გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარი

არშეშინება ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია | საბა სხვიტარიძის საქმე

“ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენ გვერდით მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ, საფრთხე შეგქმნოდათ თქვენ და თქვენს მეგობრებს, არაფერს მოიმოქმედებდით?... – ეკითხება სასამართლო სხდომაზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი საბა სხვიტარიძე პროკურორს. მას გამოძიება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. სასჯელი ამ დანაშაულზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს, თავს დაზარალებულად, მეტიც, წამების მსხვერპლად მიიჩნევს. ამბობს, რომ აქციაზე ყოფნისას თავს ვინც დაესხა, მას პირბადე ეკეთა, კაპიუშონიანი ზედა ეცვა და პოლიციელის ამოსაცნობი ნიშანი არ ეკეთა. ამ ადამიანმა ქალს დაარტყა, გარშემომყოფებს აგინა, ამიტომ მოვიგერიეო, – განმარტავს საბა სასამართლო დარბაზშიც და საქმის მასალებში. საბა სხვიტარიძის საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

საბას განსაკუთრებით მძიმე დღეების გავლა უწევს. ის, პროევროპულ აქციებზე დაკავებული ყველა სხვა პატიმრისგან განსხვავებით, რუსთავში, მკაცრი რეჟიმის იზოლატორშია. იქ ის ერთადერთია, ვინც მსჯავრდებული არ არის.

რუსთავის ციხეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრები სამარტოო საკნებში, იზოლირებულად იხდიან სასჯელს. საბას ადვოკატს დღესაც არ აქვს პასუხი კითხვაზე – რატომ გადაიყვანეს საბა იქ.

4 დეკემბერია. „ქორთიარდ მერიოტში“ არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაა. მანამდე მათ ოფისებსა და, ასევე, აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. შეხვედრის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა. დაახლოებით ღამის 10 საათია. შეხვედრიდან გამოსულებს გარეთ ნიღბიანი პირები უჭრიან გზას. იქვეა პოლიციაც. ნიღბიანები აგრესიულები არიან, მათ შორის, გარშემომყოფი მოქალაქეების მიმართაც. საბა სხვიტარიძე პარტია „ახალის“ წევრია, ოპოზიციის შეკრებაში ისიც მონაწილეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბაც, თანამოაზრეებთან ერთად, გარეთ გამოდის. ამ დროს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები პოლიტიკოსებს უახლოვდებიან. აქტივისტებთან ერთად, ისინიც ინტერესდებიან, ვინ არიან ნიღბიანი ადამიანები. ტელემედიების ვიდეოებში ჩანს, რომ უცნობები მათ არ პასუხობენ. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როგორ მიდის აქტივისტი თეონა ჭალიძე ერთ-ერთ ნიღბიანთან, ვინაობის ამოსაცნობად კაპიუშონს ხსნის, საპასუხოდ კი სახეში სილას იღებს. ამ დროს საბა სხვიტარიძე შავებში ჩაცმულს იგერიებს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს ნიღბიანი არის პოლიციელი მირიან ქავთარაძე. პროკურატურა საბა სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება, რომელიც შემთხვევის ადგილზე „საპოლიციო საქმიანობას ასრულებდა და ხელი შეეშალა“. თუმცა, ამ ღამეს ადგილზე არავინ დაუკავებიათ.

„ადგილზე იმიტომ არ აიყვანეს, რომ სპეცრაზმისთვისაც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ეს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანები პოლიციელები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქვე უნდა დაეკავებინათ საბა. გარშემო ასობით პოლიციელი იყო იმ დროს, სპეცრაზმიც მობილიზებული ჰყავდათ“, – განმარტავს ირაკლი ჩომახაშვილი, საბა სხვიტარიძის ადვოკატი.

საბა მეორე დღეს, 5 დეკემბერს, მამასთან ერთად გურიაში მიდის. ზესტაფონისკენ, სოფელ შროშასთან, მათ შკოდის მარკის პატრულის მანქანა აჩერებთ. საბას ადგილზე ბორკილებს ადებენ, არ უხსნიან დაკავების მიზეზს და მამასაც არაფერს ეუბნებიან. საბა ვერც ადვოკატს ურეკავს – მობილურს ართმევენ. მალევე მოდის სხვა საპატრულო პოლიცია იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსთან ერთად. საბას მანქანაში სვამენ და თბილისისკენ მიდიან. გორთან, „სოკარის“ ბენზინ გასამართ სადგურთან ოპერატიული სამსახურის შავი მანქანა ხვდებათ და საბას თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს გადასცემენ. ამ მანქანაში ოთხი პოლიციელია. საბა ყვება, რომ გზაში მას გაუპატიურებით ემუქრებიან.

„ეგენი იდენტიფიცირებულები არიან. ერთ-ერთი მიხეილ სუჯაშვილია, რომელიც დაზარალებულის, მირიან ქავთარაძის მოადგილეა. ეს უკვე დარღვევაა, რადგან ინტერესთა კონფლიქტია“, – გვიხნის ირაკლი ჩომახაშვილი და განაგრძობს:

„საბა უკანონოდ დააკავეს. დაკავების ოქმში წერია – საბა სხვიტარიძე დაკავებულია პოლიციის მთავარ განყოფილებაში და არა ზესტაფონში, რაც იმას ნიშნავს, რომ, თითქოს, საბა სხვიტარიძე დილის 4 საათზე, თავისი ნებით გამოცხადდა განყოფილებაში. მაშინ, როდესაც მიხეილ სუჯაშვილი, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ამბობს, რომ მძღოლს [მამამისს] არ ეცალა და ჩვენ გამოგვატანა საბა“.

განყოფილებაში მიყვანილი საბა ხელებიდან ბორკილებმოხსნილი მე-5 სართულზე აჰყავთ. ამ დრომდე ადვოკატმა არ იცის, სად არის მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ეძებს, არ ეუბნებიან.

24 დეკემბერს საბა ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც დეტალურად იხსენებს ძალადობის სცენებს პოლიციის განყოფილებაში.

რა მოხდა მე-5 სართულზე?

„ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს, რომ მალე გავერკვეოდი, ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს … ნიღბიანებს. შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან… მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხვას ცდილობდა. ჩემი ცემა, ალბათ, 5-10 წუთით გაგრძელდა, შეიძლება, უფრო მეტ ხანსაც … პერიოდულად ვკარგავდი გონებას. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი. მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო“.

საბა ამავე წერილში აღწერს, რომ ითხოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას, მაგრამ ამის შემდეგ მე-8 სართულზე აიყვანეს. გამომძიებელთან შეყვანამდე, უფროსის კაბინეტში, კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან ოქმზე ხელმოწერას მოითხოვდნენ. კაბინეტში ქალი გამომძიებელი დახვდათ, რომლის გვერდითაც კაცი იჯდა და ოქმს ავსებდა. საბას წერილი ასე გრძელდება:

„ქალი გამომძიებელი მონაცემებს მეკითხებოდა, რა დროსაც მის გვერდზე მჯდომმა კაცმა მითხრა, დაზიანებები მანახეო და მაისური ავიწიე, მოინიშნა სიწითლეები და შემდეგ ქალს უთხრა, დაეტოვებინა კაბინეტი, რა დროსაც შემოვიდა ერთი ნიღბიანი ზონდერი და მეორე საპატრულოს ფორმაში პირბადიანი კუნთმაგარი პოლიციელი, დაიწყო ისევ ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები“.

წერილიდან ვიგებთ, რომ საბას ოქმზე ხელი არ მოუწერია. ამის შემდეგ ჩაიყვანეს „კაპეზეზე“, სადაც თანამშრომლები უკვე კეთილგანწყობით ექცევიან. საბას აქ შეხვდა სახალხო დამცველიც და მისი ჩვენება დეტალურად ჩაიწერა. წერილი ასე სრულდება:

„შემოვიდა სპეციალური საგამოძიებო და როდესაც დავიწყე მოყოლა ჩემი ამბის, შემაწყვეტინა და მეკითხება: შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო? მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა, მე ისევ გავაგრძელე მოყოლა, ისევ გამაჩერა და მეუბნება, მოდი, შენც რომ დალაგდები შენს ადვოკატთან, ერთად გავიაროთ ეს ამბავი, იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა.

სიყვარულით, საბა, რუსთავის მე-6 ციხიდან“.

საბას დაკავების ოქმში წერია, რომ მას „კაპეზეში“ შესვლამდე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და სხეულზე დაზიანებები ექსპერტიზითაც დადასტურებულია. ეს მისი საქმის მასალებშიც დევს.

საბას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მოგვიანებით ხვდება, რომ განყოფილების მე-5 და მე-8 სართული შემთხვევითი არ არის. მე-5 სართულზეა დაზარალებულის, მირიან ქავთარაძის სამუშაო ოთახი. მე-8 სართულზე კი საქმის გამომძიებლის, სალომე ედიშერაშვილის სამმართველოა. ამიტომ უკავშირებს ის ძალადობას საბაზე პირად შურისძიებას. ადვოკატის ეს ეჭვი სასამართლო დარბაზში დასტურდება.

„მირიან ქავთარაძე და მისი თანამშრომლები რომ მე-5 სართულზე არიან, აღიარა ერთ-ერთმა პოლიციელმა, არჩილ წიკლაურმა, რომელიც თავადაც მე-5 სართულზე მუშაობს. მე-5 სართულზე სცემეს საბა შურის საძიებლად. მე-8 სართულზე კი სცემეს იმიტომ, რომ აღიარებითი ჩვენება მიეღოთ“, – გვიხსნის ადვოკატი.

საბა სხვიტარიძე, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, დაზარალებულად სცნეს. თუმცა, ამ დრომდე არავინ დასჯილა. ადვოკატს „დაზარალებულის“ კვალიფიკაციის შეცვლა უნდა. ის ამბობს, რომ რაც საბას თავს გადახდა, ინტენსივობით წამებას უტოლდება.

ირაკლი ჩომახაშვილი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზეც მიუთითებს. ის, ასევე, ამბობს, რომ ბრალდების ოთხი მოწმე პოლიციელის ჩვენებები იდენტურია ერთი და იმავე შეცდომით: „თბილისი მერიოტს“ (რუსთაველის გამზირზე) უთითებენ „ქორთიარდ მერიოტის“ (თავისუფლების მოედნის) ნაცვლად.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარმა გამომძიებელმა უკარნახა პოლიციელებს, რა დაეწერათ. იდენტური ჩვენებები გვაფიქრებინებს, რომ არაობიექტურად ჩატარდა გამოძიება, არ მოიძიეს მოწმეები და ვინც მოიძიეს, ისინიც არ იყვნენ ობიექტურები“, – განმარტავს ადვოკატი.

მათგან არც ერთი არ ამბობს, რომ საბას უთხრეს, პოლიციელები ვართო.

როგორც ადვოკატი ამბობს, მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოკვლევაც იმავეს ადასტურებს. ადგილზე მოქალაქეების შეკითხვას – ვინ იყვნენ ნიღბიანი, კაპიშონიანი ადამიანები – ისინი არ პასუხობენ, ჩუმად ხვდებიან. სასამართლო სხდომაზე მოწმე პოლიციელმა წიკლაურმაც პრაქტიკულად იგივე დაადასტურა: ადვოკატის შეკითხვაზე, რატომ არ ეცვა ადგილზე ფორმა და რა მიზნით იყო იქ მისული, პასუხი ოპერატიული/ფარული საქმიანობის მიზეზით ვერ გასცა. 17 მარტის სასამართლო სხდომაზე იგივე გაიმეორა კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა ლუკა ჯინჭარაძემ, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, 4 დეკემბრის აქციაზე მირიან ქავთარაძეს ახლდა.

„თუ შენ ფორმა იმიტომ არ გაცვია, რომ იქ მყოფებმა ეს არ გაიგონ, მაშინ რატომღა ეუბნები, რომ პოლიციელი ხარ?!“ – მოწმის ჩვენებაში ლოგიკის პოვნას ცდილობს ადვოკატი. 

საბა სხვიტარიძის საქმის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიაა. 27 მარტის  სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე პოლიციელი, მიხეილ სუჯაშვილიც გამოიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ გორიდან საბა მან ჩაიყვანა თბილისში. თავადვე აიყვანა პოლიციის სამმართველოს მე-5 სართულზე. ისიც დადასტურდა, რომ მე-5 სართულზეა მისი სამუშაო კაბინეტი.

სასამართლო პროცესები გრძელდება.

„შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან… მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული  ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხვას ცდილობდა“.

„თქვენ ხართ ჩვენი ერთადერთი იმედი, თქვენ ხართ ის, ვისთვისაც ბრძოლა ღირს. დასაკარგი ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე რამდენიმე წლის ციხეში გატარებაა… ჰაერს ვერ გავატანთ გმირების სახელებს. რეჟიმის მთავარი იარაღი შიშია. ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომ არ შევუშინდეთ. მეც მაწამეს, მემუქრებოდნენ, მაგრამ არ შემშინებია და იმ მომენტში მე გავიმარჯვე... თუ ნიჰილიზმი შეგიპყრობთ, 9 აპრილის გმირები გაიხსენეთ. ძალა ხალხშია… ელაპარაკეთ მეზობლებს, თანამშრომლებს და თუ ვინმემ სისხლიანი 9 წელი გიხსენათ, მოუყევით ჩვენი და მზიას ისტორია“, – საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან, 15 თებერვალი, 2025.

“8 აპრილს მშობლების აქცია რეალური წინააღმდეგობაა, რომელიც აუცილებლად უნდა წამოწყებულიყო. ერთობას ალტერნატივა არ აქვს… კულუარული პოლიტიკის დრო აღარ არის. დროა მეტი ღიაობის – გადაწყვეტილებები ღიად უნდა მიიღებოდეს რუსთაველზე.

სინდისის პატიმრების სახელით მინდა მივმართო ხალხს: გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები. ძნელია, საკნიდან უყურო ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ მშობელს და ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა. ამიტომ, 8 აპრილს ძალიან ბევრი უნდა იყოთ რუსთაველზე!“ – საბა სხვიტარიძის წერილი ციხიდან, 4 აპრილი, 2025. 

„ჩემი ცემა, ალბათ, 5-10 წუთით გაგრძელდა, შეიძლება, უფრო მეტ ხანსაც … პერიოდულად ვკარგავდი გონებას. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი. მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ეს ბიჭები თავისი საქმის 'ექიმები' არიანო“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა