გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შენიშნე შენც

საპროტესტო აქციებზე ერევანში, სადაც დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებდით, მომეჩვენა, რომ ხელოვანები საპროტესტო მოძრაობის ლამის ავანგარდს წარმოადგენდით. რამ განაპირობა ეს?

მოძრაობამ Electric Yerevan რამდენიმე დღეში შეძლო სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების მობილიზება და გახდა ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია 2008 წლის შემდეგ. მაგრამ მოძრაობის სიჭრელის მიუხედავად, ძირითად ნაწილს მაინც საშუალო კლასი წარმოადგენდა – საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, მეწარმეები და, როგორც შენ შენიშნე, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ხელოვანები ორგანიზაციულ პროცესში არ მონაწილეობდნენ, თუმცა შეიძლება, უფრო მეტად ჩანდნენ სწორედ თავიანთი აქტიურობის გამო.

როგორ ფიქრობ, სომხეთში მემარცხენე პოლიტიკური ძალების არარსებობა, ხომ არ უბიძგებს ხელოვანებს, რომ საკუთარ თავზე აიღონ სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების არტიკულირება?

მე ვფიქრობ, რომ თუკი რამე უბიძგებს მემარცხენედ განწყობილ ადამიანებს თვითორგანიზებისა და უკმაყოფილების არტიკულირებისკენ, ეს არა მემარცხენე პოლიტიკური ძალების არარსებობა, არამედ სულ უფრო და უფრო მჩაგვრელი სისტემაა, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა ოლიგარქო-კაპიტალისტურს (ან ოლიგარქიულ კაპიტალიზმს). ასეთი თვითორგანიზების ერთ-ერთი მაგალითია ინიციატივა დისკურს. ამ, რომელიც 2013 წელს დაარსდა.

მეჩვენება, რომ სომხეთში ახლა ძალიან ცოცხალი და საინტერესო არტისტული სცენაა. როგორ შეგიძლია მისი დახასიათება?

ბოლო წლებში ხელოვანები, მათ შორის, თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლები თანდათან სულ უფრო ერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში. აქტივიზმი და ხელოვნება სულ უფრო ერწყმებიან და წინააღმდეგობის საინტერესო ფორმებს ბადებენ. ამის გამო ჩნდება აქტიური არტისტული გარემოს განცდა, რომელიც შენც შენიშნე, მაგრამ, მეორე მხრივ, თავს იჩენს ხელოვნების ინსტრუმენტალიზაციისა და ავტონომიურობის საკითხები.

ალბათ გახსოვს პელეშიანის ბოლო ფილმი, „სიცოცხლე“, რომელშიც ის, ასე ვთქვათ, დაბადების მისტერიას აჩვენებს. როგორ ფიქრობ, სომხეთში ამჟამინდელი მდგომარეობიდან რა შეიძლება დაიბადოს?

სომხური საზოგადოება დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე – 6 დეკემბერს იმართება რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორია მოქმედი პრეზიდენტი და რომელმაც უნდა დააკანონოს მისი და მმართველი პარტიის უცვლელობა. მაგრამ მთავარი კითხვა ის კი არ არის, უმრავლესობა საპარლამენტო მოდელს მხარს დაუჭერს თუ არა, არამედ ის, შეუძლია თუ არა აქტიურ საზოგადოებას რეალური პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა