როგორ დავამწყვდიოთ აჩრდილები
16.10.2018ახალი სამყაროთი დავიწყებ. ეს ახალი სამყარო რომელიც ახლა აღმოვაჩინე - უსინათლო სამყაროა. ბრაილის გაკვეთილზე, ერთ - ერთ ბიბლიოთეკაში, ჩემს გარდა ყველა უსინათლო იყო. ერთი საათის განმავლობაში ისე მივეჩვიე, რომ ვერავინ მხედავდა, გარეთ რომ გამოვედი, თავი უჩინარი მეგონა. ჩელსი, მასწავლებელი, თვითონაც უსინათლო და ძალიან ლამაზი იყო. ბევრი ვილაპარაკეთ არა - ვიზუალურ ხელოვნებაზე, რაზეც აქამდე არც მიფიქრია. ხელოვნებაზე, რომელიც უსინათლოებისთვის იქნებოდა შექმნილი. ხშირად, მუზეუმები ფერწერულ ნამუშევრებს სამგანზომილებიან მაკეტებად “თარგმნიან”, რომ უსინათლოებმა შეხებით აღიქვან, ვთქვათ ბოტიჩელის გაზაფხული. თუმცა, თარგმნაზე უფრო საინტერესო ის არის, როგორ შეიძლება პირდაპირ არა - ვიზუალური ხელოვნების შექმნა: ხმა, შეხება, თხრობა. სრულიად სხვა მოცემულობა და დავალებაა ხელოვანისთვის. ქუჩაში, სანამ სახლამდე მივიდოდი, ქალაქიც სხვანაირად დავინახე. უფროსწორედ, აღვიქვი. ვცდილობდი, გამომერიცხა ვიზუალური ინფორმაცია, და მხოლოდ შეხება, სუნი, ხმაური დამეტოვებინა. თითქოს სრულიად ახალ, სხვა განზომილებაში დავდიოდი. განზომილებაში, სადაც სრულიად ახალი ხმა, ხმაური, შეხებები, სიტყვები გაჩნდა. სიტყვებმაც ახალი მნიშვნელობები შეიძინა.
შაბათია და უნიონ სქვეარზე ბაზარი იყო გამართული. ბოსტნეული დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ მაინც ვათვალიერებდი და ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა საჭმლის მომზადება რომ მცოდნოდა. უნიონ სქვეარის შუაში დიდი სკვერია, სკვერის კუთხეში,
შავკანიანი ბარიგების ბირჟაა. თან ჭადრაკს და ნარდს თამაშობენ, თან ჩუმად მოსაწევს ყიდიან. ჯერ ცოტა ხანი ვუყურე როგორ თამაშობდნენ და მერე ნარდი ვითამაშეთ. ერთი წავაგე, დანარჩენი მოვიგე. დავპირდი კიდევ მოვალ მეთქი და წამოვედი. მერე წვიმა წამოვიდა. უკვე სამი დღეა წვიმს.
საღამოს, აპექსარტის ლიზასთან ერთად, რომელიღაც პარკში, მიგრაციისადმი მიძღვნილ მანათობელი ჩიტების პროცესიაზე ვიყავი.
Future is uncertain - მითხრა ვიღაც კაცმა საბვეიში, სანამ მატარებელი მოვიდოდა. მეორე დილას, კვაკერების შეხვედრაზე წავედი. ჩემს განრიგში, აღწერაში ეწერა: “sit together was in silence and wait for the moving of God’s Spirit, which sometimes leads person to speak or sing or pray. ”, ასე რომ ვიცოდი, რა მოხდებოდა. ეკლესიაში, სამლოცველო ოთახი სულ თეთრი იყო. კედელზე არ იყო არც ხატები, არც ჯვრები, არავითარი რელიგიური სიმბოლო. კედლები ცარიელი იყო. ჩუმად ვისხედით. ხმას არავინ იღებდა. მარტო ერთი მოხუცი არ ჩერდებოდა, პროტეზს აკრაჭუნებდა, (თუ არ ვიცი რა ქვია კბილების პროტეზი რომ ეგეთ ხმებს უშვებს). დიდი ხანი სიჩუმეში ჯდომა არ შემიძლია. სიჩუმეში ყოფნა უფრო უარესია, როდესაც იცი, რომ ვიღაცა მალე რამეს იტყვის და ელოდები. 15 წუთი გავიდა და არაფერი. არც ხმა ამოიღო ვინმემ, არც ლოცვა დაიწყო. ნახევარი საათი გავიდა და ისევ არაფერი.
სრული სიჩუმე. დროს ვამოწმებდი და წუთებს ვითვლიდი. არაფერი. სიჩუმე. არც 40 წუთის მერე. ვერც მივხვდი როდის, ჩემდა უნებურად ლოდინი შევწყვიტე. აღარც ვფიქრობდი და აღარც დროს აღარ ვითვლიდი. ამ ოთახივით დავცარიელდი. ჰოდა, ზუსტად
ამ დროს, ჩემს უკან კაცმა სიჩუმე დაარღვია და გამომაფხიზლა. ღმერთს მადლობა გადაუხადა. ყველაფრისთვის უხდიდა მადლობას. მიტევების და იმ ადამიანების სიყვარულის ძალის მიცემისთვის, ვინც სძულდა. ტრამპისთვის პატიების ძალის მიცემისთვისაც. 5 წუთში სხვა ალაპარაკდა. ისიც მადლობელი იყო რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მერე ისევ გაჩუმდა ყველა. სიჩუმე და შეხვედრა ბოლოს ზარმა დაასრულა.
მერე ჰარლემში წავედი, მარჯორი ელიოტის სასტუმრო ოთახის კონცერტზე. ბოლო ათი წელია, მარჯორი ელიოტი, საკუთარის სახლის მისაღებ ოთახში, ყოველ შაბათ დღეს აწყობს ჯაზის საღამოებს. ყველა კონცერტი მის გარდაცვლილ შვილს, ალფის ეძღვნება. სახლიც და სადარბაზოც ხალხითაა სავსე.
Forever love Alfie, in your words we are gathered here to Rock the house
- წერია კედელზე, ვარდისფერ ქაღალდზე.
8 საათზე აპექსარტის ჩელსისთან ერთად ნიუ - იორკის აჩრდილების ტურზე წავედი. წვიმდა, ქარი ქროდა, ციოდა. აჩრდილების შესახვედრად ზედგამოჭრილი ამინდი იყო. მერედიტი - ჩვენი გიდი, ორი საათი გვატარებდა და ჩაძირული ტიტანიკიდან ნიუ იორკში გამოპარული აჩრდილებით, სასტუმრო ჩელსიში და ბარ White Horse - ში მკვდარი პოეტების და მუსიკოსების სულებით, ჰაილაინიდან გადმოვარდნილი მატარებლის მგზავრების კვნესით, საუკუნის დასაწყისში ნიუ იორკის სისხლით დატბორილი ქუჩებით ცდილობდა შევეშინებინეთ. ესეა, ძველ აჩრდილებს რომ მოიშორებ, მათ ადგილას ახლები მოდიან. ყველა ახალ ადგილს,
თავისი აჩრდილები ყავს.
გუშინ დღე საინტოლოგიის ეკლესიიდან დავიწყე. ღიმილით შემხვდნენ, გამომკითხეს საიდან ვიყავი. შესავსებად კითხვარი მომცეს. სხვა სახელი და გვარი ვუთხარი, ჩემს ინსტრუქციებში ეწერა, რომ მიხვალ, არავითარი პირადი ინფორმაცია არ გასცეო. ჩემი
ძველისძველი იმეილი ჩავწერე და მისამართადაც ბავშვობაში რომ ვცხოვრობდი, ის ქუჩა მივუთითე. კედლებზე ეკრანები ეკიდა, წინ, კედელთან ძალიან ახლოს სკამები იდგა, აირჩიე, რომელ ვიდეოს ნახვა გინდაო. რომ დავჯექი, ეკრანი ძალიან ზემოთ და თან ახლოს იყო. მივხვდი, რომ მამენტ, შეიძლება ყველაფერი დამეჯერებინა რასაც ვიდეოში ვნახავდი. დიანეტიკაზე ავირჩიე ვიდეო. დიანეტიკის მიხედვით, ყველაფერი რაც კი ცხოვრებაში გადაგხდენია, უმნიშვნელო დეტალიც კი, ქვეცნობიერს ახსოვს და აწმყოზე გავლენას ახდენს. ვიდეოს ნახვის მერე, სალოცავ ოთახში ვიჯექი. ვცდილობდი მეხსიერება აღმედგინა და წარსულიდან ყველა წუთი გამეხსენებინა. ის, რაც თითქოს მახსოვდა. დაკარგული წარსულის გახსენებასთან ერთად, უნებურად, დაკარგული აჩრდილებიც აღვადგინე. პანდორას ყუთის გახსნასავითაა. ზოგი ყუთი დაკეტილი უნდა იყოს - მეთქი, ჩემს თავს ვუთხარი და ზოგი აჩრდილი სამუდამოდ ბოთლში უნდა იყოს გამომწყვდეული. ჰოდა, უცბად, მე მგონი მივხვდი - ზუსტად დავიწყებაა აჩრდილების დაბრუნების მიზეზი. დავიწყება აჩრდილების დაბრუნებას ნიშნავს. თუ სულ გემახსოვრება, აჩრდილები მშვიდად იქნებიან და აღარ შეგაწუხებენ.
3 საათზე ტომ კელტნერს შევხვდი, Impire State Building - ის ერთ - ერთ მეწილეს (რანაირი სიტყვაა ეს მეწილე), წარმატებულ იურისტს, რომელიც ახალგაზრდობაში მწერლობაზე ოცნებობდა. რატომღაც, ისიც კი მომიყვა რამდენი მილიონი ჰქონდა ხელფასი.
შევთანხმდით, რომ ხვალიდან, დღეში ერთ გვერდს დაწერდა და ნიუ იორკში რომ დავბრუნდებოდი, ხელმოწერილ წიგნს მაჩუქებდა. იქიდან სასამართლოში წავედი, სხდომას უნდა დავსწრებოდი, მაგრამ უკვე ყველა სხდომა დასრულებული იყო. არჩევანიც ბევრი არ მქონდა - ნარკოტიკები და იარაღი.
სახლში დავბრუნდი. მთელი ღამე აჩრდილებს truth or dare - ს ვეთამაშებოდი. dare - გახსენება იყო.