რამდენი შეცდომაა ამ ტექსტში?
27.10.2018ისე ადრე მეღვიძება, მეორედ ვიძინებ ხოლმე. სახლიდან ვერ ვხვდები როგორი ამინდია - ცივა თუ ცხელა. ამინდის პროგნოზს ვამოწმებ ხოლმე, მერე ვიცმევ და ქვემოთ ჩავდივარ სიგარეტის მოსაწევად და ყავის დასალევად. სანამ მე-15 სართულიდან ქუჩამდე ჩავალ, ორი გრძელი დერეფანი უნდა გავიარო და ორი ლიფტი გამოვიცვალო. აგურის მაღალსართულიან კოშკში ვცხოვრობ. 4 კოშკია, ერთმანეთთან 7 სართულიანი შენობებით დაკავშირებული, ეს დერეფნები ეზოში დიდ ეზო - ატრიუმს ქმნიან, სადაც შუშის პირამიდები დგას. შიგნით ვერ შეხვალ, ჩაკეტილია, და სულ ქარი ქრის. ამიტომ სანამ ქვემოთ ჩავალ, სულ მგონია რომ ქარიანი ამინდია. კუთხეში ყავას ვყიდულობ, მეტროს ჩასასვლელთან ვდგევარ და ვეწევი. სანამ ყავას დავლევ, ვიხსენებ რა მაქვს გასაკეთებელი. მერე დღიურებზე ვფიქრობ და სიტყვებს ვარჩევ ხოლმე. კალენდარს ვუყურებ და ვითვლი კიდევ რამდენი დღე უნდა ვიყო აქ. დღეები ძალიან მალე გავიდა. ერთ ერთ კედელზე ძალიან დიდი ციფრული საათია, მიკრო წამებსაც ითვლის, ამ საათს რომ ვუყურებ, ვხვდები რომ დრო მართლა ძაან სწრაფად გადის. მარცხნივ ვიღაცის ძალიან ცუდი ნამუშევარი დგას. ან ტექნიკურად ვერ გააკეთეს ჩანაფიქრი რაც იყო, ან მერის გაკეთებულია, ფსევდონიმით. ჩემი მოსაწევი ადგილიდან რამდენიმე ხედია, საათი, ცუდი ნამუშევარი, კედელი. ნამუშევარი თვალს მჭრის, საათს რომ ვუყურებ და დროის სისწრაფეს ვაცნობიერებ ვნერვიულობ, ამიტომ კედელს ვუყურებ - ან აგურებს ვითვლი, ან წარმოსახვითი საღებავით კედელზე ვწერ. დღეს დილით მხოლოდ რომელი საათია ამეკვიატა და მეტი ვერაფერი ვერ დავწერე კედელზე. არადა, გავიფიქრებ თუ არა, საათისკენ მეპარება მზერა და მგონია რომ სადღაც ვაგვიანებ. ამიტომ ვაქრობ სიგარეტს და ვბრუნდები სახლში. უკვე ვიცი როგორი ამინდია, ვიცმევ შესაბამისად და დავალებების შესრულებას ვიწყებ.
გუშინ მოხალისე ვიყავი, უსახლკაროებისთვის საჭმელს ვახარისხებდით. წვენი, მაკარონი, ქათმის და თევზის კონსერვი, პამიდვრის სუპი. 300-მდე პარკი შევკარით. კონსერვებზე ჰუმანიტარული დახმარება გამახსენდა. თურქული ერბოს თუნუქის ქილები - ვიტამ. მერე ამ გახუნებულ ქილებში ჩარგული ყვავილები ბეტონის აივნებზე.
ნენსისთან, ფსიქოთერაპიის ბოლო შეხვედრა მქონდა. ისევ ვუყვებოდი საქართველოს ამბებს, დამშვიდობებისას წიგნი მაჩუქა: ქალი რომელიც მგლებთან ერთად დარბოდა. გნახე თუ არა, ვიფიქრე ეს წიგნი მოგეწონებოდაო. კაი მეთქი, ნუ მადლობის მეტი რა მეთქმის. რაღა მგელი ოღონდ. მეც მქონდა ნენსისთვის საჩუქარი, მაგრამ სახლში დამრჩა, ისეთ პახმელიაზე ვიყავი, დილით ძლივს ავდექი. თან ბრუკლინის ბოლოში უნდა წავსულიყავი სამოხალისეოდ და რატომ და როგორ გავედი სახლიდან ვერც ვიხსენებ.
წინა დღეს დავლიე, ჩელსის რომელიღაც შენობის ბოლო სართულზე. გარშემო ჩანდა შენობები, ზოგი ცარიელი, ზოგი ჩაბნელებული. მთელი ეს დღე ქვინსში გავატარე. ქვინსის ბულვარზე ფეხით ვიარე, სულ ბოლოში რომ უზარმაზარი პარკია, იქამდე მატარებლით მივედი. პრასწიტუტკები, ქვინსის დედოფლები გავიცანი და ბევრი ვილაპარაკეთ, მუზეუმზე მოვუყევი და ძაან დამწყდა გული რომ თან არ მაქვს, გამოძახება უნდოდათ. სიგარეტი მოვწიეთ და გზა გავაგრძელე. სიღარიბე ყველაზე მეტად სანისაიდის დაცარიელებულ ქუჩებში იგრძნობა.
ქუინსში ორი ხმაა. მთავარ ქუჩას საბვეის ლიანდაგის ხიდი შუაში ჭრის. 3 წუთში ერთხელ, მატარებლის ხმა ჩუმდება თუ არა, ცას თვითმფრინავი კვეთს. სადღაც ახლოს არის აეროპორტი. მერე 2 -3 წუთი სიჩუმეა. მერე ისევ მატარებელი ჩამოივლის. ალბათ ამიტომაც, ყველა ფანჯარა დაგმანულია. რატომ არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მეტად ეს უბანი მომეწონა. ამ ხმაურით და ქარით. ცარიელი ქუჩებით, მატარებლის და თვითმფრინავის ხმის ტალღებით. უსახლკარო დედოფლებით.