ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სანდრო | რობერტ მამისაშვილი, ცხინვალიდან

რობერტ მამისაშვილი, 55 წლის, ცხინვალიდან
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ნათესავმა დარეკა თბილისში, სახლის ტელეფონზე, საღამოს.  გუშინ ცხინვალში, მიტინგზე გამოაცხადეს, ჩორნას სიკვდილისთვის ხუთას ათას მანეთს ვაწესებთო. ჩორნას სანდროს ეძახდნენ ოსები, ჩემ პატარა ძმას. სასწრაფოდ მოაცილეთ ბიჭი იქაურობასო.

მაშინ უკვე ოფიციალური სამხედრო იყო. ყარყარაშვილს იარაღი რომ ჩავაბარეთ, სანდრომ, მე ასე ვერ გავჩერდებიო, თქვა და სამშვიდობო ბატალიონში ჩაეწერა. ჩვენები იდგნენ მამისაანთუბნის მიჯნაზე, სადაც ერგნეთის ბაზრობა გაშენდა მერე, ცხინვალის შესასვლელში, მტკვარმშენის ადმინისტრაციულ შენობაში.

სანდრო მაგარი მეომარი იყო, ვაჟკაცი, უშიშარი. დისციპლინა ჰქონდა უმაღლეს დონეზე. უმაღლესში ჩაბარებაც ვერ მოასწრო, 17 წლისამ აიღო ხელში იარაღი.

ყველა პატივს სცემდა. პატარა ბიჭს თავისი ასაკისთვის შეუფერებელი სიბრძნე ჰქონდა. გამოცდილი კაცივით მეტყველებდა და მოქმედებდა. ვერ აპატიეს, ჩვენ დედა ოსი გვყავდა, აქეთ კიდე სანდრო ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად ითვლებოდა მებრძოლებში.

სამშვიდობო შერეული კი იყო, მაგრამ ქართველები ცალკე პოსტებზე იყვნენ. მარტო ნიქოზში იდგნენ ერთად.

იმ დღეს, ბელგიიდან გვყვავდა სტუმრები. ქვისლმა გამაცნო, ვერცხლისფერი გირჩის თესლი უნდოდათ. მაშინ ეს მაგარი ბიზნესი იყო. ბორჯომში გაყოლა მთხოვეს. იქ სატყეოს უფროსს ვიცნობდი ახლოს. ჩავსვით მანქანაში ორი ბელგიელი მე და ჩემმა ქვისლმა და წავედით. მაშინ გამუდმებით ბენზინის დეფიციტი იყო ქვეყანაში. ცხინვალისკენ კიდე ბენზინსაც იშოვნიდი და ბევრად იაფიც ღირდა. ვფიქრობდი, სანდროს დღესვე ვნახავ, კატეგორიულად მქონდა გადაწყვეტილი იქიდან წამომეყვანა.

ჩემი მშობლები ნათესავების აგარაკზე ცხოვრობდნენ იქვე, სამშვიდობო პოსტიდან ორას  მეტრში. ცხინვალის სახლამდეც ახლოს იყო, მამაჩემი პირდაპირ ჩვენს სახლს უყურებდა ეზოდან. სტუმრები ჩემებთან დავტოვე და სამშვიდობოებთან წავედი.

მე რომ მივედი, ყველა ეზოში ტრიალებდა.

გამოდი-მეთქი, სანდროს დავუძახე. მოვუყევი, ცხინვალიდან დარეკეს და ასეთი რაღაც ხდება-მეთქი. რას ლაპარაკობო, ისე უემოციოდ მითხრა, მე ეხლა ვინმეს ვათქმევინებ, რომ იმ განცხადების შემეშინდაო? ავღელდი მეც, სანდრო, თუ იარაღის გარეშე ვერ ძლებ, პოლიციის აკადემიაში ჩააბარე და იარაღიც გექნებათქო. ვუთხარი შენ რომ არ გამომყვე, დედა ნამდვილად მოკვდება, ძალიან განიცდის, ხომ იცი, შენს გამო არიან აქ.  ერგნეთში როდემდე უნდა ამყოფო ასე-მეთქი. ბევრი იფიქრა და მითხრა, ხვალ, ოფიციალურად მიმთავრდება კონტრაქტი და აღარ გავაგრძელებო. სარდალს ვეტყვი, რომ სასწავლებლად მივდივარო. მოკლედ, ხვალამდე მაცადეო. კარგი, მე ვუთხარი, აი, გაფიცებ, ძალიან ფრთხილად იყავი-მეთქი. იცოდე, შენზე ამხელა ფულია დადებული, მთელი შტაბი არ ააფეთქონ, სხვის ცოდვაში არ ჩადგა ფეხი-მეთქი. კარგიო, შემპირდა.

ბენზინის საყიდლად რო მივდიოდი, გზად ჩემი ოსი მეზობლები შემხვდნენ. მთვრალები. აიო, მამისაშვილოო, ეს რანაირად გვიყურებო? არადა, ძაან სითბოთი მოვიკითხე. მეუთხარი, აბა, რეები გეჩვენებათ, ისე მიყვარხართ და მენატრებით-მეთქი. მე ვიცი, შენ და შენი ძმა სინამდვილეში ვინ ხართო, - მითხრა ერთმა.  მეორე კიდევ უფრო აგრესიული იყო. გავიწიეთ ერთმანეთზე. მახსოვს, როცა ვბრუნდებოდი, მომაძახეს, მუშტებს ნუ იქნევ, თორემ, ჩვენც ვიცით პასუხი და იმასაც ნახავ, როგორ აიწევა ჰაერში რაღაცეებიო... გავატარე, ბოდავს, სიმთვრალე ალაპარაკებს-მეთქი, ვიფიქრე.

იქვე იყო კიდევ ერთი, სოსო კაჟაშვილი მანქანით, რომელიც ბენზინით ვაჭრობდა. მამაჩემის გარე ბიძაშვილი იყო, დედა მამისაშვილი ჰყავდა, მამისაანთუნბაში ცხოვრობდა. მივედი და ვუთხარი, სოსო, მაინცდამაინც ეს რატომ გაიხადე შემოსავლის წყაროდ, ესენი სადღაც შეგიტყუებენ, რამე არ მოიწიო, მოერიდე-მეთქი. ეს კი თურმე იქიდან პირდაპირ შტაბში მიდის, რომ ბიჭებს დახმარება სთხოვოს, ტყვიებმა სახლში ფანჯრები ჩამიმსხვრია, წამომყევით, დამეხმარეთ ერთი, ცელოფნები გამაკვრევინეთო. იქით კიდევ ეგრე დაუვალებიათ, ქვემოდან შემოდი, შენი სახლის მხრიდან გვაკონტროლებენ, ბენზინს ვერ გამოგატანთ დაგვინახავენო. ეს კი არ გაუმხილა ბიჭებს. გამოდის, მოატყუა, ვითომ ცელოფნების გასაკრავად მიჰყავდა. სინამდვილეში, შეიძლება მაგის გაკეთებაც უნდოდა, რაც გააკეთა. იმიტო რომ მთავარი არ უთხრა ამათ: ოსებს ისიც უთქვამთ სოსოსთვის, სამშვიდობოს ბიჭები ჩაისვი და ჩვენსკენ ისე წამოდიო. ეგეც იმ დროს დაამთხვიეს, ზუსტად იცოდნენ როდის გადიოდა სანდრო პატრულირებაზე.

სანდრო, დათო კასრაძე, გია კეკოშვილი და მამუკა ბერუაშვილი ჩაისვა იმ სოსომ თავის მანქანაში და წავიდნენ. ეს ბიჭები სულ ერთად, ერთმანეთზე შეზრდილები იყვნენ. არც ერთი არ დაფიქრებულა, ისე ჩასხდნენ და გაყვნენ... მოკლედ, მაინც არ დამიჯერა, არ გამოიჩინა სიფრთხილე.

სოსოს სახლამდე ერთი ადგილი იყო გადახერგილი, რაღაც აუფეთქებიათ. ისეთი ვიწრო გასასვლელი იყო დატოვებული, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იგივე ადგილას უნდა გადაევლო საბურავებს. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იქ ჩაუდეს. პროვოდებით გაიყვანეს და მოშორებით, სახლში ჩაუსაფრდნენ.

დაწვრილებით

მე რო ჩემებთან მივედი, სტუმრები ჯერ სადილობდნენ, დედაჩემმა სუფრა გაუშალა. მე ფეხზე დგომით შევჭამე, დაგვიღამდება-მეთქი, მალე წამოვედი. მაინც, უცხოელები გყავს ჩაბარებული, გზაზე ხარ, ქვეყანაში ყაჩაღობაა. მე კი მქონდა იარაღი, მაგრამ მაინც. წავედით-მეთქი. მანქანაში ჩავჯექით და აფეთქების ხმა გაისმა.  მუქი ბოლი ავარდა. მამაჩემი მაცილებდა. რა ხდება-მეთქი. შვილო, იქ სულ რაღაცეებს აფეთქებენ, რას გაიგებო. ისე არასერიოზულად მიიღო. წამოვედი, მაგრამ ეგ ბოლი ვერ გამოვიგდე თავიდან.

ბორჯომში მეხვეწა ჩვენი ახლობელი, პურმარილს გავშლი, დარჩითო, მაგრამ არაფრით არ დავრჩი. ღამის ორ საათზე დამირეკეს ტყვიავის საავადმყოფოდან.

სანდრო იჯდა გვერდით. უკანა საბურავის შედგომისას ააფეთქეს, მანქანის უკანა მხარე სულ მოგლიჯა ბომბმა. დილით რომ ჩავედი, ბიჭების ხელი, ფეხი, თავი ასი მეტრის იქით ეყარა. სანდროს წნევამ ისე დაარტყა, თავით ჰქონდა სახურავი გახვრეტილი, მაგრამ ტყვიავის საავადმყოფოში ოთხი-ხუთი საათი მაინც იცოცხლა. მამაჩემის ხელში დალია სული.

სოსო გადარჩა. მძღოლი წნევამ გარეთ გამოისროლა. მერე ფეხით გააგრძელა, თურმე, გზა და სადღაც ას მეტრში, ხის სკამი შეხვდა და იქ ჩამოჯდა.

ხმაურზე ბიჭები ჩავიდნენ, მათ შორის რუსებიც. რა ხდებაო, ჰკითხეს სკამზე მჯდარ სოსოს, ბიჭებს მიხედეთო, თითით ანიშნა. ისინი იქით გაიქცნენ. მან კი რამდენიმე წუთში, იქვე დალია სული. გული გაუსკდაო. შიშით ალბათ.

მერე დაჭრილი სანდროს გატაცება უნდოდათ იქიდან. რუსებმა ცხინვალის საავადმყოფოში გადავიყვანთო. ალბათ ოსებმაც იცნეს და იფიქრეს, ფულსაც გავაკეთებთო. მაგრამ ჩვენები უფრო მეტნი იყვნენ და არ დაანებეს. ერთი რუსი გაჰყვა თან ტყვიავში, ექიმი ყოფილა თვითონ. იქ რო უნახავს სუნთქვის აპარატი არ ჰქონდათ, წავიდა და ცხინვალიდან ამოიტანა. იქამდე ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. ტყვიავის ექიმები ამ კაცის ისეთი მადლიერები იყვნენ. მართლა ადამიანი იყოო.

ყველაფერი იქვე გაირკვა. მე ყველგან ვთქვი, რომ იმუქრებოდნენ ბიჭები, ჰაერში აიწევითო. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი  ჩვენმა ბიჭებმა გამოიტაცეს ერგნეთის ბაზრობიდან. მამაჩემის ნათლული იყო. ბავშვობაში ყელში ხუთკაპიკიანი გაეჭედა, კვდებოდა და მამაჩემმა საავადმყოფოში წაიყვანა, სიკვდილს გადაარჩინა. მაგიტომ მოანათლინეს მამაჩემს. მერე ასე გადაგვიხადა სამაგიერო. ჩვენი მხრიდან მაინც არავინ გაიმეტა ის სასიკვდილოდ. უბრალოდ, ათქმევინეს ვინ იყო ორგანიზატორი და გაუშვეს.

მაგრამ ღმერთი არავის პატიობს. იმათგან ორნი უგზოუკვლოდ დაიკარგნენ.

ერთი, ცხინვალში ჩაცხრილეს. ამ ალიკას სამი წლის ბავშვი მოუკვდა, მინინგიტით. მერე დედა გაუგიჟდა და ბოლოს თავი მოიკლა. ორ წელიწადში არც ერთი აღარ იყო ცოცხალი.

ათასობით ადამიანი ჩამოვიდა სანდროს პანაშვიდზე, მთავრობის წევრებიც იყვნენ. გმირთა მოედანზე მემორიალზეა მისი სახელი. გორგასლის ორდენიც მიანიჭეს.

სულ მაინტერესებდა რატომ, ვინმეს სიკვდილს ხო არ უკავშირებენ-მეთქი. ჩემი მეგობრები, ბიძაშვილები ცხოვრობდნენ ცხინვალში და ვკითხულობდი, ხო უნდა მცოდნოდა. მარა არა. არაფერი. უბრალოდ, ავტორიტეტი და სახელი ჰქონდა. ამის გამო.

ერგნეთში, ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ ბიჭები. სოსო ცხინვალში შეიყვანეს და იქ დაასაფლავეს.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ფოტო: შახ აივაზოვი