
საშიშად ახლოს
კლუბი "ხიდი", თბილისი. 20 და 21 ივნისი, 2017.
რა ამბავი იყო: პერფორმანსი - "ერთ სახეობაზე მეტი".
არა აქვს მნიშვნელობა, რას დავარქმევთ ტაკაკო სუზუკის (იაპონია/გერმანია) წარმოდგენას, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ქორეოგრაფია, ფიზიკური თეატრი, ცოცხალი მუსიკალური იმპროვიზაციები, ალაგ-ალაგ ტექსტიც და კიდევ ბევრი რამ, რისი დეფინიციაც რთულია, რადგან ავტორი აქ შეგრძნებების ენით გველაპარაკება. სიტყვებით იმის გადმოცემა, რაც სამი მოცეკვავისა და სამი მუსიკოსის შესრულებით ვიხილეთ, ფრიად რთული იქნება, რადგან ხელოვნების ეს ენა, ამგვარი სინთეზურობა, სწორედ რომ სცდება სიტყვით, ანუ გამყარებული, დაფიქსირებული ერთეულებით გადმოსაცემ შინაარსებს და სულ სხვანაირ, ახლებურ კომბინაციებს ქმნის. მაგრამ მაინც:
დარბაზში შესვლისთანავე გთხოვენ, შავ საცეკვაო იატაკს ფეხი არ დაადგა, სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფი ამკრძალავი ნიშნებით დადის მაყურებელში, წითელ რგოლშია ჩასმული ყველაფერი: მობილური ტელეფონით ლაპარაკი, ნაყინის ჭამა, სექსი, ცურვა და ა.შ. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ აქ, ამ მოცემულ სივრცეში არ შეგვიძლია. ამით სუზუკი თითქოს სამოქმედო ჩარჩოს მოხაზავს, მიგვანიშნებს, რომ აკრძალვები ხანდახან აბსურდულია, მაგრამ მაინც არსებობს. წარმოდგენა კი წინ და უკან მოსიარულე სამი მოცეკვავით იწყება, ისინი დიდხანს დადიან, ელოდებიან, როდის გამოეთიშება მაყურებელი თავის საზრუნავს, ბოლოჯერ როდის ჩასქროლავს ფეისბუკს, გადაკოცნის ნაცნობებს და ბოლოს და ბოლოს, განეწყობა სპექტაკლისთვის. მათი განსხვავებული პლასტიკა (კაცები ქართული ხალხური ცეკვის გამოცდილებით, ქალი – საბალეტო სკოლისა და პანტომიმის) წინასწარ გამზადებს, რომ, სულ მცირე, უჩვეულო სანახაობა გელოდება. და ასეც არის, ეს სწორედ ის მთავარი „აკრძალვაა“, რომელზედაც სპექტაკლის ქორეოგრაფიული ენა დგას: შევაძლებინოთ ქართული ცეკვის შემსრულებელს, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს ის, რასაც წლების განმავლობაში სრულყოფდა – გაათავისუფლოს, ან გახსნას თავისი პლასტიკა, სრულ იმპროვიზაციაში ჩაიგდოს სხეული. სპექტაკლის სარეკლამო ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ „დადგმის ძირითადი ღერძია სხეულის აღქმა, მისი გამოხატვის თავისუფლება და შეზღუდვები“, არ ვიცი, რამდენად უნდა დავეთანხმოთ ავტორთა ამ მოსაზრებას სპექტაკლის კონცეფციის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში ეს მიმართება აშკარად იკითხებოდა.
ზოგადად, აბსტრაქტულობა, არაილუსტრაციულობა სუზუკის დადგმის მთავარი მახასიათებლებია. აქ ვერ ამოიკითხავთ რაიმე სახის „ამბავს“ თუ სიუჟეტს, რომელსაც შეიძლება მოეჭიდო და ბოლომდე მიჰყვე. სცენების დისოციაციური ჯაჭვი მხოლოდ ბუნდოვანი შეგრძნებების ენით გველაპარაკება, რიტმის მონაცვლეობით გვითრევს იმ სამყაროში, სადაც უარყოფილია ზუსტი სახელდება – სწორედ ისევე, როგორც ქორეოგრაფიაში ძნელია იპოვო მიჯნა ქართული ცეკვის თუ თანამედროვე ბალეტის პლასტიკებს შორის, ზოგადად დადგმაშიც იგივე ხდება – ავტორი გვთავაზობს სრულ თავისუფლებას, ჩვენ თვითონვე დავალაგოთ ელემენტებად დაშლილი ტექსტი ერთ მთლიანობად, დავინახოთ აქა-იქ გაელვებული ქართული ცეკვის „ილეთები“, დავუკავშიროთ ისინი მეინსტრიმული ქართული ხალხური ცეკვისთვის ასე დამახასიათებელ მასკულინობა-ფემინურობის მკვეთრად გამიჯვნას (მართალია, ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფიაში ეს მიჯნები კარგა ხანია, საფუძვლიანად შეირყა, მაგრამ მეინსტრიმი მაინც მეინსტრიმად რჩება). მინიატურული, სიფრიფანა, მოქნილი მოცეკვავე ქალი, სხვა საცეკვაო ტრადიციიდან, მოქცეული ორ მამაკაცს შორის – თითქოს ეს მოცემულობა თავისთავად გვიქმნის ქართული ცეკვებისთვის დამახასიათებელ სიუჟეტურ მონახაზს – ახლა მამაკაცები ერთმანეთს შეერკინებიან ქალის „მოსაპოვებლად“, მაგრამ სუზუკის დადგმაში ეს არა და არ ხდება, აქ სამივე მოცეკვავე საკუთარ თავშია ჩაღრმავებული, თითქოს პარალელურ რეალობაში არსებობს, მოძრაობს და ექსპერიმენტს ატარებს საკუთარ სხეულზე. თუმცა, საბოლოოდ ისინი მაინც გადაიკვეთებიან, ერთ სხეულად იქცევიან: კულმინაციურ სცენაში, როდესაც სამივე მოცეკვავე ერთმანეთს აწევს, შემდეგ კი მათი სხეულები თეთრი ფხვნილით იფარება და ხის დაფაზე სხეულების კონტურებით „ნახატი“ იქმნება, შეუძლებელია, სუნთქვაშეკრულმა არ გაიფიქრო: აჰა, მივხვდი, მივაგენი დადგმის მთავარ აზრს... მაგრამ იმავე წამს ეს აზრი ისევ უკვალოდ იკარგება. და ალბათ, ასეც უნდა იყოს, ქორეოგრაფიულ დადგმას იქ ყოფნა, დანახვა, ადგილზე შეგრძნება სჭირდება – ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ან მხოლოდ ფერმკრთალად თუ შეძლებ გამოხატო. სუზუკის და მოცეკვავეებს ეს ნამდვილად გამოუვიდათ – „ერთ სახეობაზე მეტი“ იყო საოცრად ამაღელვებელი სანახაობა, დელიკატური შეხსენება, რომ განსხვავებული სხეულები (პლასტიკა) შესაძლოა ერთ სივრცეში მოაქციო ისე, რომ მათ თვითმყოფადობა არ დაკარგონ და მაინც შექმნან უნისონი. და ეს ყველაფერი თამაშდებოდა მაყურებლის სიახლოვეში, თითქოს ერთი ნაბიჯით ზედმეტი და, მოცეკვავე დაგეჯახება, მუდამ „საფრთხის“ ქვეშ ხარ, რაც მთლიანი დადგმის ფილიგრანულობასთან კონტრასტს ქმნიდა. დიახ, სხეული შეიძლება იყოს საშიში, ოღონდ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, შორიდან. ახლოს მოსული მაყურებელი კი, რომელიც მზადაა მიიღოს ასეთი სახის ექსპერიმენტები, უთუოდ დაინახავდა იმას, რისი სიტყვებით გამოხატვაც არ არის იოლი: გათავისუფლებულ სხეულებს.
კონცეფცია, რეჟისურა და ქორეოგრაფია: ტაკაკო სუზუკი | იაპონია/გერმანია
კომპოზიტორი: მატიას მიულერი | გერმანია
მოცეკვავეები: გიორგი გულისაშვილი, ელენე ენუქიძე, ლაშა მძინარიშვილი
მუსიკოსები: გიორგი ირემაშვილი (დოლი), გიორგი ზენაიშვილი (ჩონგური, ჭიანური), მატიას მიულერი (ტრომბონი)
კოსტიუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი
სცენოგრაფია: ტაკაკო სუზუკი
შემოქმედებითი კონსტულტანტი: ინნა მარგველაშვილი
კურატორი და ზოგადი კონცეფცია: სალომე ჯაში
შექმნილია გამომცემლობა “ინდიგოს” მიერ გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდთან ერთად ქართულ-გერმანული წლის (2017) პროგრამის ფარგლებში
მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ქალთა ფონდი საქართველოში | პარტნიორები: სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი თბილისში, KHIDI, ქართული ფილმი და BetterFly
ავტორი: დავით გაბუნია