გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვენერა

რეალობის 5 დღე

CinéDOC-თბილისი-ს წლევანდელი პროგრამა 70-მდე მოკლე და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისგან შედგება. წელს პირველად, ფესტივალის მიმდინარეობისას, იმუშავებს Sakdoc Film-ის მიერ ორგანიზებული ვიდეობიბლიოთეკაც. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული სტუმარი რომელიმე სურათის დიდ ეკრანზე სანახავად დროს ვერ გამონახავს, ფესტივალის პროგრამის ნებისმიერი ფილმის ყურებას ბიბლიოთეკაში შეძლებს.

წლევანდელი CinéDOC-ის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი პროგრამიდან ჩემი სია შევადგინე, რომლის ნაწილსაც გაგიზიარებთ.

ხშირად მითქვამს, რომ დოკუმენტალისტებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თემების, გმირების და ამბების არჩევის კუთხით ნამდვილად გაუმართლათ. წელს ფესტივალი ახალი ქართული ფილმების საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

შორენა თევზაძის „დიდუბე, ბოლო გაჩერება“ იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც დიდუბის მეტროსადგურის ტერიტორიაზე მუშაობენ. ექსცენტრული პროტაგონისტები რუტინას თავს პოეზიით და ოცნებების გაზიარებით აღწევენ, თუმცა რთული სოციალური ყოფა მაინც მძაფრად იჭრება მათ ცხოვრებაში.

რთულ სოციალურ ყოფაში გაჩენილი ოცნება ლევან კოღუაშვილის საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფილმს „გოგიტას ახალ ცხოვრებასაც“ გასდევს ფონად. მისი ნახვის მერე ბევრი კითხვა გამიჩნდა რეჟისორთან და სიამოვნებით მოვუსმენდი მას ჩვენების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე.

„ჩეჩნეთის გზაჯვარედინზე“ ალექსანდრე კვატაშიძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ეძებდა ძალიან რთული ამბის გადმოცემის სწორ კუთხეს და, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ფორმას მიაგნო. ეს ძალიან პირადული ფილმი ჩეჩნეთის ომის ტრაგედიაზე ჰყვება ომის ჟურნალისტების პერსპექტივით, მათ შორის ერთ-ერთი პროტაგონისტი და მთხრობელი თავად რეჟისორია.

ფესტივალის ქართული სექციიდან ასევე არ უნდა გამოტოვოთ და ეკრანზე ნახოთ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის „ლიფე ის ბე“ და მარიამ ჭაჭიას „მოუსმინე სიჩუმეს“, რომელშიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ხმაზე ჩატარებული სამუშაოებია.

CinéDOC მართლაც საუკეთესო პლატფორმაა ახალი ქართული დოკუმენტური ფილმებისთვის. აქ ყოველთვის ნათლად ჩანს ხოლმე, თუ რატომ უნდა გაეზარდოს დაფინანსება დოკუმენტური ფილმების წარმოებას საქართველოში.

ხშირად დოკუმენტური ფილმი შეიძლება გახდეს სახელმძღვანელო ან უფრო პასუხი, ისეთ კითხვებსა და თემებზე, რომელიც ბევრგან, განსაკუთრებით კი კონსერვატიულ საზოგადოებებში ტაბუირებულია. საერთაშორისო კონკურსის ფილმების დიდი ნაწილი სწორედ მსგავს საკითხებს ეხმაურება.

მიროსლავ იანეკის „ჩვეულებრივი აუტისტური ფილმი“ გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მომისმენია და გამიგია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების შესახებ. ეს ფილმი პოლიტკორექტულობისგან დაცლილი სახელმძღვანელოა. ხუთი არაჩვეულებრივი პროტაგონისტი – ხუთი დამოუკიდებელი და განსხვავებული სამყაროა, რომელში შეღწევაც რეჟისორის დიდი მიღწევა მგონია, ჩვენთვის, მაყურებლებისთვის კი – დიდი საჩუქარი და ცოდნა.

საკონკურსო სექციაშია პოლონელი რეჟისორის პაველ ლოზინსკის ახალი ნამუშევარი „ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“. იგი ჯერ არ მინახავს, თუმცა პაველის თითქმის ყველა წინა ფილმი იმის გამო მომწონს, რომ ის ახერხებს, ძალიან ნატიფად გადმოსცეს პირადი და ინტიმური განცდები ყველასთვის ახლობელ თემებზე. ახლო ხედებით ის ახერხებს, ისე შეაღწიოს ადამიანში, რომ ამით არავინ შეწუხდეს, პირიქით, ამ დროს ისე გრძნობ სხვა ადამიანს, როგორც არასდროს, ისე მოგზაურობ, მაგალითად, მამა-შვილის ურთიერთობის დიაგრამაში, როგორც საკუთარ ოჯახში. ლოზინსკის ახალი ფილმი „ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ დედა-შვილის მრავალმხრივ და წინააღმდეგობრივ ურთიერთობაზეა, ვალდებულებებსა და კავშირებზე.

ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ლიტველი და ჩილელი რეჟისორების ერთობლივი მოკლემეტრაჟიანი „მე აქედან არ ვარ“. მოხუცებულთა თავშესაფრის ცხოვრების დეტალები, ხანდაზმული ადამიანების სევდა, იუმორი და სამყაროს აღქმის თავისებურებები ამ სურათს განსაკუთრებულს ხდის.

კიდევ ერთი ფილმი, რომლის შინაარსიც ფორმაზე მეტად მაინტერესებს, ქალების სექსუალობის კვლევაზე გადაღებული „ვენერაა“. იგი CinéDOC-ის ახალი სექციის, EroticDOX-ის ნაწილია. ორი რეჟისორი ქალი, ქალების ნაამბობ ეროტიკულ მოგონებებზე დაფუძნებული მხატვრული ფილმისთვის ატარებს კასტინგს, რომელიც თავად ხდება დოკუმენტური ფილმი.

ფესტივალებზე ძირითადად ახალი ნამუშევრების სანახავად მივდივართ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი რეტროსპექტივებია. არაფერი სჯობს ძველი, საყვარელი ფილმების თავიდან ნახვას, იმის გააზრებას, რომ არსებობს რაღაც, რაც ე.წ. საფესტივალო კონიუნქტურის, ჩარჩოების, ტენდენციების და მიმართულების მიღმაა. ფესტივალის რჩეული წელს ფინელი რეჟისორი პირიო ჰონკასალოა. მე პირადად, ჰონკასალო „მელანქოლიის სამი ოთახით“ გავიცანი. მას მერეც ძალიან ცოტა მინახავს ასეთი ტრაგიკული და, ამავე დროს, ღრმა ფილმი ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე. სამ სხვადასხვა თავში ავტორს სულისშემხუთველ და, ამავდროულად, პოეტურ სივრცეებში შევყავართ.

ამ სურათის დიდ ეკრანზე ნახვას თქვენც გირჩევთ, თან ფესტივალს რეჟისორიც ესწრება და მასთან შეხვედრა არანაკლებ საინტერესო იქნება. ფესტივალზე ჰონკასალოს კიდევ ორ ნამუშევარს უჩვენებენ, ერთ-ერთია „ტანიუშკა და 7 ეშმაკი“.

ჩემი სია საკმაოდ მოკლეა და ბოლომდე ვერ გადმოსცემს იმ სიამოვნებას, რასაც მაყურებელს წლევანდელი საფესტივალო პროგრამა ჰპირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვირტუალურ ცხოვრებას, ყოფით პრობლემებს 5 დღით დავივიწყებთ და დაგროვილ კითხვებზე პასუხების საპოვნელად რეალურ სამყაროს დავუბრუნდებით.

CinéDO2017

11–16 მაისი

CinéDOC-თბილისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი დოკუმენტური კინოფესტივალია, ხუთი წლის ხდება. ფესტივალი პირველი და ერთადერთია, რომელსაც უკვე მეორედ აქვს კრეატიული ევროპის მხარდაჭერა.

CinéDOC-თბილისი თავის ერთგულ მაყურებელს დაუვიწყარ 5 დღეს ჰპირდება, ეს ნიშნავს 67 ფილმს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 60 საერთაშორისო სტუმარს და 5 ძირითად თემას: სოლიდარობას, უსაფრთხოებას, ვნებას, ფანტაზიასა და  რწმენას.

ფესტივალის საზეიმო გახსნა 11 მაისს შედგება გერმანელი რეჟისორის კაროლინ გენრაიტის ფილმით „ბედნიერი“.

ესაა სიყვარულით სავსე, მხიარული და ძალიან პირადული დოკუმენტური ფილმი მამასა და შვილზე, სიბერის ჟამს ბედნიერების ძიებასა და კითხვაზე, თუ რა არის რეალურად სიყვარული 60 წელს გადაცილებული კაცისთვის, რომელსაც სიბერეში მარტოობისა ეშინია და თავისი წილი ბედნიერების საძებნელად შორეულ ტაილანდში მიემგზავრება.

ფესტივალის სექციები:

საერთაშორისო კონკურსი – 10 ფილმი

Focus Caucasus – ადგილობრივი და რეგიონული ფილმები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან (9 ფილმი).

Civil-DOC – ადამიანის სოციალური უფლებები და გამოწვევები. 2017 წლის თემა – შრომის უფლებები (11 ფილმი).

CinéDOC-Young – სპეციალურად ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის შექმნილი ფილმების ჩვენება (15 ფილმი).

CinéDOC-Young მოზარდებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ თავიანთი თავი, გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი (3-5წთ.) ფილმი თემაზე „მიგრაცია“. გამარჯვებულები ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, 16 მაისს დაჯილდოვდებიან.

Civil Pitch – კონკურსი რეჟისორებსა და პროდიუსერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათი დახმარებით, კონკრეტული თემის გარშემო მოიპოვონ მასალები და ისტორიები ფილმის გადასაღებად. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი აქვთ საშუალება, იმუშაონ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად და თავიანთთვის აქტუალური სამუშაო თემები ფართო აუდიტორიას გააცნონ.

ქართული ფილმები:

„გოგიტას ახალი ცხოვრება“ – ლევან კოღუაშვილი; საკონკურსო ფილმი (პრემიერა)

„დიდუბე, ბოლო გაჩერება“ – შორენა თევზაძე; Fოცუს ჩაუცასუს (პრემიერა)

„მოუსმინე სიჩუმეს“ – მარიამ ჭაჭია; არასაკონკურსო სექცია

„ჩეჩნეთის გზაჯვარედინი“ – ალექსანდრე კვატაშიძე; არასაკონკურსო სექცია

„პატაგონია ავტოსტოპისა“ – ბესო გვენეტაძე; არასაკონკურსო სექცია

„Life is Be“ – ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი; არასაკონკურსო სექცია

სტუმარი ქვეყანა:

ლიტვა

ლიტვის ეროვნული კინოცენტრის დირექტორი როლანდას კვიეტკაუსკასი ფესტივალს ლიტვის გამორჩეულ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად ეწვევა.

რეჟისორი ფოკუსში:

პირიო ჰონკასალო – ფინელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი.

ფესტივალი წარმოგიდგენთ მის 3 ფილმს: „ტანიუშკა და 7 ეშმაკი“, „მელანქოლიის სამი ოთახი“ და „ქალაქელი მღვდლის დღიური“.

 

ფესტივალის ჩატარების ადგილები:

კინოთეატრები ამირანი და რუსთაველი, კინოს სახლი, მზიური, Backstage 75.

 

ფილმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://www.cinedoc-tbilisi.com/

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა