
რაცია - ფატიმა ბიკოევა
04.01.2020ფატიმა ბიკოევა, ცხინვალი
დაოჯახებამდე საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ჯავაში დავიბადე და გავიზარდე. მარტო გზად გამივლია, როცა ჩრდილო ოსეთში მივდიოდით ხოლმე საქართველოს სამხედრო გზით. მაშინ ტრანსკამი ჯერ არ იყო გახსნილი. ჩემი ქმარი ბორჯომის რაიონიდან, გუჯარეთის ხეობიდანაა. იქ ოსური სოფლები იყო, სადაც მხოლოდ ოსები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით გორში გადავედით, ჩემი ქმარი სამხედრო იყო. მაშინ ქართული არ ვიცოდი.
იმ დროს ჩემი შვილი უკვე საბავშვო ბაღში დადიოდა, ბავშვებთან ეზოში თამაშობდა, როცა ალაპარაკდა, აღმოჩნდა, რომ სამი ენა იცოდა – ოსური, რუსული და ქართული. შინ ოსურად ვლაპარაკობდით, საბავშვო ბაღში – რუსულად, ეზოში – ქართულად. მეზობლები სულ ქართველები გვყავდა.
ნელ-ნელა მეც ვსწავლობდი ქართულს. გორში საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ ერთხელ გამოვიცვალეთ. 1988 წელს, როცა ჩემი უმცროსი გოგონაც წავიდა ბაღში, მუშაობა დავიწყე ტექსტილის ფაბრიკაში. იმ დროს უკვე იგრძნობოდა დაძაბულობა. ჩემი ქმარი სამხედრო კომისარიატში მუშაობდა. თავიდან, ვერაფერს ვიტყვი, კარგად ექცეოდნენ. 89 წელს დაიწყო აქტიური ანტისაბჭოთა პროპაგანდა. ერთხელ სამსახურიდან მომავალი აღმოვჩნდი მიტინგზე, სადაც ამბობდნენ, რომ სადგურზე იდგა ვაგონები ჩერნობილის ხორცით. რუსებმა გამოგზავნეს, დაე, წაიღონ და თვითონ ჭამონ ეს ხორციო. მეორე მიტინგი სამხრეთ ოსეთის გაუქმებას ეძღვნებოდა, ეს საქართველოაო. იყო აქციები მოთხოვნით, რომ დაკეტილიყო რუსული გვირაბი. აგროვებდნენ ხელმოწერებს და ა. შ. მახსოვს, ერთმა თანამშრომელმა, ოსმა ქალმა უარი თქვა ხელმოწერაზე, მე არაფერი მემუქრება იქიდანო. მერე შიმშილობები დაიწყო. გვეუბნებოდნენ, კარგი იქნება, თუკი მოედანზე ოსები დასხდებიან, იმიტომ რომ მოთხოვნა სწორედ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება იყო. მეც მეუბნებოდნენ, რომ რახან ჯავიდან ვარ, ჩემს პროტესტს უფრო მეტი ძალა ექნებოდა. მაშინ ვუპასუხე: „რა ვქნა, როგორღა ვიარო მშობლებთან ჯავაში?“ მერე უფროსმა თქვა, ამას პატარა ბავშვები ჰყავს და არ გამოდგებაო. მაგრამ იქ ოსებიც იყვნენ. ჰო, ეშინოდათ და იმიტომ.
მერე გაჩნდნენ არაფორმალები, შეიარაღებული ჯგუფები. დადიოდნენ ოსურ ოჯახებში და ძარცვავდნენ.
1989 წლის 23 ნოემბერი კარგად მახსოვს. სამსახურიდან საბავშვო ბაღში გამოვიარე და ბავშვები წამოვიყვანე. ტრანსპორტი არ იყო. ადრე ავტობუსები ჩვეულებრივად დადიოდა, მაგრამ ახლა ვდგავართ გაჩერებაზე და არ მოდის არაფერი. უცებ ჩვენ წინ „პაზიკი“ ჩერდება, კარი იღება და ქალის ისტერიული ხმა ისმის: „ჩქარა, გამოდით, აიღეთ ჯოხები, ნიჩბები, ვისაც რა იარაღი გაქვთ და ყველანი ცხინვალში! ოსები გვხოცავენ!“ გაჩერებაზე ბევრი ხალხი იდგა, ყველას გაუკვირდა, მაგრამ ადგილიდან არავინ დაძრულა. მაშინვე მოვკიდე ბავშვებს ხელი და სახლისკენ ფეხით წავედით. ცენტრში, მოედანზეც მიტინგი შეგვხვდა, მსახიობი ქაფიანიძე გამოდიოდა და მივხვდი, რომ შეუმდგარ მიტინგზე ლაპარაკობდა – ცხინვალში არ შეუშვეს და გამობრუნებულან.
23-ის შემდეგ არაფორმალები სულ გამხეცდნენ. ოსების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ეს მეც ვიგრძენი. მიდიხარ სამსახურში, ესალმები, კითხულობ: „როგორ ხართ?“ და გპასუხობენ: „როგორ ვიქნებით თქვენი გადამკიდე?“ სულ ენამწარობდნენ. ტელევიზორშიც მხოლოდ პროპაგანდა ისმოდა – ოსებმა ეს გააკეთეს, ოსებმა ის გააკეთეს. მაშინ იყო, ბავშვებს რომ ოსურად ლაპარაკი ავუკრძალე – ქუჩაშიც და ტრანსპორტშიც.
არაფორმალები ოსურ ოჯახებს ესხმოდნენ თავს, ამბობდნენ, რომ იარაღს ეძებდნენ და ა.შ. ჩვენს მეზობელ ოსებს, ბეპიევებს ოთხი შვილი ჰყავდათ. მათთან სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, ვიღაც გამხდარა ცუდად. სახლში მაგიდაზე სამოყვარულო რაცია ედოთ, ოჯახის უფროსი რადიოტექნიკით იყო გატაცებული. როგორც კი წავიდა „სასწრაფო“, ეგრევე მიაკითხეს არაფორმალებმა, მოიტაცეს ეს კაცი და ისე სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. აწამებდნენ, გვითხარი, რად გინდა რაცია, რა ინფორმაციას გადასცემო.
მერე ჩვენც მოგვაკითხეს. რადგან ჩემი ქმარი სამხედრო ნაწილში მუშაობდა, ეგონათ, რომ სახლში იარაღი გვქონდა. გაჩხრიკეს სახლი, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. მერე მეზობლებიც მოვიდნენ. ამ არაფორმალებთან ერთად ერთი მილიციონერი იყო, აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს იცნობდა. როცა მიხვდა, ვის სახლში მივიდნენ, მიუბრუნდა მეზობლებს და უთხრა: „ვინ გამოგვიძახა? გაგიჟდით? არ იცნობთ ამ ადამიანსო?“ აღმოჩნდა, რომ მეზობელმა დაგვასმინა. ბოლოს, როცა წავიდნენ, ვიღაცამ უთხრა, რომ სარდაფი გვქონდა და ისიც შეემოწმებინათ. დაბრუნდნენ და სარდაფიც გაჩხრიკეს.
ამის მერე ვლადიკავკაზში გადასაფრენი ბილეთები ვიყიდეთ. ეს 1991 წლის იანვარში მოხდა. მაგრამ მარტამდე დავრჩით, ბავშვები ჩრდილოეთ ოსეთში მარტში წავიყვანე. მახსოვს, როგორ გამოვიტანე ბავშვის საბუთები სკოლიდან. მივედი სასწავლო ნაწილთან და ვუთხარი, ამის და ამის საბუთები მინდა-მეთქი. მომიტანა საბუთები, მომაყარა და ამბობს: „გული ამომივარდა საგულედან, ეს გვარი რომ გავიგე! არ გრცხვენიათ ოსებს იმის, რასაც აკეთებთო?!“
1991 წელს ახალ სახლში გადავედით „წმინდაწყლის“ უბანში. მეხუთე სართულზე იყო ჩვენი სამოთახიანი ბინა. პირველივე დღეს, როცა გადავედით, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღე და გოგონა იდგა, ხელში ნამცხვრიანი თეფშით. მითხრა, რომ დედამ გამოგვიგზავნა. მოგვიანებით სხვა მეზობლები ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. მოირბინა იმ მეზობელმაც, რომელიც ჩვენს სართულზე ცხოვრობდა და შემომთავაზა, რომ სანამ წყლის მოტორი არ გვქონდა, წყალზე ქვემოთ არ ჩავსულიყავი და მასთან ამევსო. ერთი სიტყვით, მეზობლებმა კარგად მიგვიღეს. ყველანი ქართველები იყვნენ. ერთხელ დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს. არ მინდოდა მისვლა, ვშიშობდი, რომ ისევ ოსებზე წავიდოდა ლაპარაკი. მაგრამ როცა მაგიდას მივუსხედით, თამადამ თქვა, პოლიტიკაზე ერთი სიტყვაც არ დაძრათო. ქალები ცოტა ადრე დავიშალეთ და მეზობელთან ავედით. მისი ქმარი მილიციონერი იყო. როცა გაიგო, რომ ჩემი მეუღლე იქ დარჩა, იმ წვეულებაზე, თქვა, უნდა წავიდე, ყველა ნასვამია და ვინმემ რამე ცუდად არ უთხრასო. მერე მე მომიბრუნდა: „გგონია, ვერ ვხვდები, როგორ გიჭირთ ახლა? ყველაფერს ვხვდები, მაგრამ მოითმინეთ ცოტა. ასე დიდხანს არ გაგრძელდება. თქვენთვის, წყნარად იყავითო“.
მაგრამ მერე და მერე სულ უფრო და უფრო ცუდი ამბები ხდებოდა. ერთხელ შინ ვიყავი, საღამოს ვუყურებ, რომ ეს არაფორმალები მთლად გადავიდნენ ჭკუიდან. აღმოჩნდა, რომ ოსური სოფლიდან საქონლის მოტაცება მოუნდომებიათ და რომელიღაც არაფორმალი მოუკლავთ. გორის ბაზარში ერთი ოსი მუშაობდა. დანებს და მაკრატლებს ლესავდა. არაფორმალებმა მოიტაცეს, მორგში წაიყვანეს და იქ აჩეხეს. მთელ ქალაქში დადიოდნენ, სახლებს წვავდნენ. როცა იგებდნენ, რომ რომელიმე ოსი მიდიოდა, მაშინ აკითხავდნენ, როცა ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდათ. ან ფულს ართმევდნენ, ან – ნივთებს.
1991 წლის გაზაფხულზე გუჯარეთის ხეობის ყველა მცხოვრები გამოყარეს სახლებიდან, მათ შორის, ჩემი დედამთილ-მამამთილიც. ასაბარგებლად ერთი დღე მისცეს. მთებით სომხეთში გადავიდნენ. იქიდან თვითმფრინავებით – ვლადიკავკაზში. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მამამთილმა ჩამოგვაკითხა, გვეხვეწებოდა, დატოვეთ ყველაფერი და წამოდითო. ძალიან ეშინოდა.
იმავე წელს სახლი ქართველს გავუცვალეთ, რომელიც ცხინვალში ცხოვრობდა. არავისთვის არაფერი გვითქვამს, ავიბარგეთ და სამხედროებთან ერთად წავედით, ასე უფრო უსაფრთხო იყო. როცა მეზობელი შემოვიდა და ჩალაგებულები გვნახა, ტირილი დაიწყო. ცხინვალში სახლი სამხედრო ქალაქში გადავცვალეთ – იქ, სადაც რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სახლს გვთავაზობდნენ ქალაქის ცენტრში. ეს ერთადერთი უსაფრთხო ადგილი იყო, ქართველები სამხედროებს ერიდებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, იქიდან მფრინავთა პოლკი გაიყვანეს, რუსები წავიდნენ. მთელ უბანში ალბათ ხუთი ოჯახიღა დარჩა. მალე ეს სახლები დევნილებმა დაიკავეს გადამწვარი სოფლებიდან, ბევრნი იყვნენ, თან ჩრდილოეთ ოსეთში ყველა არ მიდიოდა.