რეცენზია: Rezo Glonti - Budapest
რეზო ღლონტი 5 წელზე მეტია აქტიურად აკეთებს მუსიკას და ამ დროის განმავლობაში მისი ტრანსფორმაცია რამდენჯერმე ვნახეთ. ჩემი აზრით, ყველაზე თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი ცვლილება ის იყო, რომ ე.წ. ციფრული ჟღერადობა, რომელიც ქართველი არტისტის ადრეულ ნამუშევრებში წინა პლანზე გვევლინებოდა, დროდადრო ჩაანაცვლა ანალოგ ინსტრუმენტების საუნდმა. ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა მისი პროექტის, Aux Field-ის სახელით გამოსულ ალბომში, სახელწოდებით Imaginable Layers, რომელიც 2014 წელს დარელიზდა Umor Rex Records-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სასცენო ფსევდონიმები არტისტებს შემოქმედებითი ორიენტაციების დასაცალკევებლად სჭირდებათ, ვერ უარვყოფთ, რომ Budapest-ში რეზო ღლონტი თავის ალტერ ეგოს ძალიან „დაუმეგობრდა“. Aux Field-ის საუნდის გავლენა მარტივად აიხსნება. მართალია ალბომი წელს გამოვიდა, მაგრამ Budapest-ის თითოეული კომპოზიცია 2013-2014 წლებშია ჩაწერილი, სწორედ მაშინ, როცა სავარაუდოდ Aux Field-ის Imaginable Layers იქმნებოდა.
ზემოთხსენებულ ორ ალბომს შორის მსგავსება ძირითადად საერთო ინსპირაციებით არის გამოწვეული. დინამიური ამბიენტის და ტრადიციული გერმანული ავანგარდული ელექტრონული მუსიკის სინთეზი Budapest-შიც ადვილად შეიმჩნევა. ალბომის მოსმენის შემდეგ , დიდი ალბათობით, მსმენელს შეიძლება Cluster ან Klaus Schulze-ს მუსიკაც კი გაახსენდეს, თუმცა არც ასე მარტივად არის საქმე.
რეზო ღლონტი საკმაოდ ფრთხილი არტისტია, რომელიც კარგად აფასებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რაც მის კომპოზიციებში ნამდვილად შეიმჩნევა. მან კარგად იცის თუ როგორ აქციოს მოკლე, განმეორებადი მუსიკალური მოტივები დინამიურ და რიტმულ კომპოზიციად. ადრე ამას ძირითადად ფორტეპიანოს მინორული აკორდებით და პერკუსიების ეკონომიური გამოყენებით ახერხებდა, თუმცა დროდადრო დრამატურგიული გადაწყვეტილებები უფრო კომპლექსური და რთული გახდა. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია Budapest-ში რაიმე კონკრეტულ მუსიკალურ ელემენტს ჩაავლო და მასთან მიმართებაში განიხილო კომპოზიციები. ალბომის პირველი ტრეკია Line In, რომელიც საკუთარი ქრონომეტრაჟის დიდ ნაწილს ატმოსფერულ ბურუსში ატარებს. 2 წუთიანი ინტენსიური და დინამიური შესავლის შემდეგ პატარა ბრეიქი ნამდვილად საინტერესო პასაჟია, რადგან ამ რამდენიმეწამიან მონაკვეთში ცალკეული ხმები მოდულაციას იწყებენ და ახალი მუსიკალური მონაკვეთის დაწყებას პროვოცირებენ. თუმცა მთავარი სურპრიზი სწორედ აქ არის, როდესაც ბრეიქის შემდეგ ტრეკი ძალას იკრებს, ის უბრალოდ თავის დასასრულს პოულობს. გამორჩეული კომპოზიციაა Pulse Added Two, რომელიც დასაწყისში ატმოსფერული ბეგრაუნდით და ერთი ნოტით იწყებს მოქმედებას, ხოლო შემდეგ დაბ ტექნოს ესთეტიკას იძენს, რაც ძირითადად რბილი და კარგად დამუშავებული ბითის დამსახურებაა. კომპოზიციის პირველი ნახევარი გარკვეულწილად შიმშილის ეფექტს იწვევს, რისი კომპენსირებაც ტრეკის შუა ნაწილში, ბრეიქის დროს ხდება. კერძოდ, ნოტი, რომელსაც რამდენიმე წუთის მანძილზე ყური ადვილად ეჩვევა იცვლება და სრულიად ახალ ლიანდაგზე გადაყავს ინსტრუმენტალი. ეს მომენტი არა მარტო Pulse Added Two-ს, არამედ ალბომის საუკეთესო ეპიზოდიცაა. საინტერესო ნამუშევარია Sul Dges, სადაც უწყვეტი ბეისლაინის და პადების დუეტს პერიოდულად ამრავალფეროვენბს ვოკალური სემპლი. მსგავსი მძიმე და გამოკვეთილი ბასი თამაშობს წამყვან როლს Shutlle-ში, თუმცა კომპოზიციის განვითარება იმდენად ნელი და თანმიმდევრულია, რომ ყურადღებას ბევრი სხვა მუსიკალური ელემენტი ინაწილებს. კომპოზიციის მეორე ნაწილში ლამაზი მელოდია ჩნდება, რომელიც Shutlle-ს საკმაოდ დასამახსოვრებელ დასარულს აძლევს. ფუტურისტული, დისტოპიური და სინემატიკური - ასე შეიძლება დახასიათდეს Arpfield Budapest, რომელიც საქმაოდ ქაოტური და აბსტრაქტული ფაქტურით გამოირჩევა. ტრადიციული chill out-ის კარგი მაგალითია Typ & Lis, რომელიც სპონტანური და იმპულსური მუსიკალური მოტივებით და განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამოირჩევა. ბასზე ორიენტაციით გამოირჩევიან Yellow Tone, Line Out და Addition . განსაკუთრებით საინტერესოა Yellow Tone, რომელიც უწყვეტ ბასთან ერთად კლიმაქსურ ბეგრაუნდს და ალბომის ყველაზე შთამბეჭდავ მელოდიურ პასაჟს გვთავაზობს. ესაა იმის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება დაიწეროს ნოსტალგიური, მელანქოლიური და უფრო მეტიც, რომანტიული კომპოზიცია ისე, რომ არავითარი ვერბალური ელემენტი არ გააჩნდეს მას.
ციფრული და ანალოგური ხმების კარგი სინთეზი ჯამში გვაძლევს, ერთის მხრივ, ტრადიციული პოსტ როკის განწყობას და ამავდროულად ავანგარდული, ფუტურისტული სამყაროს ნაზავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ Budapest-ის პირველი კომპოზიციები 3 წლის წინ დაიწერა, წესით ძალიან საინტერესო უნდა იყოს ქართველი არტისტის უახლესი ნამუშევრების მოსმენაც. ყველაზე მთავარი, რაც ამ ალბომით მტკიცდება ის არის, რომ თავის პროფილში რეზო ღლონტი არის საუკეთესო ქართველი არტისტი, რომელსაც საკუთარი კომფორტის ზონიდანად კი შეუძლია კონტრასტული, ჰიპნოტური და სრულიად გენიალური მუსიკის შექმნა.