როგორ შეიძლება დაიცვას ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლების ხმები?
02.11.2020როგორ შეიძლება დაიცვას ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლების ხმები?
თუ საუბარი გვაქვს ტაქტიკურ დეტალებზე, როგორ უნდა გააკეთოს ეს ოპოზიციამ, ალბათ, პირველ რიგში სასურველი იქნებოდა, რომ ამოეწურათ ის სამართლებრივი მექანიზმები, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო თანმდევი არჩევნებისა. პირველ რიგში, ეს არის საჩივრები საოლქო კომისიების დონეზე და თუ ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდება, საბუთი მაინც იდება იმისა, რომ შევიტანეთ საჩივრები, არ დაკმაყოფილდა, შემდეგ სასამართლოში წავედით. ეს ეტაპები რომ გავიაროთ და ვიბრძოლოთ მეორე ტურშიც. ბოიკოტი ყოველთვის მოესწრება. ამის შემდეგ შეიძლება უკვე ამაზე საუბარი. გასაგები იქნებოდა ასეთი მიდგომა დასავლეთელი პარტნიორების თვალსაზრისითაც. დასავლეთისთვის უფრო გასაგები არის ლეგალური გზები პოლიტიკური ბრძოლისა, რაც იქნებოდა მკაფიო დემონსტრირება დარღვევებისა ოქმების დონეზე.
რა შეიცვლება თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა?
რას ისახავს ეს ბოიკოტი მიზნად? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვერ გაძლებს ოთხმოცდაათი პარლამენტარით, რატომ ვერ გაძლებს? მე ვერ ვხვდები რატომ ვერ გაძლებს. იქ შიგნით შეიქმნება ათკაციანი ოპოზიცია, ვიღაცა ვიღაცას გაუნაწყენდება. სააკაშვილის დროსაც იყო შიგნით მეტ-ნაკლებად უხერხემლო პატარა ოპოზიცია პარლამენტში. მაშინ, როცა ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. პარლამენტი არის პოლიტიკური პროცესი. რაც არ უნდა გვინდოდეს, ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლით, პარლამენტი პოლიტიკური პროცესის ნიშას არ დაკარგავს. ამ ნიშას გამოაკლდებიან უბრალოდ რიგი ოპოზიციური პარტიები და მოხდება მათი ნიშის ჩანაცვლება ამა თუ იმ ჯგუფებით.
- ბექა კობახიძე, ისტორიკოსი