ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ღვინის ჩინური ანბანი

ისტორიულ წყაროებში ამას არ ახსენებენ, მაგრამ მგონია, რომ ქართველებმა ქრისტიანობა ღვინის გამო მივიღეთ. წარმოიდგინეთ, როგორ ცეკვავენ არმაზის გარშემო ჩვენი წინაპარი წარმართები, რომლებმაც მსოფლიოში პირველებმა დაიწყეს ღვინის დაყენება და მზე და მთვარე ახლა მასზე ამოსდით. თქვენ კი ეუბნებით: "გინდათ იმ ღმერთზე გელაპარაკოთ, ვისაც წყლის ღვინოდ გადაქცევა შეუძლია?" შეთავაზებას წარმართი ქართველის გული ვერ უძლებს. მერე გადის დრო და ღვინოსთან ურთიერთობები გვერევა. ისევე, როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაში. თუმცა ბოლოს სიტუაცია ნელ-ნელა ისევ სასიკეთოდ იცვლება. ყოველ შემთხვევაში, ღვინის მხრივ მაინც.

ღვინობისთვის ერთი წვიმიანი დღე იყო... ასე უნდა დავიწყო, სხვანაირად არ გამოვა, რადგან სწორედ ამ თვეში ვიყავი რთველში იაგო ბიტარიშვილთან, რომლის ღვინოსაც სახელი შორს გაუვარდა. „დაივიწყეთ წითელი, თეთრი და როზე – ახლა ფორთოხლისფერი ღვინის დროაო“ – დაწერეს ჟურნალ „ვოგში“ და, პირველ რიგში, იაგოს ქარვისფერი ღვინო მიუთითეს. „ფორბსში“ კი ადამ მორგენსტერნმა, რომელიც „ორგანული ღვინის ჟურნალის“ რედაქტორიც არის, იმ ცხრა სასმელში, რომელიც 2015 წელს უნდა გავსინჯოთ, იაგოს ღვინოც მოახვედრა.

მეღვინე ავტორიტეტია. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში, „დასტურლამალში“ ჩაუწერიათ, როცა „მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს“, დაიწყება რთვლის საკვირველი ქორეოგრაფია. ამ ქორეოგრაფიის სანახავადაც ჩავედი ფოტოგრაფთან ერთად სოფელ ჩარდახში, სადაც იაგოს მარანი და ვენახებია. ვიცოდი, იაგოს ჩემთვის არ ეცლებოდა, მაგრამ მინდოდა საქმეში მენახა. მივდივარ იაგუარებთან – როგორც ახლახან ამერიკაში გადაბარგებულმა, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საფერავის ავტორმა მალხაზ ჯაყელმა დამაბარა მათთან: მოკითხვა იაგუარებს და ბარაქა!

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩინურის ჭაჭა-კლერტზე დაყენება. მანამდე არ ხდებოდა ასე. მამაჩემიც კი ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. ახლა თვითონაც ჭაჭიანი უფრო მოსწონს.

სოფლის შესასვლელში დიდი აბრაა – იაგოს ღვინო. მალევე ვაგნებთ სახლს. ახალი გალავანია (არა ისეთი, ჩინოვნიკების უგემოვნო და მდიდრულ სახლებს რომ აკრავს), უბრალო, პრაქტიკული. კარიც ღიაა. ეზოში ახლადჩაყრილი ვაზის რამდენიმე კვალია. სამ კვალზე სამი ველოსიპედი მიუყუდებიათ. სამი ბიჭი ჰყავთ. იაგოს ცოლი გვეგებება – მარინა კურტანიძე. მეუბნებიან, რომ ისიც საქმეშია. უკვე მესამე წელია, რაც პარტნიორ თეა მელანაშვილთან ერთად აყენებს ღვინოს. ღვინოს „მანდილი“ ჰქვია და პირველივე წელს იტალიასა და საფრანგეთში გაუყიდიათ. ასე რომ, იაგოს პატარა მარანში, მეორე ფრონტის ხაზიცაა – ქალების.

იაგო წუხს, რომ ყურადღებას ვერ გვაქცევს. ყურადღებას ვერ გვაქცევს კი არა, ახლა ეზოში მის წინ დაყრილი ქვევრებიდან ოქროსფერი ჯინი რომ ამოძვრეს და საქართველოს ჰიმნი იმღეროს, მასაც არ მიაქცევს ყურადღებას. ქვევრიდან სიმხურვალე და სითბო ამოდის, აქ და ახლა იბადება ის ღვინო, რომელიც ჯერ არავინ იცის, როგორი გამოვა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც იაგოს მოუცლელობას არ ეგუება, ჟურნალისტია. ის იმით სარგებლობს, რომ იაგო ზრდილობის განსახიერებაა და დილა მშვიდობისას უსურვებს მთელ საქართველოს (თუმცა უკვე შუადღეს გადაცილებულია. სიუჟეტი რამდენიმე დღეში უნდა გავიდეს დილით და პირდაპირი ჩართვის ილუზია უნდა შექმნას); ამბობს, რომ რთველშია, ჩარდახშია, ბედნიერია იმით, რომ ქართველია, იმიტომ, რომ ღვინოს ხდიან, ვაზი რომ ვაზია და არა ქოქოსი და ა.შ. ის მაყურებლის განწყობაზე ისე ზრუნავს, გეგონება, მედდა იყოს და მომაკვდავს დასტრიალებდეს თავზე. მერე მომავალ რთვლამდე ემშვიდობება ყველას და მიდის. ახლა საქმის გაგრძელებაც შეიძლება.

იაგოს ვენახი, თურმე, ორმოცდაათ წელზე მეტისაა. ადრე აქ მარტო ვენახებს შორის გასავლელი გზები ყოფილა, ახლა კი ეს ერთადერთი, უკანასკნელი მოჰიკანიაო, – ამბობს იაგო. ეს ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნია, ასე რომ, ამ შედარების სერიოზულობაზე ფიქრის ნაცვლად, წარმოვიდგენ, რომ იაგო ამ რომანის პერსონაჟია – შევარდნის თვალი, რომელიც ფოთლებით შემკული სასმისიდან ასხამს ღვინოს და გეუბნება: „დალიე ეს ყურძნის წვენი. ის ფიქრებს გაგიფანტავს და სულს გაგიცოცხლებს“.

ოლდოს ჰაქსლი ერთ ესეში წერს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე სამყაროში არა ატომური ბომბი, არა ეკოლოგიური კატასტროფა, არამედ სიამოვნების გაქრობაა. ძალიან პასიურები გავხდით. სიამოვნების პასიური მომხმარებლები. ნაკლებად ჩართულები, ზედაპირულები და უგრძნობები. რთველი ამ ყველაფრის საპირისპირო მოვლენაა. შეუძლებელია, რთველში მოხვდე და არ ჩაგითრიოს. მტევანს მტევანი მიჰყვება, კვალს – კვალი. ყურძნის დაკრეფა დილიდან დაუწყიათ. ღვინობისთვისთვის შეუსაბამოდ ცივი ამინდია. „აირია ხალხი და აყვა ბუნებაც“, – ამბობს ერთ-ერთი მკრეფავი ქალი, თითქოს ბუნება ცელქი და ავარდნილი მოსწავლე იყოს.

რთვლის შემდეგ რამდენიმე დღეში ისევ სოფელ ჩარდახში ვართ, იაგოს სახლის სასტუმრო ოთახში. წინ მისი ქარვისფერი ღვინით შევსებული ჭიქები გვიდგას. „იაგოს ღვინო“. ჩინური ქვევრიდან. ჯავახიშვილის ვერსიით, „ჩინური“ მოდის სიტყვიდან „ჩინი“, ანუ ზეთისხილის ფოთლის ფერის და არა როგორც ესმით – „მეიდ ინ ჩაინა“. ჭაჭაზე ექვსი თვე გაჩერებული, ერთ-ერთი ყველაზე ველური და გაუხედნავი ღვინო საქართველოში.

„ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია საქართველოსთვის, – ჰყვება იაგო, – ყველას წინაპარი აკეთებდა ღვინოს. ყველას სჯერა და ჰგონია, რომ ეს მუდმივად ასე იყო. იგივეა ჩემთანაც. ყოველთვის აყენებდა მამაჩემი ღვინოს, მეც, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობდი ამაში. ღვინით ხომ თავს წარმოვაჩენთ, ხასიათი და ყველაფერი ჩანს შიგნით“. ვსვამ ღვინის ერთ ყლუპს, ვუყურებ იაგოს და მის ხასიათში, მსხლის, შემოდგომის თაფლისა და აღმოსავლური სუნელების ტონების გარჩევას ვცდილობ.

იაგო 1998 წელს იხსენებს. „არაფერი არ იყო. მით უმეტეს სოფლებში. რეგიონებში ის პერიოდი, „ცუდ წლებს“ რასაც ვეძახდით, უფრო დიდხანს დარჩა. ერთადერთი „კვირის პალიტრა“ მოდიოდა, თბილისში ვაბარებდით ხოლმე ვიღაცებს და განცხადება წავიკითხე, ეძებდნენ ადამიანს, ვისაც ან განათლება ან გამოცდილება ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო საქმეში. სასოფლო მაქვს დამთავრებული, ამიტომ გადავწყვიტე წასვლა. წასასვლელი ფულიც კი ვისესხე. ჩემს კლასელს ჰქონდა „ბუტკა“ და ხუთი ლარი ვესესხე“.

ჩავიდა, კონკურსი გაიარა და მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანაში“, კახეთის რაიონის მრჩევლად. თვითონ კი ყოყმანობდა, რანაირი მრჩეველი ვარ, ყველაფერი ხომ არ ვიციო, მაგრამ აუხსნეს, რომ მისი მოვალეობა გლეხებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და მათთვის სწორი მიმართულების მიცემა იყო. „რატომ არის ტყეში მუდამ ნაყოფიერი ნიადაგი და მეურნეობაში, სადაც ადამიანს მეცნიერული ცოდნაც აქვს და თანამედროვე ტექნოლოგიებიც, მაინც მუდმივად რჩება ნიადაგის გამოფიტვის პრობლემა? იმიტომ, რომ ტყეში ბუნებრივი კანონზომიერება არ არის დარღვეული და აქ პირიქით, ადამიანი არღვევს ნებსით თუ უნებლიეთ“. ეკოლოგიური სოფელი ცდილობს ამ ჩარევებს გაექცეს. სწორედ ეს ფილოსოფია დაეხმარა იაგოს იმაში, რომ 2001 წელს გაყიდა თავისი წითელი „ადინაცატი“ და ორგანული, ბიოდინამიკური და ნატურალური ღვინის ჩამოსხმა დაიწყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩინურის ჭაჭა-კლერტზე დაყენება. მანამდე არ ხდებოდა ასე. მამაჩემიც კი ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეწინააღმდეგებოდა და ახლა თვითონაც ჭაჭიანი უფრო მოსწონს. მერე გავიგე, რომ ბაბუაჩემიც, არა აქაური ბაბუა, არამედ დედაჩემის მამაც ასე აყენებდა ღვინოს და ყველა ეუბნებოდა, რომ ჩინურის ეგრე დაყენება ვის გაუგია, უჭაჭოდ ჯობიაო და იმან კიდევ – არა, ასე უფრო სხეულიანი გამოდისო. ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა“.

რატომ არის, რომ საქართველოში ხანდახან გლეხები ერთმანეთს ეკითხებიან: შენ უდედოდ აყენებ თუ დედაზე აყენებ ღვინოს? რამხელა სიბრძნეა ამ კითხვაში ჩადებული, არა?“

საბჭოთა კავშირი ღვინოსაც ადამიანივით მოექცა. დაშტამპა, დაუდგინა, როგორ განვითარებულიყო. ახლა ღვინოც იმავე გზას გადის, რასაც პოსტსაბჭოთა ადამიანი, გათავისუფლებას ცდილობს. „უჭაჭოდ დაყენებული ნატურალური ღვინო ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზია. ჭაჭა-კლერტზე დავარგებული განიცდის თვითდაწმენდას, თვითფილტრაციას, გადადის ბევრი ნივთიერება ჭაჭა-კლერტიდან ღვინოში, რაც თვითონ ამ ღვინოს მდგრადს ხდის, შენი ჩარევის გარეშე, ანუ დამატებითი კონსერვანტების და ფილტრაციის გარეშე. რატომ არის, რომ საქართველოში ხანდახან გლეხები ერთმანეთს ეკითხებიან: შენ უდედოდ აყენებ თუ დედაზე აყენებ ღვინოს? რამხელა სიბრძნეა ამ კითხვაში ჩადებული, არა?“.

ზუსტად ვერ ვხვდები რა სიბრძნეა, მაგრამ „უდედო, ობოლი ღვინო“, როგორც პოეტური ციტატა მხიბლავს. ახლა უკვე ბაზარზე გვხვდება 3-4 ჭაჭა-კლერტზე დამზადებული ჩინური. იაგოს ღვინომ კი საქართველოს საზღვრები უკვე 9 წელია, გადაკვეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელი ჩემთვის ძალიან მძიმე წელი იყო – წამოვედი „ელკანადან“, მოსავალი გამიფუჭდა, მაგრამ, მეორე მხრივ, პირველი ექსპორტი განვახორციელე და უფრო თავდაჯერებული გავხდი. როცა ღვინოს ჰყიდი იტალიაში, რომელიც თვითონ არის ღვინის მსხვილი ექსპორტიორი, დიდი სტიმულია. ოღონდ იმის სტიმული არა, რომ დიდი საწარმო გავხდე. ვფიქრობ, რომ რაოდენობა სულაც არ ნიშნავს წარმატებას, და ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი მიზანი რაოდენობა გახდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის საექსპორტო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება იყოს, ევროპის, ამერიკისა და იაპონიის ბაზარმა სტაბილურობის განცდა გააჩინა – ეს კი მომავალი ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებულ პროდუქციას, იაგო არსად არ ჩქარობს. „ეგ კი არა, ხანდახან ვშიშობ ხოლმე, როგორც ვაქცევდი ყურადღებას, ისე ვაქცევ თუ არა. ახლა ხომ ეს ღვინის ტურიზმიც მომემატა“.

სახლთან სასტუმრო ოთახი აქვს გაკეთებული, სადაც ღვინის დეგუსტაციისთვის შეგიძლია ჩახვიდე. ჩადის კიდეც ბევრი. სანამ ჩვენ იქ ვიყავით, რამდენიმე ტურისტული ჯგუფი მოვიდა.

„აქაც, ახლა ხომ მიყურებთ, მე ვუხსნი, მე ვუსხამ, მე ვალაგებ, კი არ ვწუწუნებ, პირიქით, მიყვარს კიდეც, ნეტა ცოცხი მაჭერინა სულ და მახეხინა, შემიძლია ვიღაც დავიქირავო, მაგრამ არ მეგულება საზღვარგარეთ ისეთი რესტორანი, სადაც მფლობელი თვითონ არ იდგეს სამზარეულოში დასვრილი ხალათით. ესეც ხომ გაუკუღმართებული იყო ჩვენთან“.

საბჭოთა კავშირი ღვინოსაც ადამიანივით მოექცა. დაშტამპა, დაუდგინა, როგორ განვითარებულიყო. ახლა ღვინოც იმავე გზას გადის, რასაც პოსტსაბჭოთა ადამიანი, გათავისუფლებას ცდილობს.

ქვევრის, ნატურალური ღვინის პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო პატარა მარნების გაჩენას. ადრე მეღვინე ასოცირდებოდა ჩალიჩთან. კაი ფულს თუ დახარჯავდი და ტექნოლოგიურზე ჩააბარებდი, მერე კარგ ფულს იშოვიდი. ახლა კი მეღვინეობას ის ადამიანები კიდებენ ხელს, ვისაც ეს საქმე უყვარს. ზოგი მხატვარია, ზოგი მუსიკოსი, ზოგი ლიტერატორი. ხანდახან ვხუმრობო, ამბობს იაგო, რომ კიდევ კარგი, განათლება მეღვინეობის განხრით არ აქვთ მიღებულიო.

„რომ ვიძახით, 525 ჯიში გვაქვს და თავს ვიწონებთ, მაღაზიაში რომ შევალთ, შეიძლება, სამი-ოთხი, ან მაქსიმუმ 5 ჯიშის ღვინის ყიდვა შევძლოთ. სად არის ეს მრავალფეროვნება? სად და რეგიონებშია დამალული, დარეზერვებული. პირველ რიგში, მცირე მარნები გამოიტანენ და გამოაქვთ კიდეც. ვფიქრობ, რომ ყველა ვენახი უნდა მიებას მარანს. როცა ვსაუბრობთ ამ დარგის განვითარებაზე, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა არ იყოს, როგორ გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არ განვითარდა ბავშვთა ფეხბურთი და ადგილობრივი ჩემპიონატი. ესეც ასეა, რა“.

„თეთრი შურით მშურს, როცა ვუყურებ ბიზნესს, რომელსაც რამდენიმე თაობის ისტორია აქვს. ჩვენთან ეს დაიკარგა, საბჭოთა კავშირმა წაშალა ყველაფერი. იქ იმიტომაც არის მაღალი ხარისხი, რომ შენ რაღაც კარგს ტოვებ, მომავალი თაობა კიდევ თავისას ამატებს და საბოლოო ჯამში იღებ გაუმჯობესებულ პროდუქტს, ქმნი ტრადიციას. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ შვილებმა გააგრძელონ ჩვენი საქმე. მე ყოველთვის მახსოვდა რთველი, ყურძენი, ტკბილი ხელები, დაწურვის პროცესი, საწნახელი, სუნი, მთვრალი ადამიანები, რაც ახლავს რთველს. ამასწინათ ლუდი გამოვხადე, შეკვეთებიც მივიღე საექსპორტოდ. წინათ ბებიაჩემი ხდიდა ლუდს, რომ არ მახსოვდეს, როგორ ვეხმარებოდი ბებიაჩემს გაშრობაში, მოხარშვაში, როგორ ვფილტრავდით ბალახით გოდორში, დიდი ჯოხით ვურევდით ექვს საათს, მანამ „მტკაველზე არ დაიშრობდა“, ბებიაჩემის დარგული სვია რომ არ ყოფილიყო, არ მოვხარშავდი. მინდა, ჩემს შვილებსაც დარჩეთ ეს დეტალები, ქვევრში ჩაძრომა, ვენახში სირბილი.

ჩვენ ხომ ჩვენი სიამოვნებისთვის ვაკეთებთ, გვიყვარს ეს, ახლა ორი კვირის განმავლობაში ვრეცხავდით ქვევრებს, მართლა დავიღალეთ. რომ არ გვიყვარდეს, ან თავს დავანებებდით, ან ვინმეს დავიქირავებდით. ახლა წარმოიდგინეთ, 20 ათასი ბოთლი რომ მაქვს გასაკეთებელი, ფიზიკურად აღარ არის ეს უკვე ჩემთვის სიამოვნება. ფაქტობრივად, ჩემს სიამოვნებაში მიხდის ვიღაც ფულს და გავაკეთებ იმდენს და მანამდე, ვიდრე მესიამოვნება“.

ფოტო : ლევან მაისურაძე
    loader
    შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა