საჭიროა არა დაცვა, არამედ თავდასხმა | დავით ჯიშკარიანი
13.05.2021 | 4 წუთიანი საკითხავინაწყვეტი წიგნიდან: ბუცები და ტყავის ჩექმა - "თბილისის დინამო" ჩეკისტების კლუბიდან ეროვნულ სიმბოლომდე (1925-1953)
წიგნი გამოიცემა მწერალთა სახლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, გამომცემლობა "პოეზიის" მიერ
ციფრულ სივრცეში ქვეყნდება პირველად
1953 წელს წელს თბილისის „დინამო“ შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა. პირველი წრის ბოლოს „დინამოელებმა“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ტორპედოს“ და ვილნიუსის „სპარტაკს“ სძლიეს და პირველი წრე 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. მეორე წრეში კი უცნაური ამბების მთელი ჯაჭვი გაიბა. თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „დინამოს“ სძლია ანგარიშით 3:2. მატჩის შემდეგ თბილისელთა მწვრთნელს, მიხეილ იაკუშინს ულტიმატუმის ენით ესაუბრნენ და ის თანხმდება გახდეს მოსკოვის „დინამოს” მწვრთნელი[1] და საჩქაროდ მიდის მოსკოვში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც თბილისის „დინამოს” ჩემპიონატში 4 თამაში ჰქონდა დარჩენილი.[2] იაკუშინის ნაცვლად მწვრთნელი ბორის პაიჭაძე გახდა. 1953 წლის 4 სექტემბრისათვის გათამაშების ორივე ლიდერს მოსკოვის „სპარტაკსა“ და თბილისის „დინამოს“ 27-27 ქულა ჰქონდათ. აქ აღსანიშნავია, რომ „სპარტაკს“ ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული. თბილისის „დინამო“ მოსკოვში, „ტორპედოს“ წინააღმდეგ მართავდა მატჩს. ორივე გუნდს განსხვავებული მოტივაცია ჰქონდა. თბილისელები ოქროსათვის იბრძოდნენ, ხოლო „ტორპედოელები“ ბრინჯაოსათვის. „დინამოს” დაძაბულ ბრძოლაში გააქვს 2 გოლი, მოსკოველები ქვითავენ ერთს. მატჩის არბიტრის სასტვენის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო, მოხულიგანო გულშემატკივრები მოედანზე გადადიან. „ტორპედოს“ ფეხბურთელებს არბიტრი მოედნიდან გაჰყავთ. მატჩის შემდეგ კი გუნდის ორივე კაპიტანი და მწვრთნელები ხელს აწერენ თამაშის ოქმს. ყველაფერი რიგზეა, იქ არსად ჩანს სიტყვა პროტესტი.
ბორის პაიჭაძეს მოგონებებით, ის უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ „ტორპედომ“ მატჩი გაასაჩივრა და მოსკოვის დატოვება აუკრძალეს. ამ ნაბიჯით „ტორპედოს“ ფეხბურთელებიც გაკვირვებულები იყვნენ - მათ გადათამაშება არ მოუთხოვიათ. გადათამაშება მაინც დაინიშნა 7 სექტემბერს. თბილისის „დინამოს” ფეხბურთელები უკვე შეგუებულნი იყვნენ აზრს, რომ მათ თამაშს არ მოაგებინებდნენ.[3] მიხეილ ჯოჯუა იგონებს, „გადაგვათამაშეს. ლატიშევი მეუბნება „Миша, Миша, дорогой, приказ, приказ. Я не дам вам выиграть“ (მიშა საყვარელო, ბრძანება, ბრძანებაა, არ მოგაგებინებთ)[4] გადათამაშების მატჩში თბილისის „დინამოს” ფეხბურთელები დამარცხდნენ. მოსკოვის „სპარტაკი“ პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზე თბილისის „დინამო“, ხოლო მესამე წილად ხვდა მოსკოვის „ტორპედოს“.
ფეხბურთის მატჩების პარალელურად, არანაკლებ დრამატული იყო პოლიტიკური სიტუაციაც. 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს ლავრენტი ბერია, მოსკოვში ძალაუფლების ცენტრი სრულიად შეიცვალა. ამას დომინოს პრინციპით მოყვა ბერიას კადრების დაპატიმრება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზეც. ლავრენტი ბერია „ხალხის მტრად“ გამოცხადდა. დაიწყო მისი კლანის წევრების წინააღმდეგ ხანგრძლივი, თითქმის 3 წლიანი სასამართლო პროცესები მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში. 19-20.09.1953 პლენუმზე აგრეთვე გადააყენეს ლავრენტი ბერიას კადრი, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი ალიოშა მირცხულავა. 1953 წლის 9 სექტემბერს, მსაჯთა საკავშირო კოლეგიამ 4 სექტემბრის მატჩის შესახებ მოამზადა სპეციალური მოხსენება ნიკიტა ხრუშჩოვის სახელზე. ამ უკანასკნელს კი არანაირი ინტერესი სპორტისა და ფეხბურთის მიმართ არასოდეს ჰქონია.
აქსელ ვართანიანი მისთვის დამახასიათებელი ცინიკური ენით აღნიშნავს. „სტალინის გარდაცვალების წელს, 1953 წლის შემოდგომაზე თბილისელებს ჩამოართვეს შანსი მიეღოთ ოქროს მედლები. მათ ეს ოქროს მედლები მოიპოვეს 1964 წელს, ხრუშჩოვის მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ. უსაზღვროდ საინტერესოო ფაქტია“[5]
ამ შემთხვევაში, იქ სადაც საუბარია თბილისის „დინამოზე“, ფეხბურთზე და მის ინსტრუმენტალიზაციაზე სტალინზე მნიშვნელოვანი ფიგურა ლავრენტი ბერიაა. მისი სახელი არამარტო თბილისის ცენტრალურ მოედანს გადაარქვეს, არამედ თბილისის „დინამოს” სტადიონსაც.
ბერიასთან ერთად დასრულდა თბილისის „დინამოს” ცხოვრებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი. პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლა წარუმატებლობად მიიჩნეოდა და ცკ-ის მდივანი ფეხბურთელებთან პირად შეხვედრაში მათ მოუწოდებდა: „Надо не оборонятся, а наступать. საჭიროა არა დაცვა, არამედ თავდასხმა“.
[1] ალექსანდე ქურდობაძე. ქართული ფეხბურთის ქრონიკები. თბილისი 2018. გვ.141//Вартанян Аксель. Летопись Советского футбола 1936 – 1957 გვ. 160
[2] ალექსანდე ქურდობაძე. ქართული ფეხბურთის ქრონიკები. თბილისი 2018. გვ. 138
[3] ანთაძეს მოგონებები
[4] თბილისის “დინამოს” ოფიციალური გვერდი. ინტერვიუ. მიხეილ ჯოჯუასთან. 11.08.2013. https://www.youtube.com/watch?v=Or4XUynnf0g&t=426s . ნახვა 19.03.2021
[5] Вартанян Аксель. Летопись Советского футбола 1936 – 1957 გვ. 160