რატომ ვიბრუნებთ გვარს? - ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კამპანია
რაგვარია?
რატომაა ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტებისთვის გვარებიდან -ევი, -ოვი დაბოლოების შეცვლა იდენტობის დაბრუნების ტოლფასი საკითხი
„გვარი დამიბრუნე“ ამ სლოგანით დაიწყეს 2020 წელს ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა სამოქალაქო კამპანია. 27 ათასი ხელმოწერით პარლამენტს მიმართეს და მოითხოვეს კანონით გვარის რუსიფიცირებული დაბოლოების - ოვი, -ევი, მოშორების და ძველი ფორმის აღდგენის უფლება მიეცათ. ამ შესაშური ენთუზიაზმით ჩატარებულ კამპანიას საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ბიუროკრატიული სუსხი დაახვედრა და საუკეთესო საბჭოურ ტრადიციებში „საქმე თაროზე შემოდო“.
მოქალაქეები გვარებიდან -ევისა და -ოვის მოცილებას იქამდე ინდივიდუალურად ცდილობდნენ. სამოქალაქო აქტივისტი აითაჯ ხალილი 18 წლის იყო, როდესაც გვარის ძველი ფორმის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფოს მიმართა. „გავოცდი და შეურაცხყოფად მივიღე ის წერილი, სადაც უარს მიცხადებდნენ. თან ვერაფრით ავხსენი ეს პასუხი ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაც რუსეთს აქვს დაპყრობილი, ვერ ვხვდებოდი როგორ არ მაძლევდა სახელმწიფო ჩემი გვარის დეოკუპაციის უფლებას.”
აქტივისტი ქამრან მამედლიც სკოლას ამთავრებდა, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება დასჭირდა და გადავწყვიტა, იქამდე გვარი შეეცვალა. „მცხეთის იუსტიციის სახლში ოჯახის წევრებთან ერთად დავდიოდი, რომ გვარიდან -ოვი ყველას წაგვეშალა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. გვითხრეს, რომ ჩვენს წინაპრებში უნდა ყოფილიყო ვინმე, ვისაც ზუსტად ასეთი გვარი ჰქონდა. -ოვისგან თავისუფალი ფორმა კი, ოფიციალურ დოკუმენტებში, ჩემს აღმავალ შტოში ოფიციალურად არავის აღმოაჩნდა, - ამბობს მამედლი. ქამრანსაც და აითაჯსაც ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე - მამედოვი და ხალილოვა უწერიათ.
„გვარი დამიბრუნე“ სამოქალაქო ინიციატივის საპასუხოდ მაშინვე გაისმა კონტრარგუმენტები: თუკი რუსიფიცირებულ დაბოლოებას ვაუქმებთ, რა ფორმა უნდა აღდგეს - მანამდე ხომ მუსლიმი აზერბაიჯანელების გვარები მამის სახელიდან იწარმოებოდა? ან, აღდგენისათვის ძველი ფორმის დოკუმენტური მტკიცებულება უნდა მოიძებნებოდეს, ან კიდევ - ახლა გვარების ასე მასობრივად ცვლილება სამოქალაქო რეესტრს და სახელმწიფო ბიუროკრატიას პრობლემებს შეუქმნის ამ მოქალაქეების შემდგომში იდენტიფიკაციასა და სერვისების მიწოდებაში და სხვა.
დღე, 21-ე საუკუნის პირველი ნახევრის საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები ბუნებრივ მოცემულობად აღვიქვამთ საზოგადოებრივი ურთიერთობების ატრიბუტებს და ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის ჰაერივით ჩვეული და ერთი შეხედვით აუცილებელი მექანიზმები ჩვენივე საზოგადოების ასაკისაა - ისინი მოდერნული ხანის, მე-19 მე-20 საუკუნის პროდუქტია. იმ დროინდელია ჩვენი, უმრავლესობის წარმოდგენა იდენტობის განმსაზღვრელ ყველაზე მარტივ და საბაზისო ელემენტზეც - გვარზე.
მეც ადრეულ ასაკშივე გამიჩნდა პირველად კითხვები, რომლებიც უპასუხოდ დარჩა: რატომ არ იცოდა არც ერთმა ჩემმა ბებია-ბაბუმ საკუთარი დაბადების დღე? დაბადების წელიც კი მიახლოებით იცოდნენ, თუმცა ის კი ნამდვილად, რომ დოკუმენტში აღნიშნულისაგან განსხვავდებოდა. შემდეგი „აღმოჩენა“ დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, ჩვენს სამეზობლოში წინა თაობებში გავრცელებული ორმაგი გვარები იყო - კონკრეტულ უბანში „გაბატონებული“ კონკრეტული გვარის შიგნით დამატებით, მეორე რიგის გვარი; მაგალითად - ღოღელიანი და გვარის შიგნით - დაუჩაშვილი.
მარტივ კითხვაზე - როდიდან გაჩნდა საქართველოს რეალობაში ადამიანის იდენტიფიკაციის უმარტივესი ფორმულა - სახელი/მამის სახელი/გვარი? რა წყაროებში ფიქსირდება პირველად? თავად ტერმინი „გვარი“ როდიდან გამოიყენება? როდის დაიწყო მოსახლეობის უმრავლესობის - გლეხების გვარების ფიქსაცია? პასუხს სულ თითზე დასათვლელი ქართულენოვანი პუბლიკაცია თუ სცემს, რომელთაგან, ციფრულად ხელმისაწვდომი ერთიც კი არ არის. სამაგიეროდ არსებობს გამოცემების მთელი სერიები კონკრეტული წარჩინებული, თუ არც ისე განთქმული გვარების ისტორიის შესახებ, დეტალური გენეალოგიური მონაცემებითა და სქემებით. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის სამკითხველო დარბაზის მუდმივ ბინადართა, უხეშად 90% სწორედ რომ კერძო დაკვეთებით კონკრეტული მოქალაქეების გენეალოგიას იკვლევენ - თუმცა ამ ფონზეც კი, არა თუ იგნორირებული ეთნიკური ჯგუფის, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის გვარების წარმოების ისტორიის და თავისებურებების შესახებ ცოდნა სრული ბუნდოვანებით არის მოცული.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კამპანიის დასახმარებლად და მოწინააღმდეგეთა კონტრარგუმენტების გასაბათილებლად საქართველოს აზერბაიჯანლების ისტორიული გვარების შესახებ მცირე კვლევის მომზადება, რეალობაში ძალზე რთული ამოცანა აღმოჩნდა - სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევა მოითხოვა და განსაკუთრებით გვარების რუსიფიკაციის მომენტის და გადაწყვეტილების სქემის გამოვლენა ჩვენს არქივებში გამეფებული შემზღუდავი პოლიტიკის გამო, შეუძლებელიც კი აღმოჩნდა.
მოდერნულ ხანამდე, სტანდარტულად - საზოგადოების ფეოდალური მოწყობის გამო, სოციალური და პოლიტიკური პროცესების მთავარი აქტორები ფეოდალური ფენები იყვნენ, რომელთაც ექსკლუზიურად მიუწვდებოდათ ხელი წერილობითი დოკუმენტების შექმნასა და საკუთარი კვალის დაფიქსირებაზე. მოდერნულ ხანამდელი წერილობითი წყაროების ძირითადი პერსონაჟებიც ისინი არიან და მხოლოდ მათი „სახლების“ გვარეულობის შესახებ თუ შეგვიძლია მასალების მოძიება. მოსახლეობის უმრავლესობა უუფლებო გლეხები იყვნენ, რომლებიც იბადებოდნენ, შრომობდნენ და კვდებოდნენ, როგორც წესი, ერთი სოფლისა და თემის საზღვრებიდან გაუსვლელად. მათ შესახებ წერილობითი წყაროები ან დუმან, ან კი სწორედ ამ მმართველი ფენის თვალით გვანახებენ მათი ვინაობის თუ ცხოვრების რეალობებს. ეს ყოველივე საკმაოდ რადიკალურად და სწრაფად იცვლება მოდერნიზაციის პროცესის კვალდაკვალ, რომელიც საქართველოს და კავკასიის მოსახლეობამ რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ 1860-იანი წლებიდან გაიარა.
ამ დრომდე, საქართველოსა და კავკასიაზე, მექანიკურად, თუმცა ზოგჯერ რთულად ვრცელდებოდა იმპერიის მიერ წინა საუკუნეში წამოწყებული მოდერნიზაციის პირველი კამპანიების ნაყოფი, მათ შორის მოსახლეობის აღრიცხვის მექანიზმები, მათი იმპერიული ბიუროკრატიის ხელში იდენტიფიცირებად და დათვლად ერთეულებად გადაქცევის მხრივაც, რაც გულისხმობდა, რომ იმპერიის მცხოვრები ყოველი კონკრეტული ადამიანი, უკვე სადღაც, ბიუროკრატიული პირამიდის რომელიმე ნაწილში წერილობით აღრიცხული და ფიქსირებული უნდა ყოფილიყო. ამავე ფუნქციით - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების და ვინაობის სამი მთავარი მოვლენის - დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების დოკუმენტური აღრიცხვა პეტრე პირველის დროიდან იმპერიის სხეულის მეორე ჰიპოსტასს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაეკისრა, რომელიც მეტრიკული ჩანაწერების სახით ამ ფუნქციას რუტინულად ასრულებდა და უზარმაზარ რეესტრს ქმნიდა 1917 წლამდე.
თუმცა, ეს წესრიგი იმთავითვე არ გულისხმობდა, რომ იმპერიის ქვეშევრდომები ისეთივე პრინციპით აღირიცხებოდნენ, როგორსაც ახლა ვართ ჩვეული. იმპერიის პრივილეგირებულ მოქალაქეთა „რანგების ტაბელის“ მიხედვით, სახელის, მამის სახელისა და გვარის ფიქსაციის დონე მხოლოდ მაღალი რანგის მოხელეებისათვის იყო მიღებული. გლეხების აღრიცხვისათვის სახელებიც საკმარისად მიიჩნეოდა. რეალობაშიც, რუსი გლეხების უმრავლესობას ორი სახელი ჰქონდა - ნათლობისას მინიჭებული და შინაური ან და - მეტსახელი, გვარი კი როგორც ასეთი, მათი ფენისათვის უჩვეულო და უმნიშვნელო იყო. ეს ყოველივე თავისთავად შეიცვალა საგლეხო რეფორმის - ბატონ-ყმური დამოკიდებულების გაუქმების შემდეგ 1860-იან წლებში და იმპერიის ბიუროკრატიამ ახლად განთავისუფლებული გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას გვარი პირველად მიანიჭა - მამის სახელიდან, ან მეტსახელიდან, ან მისივე გარეგნული ნიშნიდან გამომდინარე. თუმცა, ეს პროცესი მთელი იმპერიის სივრცისათვის ერთგვაროვანი არ ყოფილა; განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო „არარუსულ მხარეებში“ და მუსლიმ მოსახლეობაში. მაგალითად, 1897 წლისათვის იმპერიის მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს ჰქონდა ფიქსირებული გვარი.
რუსეთის იმპერიის დაცემამდე, ზემოხსენებული ფონის გამო, ბიუროკრატია საკმაოდ ლიბერალური იყო გვარის ცვლილების მიმართ; მოსახლეობის უმრავლესობას იგი არ გააჩნდა, ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა ბევრისათვის ცხოვრებისეული აუცილებლობა არც იყო და შესაბამისად გვარის ახალი ფორმის აღება ან არსებულის შეცვლა არ იბლოკებოდა - სისტემა მხოლოდ შეუვალი იყო სახელის ცვლილების მიმართ, რადგან ქრისტიანი მოქალაქეების შემთხვევაში იგი ეკლესიის კომპეტენციას, ნათლობის რიტუალს და მეტრიკულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა.
ცვლილებების ახალი ხანა დადგა იმპერიის დაცემის, ბოლშევიკური გადატრიალებისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის გაჩენის შემდეგ, 1917 წლიდან. კომუნისტური რეჟიმისათვის პირველ ათწლეულებში პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ცარიზმის მემკვიდრეობისაგან ტოტალური გამიჯვნა და მისი ნაშთების დემონსტრაციული აღმოფხვრა იყო. ნაწილობრივ, სწორედ ამ ჩარჩოს ზეგავლენით კარდინალურად შეიცვალა სახელმწიფო ბიუროკრატიის დამოკიდებულება მოქალაქეთა ვინაობის დოკუმენტური ფიქსაციის მიმართ - დაბადება/ქორწინება/გარდაცვალების ჩანაწერების აქტების წარმოების ფუნქცია, ცხადია მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოერთვა და - „მმაჩ“-ს (ЗАГС) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერების სამსახურს გადაეცა. კანონით გაიწერა, გვარის და სახელის მინიჭებისა და ცვლილების პროცედურები. ამავდროულად, გვარ-სახელის ცვლილება წახალისებული იყო მართლმადიდებელი ეკლესიისაგანაც, რომ რელიგიური წარმომავლობის სახელები (მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის დასასუსტებლადაც) საერო სახელებით ჩანაცვლებულიყო. იდენტობის ამ მარკერების გამარტივებული ცვლილების უფლების მინიჭება, დიდად სახიფათოდ არ აღიქმებოდა საბჭოთა რეჟიმის საპოლიციო და უშიშროების სამსახურის მანქანის ინტერესებისათვისაც, რადგან ყოველი ასეთი ცვლილება ოფიციალური მექანიზმის ფარგლებში ხდებოდა და ძველი იდენტობის კავშირი ახალ გვარ-სახელთან დოკუმენტირებული იყო. შესაბამისად, მოქალაქე სისტემის ხელში მაინც ადვილად იდენტიფიცირებადი რჩებოდა.
ახალმა საბჭოურმა მოდელმა ასევე საინტერესო გავლენა მოახდინა მომდევნო თაობებში ვინაობის დასახელების ან აღნიშვნის ფორმულაზე. ოფიციალური საქმისწარმოებისათვის გაბატონებულად იქცა ფორმულა - გვარი/სახელი/მამის სახელი, რაც მანამდე - იმპერიის პირობებში, მიუღებელ და უტაქტო რიგად აღიქმებოდა. მკვლევრები ამ წყობის დამკვიდრებას საბჭოთა ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად თვლიან, რადგან ყველა მოქალაქე რეჟიმის ხელში - აღრიცხვის სუბიექტად იქცა, ყველა რაღაც სიაში იყო ფიქსირებული, ეს სიები და კარტოთეკები კი გვარის მიხედვით იყო დაწყობილი.
საქართველოც, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ ამ რეალობის ჩარჩოში მოექცა და ყველა ახალი მექანიზმი თუ გადაწყვეტილება მასზეც აისახებოდა. ადგილობრივი სპეციფიკა (თუკი ასეთი არსებობდა) კი - სამომავლო კვლევის საგანია.
ეთნიკური აზერბაიჯანელების გვარების ფორმირებისა და ფიქსაციის პროცესის კვლევა ნორმალურ კვლევით გარემოში, არქივების თანამედროვე სისტემისა და კანონმდებლობის პირობებში მარტივი ამოცანა იქნებოდა. მკვლევარს დასჭირდებოდა ათწლეულების მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო აღწერების მასალების ამოღება შერჩეული რეგიონების მიხედვით, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ კომპაქტურად. ამავე პრინციპით გადაისინჯებოდა ე.წ. „საკომლო წიგნები“, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი 1930-იანი წლებიდან ყოველწლიურად აწარმოებდა ყველა დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ოჯახების/კომლებისა და მათი მეურნეობის შესახებ. შედეგად, საკმაოდ მარტივად გამოჩნდებოდა - რომელი წლიდან იცვლება მასობრივად გვარის ფორმები რუსიფიცირებული დაბოლოებებით, რაც საორიენტაციოდ გადაგვამისამართებდა პარტიული და სახელმწიფო უწყებების დოკუმენტებში კონკრეტული განკარგულებისა თუ გადაწყვეტილების აღმოსაჩენად.
საქართველოს არქივების რეალობა კი ამ მხრივ უხერხული და ტრაგიკულიც კია - დიგიტალიზაციის მასშტაბი და ონლაინ მუშაობის საშუალება ნულთან ახლოსაა; ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ფონდები საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ და რეგიონულ არქივებშია დაბინავებული, სადაც კვლავ ბატონობს ყბადაღებული პრინციპი „პერსონალური ინფორმაციის დაცვის“ შესახებ, რომელიც ადამიანის მაიდენტიფიცირებელ ყველა მონაცემს, მათ შორის სახელსა და გვარსაც პერსონალურ ინფორმაციად თვლის და მესამე პირისათვის მათზე წვდომას დოკუმენტის შექმნიდან 75 წლის განმავლობაში ზღუდავს. ამავდროულად, დაწესებულია ადგილობრივი მკვლევრისთვის არაადეკვატური ფასები დოკუმენტების ასლის გადაღებაზე, რაც სრულფასოვან კვლევით მუშაობას შეუძლებელს ხდის.
ამის გამო „საკომლო წიგნების” გაცნობა ჩვენთვისაც მხოლოდ 1946 წლამდე იყო შესაძლებელი.
იმპერიის დაცემის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის პერიოდის მონაცემებიდან საინტერესო სურათს გვაძლევს 1919 წელს ბორჩალოს სამაზრო ერობის - რეგიონული თვითმმართველობის დეპუტატობის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კანდიდატთა სიაში ფიქსირებული ეთნიკური აზერბაიჯანელების გვარების ფორმები, რომლებიც ამ დროისათვის არსებულ ბუნებრივ მოცემულობას უსვამს ხაზს, როდესაც აზერბაიჯანელ მოქალაქეთა ნაწილს ტრადიციული წესით - მამის სახელით ნაწარმოები გვარი, ხოლო ნაწილს კი იმპერიის გავლენით რუსული დაბოლოებიანი გვარი ჰქონდათ. სიაში დასახელებული არიან:
ბარიამ კული-ოღლი გუსეინ;
პირ-მამედ ოვჩიევი (ს. კამარლო);
ყურბან გასან-ოღლი (ს. სარჩალო);
მოლა ისა მოლა ნასიბ-ოღლი (ბოლ. კაპანაქჩი);
მოლა ყარა მუსა-ოღლი (ს. არუხლო);
მოლა ყურბან გადჟი-ოღლი;
აბდულ აზიზ შარიფოვი;
მამედ-გაჯი ოღლი (მეურნე სოფ. ახლი-მახმუდლო);
მოლა-ახმედ ჰაჯი-ოღლი (მეურნე სოფ. გეურარხი);
ჰუსეინ ვექილოვი (მეურნე, სოფ. ტაკალო);
მოლა-აბდულ ფაჯი ეფენდი-ოღლი (მეურნე, სოფ. კოსალო).
1919 წლის თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა „ბორჩალოს მაზრის ცხოვრებთა ჯგუფი“ #12 სიით, რომელთა გვარებიც ანალოგიურ სურათს აჩვენებს.
ამავე არჩევნებით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით დამფუძნებელი კრების დეპუტატი გახდა ჰუსეინ (სოინ) ყული მამედ-ოღლი (მამედოვი), რომელიც გვარის ორთავე ფორმით იხსენიება დოკუმენტურ წყაროებში.
საინტერესოა, რომ თბილისის სამაზრო ერობის დეპუტატად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი - ფარი-ხანუმ სოფიევა წყაროებში მხოლოდ გვარის რუსიფიცირებული ფორმით მოიხსენიება.
საბჭოთა რეალობაში გვარების ფორმის სტატისტიკაში და ცვლილების მომენტის დაზუსტებისათვის საორიენტაციოდ საინტერესოდ შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ ხელმისაწვდომი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბაზა obd-memorial.ru
ბაზის ჩანაწერების ფილტრების კომბინაციით ჩვენ გამოვაცალკევეთ ორი რაიონული სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული კონტიგენტის მონაცემები - ბოლნისისა და ბაშკიჩეთის (დმანისის). მათგან გამოვაცალკევეთ აზერბაიჯანელი ეროვნების სამხედრო მოსამსახურეების მონაცემები და გვარის ფიქსირებული ფორმის ტიპოლოგიაში გამოვყავით შემდეგი ფორმები:
- სახელი, ოვ-ზე დამთავრებული გვარი და მამის სახელი იჩ-ზე დაბოლოებით (მაგალითად - Казимов Мамед Надырович)
- სახელი, ოვ-ზე დამთავრებული გვარი და ოღლი-ს ან ლი-ს ან -ზადეს ფორმით მეორე გვარი (მაგალითად - Мамедов Муса Джамал-оглы)
- სახელი, გვარი ოღლი-ს ან ლი-ს ან -ზადეს ფორმით (მაგალითად - Сары Юсуб Оглы)
სტატისტიკამ შემდეგი სურათი გამოკვეთა.
ბოლნისის რაიონული სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული დაღუპული ან უზგო-უკვლოდ დაკარგულები.
საერთო რიცხვი - 690.
აქედან აზერბაიჯანელი ეროვნების - 413
- 36
- 202
- 175
ბაშკიჩეთის (დმანისი) რაიონული სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული დაღუპული ან უზგო-უკვლოდ დაკარგულები.
საერთო რიცხვი - 1335.
აქედან აზერბაიჯანელი ეროვნების - 846
- 63
- 135
- 648
ამ საკმაოდ მრავალრიცხოვან მონაცემებში ჩანს, რომ 1940-იანი წლებისათვის სრულად რუსიფიცირებული გვარები იშვიათობაა. იმავეს ადასტურებს (შემთხვევითი პრინციპით შერჩეული) სოფელ დარბაზის სასოფლო საბჭოს (დარბაზი, დემირლო, ზემო და ქვემო გულავერი, კიბირჯიკი) ტელმანის სახელობის კოლმეურნეობის მეურნეთა საკომლო წიგნი - 1943-1944 წლები, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში ინახება (ფონდი #21, ანაწერი #1, საქმე #28).
კოლმეურნეობის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ 100 კომლში 21 გვარია -ოვ, და -ევ-ზე დაბოლოებული, მაგალითად - აბდულაევ აბუზარ.
25-ჯერ გვხვდება გვარების ფორმა - ოღლი/გზი, 25-ჯერ მაგალითად - ბინნატ ხიდირ ოღლი, გულავატინ გაზი მამედ გიზი. სახელი/მამის სახელი კი, 54 კომლთან ფიქსირდება, მაგალითად, მუსა ბახტიარ.
საკომლო წიგნები უფრო აზუსტებენ და მაქსიმალურად ახლოდან გვაჩვენებენ ამ ეთნიკური ჯგუფის თვითიდენტიფიკაციის სურათს, რადგანაც საკომლო წიგნები ადგილობრივ დონეზე იწარმოებოდა და სავარაუდო პოლიტიკური გადაწყვეტილების დადგომამდე - გვარების რუსიფიცირებამდე, აღმწერები მონაცემებს ისე აფიქსირებდნენ, როგორც მას სოფლის კონკრეტული მოსახლეები პასუხუბდნენ საკუთარი ვინაობის შესახებ.
საქართველოს შსს აკადემიის არქივის პირველი განყოფილების, ყოფილი სუკ-ის არქივის სისხლის სამართლის საქმეების ფონდის ციფრულ შიდა კატალოგშიც ფილტრაციით გამოვაცალკევეთ საბჭოთა უშიშროების მიერ 1921 წლიდან 1980-იანი წლების ბოლომდე დაპატიმრებული აზაერბაიჯანელი მოქალაქეების სია, საიდანაც ასევე ნათლად ჩანს, რომ 1940-იან წლებამდე მათი გვარების ფორმები მრავალფეროვანი და „ძველი ყაიდისაა“, ხოლო 1940-იანი წლების ბოლოდან კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა -ოვი, ევ-ზე ბოლოვდება. აქაც, ბრალდებულთა ვინაობა, მათ საანკეტო ფურცელზე დაყრდნობით ფიქსირდებოდა, რასაც სისტემის წარმომადგენელი ამ ადამიანის მიერ მიცემული ცნობების მიხედვით ავსებდა და შემდეგ მოწმდებოდა ოფიციალურ კარტოთეკებში.
ამ ფრაგმენტული, მაგრამ საკმაოდ რეპრეზენტატიული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების გვარების რუსული დაბოლოებებით ფიქსირება მასობრივად 1940-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო.
„მე არ ვიყავი პირველი, ვისაც გვარის შეცვლაზე უარი უთხრეს. ახალგაზრდებში ბევრმა იცის, რომ ჩვენი ახლანდელი გვარები არაავთენტურია და ამიტომ ჩვენ სადღაც, შორეულ წარსულში დაშვებული ამ სისტემური შეცდომების გამოსწორება გვინდა, - ამბობს ქამრან მამედლი, - პარლამენტში ჯერ წერილი დავარეგისტრირეთ, შემდეგ ხელმოწერები შევაგროვეთ. ჯერ ათი ათასი ხელმოწერა გვქონდა, როდესაც დაგვიბარეს და ხელმოწერების გროვების შეწყვეტა მოგვთხოვეს. არავინ არ მოველოდით ამას.“
„27 ათასი ხელმოწერიდან 3370 გაგვიბათილეს, - აგრძელებს თხრობას აითაჯ ხალილი, - ტექნიკური ხარვეზების გამო, ზოგან წელი აკლდა, ზოგან რაიონი იყო აღნიშნული და სოფელი აკლდა. ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრეთ და ველოდებით 23 თებერვლის სხდომას, სადაც წესით ყველაფერი გადაწყდება. ეს კამპანია ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი პროცესი იყო, ვიდრე მხოლოდ ხელმოწერების გროვება. თვენახევარში იმდენ ადამიანს შევხვდით, ბევრი რამ გავიგეთ საკუთარი თემის შესახებაც, რამაც ჩვენ მომავალ საქმიანობასაც სხვანაირი ბიძგი მისცა. ხალხი სიხარულით გვიღებდა კარს. იყვნენ ისეთებიც, ვინც გვეუბნებოდა, რომ მათთვის მთავარი სოციალური ვითარების შეცვლა იყო. ზოგი არ გვენდობოდა. ერთმა გვიამბო როგორ დაკარგა მთელი ქონება სწორედ ერთი ხელმოწერით. ყველაზე კარგად მახსოვს 14 წლის ბავშვი, ჩემთან მოვიდა და მკითხა ეს ყველაფერი რაში გჭირდებათო. დიდხანს ვუხსნიდი. ცოტა ხანში კი გავიგე როგორ უყვებოდა სხვებს ჩვენს კამპანიაზე: ამ ქვეყანაში თურმე კანონის შეცვლა შეგვიძლიაო.”
ინტერვიუები ჩაწერა გვანცა ნადიბაიძემ