სასიყვარულო წერილი დედამიწას | სიო ქავთარაძე
12 ნოემბერს თბილისის ონლაინ ბიენალეს ფარგლებში გაიხსნა გამოფენა „სასიყვარული წერილი დედამიწას“. ბიენალეს სახელია „მარტო სახლში“. გამოფენის კურატორია კატარჟინა ზაგატოვსკა. გამოფენაში სამი პოლონელი არტისტი მონაწილეობს, სამივე ქალი: კაროლინა გრჟივნოვიჩი, დიანა ლელონეკი და ვერონიკა გესიჩკა.
გამოფენა ვიდეო თამაშის პლატფორმაზეა შექმნილი, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ავტორობით. მაყურებელი სამგანზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკაში, კლავიატურის საშუალებით გადაადგილდება და მაუსის დახმარებით იხედება აქეთ-იქით.
გამოფენა იტვირთება და საგამოფენო სივრცის, თეთრი კუბის წინ გაჩენილი დამთვალიერებელი გზას იკვლევს - გალერეიდან ბუნებისკენ. ეს კურატორის ჩანაფიქრია - თეთრი კუბი, საგამოფენო სივრცის სიმბოლო, ნელ-ნელა ქრება, ნამუშევრები ბუნებაშია გამოფენილი. მზე არ ჩანს, ალბათ ჩადის, ბალახს ოქროსფერი დაკრავს, ხეები მუქი მწვანეა, ზოგან წითელი ფოთლებიც ერევა. აქ, ვირტუალურ სამყაროში შემოდგომაა. წელიწადის დროები არ იცვლება. ალბათ სულ ეს დროა. გამოუსწორებელ შეცდომებზე ბოდიშის მოხდის და სიყვარულის ახსნის დრო.
ბუნებაზე კომპიუტერულ გრაფიკაში გამოფენის გაკეთება ერთი შეხედვით სარისკოა საქმეა - წერს კურატორი შესავალ ტექსტში. მართლაც სარისკოა ბუნების სიმულაციაში ბუნებაზე ლაპარაკი. მაგრამ აქ, ამ გამოფენაში, ბუნების ციფრულ ასლში გამოფენილი ნამუშევრები იმ აუცილებელ სიტყვებად იქცევა, რომელიც დედამიწას კი არა, საკუთარ თავს უნდა მივწეროთ. ამ წერილის ადრესატი დედამიწა კი არა, მაყურებელია, ყოველი ჩვენგანი. ამ წერილში კი ჩვენი შეცდომები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია აღწერილი. ეს წერილი ყურადღებით უნდა წავიკითხოთ და ხავსზე ჩაბღაუჭება ვცადოთ.
გამოფენა კონკრეტული პრობლემების განხილვით ფართო ეკოლოგიურ საკითხებს ეხება. კონკრეტული პრობლემებიც, რომელიც შეიძლება მაგალითად, პოლონეთში ტყის ჩეხვა იყოს, ყველა ქვეყნისთვის ნაცნობი და მტკივნეული ამბავია. ყურადღებას რამდენიმე ნამუშევარზე გავამახვილებთ, იმ სიტყვებზე, რომელიც განსაკუთრებით მოგვეწონა.
გამოფენა კაროლინა გრჟივნოვიჩის თეთრი დროშით იწყება. არტისტმა მსოფლიოს ის დროშები შეისწავლა, რომელთა ფერებშიც თეთრია გამოყენებული. დროშების დეკონსტრუქციით კი ერთი, საერთო დროშა მიიღო, რომელზეც სხვადასხვა დროშის სიმბოლიკაა თავმოყრილი. „დროშა გვაერთიანებს, მაგრამ ზოგჯერ გვყოფს კიდეც“ - ვკითხულობთ ნამუშევრის ტექსტში. თავდაპირველად, დროშის ამგვარად დაშლის სურვილი არტისტს წითელი ფერის, როგორც პატრიოტული ჰეროიზმის და გმირულად დაღვრილი სისხლისგან გასათავისუფლებლად გაუჩნდა. თეთრი ფერი მშვიდობის სიმბოლოა და იქნებ სწორედ ეს, სხვადასხვა ქვეყნის გაერთიანებული დროშა გახდეს მშვიდობიანი მომავლის ნიშანი?
თეთრ კუბში შესვლისას ხმა ირთვება. შავთეთრი ფოტოები ვერონიკა გესიჩკას ეკუთვნის, ხმოვანი რიგი კი, დიანა ლელონეკის ნამუშევარია. დიანა ლელონეკმა შვეიცარიაში სამი მყინვარის ხმა ჩაიწერა. მყინვარების, რომლებიც დნება, ეს დნობის ხმაა. ეს დროის ხმაა. წამზომის ხმა. გლობალური დათბობის ხმა, რომელსაც არ ვუსმენთ, არ გვჯერა და არ ვითვალისწინებთ. უთოვლოდ დარჩენილი მთების, გვალვიანი, ცხელი და მტვრიანი მომავლის ხმა.
შემდეგ ოთახში ორი ფოტოა გამოფენილი: კაროლინა გრჟივნოვიჩის ნამუშევრის ფოტო დოკუმენტაცია. ფოტოზე ე.წ. ევროპალეტია, ეკონომიკური გლობალიზაციის ერთგვარი სიმბოლო. არტისტმა პალეტი პოლონური შავი მუხისგან დაამზადებინა. შავი მუხა ერთ-ერთი უძვირფასესი ხეა. პოლონეთში ევროპის ერთ-ერთი უძველესი ტყე თვალშისაცემად მეჩხერდება. ტყის 1/6 ნაკრძალია. ტყის დანარჩენი ნაწილი იჩეხება და იქ გაჩეხილი ხეებისგან ევროპალეტები მზადდება. ეს ამბავი გახდა ნამუშევრის შექმნისთვის საწყისი წერტილი. ნამუშევარი ილუსტრაციაა, თუ როგორ ვეპყრობით უძვირფასეს ტყეებს. როგორ ვახურდავებთ პლანეტას ერთჯერად, იაფფასიან ნივთებად.
გამოფენას ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მიჰყვება ფონად. ესეც დიანა ლელონიკის ნამუშევარია. ეს იმ ჩიტების ხმებია, გადაშენების პირას რომ არიან. მალე ამ ჭიკჭიკს ვეღარ გავიგებთ. ხმა უკანასკნელი ძახილია, უკანასკნელი გაფრთხილება.
გამოფენის ბოლო ფოტო, იმ სერიის გაგრძელებაა, დასაწყისში რომელიც გვხვდება - ვერონიკა გესიჩკას ნამუშევარი. ლელონეკმა ამ სერიაში ე.წ. სტოკ ფოტოები გამოიყენა, მათში ფოტოშოპით ჩაერია და სტანდარტული, ბედნიერი, დადგმული ფოტოები გაფრთხილებებად აქცია. ბოლო ფოტოზე ადამიანების ჯგუფი წყალში ხტება, წყალი არტისტმა ორმოდ, შავ ხვრელად გადააქცია. აქ გამოფენა სრულდება, გარემო ბნელდება და ისევ გამოფენის დასაწყისში, თეთრ კუბთან ვჩნდებით.
ბოლო ნამუშევარი სწორედ ის მდგომარეობაა, რომელშიც ხეების ჩეხვით, გარემოს დაბინძურებით, ცხოველების და ჩიტების განადგურებით ვიგდებთ თავს. ღრმა ორმო, შავი ხვრელი, სადაც ბედნიერები, სახეზე ღიმილით საკუთარი სურვილით ვხტებით.
გამოფენა ცდილობს იმაზე დაგვაფიქროს, რაზეც უმეტესი ჩვენგანი იშვიათად ფიქრობს. ცდილობს, შეგვახსენოს, რომ დედამიწა არ არის H&M- ში ნაყიდი წინდა, რომელსაც გამოვიყენებთ და გადავაგდებთ; რომ დედამიწა არ არის „რესურსი“ ან პროდუქტი, დედამიწა სახლია. ამ სახლში კი მარტო არ ვართ. ამ სახლის თანაბარუფლებიანი ბინადარია ყველა სიცოცხლე, ჩიტი თუ ცხოველი, ტყე თუ ყვავილი, რომელსაც ვანადგურებთ.
ერთხელ, ერთ სოფელში მიტოვებულ მშენებლობაში შესახლებულ ოჯახს მოვკარი თვალი. ვიკითხე უსახლკაროდ დარჩენის მიზეზი. „აი, იმ სერზე ცხოვრობდნენ, ძველი ხის სახლი ქონდათო, ერთ ზამთარს რო შეცივდათ, ნელ-ნელა დაშალეს სახლი გასათბობად, ბოლოს უსახლკაროდ დარჩნენო“-მითხრეს სოფელში. არ ვიცი, მოიგონეს თუ მართალი იყო ეს ამბავი, მაგრამ ძალიან კარგად აღწერს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. როგორ ვშლით ჩვენს სახლს ნაწილ-ნაწილ და როგორ ვუკეთებთ ცეცხლს, რომელიც ერთეულების ხელებს ათბობს და ჩვენ უსახლკაროდ გვტოვებს.
იმედია, ეს წერილი ადრესატამდე, თითოეულ ჩვენგანამდე მიაღწევს. დედამიწას კი სიყვარული წერილის გარეშე, მასზე ზრუნვითა და გაფრთხილებით უნდა ავუხსნათ.
გამოფენის ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: www.tbilisionline.ge
ტექსტი: სიო ქავთარაძე