გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„რუსული დღიურის კვალდაკვალ“ – Magnum Photos 70

თბილისი, 1947 წელი. რობერტ კაპას ფოტო.

1947 წლის ზაფხულში, ზუსტად 70 წლის წინ, იმ დროისთვის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ამერიკელმა მწერალმა, ჯონ სტეინებკმა და არანაკლებ პოპულარულმა ომის ფოტოგრაფმა, რობერტ კაპამ,  საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს, რის შედეგადაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური მასალა შექმნეს ე.წ. საბჭოთა ადამიანის ცხოვრების შესახებ. ეს დასავლეთში პირველი ვრცელი რეპორტაჟი იყო საბჭოთა კავშირზე, რამაც ცხადია, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათი მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები დაიბეჭდა New York Herald Tribune-სა და Ladies’ Home Journal-ში. მომდევნო წელს კი გამოიცა სტეინბეკის  წიგნი „რუსული დღიური“, რომელსაც თან ახლდა რობერტ კაპას ფოტოები.

იმ პერიოდში კაპას  ახალი დაარსებული ჰქონდა სააგენტო Magnum Photos  თავისუფალ ფოტოგრაფთა პირველი მსოფლიო გაერთიანება, რომელსაც წელს ასევე 70 წელი შეუსრულდა. იუბილის ფარგლებში სააგენტომ გადაწყვიტა ამ ისტორიული მოგზაურობის თანამედროვე ვერსია შეექმნა  ისევ ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ იმავე მარშრუტს გაივლიან და თანამედროვე ადამიანების ყოფას აღწერენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. პროექტში „რუსული დღიურის კვალდაკვალ“ მონაწილეობენ გერმანელი ფოტოგრაფი, Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, კავკასიის, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მცოდნე თომას დვორჟაკი და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი  ჯულიუს შტრაუსი, რომელიც 2002-2005 წლებში  Daily Telegraph-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღავნელი იყო და სხვადასხვა დროს აშუქებდა კოსოვოს, ერაყისა და ბალკანეთის კონფლიქტებს. ორიგინალის მსგავსად, მათი მოგზაურობაც სამ ქვეყანას: რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს მოიცავს.

კაპასა და სტეინბეკის ვოიაჟი საბჭოთა კავშირში საინტერესო პერიოდს დაემთხვა: მეორე მსოფლიო ომის ორი წლისთავზე ცივი ომის პოლიტიკა თანდათან აქტიურ ფაზაში შედიოდა; ომში მოკავშირე ამერიკასა და საბჭოთა კავშირს იდეოლოგიური სხვაობის გამო სულ უფრო უჭირდათ საერთო ენის გამონახვა. საბჭოთა კავშირში „რკინის ფარდამ“ მოსახლეობას დასავლეთთან წვდომა შეუზღუდა, ამერიკაში კი მაკარტიზმის ანტიკომუნისტური ისტერია და „კუდიანებზე ნადირობა“ დაიწყო. სწორედ ამ დროს, მემარცხენე ამერიკელი მწერალი, რომელსაც კაპიტალიზმის კრიტიკის გამო ბევრი კომუნისტსაც ეძახდა, საბჭოთა კავშირში გადაწყვეტს წასვლას. მეგზურად კი მისივე თანამოაზრე და ასევე კონტროვერსიული ფიგურა, რობერტ კაპა მიჰყავს.

საქართველო. 1947 წელი. რობერტ კაპას ფოტო.

„გვეჩვენებოდა, რომ ფრაზების  „რკინის ფარდა“, „ ცივი ომი“ და „პრევენციული ომი“ ფონზე, სრულიად უხილავი გახდნენ ადამიანები, გაუჩინარდა იდეა, იუმორი. ჩვენ გადავწყვიტეთ ძველმოდური, დონ კიხოტისა და სანჩო პანსას მსგავსი მოგზაურობა წამოგვეწყო, შეგვეღწია „რკინის ფარდის“ უკან და ლინზები და კალმები გამოგვეყენებინა დღევანდელობის ქარის წისქვილებთან საბრძოლველად“, – წერს კაპა მოგვიანებით ამ მოგზაურობის შესახებ.

საინეტრესოა, რომ თავდაპირველად საბჭოთა კავშირში მათი ჩასვლა დიდ საფრთხედ არ აღუქვამთ, რადგან სტეინბეკის რომანი „მრისხანების მტევნები“ იქ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ანტიკაპიტალისტური, მშრომელი ხალხის მხარდამჭერი წიგნი. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მიუჩინეს აგენტურა და მუდმივად თან დაჰყვებოდათ ერთი ადამიანი, რომელიც „რუსულ დღიურშიც“ არაერთხელ არის ნახსენები. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ წიგნი დიდად არც საბჭოთა პოლიტიკურ ელიტას მოეწონა და არც ამერიკულს: მემარცხენე სტეინბეკი დახვეწილი, მოზომილი ირონიით აღწერს საბჭოთა რეჟიმისა და კერპების აბსურდულობას, თუმცა, სისტემას ამერიკელებისთვის მოსაწონ კაპიტალისტურ დისკურსში არ აკრიტიკებს. „რუსული დღიური“ საბჭოთა კავშირში 1990 წლამდე არ გამოცემულა. 

სტეინბეკისა და კაპას კვალდაკვალ, შტრაუსი და დვორჟაკი უკვე იმყოფებოდნენ რუსეთსა და უკრაინაში, თბილისში კი 22 აგვისტოს ჩამოვიდნენ. 23 აგვისტოს მათ მწერალთა სახლში მწერლებთან და მედიასთან გამართეს შეხვედრა, ზუსტად იმ დარბაზში, სადაც თავის დროზე კაპა და სტეინბეკი შეხვდნენ ქართველ მწერლებს. „ერთ-ერთი მთავარი განსხვავება საბჭოთა პერიოდიდან, ალბათ გადაადგილების თავისუფლებაა. სტეინბეკისა და კაპასგან განსხვავებით, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ნებისმიერ ადგილზე წასვლა და იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისთანაც მოვისურვებთ“, – აღნიშნა შტრაუსმა. თუმცა, რუსეთის შემთხვევაში ამჯერადაც შეხვედრიათ პატარა წინაღობა  მას ქვეყანაში შესვლის მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მისცეს, არა და, იქ კიდევ გეგმავდნენ დაბრუნებას  „რუსულ დღიურში“ ხომ  მოგზაურობა მოსკოვში იწყება და მოსკოვშივე მთავრდება.

მოსკოვი. 2017 წელი. თომას დვორჟაკის ფოტო. (Magnum Photos)

საქართველოში დვორჟაკი და შტრაუსი კაპას და სტეინბეკის მარშრუტს მიჰყვებიან: თბილისი, მცხეთა, გორი, აჭარა. თუმცა არაა გამორიცხული, დაინტერესების შემთხვევაში მცირე ცვლილებებიც შეიტანონ.

„რუსული დღიურის კვალდაკვალ“ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების პირველ გამოფენას საქართველო უმასპინძლებს. პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და გამოფენა 18 სექტემბერს, Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში, თიბისი გალერეაში გაიმართება. იქვე, არტ გალერეაში წარმოდგენილი იქნება რობერტ კაპას მიერ 1947 წელს გადაღებული ფოტოების კოლექციაც, რომელიც უკვე წლებია თიბისი ბანკში ინახება  მას შემდეგ რაც 2003 წელს კაპას პირველი გამოფენა მოეწყო საქართველოში. 

კიევი. 2017 წელი. თომას დვორჟაკის ფოტო. (Magnum Photos)
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა