ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საჯარო სივრცე უნდა გადადგეს!

თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, კორპუსის კედელზე წერია: არ დამიტბორო სვანეთი! სხვა ქუჩებზეც იქნება ასეთი წარწერა – იმ კამპანიის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც ხუდონჰესის პროექტს ებრძვის, წყალი არ გაუვა.

უცნაური მეჩვენება – ცდილობდე, გადაეღობო მოძალადეს და მაინც მისი გულმოწყალების იმედს არ კარგავდე. ან ცდილობდე, თავი შეაცოდო, ან გეგონოს, რომ კაპიტალს გული მოულბება და სისაწყლეზე მოითენთება. 

იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ დატბორვის შემდგომი ხატების წინასწარ მოხმობით საზოგადოების მობილიზაცია ცადო, პირიქით, ამის მეიმედება. უბრალოდ, მომეჩვენა, რომ „არ დამიტბორო სვანეთი“ საზოგადოების მობილიზაციას კი არ ემსახურება სოლიდარობის აქტის შესამზადებლად, არამედ უფრო ინვესტორისადმი მიმართული გზავნილია, რომელიც შუა გზაში თხოვნა-მუდარად იქცევა.

არის კიდევ ერთი კამათი – წერია, არ დამიტბოროო – პირველი პირის მხოლობით რიცხვში. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მეტყველი სუბიექტი ერთი ცალკე აღებული ადამიანი ყოფილა, ინდივიდი, რომელსაც სვანეთს უტბორავენ. არადა, ხომ ვიცით, რომ მსგავსი კამპანიები, წესით, საერთოს მიემართება და მხოლოდ მას. ხოლო ის, რაც საერთოა, არ დაიყვანება პირველი პირის მხოლობით რიცხვზე.

მეტყველი სუბიექტი აქ, წესით, უნდა იყოს ადამიანთა ერთობა, თავისებური სიმრავლე, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტად გახდომას ცდილობს ან უკვე ასეთად წარმოადგენს საკუთარ თავს. თუ არა და, გამოდის, რომ ორი კერძო ინტერესის შეჯახება ყოფილა და მეტი არაფერი. აქედან კი გამომდინარეობს, რომ ხაიშიდან ოჯახების აყრა და გადასახლება მხოლოდ ამ ოჯახების პრობლემაა.

სინამდვილეში, საქმე სულაც პირიქითაა – ამ ოჯახების პრობლემა საერთოა ან უნდა იყოს ასეთი და მისი ამ ტიპის სლოგანში მოქცევა პრობლემის დეპოლიტიზაციისკენ უფრო მოძრაობს.

ისე ვიკითხოთ, რისთვის გვინდა ის, რაც საერთოა, მაგ. საჯარო სივრცე?

თუ თვალს შევავლებთ საქართველოში საჯარო სივრცისთვის ბრძოლის ხანმოკლე ისტორიას, შეიძლება შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ ჩვენ, ვინც საჯარო სივრცის პრივატიზების წინააღმდეგ გამოვდივართ, ეს სივრცეები მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გვინდა. ჩვენ გვსურს, აქ ვასეირნოთ შვილები, ვივარჯიშოთ, დრო ვატაროთ მეგობრებთან ერთად და ა.შ. რასაკვირველია, ეს პრაქტიკები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერთან და ჩრდილთან ერთად. მაგრამ რა გამოდის, საჯარო სივრცე მხოლოდ მოხმარებისთვის გვინდა? ხომ არ გულისხმობს საჯარო სივრცე უფრო მეტს? მაგ. იმას, რომ ის პოლიტიკურის გაჩენის, მისი აღძვრის, მისი გამოგონების, გაფართოების ადგილია? უდავოდ, კი.

ოღონდ ერთიცაა – საჯარო სივრცე, ალბათ, არ არის რაღაც, რაც უკვე არსებობს ან ყოველთვის არსებობდა და ახლა უკვე არსებობს მისი კერძო მფლობელობაში გადასვლის ან კერძო ინტერესის მიერ მისი დაკავების საფრთხე. ის სივრცეებიც კი, რომლებიც ახლა საჯაროებად გვეჩვენებიან, ჯერ კიდევ უნდა იქცნენ ასეთებად. ანუ პოლიტიკურის გადაწყობა/აწყობა/მოწყობის ადგილებად.

საჯარო სივრცის იმგვარი გაგება, რომელიც მას მხოლოდ მოხმარების ან წვრილი თუ მსხვილი სიამოვნებების ადგილად სახავს, უნდა გადადგეს.

გადადგეს დაუყოვნებლივ.  

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა