გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

საქართველო ფოტოშოფის გარეშე

გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმი „ღორი“ კოტბუსიდან თბილისის ფესტივალზე

მაშინ, როცა საერთაშორისო გამოცემებში მომრავლდა სტატიები საქართველოს თვალწარმტაც ბუნებაზე, „cool“ და „chic“ სასტუმროებზე, კლუბებსა თუ რესტორნებზე და ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ვაზიარებთ მათ ონლაინ, ამით, თითქოს, საკუთარ ქვეყანას გარედან ვუწყებთ ყურებას და აღარ ვუღრმავდებით სხვა რეალობას, რომელიც ტურისტულ გზამკვლევებში დაბეჭდილ ფოტოებზე არასდროს გადადის.

ამიტომ, ლოგიკური და გულწრფელი მომეჩვენა კოტბუსის კინოფესტივალზე გერმანელი მაყურებლის კითხვა ქართველი რეჟისორის გიგა ლიკლიკაძისადმი, რომელიც მისი სადებიუტო ფილმის „ღორის“ პრემიერის შემდეგ დაისვა: - რატომ გადაიღეთ ასეთი დამთრგუნველი ფილმი თქვენს ქვეყანაზე, როცა საქართველოზე სულ კარგი მესმის და ის ევროპელ ტურისტებს შორის დღითიდღე პოპულარული ხდება?

„ღორი“ მართლაც ბევრისთვის უხილავი, Lonely Planet-ისა და Trip Advisor-ის მიღმა დანახული არაგლამურული საქართველოს ილუსტრაციაა; იმ ქვეყნის, სადაც ადამიანები შიმშილის დასაკმაყოფილებლად ზოგჯერ ქელეხებში დადიან, ხოლო თავის გადასარჩენად, აპათიაში ჩავარდნილები, დანაშაულს სჩადიან ხოლმე.

თარგმანში დაკარგული ნიუანსებისა და ქართული ყოფითი რეალობის არცდონის მიუხედავად, ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე საკმაოდ ბევრი ხალხი დარჩა და იმდენი კითხვა დაისვა, აშკარა იყო, საქართველოსადმი სხვაგვარი ინტერესი გაჩნდა - მაყურებლებმა ქვეყანა სულ სხვა პრიზმიდან დაინახეს.

„ღორი“ 20 წლის გზააბნეული ბიჭის, ბაჩანას თავგადასავალს ჰყვება, რომელსაც ასევე ბედარეული ორი ახალგაზრდა კაცი მძევლად აიყვანს, გამოსასყიდს კი ბიჭის მშობლებს მოსთხოვს. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც წლების წინ ვიღაცისგან მოისმინა და მაშინვე დაინტერესდა ამბის ეკრანზე გადატანით.

ფილმი კასპის რაიონის სოფელ ქვემო ხანდაკშია გადაღებული. ქალაქგარეთ, გორაკებზე მიმავალი ავტობუსის გაფუჭების შემდეგ ბაჩანა მგზავრებს გამოეყოფა. კარგა ხანს უმიზნოდ დახეტიალობს, ბოლოს მაყვლის ბუჩქნარში აღმოჩნდება და ჭამაში გართული ერთ-ერთ ეზოს მიუახლოვდება. აქ მას რამო და მახო ხვდებიან, რომლებიც ქურდობას აბრალებენ და გამოსასყიდის სახით ოჯახისგან 300 ლარს ითხოვენ. 

უწმაწური სიტყვებით მოსაუბრე, უცნაური იუმორის მქონე მეგობრები, რამო და მახო, თავს ხან მატარებლის ძველი რელსების მოპარვითა და ჯართში ჩაბარებით ირჩენენ, ხან ახლობლების და მეზობლების იმედზე არიან, რომ სიგარეტს მაინც მოაწევინებს ვინმე. მახო პირობით სასჯელს იხიდის და ვალებიც აქვს. რამოც დროებით მასთან ცხოვრობს. ჩამოგლეჯილი შპალერის, ნახევრად დანგრეული კარადებისა და ქაოტურად მიმოყრილი ნივთების ფონზე, მათ ყოფას დროდადრო კარტის თამაში და პლასტმასის ბოთლისგან კუსტარულად დამზადებული ბონგით მარიხუანას მოწევა ახალისებს. თუ გაუმართლათ, ზოგჯერ ქალთან ყოფნითაც შეიძლება „ისიამოვნონ“, ოღონდ ამას ურთიერთობას ვერც თვითონ არქმევენ - ქალიც მათთვის ისეთივე საგანია, როგორც სიგარეტის ღერი, რომელსაც, ასევე, ძმურად იყოფენ.

არც ბაჩანას მშობლებს ულხინთ. ორდღიანი სატელეფონო ზარების და გინების შემდეგ, ისინი გამტაცებლებს ბიჭის გამოშვების სანაცვლოდ ღორს სთავაზობენ, რადგან გამოსასყიდ ფულს ვერ შოულობენ. 

ფილმში გაუგონარი ბილწსიტყვაობაა. პრაქტიკულად ყოველ მეორე სცენაში ისეთი გინება ისმის, ბევრს შეიძლება გაგებულიც არ გქონდეთ. უხამსი საუბრის მანერა ერთადერთია, რაც ფილმის პერსონაჟებს პროტესტის ფორმად დარჩენიათ. სხვაგვარად საკუთარ თავს და გარესამყაროსადმი დამოკიდებულებას ვეღარ გამოხატავენ. აპათია და ნიჰილიზმი ყველას და ყველაფრის მიმართ - ეს ხაზი თითქმის მთელს ფილმს თან სდევს. გაფუჭებული ავტობუსიც დანგრეული ქვეყნის ასოციაციას იწვევს , რომელიც თავისი მოქალაქეებით (მგზავრებით) შუა გზაზეა გაჭედილი და წინ ვეღარ მიდის.

თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო აფასებ რეჟისორს იუმორის გრძნობას: თუ ერთი სცენა ზედმეტად გზაფრავს, მეორეში შეიძლება ბოლო ხმაზე სიცილი მოგინდეს. პერსონაჟების ტრაგიკომიკური ყოფის ასე გადმოცემას კი მხოლოდ ფილმის პლიუსად შეიძლება მივიჩნიოთ.

მთელი ფილმის განმავლობაში მახო და რამო მუქარითა და დაშინებებით ცდილობენ, ბაჩანას მშობლებს თანხის მოტანა დააჩქარებინონ. თუმცა, ბიჭს არაფერს უშავებენ, ფიზიკურად არც კი ეხებიან, ერთ სცენაში კი მას სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზეც პატიჟებენ, ქელეხიდან წამოღებული საჭმელ-სასმელით რომ გაშალეს. ფილმის სამივე მთავარი პერსონაჟი ერთ სოციალურ ფენას ეკუთვნის და, ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმ შეფარული სოლიდარობისა, რის გამოც ტყვეს ბოლომდე ვერ იმეტებენ.

დინამიური და მონოტონური, ობზერვაციული კადრების მონაცვლეობა და პერსონაჟებისა და გარემოს თანხვედრა ამბის თხრობის სტილს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. აქ პეიზაჟებიც ისეთივე უსასრულო და სტატიკურია, როგორც მახოს და რამოს მძიმე და ერთფეროვნებაში გაყინული ყოველდღიურობა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ასახული სიტუაცია და სოციალური ფონი ქართველი მაყურებლისთვის უცხო არ არის, „ღორს“ მაინც შოკური თერაპიის ეფექტი აქვს. ამის მიზეზი თემის სიმძაფრე, სცენების ბრუტალურობა, უწმაწური ლექსიკა და ის უხერხულობაა, რასაც მაყურებელი კრიმინალი პერსონაჟებისადმი გაჩენილი ემპათიის გამო განიცდის.

„ღორი“ ერთ-ერთი ყველაზე ქართული, ყველაზე ავთენტური და რეალისტური ფილმია, რაც ბოლო წლებში საქართველოში გადაუღიათ. ფილმის პრემიერა საქართველოში 3 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა