გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

“შემოდგომის სონატა” პოლონურად

განსაკუთრებულად მიყვარს კინოფესტივალები, რომლებიც ჩემს ქალაქში იმართება. დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-ის წლევანდელი პროგრამა ფილმებითა და შეხვედრებით ისეთი მრავალფეროვანი იყო, რომ არჩევანი გამიჭირდა. პირიო ჰონკასალო, პაველ ლოზინსკი, გიედრე ჟიცკიტე და სხვები – ფესტივალი ამ რეჟისორების ფილმების გარდა, მათთან შეხვედრებსაც გვთავაზობდა. ასე რომ, შთაბეჭდილებები და თემები ბევრი დამრჩა, თუმცა მაინც გამოვყოფ ერთს – ფილმი „ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ CinéDOC-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

სიტყვა გამომეტყველება ქართულ ენაში ძალიან ზუსტად ასახავს სათქმელს.

სწორედ მეტყველებისა და გამომეტყველების გულწრფელობა გიმორჩილებს საათ-ნახევრის განმავლობაში პაველ ლოზინსკის ამ ახალი დოკუმენტური ფილმის ყურებისას. რეჟისორი თითქმის აკრძალულ და წარმოუდგენლად ინტიმურ სივრცეში შედის, იმდენად პირადში, რომ ხანდახან გრცხვენია და წუხდები, რომ ვიღაცამ უფლება მოგცა, უცხო ადამიანების განცდებს ასე ახლოდან შეხებოდი, დაგეთვალიერებინა სახის ნაკვთები, შეგესწავლა მიმიკა, გესმინა მათთვის და ხშირად საკუთარი თავი დაგენახა, აზროვნების რომელიღაც შრეში ათობით კულტურული კავშირი გაგხსენებოდა. თუმცა, ასეთი სიახლოვის მიუხედავად, რეჟისორმა მაინც მოახერხა, არ გადასულიყო იმ ზღვარს, სადაც მაყურებელი თავს ზედმეტად იგრძნობს. პაველ ლოზინსკი ამბობს, რომ ეს მონტაჟის დამსახურებაა და დასძენს, რომ პოლონურ დოკუმენტურ კინოში მართლაც გამორჩეულად შეუძლიათ ნამდვილი ამბების მხატვრულივით დამონტაჟება.

პაველ ლოზინსკი თავის ახალ ნამუშევარს ჟანრობრივად ექსპერიმენტულს უწოდებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამაზე ნამდვილი არასოდეს არაფერი გადაუღია. „ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ დედისა და ქალიშვილის აღსარებაა. ისინი საკუთარი გაუცხოების მიზეზებს ცნობილ ვარშაველ ფსიქოლოგ ბოგდან ბარბაროს უყვებიან.

სამი კამერით შეიარაღებული რეჟისორი დაახლოებით 5 სეანსის განმავლობაში 20 წლის ჰანიას, დედა ევას და მათ ფსიქოლოგ ბარბაროს იღებდა. ჰანიას და ევას დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ფსიქოლოგიური სეანსების დროს ისინი ერთ სივრცეში სხედან, თუმცა ერთმანეთთან არ საუბრობენ, მათ შორის ემოციების მედიაციას ფსიქოლოგი ახდენს. პაველს ფსიქოლოგიური სეანსების ქრონოლოგია არ დაურღვევია, ისინი სწორედ იმ თანმიმდევრობით დაამონტაჟა ფილმში, როგორც სინამდვილეში იყო.

ეს ყველაზე კარგად ქალების გამომეტყველებაში იგრძნობა, როგორ იცვლება მათი სახეები გაუცხოებიდან კათარზისამდე, ბრაზიდან თანაგრძნობამდე.

პაველ ლოზინსკისთვის პირადი სივრცეები, ოჯახური ურთიერთობები საყვარელი თემებია. მისი წინა ნამუშევარი „მამა და ვაჟიშვილიც“ ამას ეხება. პაველის მამა, მარსელ ლოზინსკი, ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია პოლონურ კინოში და ცნობილია, რომ მამა-შვილს რეალურად ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. რამდენიმე წლის წინ პაველმა მამამისს, როგორც თვითონ ამბობს, „ავტოთერაპიის“ ჩატარება შესთავაზა, რაც მანქანით სამოგზაუროდ წასვლას და ყველაფრის კამერით გადაღებას ნიშნავდა. მამამ ვიდეომასალა მართლაც ჩაუტანა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უკმაყოფილო დარჩა ფილმით, რომელიც შვილმა მის მიხედვით ააგო. ამიტომ საკუთარი ვერსია შემდეგ თვითონვე დაამონტაჟა. პაველი როგორც ამბობს, ახალ ფილმში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული ოჯახური ურთიერთობის გადაწყვეტამდე, ახალ ნიშნულამდე მიყვანა იყო. აქცენტის ქალებზე გაკეთება მიზნად არ დაუსახავს – მანამდე სხვა ბევრი წყვილიც ნახა, იყვნენ მამა-შვილი, ცოლ-ქმარი, თუმცა მერე ისე მოიხიბლა ევას და ჰანიას გახსნილობით, რომ კინოსურათის გმირებად სწორედ ისინი აქცია. ალბათ ამ შემთხვევითობის გამოა, რომ მის ამ კინოს, საბოლოოდ, უფრო მეტი შრე აქვს, ვიდრე რეჟისორი გეგმავდა.

დასასრულს, ტიტრებში ჩნდება საკვანძო წინადადება, რომელიც მთელ ფილმს, მისი ყურებისას გაჩენილ სამყაროს, საერთოდ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამავდროულად, ეს რამდენიმე სიტყვა ბოლოში, თითქოს ამოსუნთქვაა, ახალი ათვლის წერტილი. მაყურებელი სწორედ ამ ფრაზის მერე იწყებს ფილმზე ფიქრის მეორე ფაზას, პირადი ასოციაციებიდან უფრო ზოგად სიბრტყეზე გადასვლას.

არ ვიცი, როდის გექნებათ ამ კინოსურათის ნახვის საშუალება, რადგან მას გრძელი საფესტივალო ცხოვრება დაეწყო. თუმცა, თუ შემთხვევით, ვირტუალურად ან რეალურად, რომელიმე ქვეყანაში ამ საინტერესო პლაკატს გადააწყდებით, ფილმზე დროის დახარჯვა არ დაგენანოთ.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა