რიონის ხეობა საგანგებო და პოლიტიკურ სივრცეს შორის | კოტე ერისთავი
ჩვენი მანქანა გუმათის ბლოკპოსტთან პოლიციამ გააჩერა. ვიწროდ ვართ უკანა სავარძელზე. კარვებში ჩასატანად ქუთაისიდან წამოღებული საჭმელი ფეხებში გვიწყვია. ცოტაც და კომენდანტის საათი დაიწყება. მძღოლის გვერდით მაკა სულაძე ჯდება. თავსაფარი უკეთია, ხელში ხის ჯვარი უჭირავს. ფანჯრიდან ვხედავთ, როგორ ითხოვს ვარლამ გოლეთიანი პოლიციელებისგან ჩვენს გატარებას. ხელის დაქნევით გვანიშნებენ და მანქანა იძვრება. უკან რჩებიან დემონსტრანტები და ჟურნალისტები. შევდივართ რიონის ჩაკეტილ ხეობაში, სადაც ორი დღეა, კონსტიტუციური უფლებების მოქმედება შეჩერდა.
“ასე მგონია, რომ აქ ვარ მთელი სამყაროს მფლობელი, აქაურობის მეფეც, დედოფალიც, ყველაფერი ჩემია, მთაც, მიწაც, წყალიც, ცაც, დღეც და ღამეც”, - რიონის ხეობაზე ამბობს მაკა სულაძე ერთ დოკუმენტურ ფილმში. წარმოვიდგენ, რა რთულია მისთვის ახლა ხეობაში საპოლიციო ტექნიკის და მანქანების გაუთავებელი რიგის გავლით შესვლა.
საცხოვრებელი სივრციდან რიონის ხეობის ჯერ პროტესტის შემდეგ კი საგანგებო სივრცედ გარდაქმნაში მაკა სულაძის დიდი დამსახურებაცაა. ამიტომაც ჩაუვლის პოლიციელებს ბრაზით, მაგრამ ამაყად, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, როგორც აჯანყებული და არა ხეობის ჩაგრული, უუფლებო მაცხოვრებელი.
ბლოკპოსტიდან ნამოხვანამდე ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ცენტრალურ გზასა და რიონს შორის მოქცეულ მიწის ნაკვეთს ვუახლოვდებით. ადგილზე 50-მდე ადამიანი გვხვდება. რიონის ხეობის მცველები საქმეს წყდებიან, გვეგებებიან, გვაბინავებენ და თავიანთ საქმეს უბრუნდებიან. ნაკვეთის ბოლოში ორი სასულიერო პირი და რამდენიმე ქალი ჩანს. ცეცხლის გარშემო დგანან და ზედ შემოდგმულ დიდ ქვაბში სადილს ამზადებენ.
ოთხი კარავი ერთმანეთს კენჭებით სახელდახელოდ გაწყობილი ბილიკებით უკავშირდება. როგორც მასპინძლები გვიხსნიან, ერთი შეხვედრების კარავია, მეორე - სასადილო, დანარჩენი ორი კარავი კი ქალების და კაცების საძინებლებია.
კარავზე ჩამოკიდებულ ზარს რეკავენ და სადილზე გვპატიჟებენ. სასადილო კარავში ხის გრძელ სკამებზე ვსხდებით.
სადილი დამთავრებული არაა, რომ ხეობის ხმებს მძიმე მანქანების გრუხუნი ფარავს. წამოვიშლებით და კარვიდან გასულები სიბნელეში სატვირთო მანქანების გრძელი კოლონის შუქებს ვხედავთ. კოლონას საპატრულო მანქანები მოაცილებენ.
რიონის მცველები ხალხს აფრთხილებენ, რომ შეძახილების და სტვენის გარეშე გაატარონ კოლონა. პოლიციის უფროსი დამუქრებიათ, კომპანიის მუშების შეურაცხყოფისთვის, რაშიც თურმე სტვენაც იგულისხმება, დაისჯებითო. როგორც ვარკვევ, კიდევ ბევრი კოლონა ჩაივლის ამ ღამით. რომელიღაც მთას შლიანო, ნახევრად ხუმრობით მეუბნება ერთ-ერთი მცველი.
ის ღამე კოცონის გარშემო გავატარეთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, თითქოს მომლოცველებად ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად. ვსაუბრობდით ჰესებზე, ამ ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. იმ მომენტში, ხეობის მცველებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად საგანგებო ზონის შუაგულში მყოფს, შეუძლებელია, არ გეფიქრა, რომ ნამოხვანის პატარა ნაკვეთი ყველაზე ღირებული პოლიტიკური სივრცე იყო ქვეყანაში.
საგანგებო ვითარებაში ძალაუფლება კანონისმიღმა, ზესამართლებრივ, საგამონაკლისო სივრცეებს ქმნის და თავის პოლიტიკურ არჩევანს გარდაუვალ აუცილებლობად ნათლავს. ეკონომიკური წნეხი, ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის დაბინავების საჭიროება, აუცილებელს ხდის, ქვეყანა საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობით იმართოს და საგამონაკლისო სივრცეები შექმნას.
ასეთია უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად და უკვე მოზიდულის უსაფრთხოებისთვის შექმნილი სივრცეც რიონის ხეობაში. გლობალურ ეკონომიკურ წესრიგში ჩვენთვის მიჩენილი და ჩვენს მიერ უკრიტიკოდ მორგებული ფუნქციის შესრულება და უცხოური კაპიტალისთვის სხვა ღარიბ ქვეყნებთან კონკურენციაში ყოფნა, მძლავრ ეკონომიკურ წნეხად აწვება სახელმწიფოს, რომ კანონების დარღვევით და შეჩერებით, ინვესტორებს ხელსაყრელი საგამონაკლისო რეჟიმები შესთავაზოს.
საგამონაკლისო სივრცეების შექმნით ინვესტორებისთვის ბრძოლა მოდებულია აფრიკიდან აღმოსავლეთ ევროპამდე და აზიიდან სამხრეთ ამერიკამდე. საქართველოსა და “ენკას” შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც ასეთი შეთანხმებების გავრცელებული პრაქტიკიდანაა: სახელმწიფო არამარტო მატერიალურ გარანტიებს სთავაზობს კომპანიას და ყველა რისკს უზღვევს, არამედ იღებს ვალდებულებას, ინვესტორი საკანონმდებლო ცვლილებებისგანაც დაიცვას, რითაც კონტრაქტს ეროვნულ კანონმდებლობასა და დემოკრატიულ პროცესებზე მაღლა აყენებს. ასე იქმნება ინვესტორებისთვის საგამონაკლისო სამართლებრივი რეჟიმები, რომლითაც მათ ადამიანებისა და ბუნების ექსპლუატაციის უფლება ენიჭებათ.
ასეთი საგამონაკლისო სივრცეებია ჭიათურისა და რუსთავის ე.წ. “მსხვერპლშეწირვის ზონებიც”, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნების შესუსტებით თუ შეჩერებით, საცხოვრებელი გარემოს და ადამიანების განადგურება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელ მსხვერპლად ცხადდება.
თუ საგამონაკლისო სივრცე ინვესტორების სიმშვიდის გარანტიაა, ადგილობრივებისთვის სახელმწიფო და კერძო ძალაუფლებასთან სამართლის მედიაციის გარეშე დაპირისპირებას ნიშნავს. ასე იქცევა ჭიათურელი მაღაროელი უუფლებო ადამიანად, რომელიც კომპანიის დაცვის სამსახურის, პოლიციელის თუ მანგანუმის ტრანსპორტირების ბიზნესში ჩართული კრიმინალური ავტორიტეტების შიშველი ძალაუფლებას შეატოვეს.
რიონის ხეობის მცველები ამ ლოგიკას უპირისპირდებიან. საგამონაკლისო სივრცეებში, რომლებიც სამართლის მიღმა იწყებს ფუნქციონირებას, შესაძლებელი ხდება ძალაუფლების სუსტი წერტილის დემონსტრირებაც, როცა ის იძულებულია დათმოს სამართლის დიდებული ფორმალურობისა და მიუკერძოებლობის კომფორტი და გაამჟღავნოს თავისი არსებობის საიდუმლო; ფორმალურ თანასწორობას ფარდა გადასწიოს და გამოაჩინოს ის წინარე წესრიგი, რომელიც ცალკეული სოციალური ჯგუფების გარიყვის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დგას და სწორედ ამის გამო, თავის თავში ყოველთვის მოიცავს ალტერნატიული წესრიგის შესაძლებლობას.
რიონის ხეობის მცველებიც, ყოველ ჯერზე, საკუთარი უსაფრთხოების სანაცვლოდ, ახერხებენ ძალაუფლება ამგვარ მოწყვლად მდგომარეობაში გამოიჭირონ და ალტერნატიული წესრიგის შესაძლებლობა დაგვანახვონ.
იმ დილით, გუმათში სიტყვით გამოსვლისას ვარლამმა თქვა, რომ სპეცრაზმით ხეობის ჩაკეტვა მოძრაობის წარმატებაა. რომ კანონის ენით და კანონის ფარგლებში წარმოებულმა ბრძოლამ ხელისუფლების კანონდამრღვევი სახე კიდევ ერთხელ გამოააშკარავა; გამოჩნდა, რომ ხეობა მართლა გასხვისდა და გასხვისდა უკანონოდ.
მოძრაობის რიტორიკა პირველივე დღიდან სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება. ხელისუფლებას აკრიტიკებენ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევისთვის - როცა ადგილობრივებთან რეალური კონსულტაცია არ გაუვლიათ; აკრიტიკებენ კანონის მოთხოვნებისგან კომპანიის განთავისუფლებისთვის; შესაბამისი ნებართვის გარეშე, მოსამზადებელი სამუშაოების ყალბი საბაბით ბუნების შეუქცევადი დაზიანებისთვის; დემონსტრაციისა და გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის.
როცა კანონის სისტემატურ უგულებელყოფაზე მიუთითებ სახელმწიფოს, ეს მისი აღსრულების მოთხოვნას ძალაუნებურად სცდება. ამით უფრო იმას წარმოაჩენ, რომ კანონდარღვევაა სიღრმისეული პრობლემის სიმპტომია და სამსჯელოდ სახელმწიფოს ქმედების ფუნდამენტური მიზეზები გამოგაქვს. კრიტიკის საგანი არა ჰესის ყველაფრის ფასად აშენების აუცილებლობა, არამედ ის პოლიტიკა ხდება, რომელიც ასეთ აუცილებლობას წარმოშობს.
ამავე დროს, მოძრაობის სამართლებრივ კრიტიკას მუდმივად დაჰყვება დაუმორჩილებლობის აჩრდილიც. დაუმორჩილებლობისთვის მზაობის დემონსტრირება და შემდეგ მასზე უარის თქმა მოძრაობის სტრატეგიად იქცა. მოძრაობა სამართლებრივ ენაზე საუბრობს და თან დაუმორჩილებლობის საჭიროებას ასულდგმულებს, როგორც ხელისუფლების თავზე ჩამოკიდებულ მახვილს.
სწორედ ასე, სამართლებრივი კრიტიკით და დაუმორჩილებლობის მუქარით, რიონის ხეობის მცველები მოიპოვებენ პოლიტიკურ სივრცეს და არღვევენ სამართლებრივი წყობის სივრცით განაწილებას.
სამართლებრივი წყობით ნაწილდება, რეგულირდება, ერთმანეთს უკავშირდება და შორდება სივრცეები. სამართლებრივი წესრიგი მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან სივრცეებს კერძო ბაღებისა და კერძო სკოლებისთვის, შემოღობილი სამეზობლოებისა და შემოღობილი სარეკრეაციო ზონებისთვის, ფეშენებელური სასტუმროების, მაღაზიებისა და რესტორნებისთვის. ამ სივრცეებისგან შექმნილი ქსელი კი, თავის მხრივ, შორდება იმ ქსელს, რომელიც სასჯელაღსრულების ადგილების, უსახლკაროთა თავშესაფრების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისების, ვირტუალური კაზინოების, ლომბარდების, მიკროსაფინანსოების და აფთიაქებისგან შედგება.
ასე აშორებს სამართლებრივი წესრიგი ერთმანეთს სამუშაო სივრცეებს და ამას აკეთებს სოლიდარული გაფიცვის აკრძალვით - როცა სხვაგან დასაქმებულის პრობლემის მხარდასაჭერად გამოსვლის შესაძლებლობა არ გაქვს; ვერც სამუშაო და საგანმანათლებლო სივრცეები დაუკავშირდება ერთმანეთს, თუ ადეკვატური მინიმალური ხელფასი არ გაქვს, სამუშაო დრო კი არანორმირებულია.
და ასე შორდება სამუშაო სივრცე ოფიციალურ პოლიტიკურ სივრცესაც, თუ პროფკავშირებს ასუსტებ და პოლიტიკური მოთხოვნებით გაფიცვის დაწყებას კრძალავ.
ოფიციალური პოლიტიკისთვის ცალკე იქმნება სივრცეები : პარლამენტის შიგნით პარტიებისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ნორმალიზებული პროტესტისთვის, ევროკავშირის ოფისში პარტიებს შორის მედიაციისთვის, სივრცეები საელჩოების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის. სამართლებრივი წესრიგის ლოგიკაში მხოლოდ ამ სივრცეებში “ხდება” პოლიტიკა.
ხანდახან პოლიტიკურად ღირებული სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ძალაუფლებას ღიად კი არ უპირისპირდება, არამედ საჭირო სივრცეს გამოსძალავს წესრიგს, რომელსაც ყველა სივრცე აუთვისებია პოლიტიკური სივრცის ჩათვლით.
ხეობის მცველები სწორედ ამას აკეთებენ და განკერძოებულ ხეობაში გაშლილი საპროტესტო არეალით დემოკრატიულ სივრცეს ქმნიან მათთვის, ვისთვისაც აქამდე დემოკრატიას არ უარსებია, მათთვის, ვისი დაკავშირებაც არსებულ წესრიგში გათვალისწინებული არ ყოფილა. ისინი სოლიდარობის ძაფებს აბამენ ჭიათურასა და რუსთავის “მსხვერპლშეწირვის ზონებთანაც”, ბორჯომსა და გურიაში მიმდინარე დასაქმებულთა გამოსვლებთან.
მაშინ, როცა ძალაუფლებას ყველა პოლიტიკური სუბიექტი წინასწარ ჰყავს იდენტიფიცირებული და ერთი მხრივ საუბრობს იმაზე, რომ ნამახვანჰესი გარდაუვალად უნდა აშენდეს, მეორე მხრივ კი ხეობის მცველების კრიტიკა ტექნიკურ შინაარსამდე დაჰყავს, საბოლოო ჯამში, ამით პროტესტის დეპოლიტიზებას ცდილობს. თუმცა, რიონის ხეობის მცველები სამართლებრივ წესრიგს არღვევენ, სივრცეებს ახლებურად აკავშირებენ, ამ პროცესში კი ახალი პოლიტიკური სუბიექტიც იკვეთება. ის უპირისპირდება ქვეყნის საგანგებო მდგომარეობით მართვის ლოგიკას, დემოკრატიული პოლიტიკის გაქრობას და თავის თავში არსებული წესრიგის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის უნიკალურ პოტენციალს შეიცავს.