ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორც ვაზროვნებთ ( As we think )

1945 წელს, მაშინ როცა ჯერ კიდევ არაფერი მოასწავებდა ტელევიზიის ეპოქის დაბადებას და როდესაც წარმოდგენაც არ გვქონდა პერსონალურ კომპიუტერზე; როდესაც არ არსებობდა სივრცე, სადაც დავპოსტავდით ჩვენს აზრებს, აპეტიტური საუზმისა და ახალი ტანისამოსის ფოტოებს, ჩავერეოდით უსაფუძვლო კამათში უცხოებთან, გავაკრიტიკებდით პრეზიდენტს, პაპს, ჩვენს მეზობლებს ხმაურისთვის; როდესაც საჯარო სივრცე ჯერ კიდევ იყო ყავის სახლი, ლუდის ბარი და სუფრა, ხოლო ინფორმაციის წყაროები – კინოთეატრი, რადიო და გაზეთები, წყნარი ოკეანის თავზე ჰაერში აიჭრა თვითმფრინავი, რომელსაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვით მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა ტექნოლოგიური პროგრესის დამანგრეველი ძალა.

მაშინ, ჟურნალმა „ატლანტიკმა“ ორჯერ, დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ (მცირე შესწორებით) გამოაქვეყნა ამერიკელი ინჟინრისა და ვიზიონერის ვანევარ ბუშის სტატია – „როგორ შეიძლება ვიფიქროთ“ (As we think ).

1945 წელს ამისთვის ცოტას ეცალა, არადა, ბუშმა ამ სტატიაში შემოგვთავაზა კონცეფცია, თუ როგორ შეეძლო კაცობრიობას, ტექნოლოგიური განვითარების ბუნება, დამანგრეველი სამხედრო ძალიდან უფრო ღირებულ ენერგიად გარდაექმნა; გარდაექმნა საერთო და ხელმისაწვდომ ცოდნად, ინფორმაციად, კულტურულ და სოციალურ გამოცდილებად.

ბუშმა მაშინ პირველად გაგვიზიარა „მემექსის“ – ერთგვარი მანქანის ან, თუ გნებავთ, კომპიუტერის კონცეფცია, რომლის მიზანიც უნივერსალური, ორგანიზებული ცოდნის, საერთო გლობალური მეხსიერების შექმნა იყო. ბევრისთვის „მემექსის“ იდეა ინფორმაციული ეპოქის ჩანასახად ითვლება.

თუმცა, ოცნება საერთო გლობალურ მეხსიერებაზე, კულტურების გაერთიანებასა თუ ახალ იდენტობებზე ისე ვერ განვითარდა, როგორც ეს იდეალისტებს სურდათ: 90-იანების ბოლოდან ბაზარმა იპოვა თავისი გზა ჯერ ინტერნეტკომუნიკაციებში, შემდეგ კი ინტერნეტკულტურაში. ეტაპობრივად გაქრა პირველი ონლაინჟურნალები „ი-ზინები“, მწვანედ შავზე დაწერილი ტექსტები და მათთან ერთად ჩაიკარგნენ კიბერნეტიკულ ანარქიასა და თავისუფლებაზე მეოცნებე მარტოსული ადამიანები.

თუმცა „რეალობის ახალმა კონსტრუქტორებმა“, მათ, ვინც ბავშვობაში ოცნებობდა „მემექსზე“, ყველაზე კარგად იციან, რომ ადამიანი თავად არის ინფორმაცია, მას შეუძლია იყოს ყველა მედიუმი ერთად – ტელევიზიაც, გაზეთიც, რადიოც, კინოც, მუსიკაც, მხატვრობაც და ა.შ.

ღია კოდების და ვებ 2.0-ის პოპულარიზატორის, გამომცემელ ტიმ ო’რაილის კონცეფცია, რომელიც დიდწილად ამ „ახალი ინფორმაციული კლასის“ ამოსავალი წერტილია, ასე ჟღერს: ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანს შეუძლია, ყველა მოთხოვნილება თავად დაიკმაყოფილოს;

ტექნოლოგიური პროგრესის არსი ისაა, რომ ინდივიდს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ხელსაწყო იმისთვის, რომ თვითონ იპოვოს საკუთარი თავი ბაზარზე.

მეორე მილენიუმის ერთ-ერთ უმთავრეს გამოგონებად საბეჭდი დაზგა ითვლება. გუტენბერგის ამ ინოვაციას, ახალი კლასის იდეოლოგიური მამა მარშალ მაკლუენი თანამედროვე კომუნიკაციის კულტურის განმაპირობებლად მიიჩნევს. საბეჭდი დაზგის წყალობით კაცობრიობამ შეძლო, ინფორმაცია ელიტების გარდა მასისთვისაც მიეცა.

მაგრამ, გიფიქრიათ, რა დაემართათ ადამიანებს, რომლებიც მანამდე ხელით, წლობით წერდნენ წიგნებს? შეხვედრიხართ მათ სადმე ამ ბოლო დროს?! გუტენბერგის გამოგონებამ ისინი გააქრო. და, ამავე დროს, მის მიერ დანერგილმა ახალმა საკომუნიკაციო კულტურამ შექმნა „გარდიანი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ფიგარო“ და მთელი საგამომცემლო ინდუსტრია.

ის, რომ ამბის წარმოების კულტურა, მედიაბაზარი და საგამომცემლო ბიზნესი იცვლება, პროფესიული ჟურნალისტიკის სიკვდილს არ ნიშნავს. თანამედროვე ჟურნალისტიკის შეცდომა ისაა, რომ თავს საგამომცემლო ბიზნესთან აიგივებს.

მართალია, გუტენბერგმა გააქრო გადამწერების პროფესია, მაგრამ მას ხომ არაფერი დაუშავებია მწერლობისთვის? ლიტერატურისთვის, პოეზიისთვის?

თანამედროვე მედიატრანსფორმაციის პროცესში ბაზარი უნდა გარდაიქმნას, ძალაუფლება გადანაწილდეს, ახალ სივრცეს ახალი ვარსკვლავები გამოუჩნდნენ. დასანანი იქნება, თუ ვიფიქრებთ და ვიტყვით, რომ ამ პროცესში, მაგალითად, „გარდიანის“, „ვაშინგტონ პოსტის“ ან „ფიგაროს“ გაქრობა, ჟურნალისტიკის გაქრობასაც ნიშნავს.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა