ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #რელიგია

როგორ ხდება საეკლესიო სანთლის ფასწარმოქმნა?

I
ანეკდოტით დაწყება იქცა ტრადიციად: კაცს ფულის სესხებას სთხოვენ, ის კი პასუხობს, სად მაქვს სასესხები ფული, ეკლესიაში ზეთისცხებაზე ტაფით დავდივარო. ამ ხუმრობას თავისი საფუძველი აქვს: ჩემი მეგობარი, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ყოფილი მედავითნე, ეკლესიაში თითქმის ყოველთვის მშიერი მიდიოდა და მაძღარი ბრუნდებოდა. ის მიყვება, რომ მდიდარი მრევლი ღარიბი მრევლისთვის შესაწირს აკეთებს, თან იცინის – ეგეც შენ, სიმდიდრის არაფორმალური გადანაწილებაო. ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ვიხსენებ, როგორ შევედი ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის ეზოში წყლის დასალევად და ვნახე მორწმუნე ქალები, რომლებიც მრევლის საერთო საზამთრო მარაგისთვის პამიდორს ხარშავდნენ.

II
ეკლესიისა და რელიგიის ჩვენთან გავრცელებულ (ლიბერალურ) კრიტიკას ყოველთვის გამორჩება ხოლმე სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც არსებობს ეკლესიაში მისვლამდე და ეკლესიის შიგნით. ხალხი ბნელია; ქართველი ხალხი მონურ ცხოვრებას არის ჩვეული; ქართველს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია; ქართველი თავის ბედს რელიგიურ მოძღვარს მიანდობს; ქრისტე ეგეთი არ არის, მაგრამ ქართველი სახარებას არ კითხულობს. ამ მსჯელობებში ხან ღიად, ხან ფარულად გაისმება ხოლმე რაღაც, რაც ფაშიზმის მუზეუმში უნდა გამოიფინოს: მოსემ ებრაელები მანამ ატარა უდაბნოში, სანამ თაობა არ გამოიცვალა – სანამ საბჭოთა კავშირის ბოლო თაობა არ დაიხოცება, მანამ არაფერი გვეშველება. არაფერი გვეშველება – აი, ასე გადაჭრით უყვართ თქმა, ბავშვური ბრაზით. ჩვენთან თითქმის არასდროს დაისმება კითხვა, მაინც რა ძალა ექაჩებათ ადამიანებს, ეკლესიას შეაფარონ თავი.

III
მზარდ რელიგიურობას რელიგიისგან სრულიად დაცლილი საჯარო სივრცის მოთხოვნით პასუხობენ. ასეთ საჯარო სივრცეში მთლიანად გამოირიცხება რელიგიის ენით მსჯელობა.

ეკლესიას უნდა ჩამოერთვას მეურვეობა სულიერ ფასეულობებზე; რელიგია იქ უნდა დამთავრდეს, სადაც პირადი სივრცე მთავრდება – ასეთია სასურველი სცენარი რელიგიის გაძევებისა.

ახლა ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენიათ რელიგიისგან თავისუფალი საჯარო სივრცის შექმნა, სად გაივლის პირადსა და საჯაროს შორის გასავლები წითელი ხაზი, ასე შეუძლებლად რომ მეჩვენება; ახლა ჩვენი ინტერესის საგანია, ვაჩვენოთ ამ სცენარის, უფრო სწორად, ასეთი მოთხოვნის ათვლის წერტილის ზადიანი ხასიათი.

IV
რელიგიურობა მოდაც არის, ჩვევაც, საძრახი საქციელის გამოსწორების გზაც და სხვა. თუმცა მსჯელობის აქედან დაწყება მსჯელობის შუიდან დაწყებას ჰგავს. რამდენადაც გვაინტერესებს მზარდი რელიგიურობის საფუძველი, უნდა ვახსენოთ რელიგიურობა, როგორც გაუცხოების ნიშანი, იმედებისა და ოცნებების შენახვის ადგილი – რადგან სხვა ადგილი არ მოიძებნა აქ, ამ მიწაზე. პოლიტიკიდან გაძევებულები – ჯონ მალინო, ბრიტანელი სწავლული და აქტივისტი, ასეთ რამეს იტყვის – გარდაუვლად ეკლესიისკენ მიდიან. ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ: თუ ისინი დაბრუნდებიან საჯარო სივრცეში, დაბრუნდებიან დამსჯელებად?

V
სცენარი, რომელშიც რელიგიის ენა საჯარო სივრციდან განიდევნება, ახალ გაუცხოებას წარმოშობს. ვგულისხმობ საჯარო სივრცეში რელიგიის ენის გამოყენების აკრძალვას – საჯარო სივრცის იმგვარ მოწყობას, სადაც ადამიანის უფლებაზე, სამართლიანობაზე, სიღარიბეზე ვსაუბრობთ მხოლოდ რელიგიის გარეთ. რელიგიის ენის გამოყენების აკრძალვა აიძულებს ამ ენაზე მოსაუბრეებს იქ წავიდნენ, სადაც მოუსმენენ – ეკლესიაში. აქ ერთი დაზუსტება დაგვეხმარება: მათ, ვისაც რელიგიურ ფანატიკოსებს ვეძახით, აკრძალვა ვერ აჩუმებთ და საჯარო სივრცეში ყვირილს აგრძელებენ, ხოლო ისინი, ვისაც ზომიერ მორწმუნეებს ვუწოდებთ, ჩუმდებიან.

VI
ჯორჯ რაპი, თეოლოგი: რწმენა მნიშვნელობს. უმნიშვნელოა, გვჯერა თუ არა იმისა, რასაც ეს რწმენა ემყარება. თუ დავთრგუნავთ ჩვენს უძვირფასეს რწმენებს, დავკარგავთ უნარს, ვიფიქროთ გულისხმიერებით და მსუყედ.

ჯერემი ვოლდრონი, სამართლის თეორიტიკოსი: საჯარო სივრცეში რელიგიის ენის გამოყენებას აკრძალვა გონივრულობისა და ობიექტურობის ნიღბით მოქმედებს, ვითომ ერთნაირად მიემართებოდეს ყველას. საჯარო სივრცეში რელიგიის ენის გამოყენების აკრძალვა არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური: ის ყოველთვის აჩუმებს ერთ ჯგუფს და ლაპარაკის საშუალებას აძლევს მეორეს.

ჯ.რ.: ვთქვათ ისიც, რომ არსებობს სამართლიანობის რელიგიისგან დაცლილი იდეა; არსებობს ადამიანის ღირსებისა და სხვაზე ზრუნვის ისეთი პრაქტიკა, რომელიც რელიგიას არ ემყარება. მაგრამ არსებობს სამართლიანობის იდეა, რომელიც რელიგიას ემყარება. იგივე უნდა ითქვას სხვაზე ზრუნვის პრაქტიკაზე.

ჯ.ვ.: საჯარო სივრცეში ეთიკური ფარგლების გაფართოება ზოგჯერ რელიგიის ენით ნათქვამ წუხილს ემყარება და პირიქით – რელიგიურ აზრს რელიგიის გარეთ ჩამოყალიბებული არგუმენტი ცვლის. გავიხსენოთ, მაგალითად, რელიგიის არგუმენტების მნიშვნელობა შრომის, კეთილდღეობის, მოკლედ, ბაზრის მიღმა დარჩენილთა ღირსების დაცვის საქმეში.

VII
რელიგიის ადგილობრივ კრიტიკაში და სხვაგანაც არსებობს აზრი, რომ საჯარო სივრცეში რელიგიის ენისგან დაცლილი მეტყველება თანაბრად გასაგებია მორწმუნისთვის და ურწმუნოსთვის. აქედან: რწმენა, რომ რელიგიისგან დაცლილი ენით მოსაუბრენი შეთანხმებას უკეთ შეძლებენ.

ილოცეთ, საძინებელში არავინ გივარდებათ!

VIII
საჯარო სივრცე პოლიტიკურების შეხვედრის ადგილია, ან უნდა იყოს. ჩვენ გვქონდა შანსი, დავკვირვებოდით, პოლიტიკური როგორ მიითვისეს ეფექტურმა მენეჯერებმა სახელმწიფოს მოდერნიზაციის სახელით – მაგრამ ეს სხვა წერილის თემაა. ახლა ჩვენ საჯარო სივრცეს აღვწერთ როგორც ღია დაპირისპირების ადგილს, სადაც პოლიტიკური საკითხები ვერ გადაიჭრება ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, ან ეფექტური მენეჯმენტით. საჯარო სივრცე გულისხმობს უთანხმოებას, რომლის ამოშლა არ გამოდის: არსებობს სხვადასხვაგვარი პერსპექტივები და განზომილებები, რომლებიც ვერასდროს დაემთხვევიან ერთმანეთს. ეს შანტალ მუფია: თითქოს შესაძლებელი იყოს რაციონალური და უნივერსალური თანხმობა ანტაგონისტურად განწყობილ ჯგუფებს შორის. არც შეუვალ არგუმენტს, არც დარწმუნების ძველბერძნულ ნიჭს, არც მყარ რელიგიურ რწმენას სრულ თანხმობამდე არ მივყავართ. ეს არის კონფლიქტური კონსენსუსი, ერთადერთი, რისი მიღებაც შესაძლებელია საჯარო სივრცეში.

IX
საჯარო სივრცეში რელიგიის ენის დაშვება არ გამორიცხავს რელიგიისა და ეკლესიის კრიტიკას – ასეთი დამარცვლაც არის ხოლმე საჭირო.

როგორ ხდება საეკლესიო სანთლის ფასწარმოქმნა? 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა