გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„სამი და“ და პოლიტიკები



თეატრის სულიერი მისია გრძნობადად ზეგრძნობადის გადმოცემა, სუბიექტის, საზოგადოებისა თუ ეპოქის სულის ასახვაა, რომელიც მარადიულ ღირებულებებსა და ისტორიულ, მაშასადამე მატერიალურ მოცემულობებს შორის ფარფატებს, სამყაროს განმარტავს ან მის გარდაქმნაზე აქვს პრეტენზია. თეატრი (და ზოგადად ხელოვნება, თუმცა თეატრი ყველაზე მეტად) არა ინტერპრეტაციისა და რაციონალური გააზრების, არამედ ჰერმენევტიკული სამუშაოს ჩატარების ადგილია, სადაც გაგება ცნობიერების უშუალო მონაცემებსა და სხეულებრივ განცდებს ემყარება და არა წმინდა ცნებებს. თუკი საზრისი ცნებებისა და მეცნიერებისთვის მოუხელთებელია, ის გზას ჰერმენევტიკას უთმობს, რომელიც ხელოვნების ნიმუშის გაგებისთვის ფუნდამენტური მეთოდია. თუკი ჰერმესს ღმერთების სათქმელი ადამიანებამდე მოჰქონდა, თეატრს ადამიანური ფენომენები მიაქვს ადამიანებამდე და ჭეშმარიტების შეცნობისთვის არა კაუზალურ თუ კორელაციურ ფაქტებს, არამედ მჭვრეტელობის ფენომენს იყენებს.

თეატრს, როგორც სხეულსა და ენაზე ორიენტირებულ ხელოვნებას ფსიქოთერაპიული ფუნქციაც გააჩნია, რამდენადაც მისი დახმარებით სხვისი ყოფიერება საკუთარ პერსონაში შემოდის და ინტეგრაციის კათარსისად ფორმდება, თუმცა აქ ჩვენ სუბიექტის ფსიქოლოგიაზე მეტად პაციენტ-საზოგადოება გვაინტერესებს, რომლის არაცნობიერი, სუბიექტის მსგავსად ენის მეშვეობით სტრუქტურირდება და ენაშივე გამოხატავს თავის თავს. ის, თუ რა იგულისხმება სცენაზე წარმოთქმული სიტყვის, პაუზის, სიჩუმის, მოძრაობისა თუ უძრაობის მიღმა, კარგ შემთხვევაში იმ სიმპტომებს გვიჩვენებს, რომლებიც ჩვენი ფანტაზიებისა თუ ქმედებების წარმმართველი საზოგადოებრივი არაცნობიერიდან მოედინებიან. 

საზოგადოებრივი ნევროზის სიმპტომებს გვიჩვენებს მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესის მიხედვით, სანდრო კალანდაძის მიერ თეატრალურ კომპანია „ჰარაკიში“ დადგმული „სამი და“, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ეპოქის სულის ელემენტარულ ნაწილაკებს ასახავს. აღნიშნულ დადგმასთან დაკავშირებით თეატრალურ სფეროში ჩართული პირების განხილვა უკვე ვიხილეთ, როგორც ტექსტუალური (სამი დის ოჯახური დრამა), ისე ვიდეო განხილვის სახით (“სპექტაკლის შემდეგ...“),  თუმცა რეცენზირების ორივე მცდელობა ზედაპირზე ტივტივებს, რაც სავარაუდოდ პროფესიული ჰიგიენის დაცვის საბაბითაა განპირობებული. ჩვენი მიზანი არა რეცენზირება, ტექნიკური დახასიათება თუ შინაარსის გადმოცემა, არამედ „ინტერპრეტაციის“ ველის განვრცობა, ჰერმენევტიკულ წრეში განცდილის კომენტარია.

თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ სახელოვნებო ცხოვრებაში, ახალი თაობის კულტურული აფეთქებაა, რომელიც კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი დასია, შეკრული გუნდია და ეს შთაბეჭდილება ერთი სპექტაკლიდანაც კი ისევე იგრძნობა, როგორც წვეთი აირეკლავს ოკეანეს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობა და ფიზიკური ძალისხმევა ამოსუნთქვის და ერთ პერსონაჟზე კონცენტრირების საშუალებას არ იძლევა, რაც დადგმის მთლიანობაში აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა, არ შეიძლება არ გამოიყოს ანანო მახარაძის (მარგო) შთამბეჭდავი შესრულება, რომელმაც ნერვული სისტემა ბაგირივით გაჭიმა და მაყურებელი მასზე მთელი სპექტაკლის განმავლობაში ატარა.

სამი და „სამი და“ ერთი შეხედვით ოჯახისა და სამეგობროს ისტორიაა, ბავშვობიდან ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისა და არქეტიპების ბრძოლის ველია, სადაც ერთმანეთის აღიარება და ცვლილებების სურვილიც კი მძიმე პერსონალურ ტკენებზე გადის. თუმცა, თუკი სპექტაკლის გააზრებაში მზერას ნაწილიდან მთელისკენ მივაპყრობთ დავინახავთ, რომ „სამი და“  არა უბრალოდ პიროვნების ტიპებსა და მათ ფსიქოლოგიას, არამედ იმ რეალობის ნაწილაკებს აშიშვლებს, რომელშიც „დამოუკიდებლობის“ მოპოვების შემდეგ ვცხოვრობთ. პერსონალური მიმართებების მიღმა, მენტალური ჯანმრთელობის, საბინაო, ემიგრაციის, კულტურის და სხვა პოლიტიკების მორღვეულობა ჩანს. სპექტაკლი სუბიექტსა და სტრუქტურას (სტრუქტურაში იდეოლოგიურ და სახელმწიფო აპარატებს ვგულისხმობთ) შორის არსებულ ბინარულ ოპოზიციასა თუ მათი ურთიერთ განსაზღვრულობის დაძაბულობასაც წარმოაჩენს.

შეგვიძლია „სამი და“ არა მხოლოდ თაობებისა თუ ოჯახური და ადამიანური ურთიერთობების შესაძლებლობის შეუძლებლობის, არამედ არშემდგარი სახელმწიფოს (Failed State) მანიფესტაციად წავიკითხოთ.

არშემდგარი სახელმწიფო სათავეს რაც არ უნდა ალოგიკური იყოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იღებს, როდესაც პრაგმატული ნაბიჯების, სახელმწიფოს აგურ-აგურ მშენებლობის ნაცვლად ეთნონაციონალიზმის აღზევებას, სასარგებლო იდიოტებსა და თვითგამოცხადებულ მესიებს, ტოტალურ დეინდუსტრიალიზაციასა და “პრიხვატიზაციას”, სახელმწიფო ქონების გასხვისების მეშვეობით კაპიტალის პრიმიტიულ აკუმულაციას ვიღებთ სახეზე.

ქართული სახელმწიფო მკვდრადშობილია, მისი შვილი კი, კრიმინალისა და სამთავრობო კორუფციის სიმბიოზია.

რა თქმა უნდა, ჭირი და ლხინი ყველა ერისა თუ სახელმწიფოს ისტორიაში ყოველთვის იარსებებს, თუმცა მთავარი ქატოსა და ფქვილის დისტრიბუციის პოლიტიკაა. მთავარია საბოლოო ჯამში რამდენად ბევრს მიწვდება „ფქვილის“ სიკეთე, ფქვილის, რომელიც ენერგეტიკულ და სხვა რესურსებთან ერთად დღეს იმპერიული ზრახვებით განმსჭვალული ჩრდილოელი „მეზობლისგან“ მოედინება და რომლის ჩანაცვლების მცდელობაც კი, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიუხედავად, სახელმწიფოსა თუ კერძო კაპიტალის მხრიდან  საჯარო სიკეთეების მიტაცება პერმანენტულ პროცესად იქცა, რამაც საბაზისო ინსტიტუტების გარდა, ყველგან თავისუფალი ბაზრის პრინციპი დანერგა, დაასუსტა სახელმწიფო და როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე მთელი რიგი პოლიტიკები პლინთუსის დონეზე დატოვა. ეს ის ფუნდამენტური პოლიტიკებია, რომელთა მეშვეობით ჯანსაღი, შრომისუნარიანი და მოტივირებული მოქალაქეების, საზოგადოების კვლავწარმოება ხდება.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ჩვენი დროის ქართული ოჯახებისა თუ ინტერპერსონალური პრობლემების სათავე მხოლოდ მეტაფიზიკურია? შესაძლოა სპექტაკლი ბევრმა დაინახა, როგორც ინტერპერსონალურ ურთიერთობებში არსებული ჩაკეტილობის პრობლემა. ფინალიც ხომ ამაზე მიუთითებს, როდესაც ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პერსონაჟები მივლენ იმ წერტილამდე, სადაც აღიარებენ, რომ რაღაცას მალავენ და ჭაობიდან ამიტომ ვერ ამოდიან  („ბაჩო: რა ჯანდაბა გვჭირს, რით ვერ ამოვედით ამ ჭაობიდან?“). ფინალურ სიტყვაში ჭაობში, ყოფიერების აუტანელ სიმძიმეში ჩავარდნილობის გამოსავალი ისახება და  შესაძლოა სპექტაკლიდან გამოსულ მაყურებელსაც დაეუფლოს განცდა, რომ ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც ჭაობიდან ამოგვიყვანს ინტერპერსონალური ურთიერთობების ღიაობასა და ზრუნვის გამოჩენაზე დგას.

„თომა: არა, რაღაცას ვმალავთ...

თემო: რას?

„ჩვენს თავებს, ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმათ ვუმალავთ. საკუთარ თავსაც ვუმალავთ. ვერ ვხვდები, რატომ?..ყველაფერი ხომ პატარა მარცვლიდან იწყება.ის, ის პატარა მარცვალი, გაჩენისთანავე რომ ითქვას, ჯერ რომ პატარაა და უმნიშვნელო, აქამდე ხომ არ მოვიდოდით... თქვი, ამის დედა ვატირე, თქვი „თავს ვერ ვიკავებ“, „ვეღარ ვჩერდები, სულ სმა მინდა...“ თქვი, „გული მტკივა“, „მეშინია“, „ცხოვრებაში არაფრისთვის არ მიმიღწევია“, „ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ“, თქვი, „აღარ ვიცი ვინ ვარ“, „ოღონდ შენ არ დამტოვო...“ „

თუმცა, არის კი ღიაობა, გაზიარება და მასში ნაგულისხმევი გულწრფელობა ის ultima ratio, რომელიც იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომლებიც პერსონაჟებსა და ჩვენი საზოგადოების წევრებს აჩრდილივით თან დასდევენ? რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ძალისხმევა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჭაობის დაშრობისთვის არასაკმარისი. როგორც ბრეხტის ლექსი, “ღამის საწოლი” გვეუბნება, შესაძლოა ინდივიდმა უსახლკაროებისთვის საწოლები შეაგროვოს, რომლის მეშვეობით ვიღაცები არ გაიყინებიან,

„მაგრამ ეს ვერ შეცვლის სამყაროს

ეს ვერ გარდაქმნის ურთიერთობებს ადამიანებს შორის

ეს ვერ შეამოკლებს ექსპლუატაციის საუკუნეს“

საბოლოო გამოსავალი არ არსებობს, ღიაობასა და ჩაკეტილობას შორის ოპოზიცია ყოველთვის იარსებებს, ერთი სიტყვის თქმითა თუ ხელის მოქნევით არც ჭაობი დაშრება, თუმცა პროგრესული პოლიტიკების ნაბიჯ-ნაბიჯ შენებითა და პერსონალური ძალისხმევით შეგვიძლია, მასში ბოლომდე არ ჩავიძიროთ, საზოგადოების სხეულის ნაწილები, ჩვენი თავები ამოვიყვანოთ.

„სამი და“ ქრისტიანული მორალის რწმენითაა განმსჭვალული, ჩანს ავტორების გულწრფელი სურვილი, რომ თუკი ურთიერთგაგების კარები დაკეტილია, ღია ფანჯრების იმედი მაინც გვქონდეს, რათა ერთმანეთის ენაში, ყოფიერების სახლში ასე შევიდეთ. მთავარი ეთიკური სამუშაოა, რომელიც სხვას, სხვაზე ზრუნვას საკუთარი ყოფნის საზრისად მონიშნავს. იქნებ მართლაც პერსონალური რწმენა და უპირობო ჰუმანიზმია ის, რაც განათლებულ ყალბ ცნობიერებაში ჩავარდნილ საზოგადოებას ცვლილებებისკენ უბიძგებს? თუმცა, ურთიერთობების დალაგების მსგავსი რეცეპტი ხომ გამონაკლისი შემთხვევებია და არა პრობლემათა სისტემური გადაწყვეტა. ჩვენი მზერა სპექტაკლში იმ სიმპტომებმა მიიქციეს, რომლებიც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჩავარდნითაა გამოწვეული. როგორ არის შესაძლებელი  ჰარმონიული თანაცხოვრება, როდესაც საბინაო ფონდი არ არსებობს? როდესაც მენტალური ჯანმრთელობის სერვისების სიმცირისა თუ დაბალი ხარისხის გამო გამოსავალი საკუთარი თავის გადადება და სხვაზე შიშველი ზრუნვაა? როდესაც მთავარი საექსპორტო პროდუქტი და ამავდროულად ინვესტორიც ქვეყნიდან წასული, ოჯახს მოწყვეტილი ადამიანია?

„სამი და“ ადამიანებს შორის სიახლოვის რღვევასა თუ შედუღაბებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენი დროის სისტემურ პრობლემებსაც გვიჩვენებს, რომლებიც პოლიტიკების დონეზე იშლება. სუბიექტურობასა და სტრუქტურას შორის გაჭედილი ადამიანისთვის „სამი და“ დისკურსების საბადოა, რომლის სალაპარაკო ენა მოდის თუ არა თანხვედრაში საზოგადოებრივ/პოლიტიკურ არაცნობიერთან, თავად უნდა განსაზღვროთ. „სამი დის“ პირველად ნახვის ბედნიერება ხელიდან არ უნდა გაუშვათ, რადგანაც კათარსის-მიმეზისის კარუსელზე აღმოჩნდებით და შესაძლოა „ჭაობში“ ჩავარდნის მიზეზები თუ გამოსავალი გზებიც აღმოაჩინოთ.


ავტორი: გიგა ბრეგვაძე
ფოტოები: ბექა ცირეკიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა