გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საშობაო განათება თბილისში
თეგები: #შობა

საშობაო რეიდი

„ამ ქალაქში არის დიდი, ძალიან დიდი,
ვეებერთელა, ამ ქალაქის ხელა მოწყენილობა,
რომელიც უხილავი ძაფებით
გამობმულია საათის ისრებზე“.

როგორ მიხარია, როცა ქუჩებს საახალწლოდ რთავენ. ჯერ დაკიდებას რომ ვუყურებ და მერე ამ დაკიდებულების ანთებას და გაჩახჩახებას ხომ, საერთოდ ვირევი და თვალები ბუდეებიდან ბარტყებივით ცვივიან. როგორ ბრწყინავს ქალაქი და ეს ამდენი მანქანაც გზაზე, ღვთის შეწევნით, როგორ საახალწლოდ ბრწყინავს მტვერიც ჰაერში და ეს ტყვია როგორი შეუმჩნეველია ჩვენი შვილების სისხლში, როგორც სიურპრიზი ნაძვის ხის ქვეშ. ეს ახალი შენობა თავისუფლების მოედანზე ხომ ზღაპარია, ამდენი ნამსხვრევის ასეთი ერთიანობა და ჰარმონია. როგორ გაუნათებიათ შიგნით? რამდენი მილიონი ნათურაა? სად შეუკვეთეს? გადარევას ვარ. როგორი მორთულია და როგორ სრიალებს მეტლახი შიგნით და ეს კიბეები აღმავალ-დაღმავალი და სიცარიელის წარმოდგენა შუაღამისას და გარეთ გაყინვის რეალური საფრთხე და ამხელა სივრცე კი თბილად. და აღარ იტყვით ფასდაკლებებს, უკვე რომ დაიწყო და გადასწვდება ლამის გაზაფხულს. გათენებისას ამ მინის შენობას დამლაგებლებიც მოედებიან, როგორ წმედნენ და ალაგებენ ალბათ სიმღერ-სიმღერით. რამდენი დასაქმდა, რამდენი ცხოვრობს უკვე ღირსეულად. და ის ქალი გახსოვთ? ისევ ცოცხალია. აი, ის, თავისუფლების მეტროსთან ხანდახან რომ მღერის ხოლმე. სიმღერა არ არის. ღმუის ხოლმე. ღმუილიც არ არის, კვნესის მელოდიურად. ორად არის მოკეცილი. კარდონზე წევს. ზამთარ-ზაფხულ. ბავშვობიდან მახსოვს თითქოს. ისეთი მაგარი პალტო აცვია. ადრე ძველ შენობას ეყრდნობოდა, მერე მშენებლობის შემომსაზღვრელ ღობეს ეყრდნობოდა და ახლა გაპრიალებულ ფანჯარას ეყრდნობა. წითელი ხალიჩის პატარა ნაგლეჯი მაინც დაეტოვებინათ. თბილად დაჯდებოდა. ვერ გააგდეს, ეტყობა. სცადეს, მაგრამ ვერ გააგდებდნენ. აქ არის ადგილი. ისევე როგორც ჩვენი ადგილია აქ და სხვაგვარადაც არ შეგვიძლია. მანქანები-მეთქი და პოლიციის მანქანების ნათებები ხომ ცალკეა და გულს მიხარებს და ნაძვის ხეს მხოლოდ ამ ნათებებით მოვრთავდი, ჩემი ნება რომ იყოს, და ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუების ნაცვლად ოპერებს გავუშვებდი ბავშვებთან და დიდებთან, რომ ჩაედოთ მათთვის იარაღები და ნარკოტიკები და მერე ამოეღოთ და მერე ყველა ერთად წავეყვანეთ კაპეზეზე და გზაში დაეცინათ და ეფურთხებინათ, ეგინებინათ, ისე როგორც პრემიერი იგინება და მერე როგორ უხდება ეს გინება და, ღმერთო, რა ლამაზად ჟღერს მისი გინება, ვისაც არ უნდა მიემართებოდეს და როგორ უხდება. დაე, საახალწლო მილოცვად პრემიერის გინება გავუგზავნოთ ყველა ოჯახს, გილოცავთ და თქვენი კეთილებიც მოვტყან. მალე ახალი რეიდები დაიწყება და მოგეტყნებათ კიდევ კეთილები. აგერ წინა რეიდიდან გახსოვთ ზვიად რატიანი? ო, როგორ მომწონს ეს ნაცემი ზვიად რატიანი. რა დაგიმალოთ და მის ლექსებზე მეტად მომწონს, როგორ კოხტად წევს ახლა საავადმყოფოში და რა მშვიდი სახე აქვს და მოიცა, რა არის, ეს რა შფოთიანად სძინავს, ნუთუ აკრძალულ სიზმრებს ხედავს, თითქოს კოშმარში სანაპიროზე ჩაჰყავს ის შვიდ კაცს და თავში ურტყამენ, მოწყვეტით, გამეტებით, მანქანაშიც თავს მუხლებში აყოფინებენ და ისე ურტყამენ და რა მშვენიერია და დაუვიწყარია ის ნაცემი, მშვენიერი ჩვენი პოეტი. როგორ უბრწყინავს სისხლის წვეთი ყვრიმალებზე. და რა ლამაზია ეს გატენილი ავტობუსი, ადამიანები ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთს ეკვრიან ამ პარტიულ ფერებში გადაწყვეტილ აკვარიუმში, საათობით ერთმანეთს ყნოსავენ დაღლილები და ჯიპებით ალყაშემორტყმულები, მძიმე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ჩანთებით ხელში, და რა ლამაზია ეს გამონაბოლქვიც შავი და შხამიანი, როგორც კალმის მოსმა და მალე ალბათ როგორც წერტილი, ჩვენი გაწამებული ცხოვრების წიგნში. როგორ მომწონს მე ეს ქალაქი, დიდუბის მეტროც როგორ მოურთავთ, საახალწლო გამოსვლა ჰქონდა ერთ კაცს, იწვა ყინვაში ცივი კიბის საფეხურზე და მღეროდა, ერთ ფრაზას იმეორებდა:

„ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები, ისევ ეშვება ღამე, აღარასოდეს განმეორდები, ვხედავ ითვლიან წამებს“.

მეტყველება ერეოდა, ბოლოს სიტყვებს ვერც არჩევდი. ხალხის ნაკადი, გარემოვაჭრეების გაყინული ხილი, ლოთები, მიწისქვეშა გადასასვლელი. უკან კი მისი ხმა და გასვრილი, დასახიჩრებული, დაგრეხილი სხეული. ღმერთო, ნუთუ ამის არ დანახვა შეიძლება. რატომ არ მორბიან ჟურნალისტები ჭაკი ცხენებივით, რატომ არ ეხვევიან, როგორც ტკბილს ჭიანჭველები და არ იღებენ, რომ ახალი წლის ღამეს ვუყუროთ და ავწიოთ ჭიქები და ღვინით სავსე ჩვენი ჭიქებიც კი ხომ უფრო ანათებს, ვიდრე დაბალვატიანი ნათურები ბევრ ჭერზე. საოცარია ცები კორპორაციული საღამოებიდან მისრესილი ფოიერვერკებით და ხმები შორეული, რატომ არ ავყვეთ იმ სიმღერას, რატომ არა ვთქვათ, რომ ვითვლით წამებს.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა