა

2008 წელს, „ხუთდღიანი ომის“ პერიოდში, ოსი მეგობარი და კოლეგა ჯავიდან რამდენიმე საერთო მეგობარს მოკლე სატელეფონო გზავნილებს გვწერდა, შეშფოთებული გვატყობინებდა, ქართველებმა ეკლესიაში ოსი ბავშვები, ქალები და მოხუცები შეიყვანეს, კარები ჩარაზეს და გადაწვესო. ეს ხმა მხოლოდ ჩვენამდე არ მოსულა. ისტორია დაუჯერებელი, მისი გადამოწმება კი შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, განგაშიც არ აგვიტეხავს.

მოგვიანებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცხინვალის რეგიონი მოიარეს და დაადგინეს, რომ ეს ამბავი დეზინფორმაცია იყო. როდესაც ჩვენს ოს მეგობარს ვკითხე, როგორ შეიტყო ეს ისტორია, მიპასუხა, ცხინვალის მოსახლეობას მოკლე სატელეფონო შეტყობინებების ცირკულარი დაეგზავნაო. ვინ იყო გზავნილის პირველწყარო, არავინ იცოდა.

საბედნიეროდ, ეს შემზარავი ამბავი არასდროს მომხდარა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის დარჩა ოსი მოსახლეობის კოლექტიურ ცნობიერებაში, როგორც „საინფორმაციო ფაქტი“.

„ხმათა გავრცელების სამსახური“ რუსეთის იმპერიის „ოხრანკის“ ტრადიციული სამუშაო იარაღი იყო და ასეთად რჩება. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტები ამ ძველი მეთოდების „რეინკარნაციაა“.

არაერთხელ გამიგია იმ კოლეგებისგან, ვინც წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, რომ მათ „მანიპულაციური კომუნიკაციის“ ტრენინგი აქვთ გავლილი და თავადაც ატარებენ. პროფესიული ეთიკის თაობაზე ჩემს შეშფოთებას ყოველთვის ერთნაირი პასუხი მოსდევდა: „მანიპულაციებისაგან თავდაცვას ვასწავლითო“. პარადოქსულია, რადგან მანიპულაციებისგან თავდასაცავად, არა „მანიპულაციური კომუნიკაცია“, არამედ „არამანიპულაციური კომუნიკაცია“ უნდა ისწავლო, ასწავლო და გაავრცელო. ასე ხდება ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, სადაც ადამიანი და საზოგადოება სუბიექტად და არა ზემოქმედების ობიექტად განიხილება.

მანიპულაცია და „საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი“ მთავარი თემებია იმ ნაშრომისა, რომელიც მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ანდრეი მანოილომ 2003 წელს გამოსცა.

„საინფორმაციო იარაღი“, ისევე როგორც რადიაცია, უხილავია, ამიტომ მას ვერ ამოიცნობს სამიზნე სახელმწიფოს რადარები, შესაბამისად, ვერ ან არ მოახდენს თავდაცვის მობილიზებას, ამიტომ ის დაუბრკოლებლად „წამლავს“ მოსახლეობას.

მონოგრაფიას ასე ჰქვია: „სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა განსაკუთრებულ ვითარებაში“. წიგნის რეცენზენტებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საინფორმაციო პოლიტიკის კათედრის გამგე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი-ფსიქოლოგი და რუსეთის უშიშროების საბჭოს ინფორმაციის უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელი. ამ ნაშრომში „საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი“ „პოლიტიკური ზემოქმედებისა და პოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად“ განიხილება. საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების არსი კი დახასიათებულია როგორც ხუთი საბაზო ელემენტის კომბინაცია: დეზინფორმაცია, ლობირება, მანიპულაცია, შანტაჟი და ინიცირებული კრიზისის მართვა.

არანაკლებ საინტერესოა ვლადიმირ ვეპრინცევის, კვლავ მანოილოსა და კიდევ ორი თანაავტორის 2011 წელს გამოცემული წიგნი „საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ოპერაციები: მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი“, აქაც „საინფორმაციო იარაღზეა“ საუბარი. ჩვენ გვგონია, რომ რუსეთ-საქართველოს ომი მხოლოდ 5 დღე გრძელდებოდა და 2008-შივე დასრულდა, თუმცა, თუკი ამ წიგნების ავტორების იდეებს გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ომი ფაქტობრივად არ შეწყვეტილა, მან სხვა სივრცეში გადაინაცვლა, რომელსაც ავტორები „ფსიქოსფეროს“, ანუ ფსიქოლოგიურ სინამდვილეს უწოდებენ.

საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომში გამოყენებული იარაღის ზემოქმედების აღსაწერად ავტორები რადიაციის მეტაფორას იყენებენ: „საინფორმაციო იარაღი“, ისევე როგორც რადიაცია, უხილავია, ამიტომ მას ვერ ამოიცნობს სამიზნე სახელმწიფოს რადარები, შესაბამისად, ვერ ან არ მოახდენს თავდაცვის მობილიზებას, ამიტომ ის დაუბრკოლებლად „წამლავს“ მოსახლეობას.

თანამედროვე რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი, ერთი მხრივ, იყენებს კარგად გამოცდილ პირდაპირ დეზინფორმაციას, მანიპულირებასა და შანტაჟს, მეორე მხრივ – „რადიაციულ“ მიდგომას, რომელიც პირდაპირ არ არტიკულირებს პროპაგანდის გზავნილებს. მისი სამიზნე ბევრად უფრო დახვეწილია: ის, საინფორმაციო ომის „მოკლე“ ლექსიკონის ავტორების განმარტებით, ცდილობს შეცვალოს სოციალური ურთიერთობები და სტრატეგიული ობიექტების კონტროლს უმიზნებს. სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ახალი კვლევების თანახმად, ქართული მედიაორგანიზაციების ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება. დისკურსის ცვლილების პოტენციალის მქონე მედია კი უეჭველად მნიშვნელოვანი „სტრატეგიული ობიექტია“.

ტყუილად არ მიაწერდა, თავის დროზე, რუსეთის ინტელიგენცია საბჭოთა კავშირის დაშლას ჯინსების, ჯაზისა და პეპსი-კოლას გავლენას. როგორც ჩანს, ეს გაკვეთილიც აითვისეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის „მზარეულებმა“. ამჟამად პრორუსული დისკურსი ჩვენთან არა მარტო პირდაპირი, უხეში პროპაგანდით, რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების აქტივობითა და მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიდასავლური გზავნილებით შემოდის, არამედ, ტაქსის მძღოლთა მანქანებში ჩართული რუსული „ქურდული“ სიმღერებითაც. საინფორმაციო იარაღი ყველა დონეზეა დამიზნებული.

მზა რეცეპტები იმისა, თუ რა არის მისი ანტიდოტი, არ არსებობს. წინააღმდეგობაც ასევე ყველა დონეზეა საჭირო, ხოლო წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მოვლენების სწორი სახელდებაა.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა