სანთლები | მზია ჭოველიძე, ახალი ხურვალეთი
09.11.2020 | 5 წუთიანი საკითხავიმზია ჭოველიძე, ამჟამად ცხოვრობს ახალ ხურვალეთში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
რო ჩამოვარდა და დეეცა სახლს, ჩამოინგრა სახურავი. მოვყევით ჩემი შვილი და მე, ძლივას გამოგვიყვანეს. იქიდან 12 აგვისტოს გამოვედით. ფეხით ვიარეთ. სულ ტალახიანები და დახეული შარვლებით ჩამოვედით. არაფერი წამოგვიღია. იქამდეარ მომყვებოდნენ ჩემი შვილი და ქმარი. ბოლოს ვუთხარი, ადექით, დაგვხოცავენ, რას უყურებთ-მეთქი.
90-იანების არეულობის დროს, სულ ომში ვიყავით, მაგრამ მაშინ არ გამიყვანია შვილები. აგვისტოში რუსი რო შემოვიდა, შემეშინდა. ჩვენი ოსი მეგობრები ვერაფერს გვშველოდნენ. იმათაც დახოცავდნენ და რა ძალა გვადგა?
სახლი აღარაა, კარი აღარაა, შვილი მყავს მკვდარი და საფლავია იქ მარტო. ისიც არ ვიცი საფლავიც არის თუ არა. მაგისთვის თუ დავბრუნდები და სანთლებს დავანთებ.
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: თეო ქავთარაძე
ფოტო: თაკო რობაქიძე