როგორ წავიკითხოთ ქალაქი
07.11.2018ბოლო დღეა. საღამოს სახლში ვბრუნდები. დღეს არაფერი აღარ მაქვს გასაკეთებელი. ჩავალაგე. ცარიელ ოთახში ვზივარ. სექტემბერი ჩანთაშია ჩალაგებული.
დროის გასაყვანად გარეთ გავედი. პირველ დღეს რა ადგილებიც ვნახე, თავიდან შემოვიარე. ვცდილობდი, ისე დამენახა, როგორც სულ პირველ დღეს ვხედავდი.
ყველა ქალაქს ერთი გასაღები აქვს. ეს გასაღები საკუთარ თავთან თამაშს გავს. ტელეფონი სახლში უნდა დატოვო. სახლიდან მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართლებით უნდა წახვიდე. გადაკვეთო რამდენიმე ქუჩა, პირობითად ხუთი და გაუხვიო იქით, საითაც რომელიმე ჩაფიქრებულ ფერს დაინახავ. თუ მეტროს წააწყდები, უნდა ჩახვიდე, ამოხვიდე იმ სადგურზე, რომლის სახელიც ყველაზე მეტად მოგეწონება. თუ მეტრო არ არის, ავტობუსს უნდა გაყვე. უნდა იპოვნო წყალი - მდინარე, ტბა, ზღვა ან ოკეანე. შადრევანი არ ითვლება. წყალთან უნდა გააატარო იმდენი ხანი, რამდენიც იქამდე მისასვლელად დაგჭირდა. მერე ჩაჯდე პირველივე ავტობუსში და გაყვე ბოლო გაჩერებამდე. რომ ჩამოხვალ, უკან უნდა დაბრუნდე ფეხით და გადაუხვიო პირველივე შესახვევში. იპოვო ქუჩა, რომელსაც ნაცნობი სიტყვის ან ადამიანის (მწერლის, დედოფლის) სახელი ქვია, ან საყვარელი რიცხვის. ამ ქუჩაზე უნდა იპოვნო სახლი, რომელიც შენი დაბადების წლის ან რიცხვის ნომერშია, დააკაკუნო და იკითხო შენი ახლო მეგობარი. მერე გზა გააგრძელო, გამოიგონო ახალი წესები, მხოლოდ იმ ქუჩებზე შეუხვიო, სადაც შუქნიშანზე მწვანე ინთება. იპოვნო წიგნის მაღაზია, იყიდო წიგნი, რომელსაც ლურჯი ყდა აქვს, გადაშალო შენი ტელეფონის ნომრის ბოლო ციფრების გვერდზე და მოიქცე ისე, როგორც იმ გვერდზე რომელიმე გმირი იქცევა. დაგერხა თუ სახარება შეგხვდა, ან ენციკლოპედია. უნდა აედევნო, ვისაც აცვია, ვთქვათ, მწვანე ან შავი. ოღონდ ისე რომ ვერ შეგამჩნიონ.
თუ თამაში სახლში ვერ დაგაბრუნებს, გამვლელებს აღუწერე შენი ქუჩა ან სახლი, ისე რომ სახელი არ ახსენო და კითხე სად არის. უთხარი რომ დაიკარგე, ქუჩის სახელს ვერ იხსენებ, ვერც უბანს. წადი, სადაც გაგიშვებენ და იქაც იგივე გაიმეორე. შენზეა დამოკიდებული, იპოვნი თუ არა სახლს.
ქალაქებიდან ბევრი არაფერი მამახსოვრდება. საბოლოოდ ყველა ქალაქისგან რჩება რამდენიმე კადრი, სუნი, ხმა და ფერი. ამბები ცალკე უჯრაშია. ზოგი სულ გემახსოვრება, ზოგი დროსთან ერთად გახუნდება და მხოლოდ ყავის ნალექივით ბუნდოვანი სურათი დარჩება, წლების მერე რომ ჩახედავ და იფიქრებ: ჩიტი ალბათ ახალ ამბავს ნიშნავს, აკაცია - სიყვარულს.
ნიუ იორკში ყოფნისას ტექსტებს ვაგროვებდი, წარწერებს კედლებზე, აბრებზე, საბვეიში. ვინმეს ნათქვამ, შემთხვევით გაგონილ წინადადებებს. საბვეიში, ზოგჯერ ვაგონში ქალის ხმა აცხადებდა: თუ დაინახავთ რამე საეჭვოს, დაუკავშირდით უსაფრთხოების სამსახურს თუ პოლიციას. თქვენ ნიუ - იორკის თვალები ხართ.
მოსაღამოვდა და მალე ტაქსი მოვა. ბინდდება. ქალაქის ფერი იცვლება და ხდება მოლურჯო. თვითმფრინავი რომ აფრინდება, ქალაქი თვალებს დახუჭავს. მილიონობით თვალს. თვითმფრინავის ცაზე ციმციმს მხოლოდ უძინარი, ძილ გატეხილი თვალები შეამჩნევენ.
სახლამდე არის ოკეანე, ზღვები, სხვა ქალაქები, ოცზე მეტი საათი. არეული დღე და ღამე.