ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მიმოხილვა

რას ვკითხულობთ, როდესაც ვკითხულობთ ნოველებს სიყვარულზე

გავრცელებული აზრია – მხატვრულმა თხრობამ დაღუპა სიყვარული, დაუწესა ფორმები და მიანიჭა აუცილებელი ნიშან-თვისებები. გვასწავლიან, რომ ყველაფერი, რასაც სიყვარული მოიცავს, ამაღელვებელი და თავგადასავლებით სავსე უნდა იყოს. ამიტომაცაა, რომ გვსურს, თავს ის ამბები გადაგვხდეს, რომლებიც წიგნებში წაგვიკითხავს, ფილმებში გვინახავს, სიმღერებში გვისმენია. თუმცა რა შეიძლება ჩათვალო სიყვარულად და რამდენჯერ შეიძლება იფიქრო, რომ თავს სწორედ ეს გრძნობა დაგატყდა? მახსენდება ერთი სცენა კომედიანტ ლუის სი ქეის სერიალიდან „ჰორასი და პიტი“: ინტერნეტით გაცნობილ წყვილს უსიამოვნო პირველი პაემანი აქვთ. თითქოს, გულწრფელად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ისტორიებს, მაგრამ მათ შორის აშკარად დიდი აცდენაა – ნელ-ნელა ერთმანეთზე ღიზიანდებიან და ბიჭი ბოლოს გაბრაზებული გადის ბარიდან, გოგო კი დახლთან რჩება და სიყვარულზე ლაპარაკს ბარის სხვა სტუმრებთან ერთად იწყებს. ყველა თავის ბრძნულ რჩევას უზიარებს, ეუბნებიან, რომ სიყვარულს ვერ დაგეგმავ, უნდა შეგეფეთოს, თავს უნდა დაგატყდეს.

– ჰოდა, როგორ... როგორ მოვახერხო ეს? – ვერ ხვდება გოგო.

ბარის მუდმივი კლიენტი, ხანშიშესული ტომი ასე პასუხობს: ერთადერთი, რაც სიყვარულთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიღონოთ, არის ის, რომ ბედს შევეგუოთ:

– სიყვარული იშვიათად და, დიდი ალბათობით, არც არასდროს დაგვატყდება თავს.

– თქვენც ასე აკეთებთ, ბედს ეგუებით? – უკვირს გოგოს.

– არა, რა თქმა უნდა, არა, მე მარტოობას ვერ ვიტან და ვსვამ... და ერთ დღესაც ეს, ალბათ, ბოლოს მომიღებს, – პაუზებით ამბობს მწარე აღსარებას ტომი.

თუმცა, თუ კითხვაზე – რა არის სიყვარული – პასუხის ძებნა ზოგისთვის ფუჭი გარჯაა, დიდი ლიტერატურა იმიტომაა დიდი, რომ სწორედ ჩანასახშივე შეუძლებელ იდეებს შეეჭიდოს. სიყვარულის რაობაზე წერენ რეიმონდ კარვერიცა და იოჰან ბორგენიც – მწერლები, რომელთა წიგნებიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა (კრებული „რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“, დიოგენე, 2017, მთარგმნელი თამარ ლომიძე და კრებული „ნოველები სიყვარულზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016, მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე).

კარვერს და ბორგენს ერთმანეთის თანამედროვეები არ ეთქმით, არც ერთი კულტურის შვილები არიან – ერთი ამერიკელია, მეორე – ნორვეგიელი, მაგრამ ამ ორი მწერლის ერთმანეთის გვერდით დასმა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ორივემ მოთხრობის ჟანრში დაწერა სიყვარულზე. თანაც, მგონია, რომ დიდი გაბედულება (ზოგჯერ თავხედობაც) სჭირდება ავტორს, სათაურშივე გამოიტანოს სიტყვა „სიყვარული“ მაშინ, როცა საერთოდაც არ წერს პირდაპირი გაგებით სასიყვარულო მოთხრობების ციკლს.

კარვერი და ბორგენი გულისამაჩუყებელი ამბებით კი არ ცდილობენ ეფექტის მოხდენას, არამედ სიყვარულს, როგორც მოვლენას და მის ფორმებს ეძებენ და ხშირად მხოლოდ იმ მშრალი, უკიდურესად მშრალი სურათების ამარა გვტოვებენ, სადაც სიყვარული თვითონ დაინახეს.

რეიმონდ კარვერის მოთხრობები უფრო სხარტი და მოქნილია, უფრო იმპრესიონისტული სიუჟეტით; მისი პერსონაჟები ხშირად იმპულსურები არიან, რაც განაპირობებს კიდეც მათი სასიყვარულო თავგადასავლების სახეს. ავტორი ლაკონიურად წერს, უმეტესწილად ერთ კონკრეტულ მომენტს იჭერს და ამ მომენტზე იქამდე მოგვითხრობს, სანამ დაბნეულ მკითხველს არ გაუჩნდება კითხვა: „ამას ჰქვია სიყვარული?“. ამიტომაცაა, რომ მის მოთხრობებს ღია ფინალები აქვს. კარვერი გვიტოვებს გზას იმაზე დასაფიქრებლად, შეიძლება თუ არა ყველგან ვეძებოთ სიყვარული – თმაში შეცურებულ პარიკმახერის ხელში, ნაჩხუბარი მეგობრის მოკითხვაში, მოძალადე ქმარში და ა.შ. აშკარაა მხოლოდ ერთადერთი რამ: კარვერს სიყვარულის ცნება ამაღელვებელ და თავგადასავლებით სავსე ისტორიებზე უფრო შორს გაჰყავს; ის შინაგან სამყაროში წარმოქმნილ წამიერ აღელვებას იჭერს და მას სასიყვარულო ისტორიად აქცევს; ისტორიად, რომელიც ერთი ადამიანის სხეულს შესაძლოა ჯერ არ გასცდენია, ან კიდევ უფრო უარესი – შესაძლოა, არც არასოდეს გასცდეს.

კარვერი ცდილობს, თავის მოთხრობებში საკუთარი თავი მთლიანად გააქროს: მწერალი თხრობისას არ არსებობს, როგორც პერსონაჟი. ის მხოლოდ გმირების პირით გვესაუბრება, გმირებისა, რომელთაც ხშირად შესაძლოა, თავადაც არ ეთანხმება. ბორგენი კი იმდენად იგრძნობა თავის ყოველ ცენტრალურ პერსონაჟში, რომ ტექსტები ავტობიოგრაფიულადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. ის გარემოებები – რომ „ნოველები სიყვარულზე“ უფრო ეგოცენტრული ტექსტებია, რომ სიყვარულის ფენომენს ავტორი მხოლოდ პირად ურთიერთობებში ეძებს – კრებულს რომანივით გაბმული საკითხავის იერსაც აძლევს, მით უმეტეს, რომ მთავარი პერსონაჟები უმეტესწილად ერთმანეთის მსგავსი სხვადასხვა ასაკის მამაკაცები არიან.

ამ ტექსტებში სიყვარულის იმდენად ფართო სპექტრი გვხვდება, რომ რაღაც სათავისოს ყველა იპოვის. ასე მაგალითად, ბორგენის მოთხრობაში „ჩიტი და მაცდური“ სასიყვარულო სამკუთხედის სამივე პერსონაჟის გულშემატკივარი შეიძლება იყოთ, მაგრამ აცნობიერებდეთ იმასაც, რომ ამ სამკუთხედიდან ნებისმიერი ერთი ელემენტი, ავტორის აზრით, აშკარად ზედმეტია. შესაბამისად, მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იმის თაობაზე, თუ ვის მხარეს არის მეტი სიმართლე და ვინ უნდა გაიწიროს; ბორგენისთვის სიყვარული ურთიერთგამომრიცხავი სურვილების ერთობლიობაა, როგორც, მაგალითად – მწერლისვე მეტაფორა რომ მოვიშველიოთ – გინდოდეს, შუა ზღვაში შეცურებულ გემს ჰორიზონტამდე თან გაჰყვე, ამავდროულად კი, გინდოდეს, იმავე გემს, სადაც ზიხარ, სანაპიროდან ადევნებდე თვალს. ბორგენის პერსონაჟებისთვის რომანტიკულია სიყვარულზე, როგორც უკვე დასრულებულ და შორ ფენომენზე ფიქრი. უმეტესობას წინასწარვე აქვს გაცნობიერებული, რომ ეს გრძნობა დასრულდება და მათთვის მიმზიდველია დასრულებულზე თვალის დევნებაც კი. ამიტომ ბორგენის გმირები ხშირად დუმან, როცა სიყვარულის მომავალზე ეკითხებიან, მათ ხომ მუდამ ღრღნით ფიქრი იმაზე, რომ „სიყვარული ძველ სამჭედლოს ჰგავს, სადაც იყო დრო, ცეცხლი გიზგიზებდა“...

დაახლოებით მსგავს შარში ვართ კარვერის სასათაურე მოთხრობაშიც, სადაც ორი ცოლ-ქმარი მაგიდასთან ზის და საკუთარი ცხოვრებიდან იხსენებს ამბებს; ამბებს, რომელთაც სიყვარულს უკავშირებენ. თუმცა, ზოგიერთ მათგანში სიყვარულის არსებობის დაშვება თეორიულად თუ შეგვიძლია. შეუძლებელია, სიყვარულად „დაუსრულებელი თაფლობის თვე“ მიგაჩნდეს, ამავდროულად კი, ამართლებდე კაცს, რომელიც მზადაა, თავისი გრძნობის დასამტკიცებლად ცოლი მოკლას. ანდა შეუძლებელია, სიყვარულს წარმავალ გრძნობად განიხილავდე, ამავდროულად კი, ხედავდე მას ამბავში ერთი მოხუცი, ავტოავარიის შემდეგ მთლიანად დაბინტული კაცის შესახებ, რომელიც დეპრესიაშია იმის გამო, რომ თვალებისთვის დატოვებული ნახვრეტებიდან მომაკვდავ ცოლს ვერ ხედავს. ამიტომ, კარვერის აზრით, რადგანაც გადაჭრით ვერ დავამტკიცებთ, თუ საიდან და როგორ მოდის და რა სახეს იძენს სიყვარული, „უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვამბობთ, თითქოს ვიცით, რაზეც ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“.

ამ ორ წიგნში მთავარი მაინც ისაა, რომ ავტორებთან ერთად ჩვენც კიდევ ერთხელ ჩავფიქრდეთ საკუთარ სიყვარულზე. შეგვიძლია, ერთ წუთს თავი „ჰორასი და პიტის“ ბარში მჯდომ სასოწარკვეთილ გოგონადაც წარმოვიდგინოთ და გულუბრყვილოდ ვიკითხოთ: რა გავაკეთო, რომ სიყვარული თავს მეც დამატყდეს? მზა რეცეპტს, ცხადია, ვერც კარვერის და ბორგენის მოთხრობებში მივაგნებთ, მაგრამ მოხუცი ტომი ხომ მაინც გვეტყვის თავისას?! და იქნებ, სასტიკ, მწარე, მოსაწყენ, უიმედო, სახიფათო თუ უბრალოდ არაფრის მთქმელ სიტუაციებში დიდი სიყვარული აღმოვაჩინოთ.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა