რომელია მეტი: 70 თუ 6?
24.05.2016პირადი მოხმარების მიზნით მინიმუმ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის, ბექა წიქარიშვილის საქმის შემდეგ, არავინ, არცერთი დღით აღარ წავა ციხეში – დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის შენახვა სხვებს საფრთხეს არ უქმნის. ადამიანს ვერ დასჯიან მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ თავს აყენებს ზიანს. პროკურატურა ვერც იმას ამტკიცებს, რომ იზოლირება აუცილებელია, რადგან მარიხუანას ისეთივე, ან იმაზე ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე ალკოჰოლს.
ეს იმედის მომცემი გარღვევა იყო მათთვის, ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია სახელმწიფოს ღირსების შემლახავი ნარკოპოლიტიკის შედეგები. თუმცა, მალე დავინახეთ, რომ სისტემა ისევ ძველი ხერხებით იბრძვის. აღმოჩნდა, რომ ნედლ მარიხუანაზე ხალხს ისევ იჭერენ იმ არგუმენტით, თითქოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ გამომშრალზეა მსჯელობა. არადა, კანონით, ეს ერთი და იგივეა. უბრალოდ, გამომშრალი ნივთიერება დაახლოებით ორჯერ ნაკლებია წონაში.
ცოტა ხნის წინ, უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს წარდგინებით მიმართა და ჰკითხა: გავრცელდება თუ არა იგივე სტანდარტი 6 გრამ გამომშრალ მარიხუანაზე, რაც 70 გრამზე? უზენაესმა სასამართლომ ვერ გაბედა დაეწერა, რომ თუკი 70 გრამის გამო არ შეიძლება თავისუფლების აღკვეთა, 6 გრამისთვის იგივე სასჯელი აბსურდულია.
დღეს, პროკურატურა ისევ ნადირობს ადამიანებზე, რომელებიც პირადი მოხმარების მიზნით თესავენ და მოჰყავთ კანაფი (მცენარე, რისგანაც მზადდება მარიხუანა).სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ მხოლოდ მარიხუანის ფლობის გამო არ შეიძლება ადამიანი ციხეში გაუშვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღესაც პატიმრობა ემუქრება ყველას, ვისაც კანაფის ექსტრაქტს, ნაყენს, ზეთსა და ფისს ან სხვა ნებისმიერ კანაბინოიდს აღმოუჩენენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მხოლოდ პრეცედენტია, რომელიც ქვეყანას ახალ ნარკოპოლიტიკას კარნახობს. პირველ რიგში კი იმის აღიარებას, რომ ადამიანი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო არ უნდა დაისაჯოს. თუკი საკითხს ასე დავაყენებთ, დავინახავთ, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი არ შეიძლება არსებობდეს.