Ready Made
Ready-made – მხატვრობისთვის ახალი არაა, მაგრამ პოეზიაში რატომღაც დღემდე არ შეგვხვედრია. ეს ავტორთა პატივმოყვარეობის და ეგოცენტრულობის ბრალია, თუ პოეზიის მიმართ უცნაური სტანდარტების არსებობის, არ ვიცი. პოეზია შესაძლოა ყველგან იყოს, ფეისბუკის პოსტით დაწყებული, გაგრძელებული პროზაული ნაწარმოებით და დამთავრებული მეტროს ვაგონში ამოკაწრული სიტყვებით. ის შეიძლება გამოწურო თითქმის ყველა სამეტყველო სივრციდან – ამის გაცნობიერება გვაძლევს რედი-მეიდს, რაც ყოველთვის, დაწყებული დიუშანით და დამთავრებული დადიანით, არსებული მატერიის ფორმებიდან გამოთავისუფლებისა და ახალი სიცოცხლის მინიჭების მცდელობაა.
ტატო ჩანგელია
ზარხუფი
(ალექსანდრა აროშვილი, „ინდიგო“ #35)
წინააღმდეგობის შემდეგ
„მაღაროელები“ კიდევ ერთხელ რჩებიან
შეუბრალებელ თანამედროვე სამყაროსთან პირისპირ:
ათასი უცნობი ტექნოლოგია,
ენა, რომელიც მუშათა კლასმა არ იცის.
ენა დამყოფი, დამანაწევრებელი.
ეს გადახდის აპარატების,
ბანკის რობოტი ოპერატორის ენაა.
მშრომელებმა უკვე იციან,
რომ კიდევ ერთი წინააღმდეგობის შემთხვევაში,
ამ დამღლელ და გაუგებარ ენაზე
მათ ადმინისტრატორები და კომპანიის მენეჯერები დაელაპარაკებიან:
ეტყვიან ათასგვარ უცხო ტერმინს,
დიდხანს და დამაჯერებლად ისაუბრებენ
საერთაშორისო ბიუროკრატიის,
ახალი ტექნოკრატიის სინტაქსით.
რომელიც სრულიად უცხოა
დეინდუსტრიალიზებული ქვეყნის
ინდუსტრიული მუშებისთვის.
ეს მუდმივი მანიპულაცია ციფრებითა და ტერმინებით,
მოლაპარაკებას შეუძლებელს ხდის,
გზას უკეტავს გაფიცვის მოგების სტრატეგიულ ფორმას
- რაც ნიშნავს იმას, რომ ცლის ღირებულებისგან
ასევე მოლაპარაკების ძალას,
პროფკავშირების ისტორიულ როლს,
სტუდენტების ამპარტავან სოლიდარობას.
ზარხუფი არის შუშის ზარი.
ზარხუფი უზარმაზარია და თავზე გემხობა,
ქმნის ვაკუუმს და შიგნით გაქცევს.
ის გამჭვირვალეა:
გარედან ჩანს, მასში რა ხდება,
მაგრამ ხმა აქედან, გარეთ არ აღწევს.
ეს ხმა ყრუა,
შუშის კედლები კი დამახინჯებულ გამოსახულებებს გაჩვენებს.
როგორც თევზს ეშინია
საკუთარი არარეალური ანარეკლის მრგვალი აკვარიუმის კედლებში,
ზარხუფში მყოფი,
ნელ-ნელა ეჩვევი შენს ახალ, დეფორმირებულ სახეს,
არაადამიანურ თვითცნობიერებას,
უიოგო ყელს და უსუსურად დაფჩენილ პირს.
ზარხუფი შუშის ზარია, რომელიც თავზე გემხობა.