გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სადარ ბაჰარი

როდესაც ქომისკის პარკში სტივ დალი და მისი მეგობრები დისკო ჩანაწერებს ცეცხლში წვავდნენ (Disco Sucks ლოზუნგებით), Fred P გაკვირვებული უყურებდა იმას, რაც ტელევიზორის ეკრანის მიღმა ხდებოდა. „მაშინ პატარა ვიყავი და ჩემი მშობლები არ მაძლევნდნენ უფლებას მათ ფირფიტებს შევხებოდი, - ჰყვებოდა Fred P თბილისში, თავისი ბოლო ვიზიტის დროს, - ვხედავდი ადამიანები როგორ ექცეოდნენ ჩემთვის ხელშეუხებელ ნივთს და ძალიან მიკვირდა.“

ის, რაც სტივ დალის თანამოაზრეებისთვის დისკოს დასასრული იყო, სადარ ბაჰარისთვის ახალი და ბევრად საინტერესო ეტაპის დასაწყისად იქცა. ჰაუსს ფრენქი ნაქლზმა „დისკოს შურისძიება“ დაარქვა, ამ დროს, ბევრისთვის ის კონკრეტული ჟღერადობის კომპოზიციების ჟანრული მახასიათებელია. ჩიკაგოელი სადარ ბაჰარი ამას უფრო მარტივად (ან რთულად) უყურებს: „შეიძლება ავტობუსში ადამიანი დაინახო და თქვა: “აი ეს ჰაუსია’. ამ დროს მუსიკა საერთოდ არ ისმოდეს“.

სადარ ბაჰარის ადრეული მუსიკალური გამოცდილება ცნობილ კლუბ „Music Box“-ს უკავშირდება, სადაც 80-იანი წლების დასაწყისში რონ ჰარდი რეზიდენტობდა. ჰარდი იმ პერიოდის დამწყები დიჯეებისთვის ლამის საკულტო ფიგურა იყო (ხმები ამბობენ, რომ დერიკ მეი და მისი დეტროიტელი მეგობრები უქმეებზე თავიანთი დემო ჩანაწერებით ჩიკაგოში მიდიოდნენ, იმ იმედით, რომ ერთხელაც რონ ჰარდი მათ მუსიკასაც დაუკრავდა). ყველამ იცოდა, რომ Music Box-ის მუსიკა ჩიკაგოს საკლუბო სივრცეში წამყვან ჟღერადობად იქცეოდა ხოლმე. თანაც, ზუსტად იგივე მუსიკალურ მიმართულებას ავითრებდა ფრენქი ნაქლზი ჯერ Wearhouse-ში (რომლის ბაზაზეც გაკეთდა Music Box), ხოლო შემდეგ The Power Plant-ში. ამიტომ, ახალი თაობის ჩიკაგოელი დიჯეები ძირითადად ერთ მუსიკალურ სივრცეში ერთიანდებოდნენ. ბაჰარი ამბობს, რომ ძალიან რთული იყო გამორჩეული, ინდივიდუალური ყოფილიყავი და რაღაც ისეთი გეპოვნა, რასაც ყველა არ დაუკრავდა.

„ჩიკაგოში ცხოვრება მუდმივ კონკურენციაში ყოფნას ნიშნავს. იქ ბევრი დიჯეია და ყველა სცენაზე თავის დამკვიდრებას ცდილობს.. ბევრი კლუბში დროის გასატარებლად დადის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც შენს გამოსაცდელად მოვა. აინტერესებთ რას დაუკრავ და როგორ. უბრალოდ გაკვირდებიან“. 

სადარ ბაჰარმა მუსიკის კეთება 13 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი ჩარლზ ბრექენრაიჯი იყო. თუმცა, თვითონ ამბობს, რომ კლუბებში მაინც ბევრად მეტი ისწავლა: “ერთი და იგივე ადგილას რომ დადიხარ, სხვებსაც იქ ხვდები, ეს უკვე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წვეულებებზე სიარული, რაღაც სახლის მსგავსი ატმოსფერო იქმნება“. სწორედ ამ “ატმოსფეროს“ შექმნას ემსახურებოდა Goldmine Productions და მოგვიანებით Soul in the Hole-ს ივენთების სერიის წამოწყება, რაშიც სადარ ბაჰარს კიდევ ერთი ჩიკაგოელი დიჯეი ლი კოლინზი დაეხმარა. Goldmine და Soul in the Hole-ც ჰაუს მუსიკის ივენთების სერიად ჩამოყალიბდნენ. დისკოს, სოულს, პანკს და ნებისმიერ სხვა მიმართულების მუსიკას, რაც მაშინ ჩიკაგოს კლუბებში ისმოდა, ერთი სახელი ერქვა. ამიტომ, როდესაც სადარ ბაჰარზე და ჰაუსის მისეულ ინტერპრეტაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საქმე ბევრად უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასთან გვაქვს და არა კონკრეტულ ჟანრთან. მეტიც, ჩიკაგოელი დიჯეისთვის ყველაზე ღირებულ „ნამდვილი“ ინსტრუმენტებით შემქნილი „ნამდვილი“ მუსიკა იყო, რის გამოც იგი ციფრული ტექნოლოგიებისადმი  დღემდე გულგრილობას იჩენს. მიზეზი კი მარტივია, „ის რაც არ გაფუჭებულა, შეკეთებას არ საჭიროებს“. ბაჰარისთვის ოლდ სქულ მიდგომა არა თუ არ გაფუჭებულა, არამედ ახალი აღმოჩენების სივრცედაც კი იქცა:

„დღესაც უამრავი კარგი კომპოზიციაა აღმოსაჩენი. როდესაც ჩემთან მოდიან და ვინილების კოლექციას შეათვალიერებენ, მეუბნებიან, რომ ‘ოჰ, შენ უკვე ყველაფერი გაქვს’. მე კი ვპასუხობ, რომ არა. შეუძლებელია ყველაფერი გქონდეს. ამ წუთასაც კი, როდესაც ვსაუბრობთ ვიღაცა ქმნის მუსიკას, რომლის მოსმენაც ძალიან გვინდა. აღმოჩენები არასდროს სრულდება“ - იმას რასაც ‘დიგერობას’ ანუ ფირფიტებში მუდმივად ქექვას ეძახიან ბაჰარისთვის ცხოვრების წესია, „ხშირად პატარა ლეიბლებს საშუალება არ აქვთ საკუთარ რელიზებს შესაფერისი პოპულარიზაცია გაუწიონ, რის გამოც ბევრი კარგი კომპოზიცია ჩრდილში რჩება. დიჯეის კი საშუალება აქვს მათ შანსი მისცეს.“

სადარ ბაჰარს იმაზე მეტი ფირფიტა აქვს შეგროვებული, ვიდრე დაკვრა შეუძლია, ეს პროცესი მისთვის არასდროს სრულდება. „მახსოვს მაშინ ფირფიტებს დედაჩემის სახლში, სარდაფში ვინახავდი, ის კი მუდმივად გაიძახოდა: ‘საკმარისია, აღარ მოიტანო მეტი ფირფიტა ამ სახლში’. ახლა კი, როდესაც მასთან სახლში ბავშვები მიდიან, ეუბნება: ‘არ ჩახვიდეთ სარდაფში, იქ Sadar-ის ფირფიტებია და გაუფრთხილდით’. 

ჩიკაგოელი არტისტი 80-იანი წლებიდან დღემდე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი მთავარი მემატიანეა, რომელსაც რამდენიმე ათწლეულიც კი არ ეყო ამ მუსიკის შესახებ ყველაფრის სათქმელად. შესაბამისად მის ჩანთაში ჯერ კიდევ ბევრი ისტორია იმალება, რომელთაგანაც რამდენიმეს პირველად და შეიძლება ბოლოჯერაც მოვისმენთ თბილისში.

 


Red Bull Music Academy-ის მხარდაჭერით სადარ ბაჰარი თბილისს 18 თებერვალს ეწვევა და კლუბ „მტკვარზე“ ქართველ დიჯეებთან, ზურკინ და სუმოსთან ერთად დაუკრავს.

ივენთის ლინკი: https://goo.gl/y6wgE8

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა