გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სექსი და დემოკრატია

1.

ლექსის სქოლიო

განსხვავება ჰიპოთეზაა,
რომელსაც გამოთქვამს მსგავსება.
მსგავსების მიერ გამოთქმულ
ამ ჰიპოთეზას
მეტაფორის სახე აქვს
და იგი ამბობს:
განსხვავება არის მსგავსება.
განსხვავება არის ცუგცვანგის
მდგომარეობა, რომელშიც
განსხვავებულები იმყოფებიან
და მიზეზ-მიზეზ შედეგ-შედეგობრივად
მთლიანად განსაზღვრულ
სვლებში ინერციით იხარჯებიან.
თავისუფლება გამოდნება,
როცა მსგავსების
ხდება განსხვავებად გამაგივრება.
იქ მისაწვდომიც ხდება
სხვა ცუგცვანგის საიმისოდ არჩევა,
რომ უახლოეს მომავალს შეუყენო
არა იგივე წყალი, არამედ
უახლოესი, ოღონდ ახალი,
წარსული და ისტორია,
რომელიც დროის
ის დომკრატია,
რომელშიც თრთის და ისმის,
ეს ერთი მაინც უტყუარი,
დემოკრატია.
ხოლო შენ კი, ადამიანი,
ხარ ერთ-ერთი ჰიპოთეზა
სხვა ჰიპოთეზებს შორის,
ანუ ერთ-ერთი მეტაფორა ხარ
სხვა მეტაფორებს შორის.
ამათ შორის კი
ადამიანი ჩანს ერთადერთი,
რომელიც შეძლებს,
მიხვდეს და გაიგოს,
რომ თვითონაა ჰიპოთეტური მეტაფორა
და არა ცუგცვანგში გამოჭერილი,
სრულებით შებოჭილი
მორიგი სვლა,
წინასწარ გადაწყვეტილი.
ენიდან ენაში გადატანილი თარგმანი
ორიგინალის მეტაფორაა,
რომელიც იტყოდა,
ეს კი არა, მე ის წიგნი ვარო;
და რასაც დავამატებდი:
აი, ნამდვილი სამება თუ გინდა 
ჰიპოთეზა, მეტაფორა, თარგმანი!
ეს ლექსი არაა,
ეს ლექსის სქოლიოა,
როგორც განსხვავება არის
მსგავსების სქოლიო.
და თავს აცალე ხოლმე შეკრება.

 

2.

არ დაიჯერო,
იყოს ნატიფი,
საღამო გახდა ნატაფარი,
მჭიდრო მჭადების გადაგორება.
ქუჩა მდინარეს ვინ შეადარა,
ჭაობია და ლოდინი
მას რას დაშრეტს,
ვიდრე ბოლთის ცემით
მივდევ ჩრდილის უხმაურო ბოთლის ტრიალს,
რადგან ვუცდი სამარშრუტოს,
ტროტუარიდან რომ ამოგვკვეთოს
როგორც გლანდები.
და კორპუსებზე ზამთრის ხეები
ზედმიმწვარია.
გადათვალე,
საქართველოს ლაბილური ცა სავსეა
ღამის ყალბი მაგ ლანდებით.
სიკვდილი მეძებს,
უსათუოდ ზედმეტ ვარიანტს.
ნამოედნარში დაძვრებიან
გვირაბ-გვირაბ გვარები.
ბრაზი ანაზდად ავარაზდება.
უკან ვბრუნდები,
მე რა ჯარი ვარ,
თუმცა  ქვეითი.
რომ მივუყვები,
რიცხვებნარევი სახელების მოაჯირია.
იქით კი ხევში ყრია სავსებით
ხალხი და საგნები.
თუმცა სიბნელე საზოგადოა,
ზოგი მათგანი მეგულება განსაკუთრებით,
თვალის არა და, თავისმომჭრელი,
ზოგი კი  მაინც სანთლით საგნები.

 

3.

სადაც დაბალი პარაპეტია,
ბებერი პირის ცმაცუნი
განიცდის ლუკმარისობას.
ზოგს დაბადებაც არ ეპატია.
რას ელოლიავები, დაკეპე, დააქუცმაცე,
სივრცის ტყავში გადაცმული
დრო ხან ხალხი და ბორბლებია,
ხან კი  ადგილზე ყანყალი.
მხრებს იჩეჩავენ ხოლმე ხეები 
შეშფოთებული ხმელომანები.
ყავას მიფქვავს
მე ქაღალდის ფულივით
თხელი ხელის სიმკაცრე.
სადაც ეს სინათლე ეთრია,
ყველგან თეთრი კეთრია
და თუ ქუჩის გეოლოგი ხარ,
ჩამქრალ გზაჯვარედინზე
გილაგდებიან მანქანები
ბარაქა ქანებად,
რომ გესმოდეს მათი
უიმედობის გადაძახილი
და აგზნებული აქაქანება.
ერთმანეთს ბეწვზე არ ეჯახებიან.
არ შეხვდებოდა მაინც უკბილოს
ტკბილი ჯანჯუხი.
ჰაერი ჯმუხი მუხის ფერია,
რა ჯადოსნური სიტყვაა ეს „მაინც“,
რასთან აღარ შეგარიგებს
და რას აღარ დაიტევს,
როგორც ნაგვის ცელოფანი,
როგორც თოფი, მოუხდება მაინც ეს ტირს.
ზიზღის ნაჭუჭიდან კი გამოიჩეკა
ტყუპი სამიზნე ფასკუნჯი 
გარეული რელიგია და შინაურ
სინდისთან ინცესტი.

 

4.

თაღქვეშ გუბე დგას
ჯგუფად და
შიგ ჩაცვენილი ანარეკლების
მოჩანს დგაფუნი.
სწრაფი პასუხით
ბავშვებს იზიდავს გუბე და
ჯგუფი რომ სამლიქვნელოა,
ისიც უმალ გაისტუმრებს,
ვინმემ უარი თუ გაუბედა.
გადაშენების ასეთ ჯინაზე,
ისევ და სევდა შეიკავე,
მოდი, მე და შენ გავმედაშენდეთ.
ვის ეუბნები?
კართან ცალკე ხარ
და, მით უმეტეს  აბეზარ კიბეზე.
მზეგაგლესილი დღე მაინც ცივია,
და ეს ურჯუკი,
ხაკი ქურთუკი
ბოლომდე შეიკარი.
ქუჩა იქნევა,
სპილენძის მძიმე შეიკერი.
ქაღალდიანად მე გასახვევი მომაქვს თუთუნი.
ხელი გიტარას უთათუნებს,
გრიფს ეტმასნება
და სიმების ხმა
ხმამ დამტვრეულმა მოხნა და ბასმა,
რომელსაც ტროტუარი
მარტო მოტორმა მოატარა.
რადგან ბეცია,
ანარეკლებს არ ენდობა,
ვაი, თუ ჭაღარა მიჩანსო,
მაინც დაიდო
და ძველებურად
დღემ ისევ არ დათმო ხნა და ბასმა.
ყველას ტყუილი
ყოვლის სიმართლეა.

 

5.

„მე, რუსთველი,
ხელობითა
ვიქმ საქმესა ქამანდარი“.
ის ხარ შენც, შენი
რასაც ექცევა ყურადღება.
და რომ არა ეს ბორკილი,
რომ არა ეს ფესვი,
ეს ვინ ვარო,
უპასუხო კითხვად
წაგიღებდა
ადღვებილი ქარი,
ხომ იცი, რომ იქნებოდი
უსირბილო ბარკალი,
არა სიმკვეთრე,
არამედ განზე
რბილობა რკალის.
რაღა ღადავ-დავარდნილი,
თუ მაინც უნდა
იყო ყლე ოსტატი,
შეუნარჩუნე
სიტყვას ძაბვა და
იყავი ქვეყნის
რეოსტატი.

 

6.

სისხლით სველია
რამე ამდაგვარი
ბრძოლის ველი ან.
ღრჭენით ჩუგლუგი, ლახვარი,
ოროლი, აფთი აქ ისმის.
შენ ეგ საკენკი სხვას დაუყარე პეკინზე.
გამაყუჩებლის, წამლის
ხელშემწყობია ეს აფთიაქი სმის.
დღეები ჩამოდგა, უვარგისოსები.
მათზე რომელსაც მიარაკუნებს
და დრო ყურს ირთობს,
მე არეული ჯოხში ვარ.
და მარიამი, არა ღვთის დედა,
ღიმილით მაძლევს
ხურდას და თეთრი ქაღალდის
პარკოსან ოსანას.
ცა თითქმის საწვიმარია.
მე ვიმსახურებ,
დამემშვიდობოს მიწა, ოხშივარს.
დავდივარ, მიწას ფეხით ვამძიმებ.
ინკუბატორად მოიხმარს,
ისევ ახვარი დააფეხმძიმებს
არა ღვთის დედა მარიამს.

 

7.

იქ კართაგენი გამოიგლოვეს,
გამოიტირეს მათ აქ ურარტუ.
ბევრი ვიარო თუ ცოტა,
კედელს ვნახავ, აგურართულს.
სახლისაა თუ გალავნის,
ჩიტი იქამდე,
საიდან სად აფრინდება.
რა ხმაურია და ღრიანცელი,
ციდან ღრუბელი ხომ არ დაცურდა?
ვიცანი, მაგათ რა გამოცვლიდა,
დარჩნენ პირნათელ,
სადაფ რინდებად.
რა ცოტა კმარა,
თებერვლის ნემსით,
ცივი ძაფითაც ნაკერი
დღე ღამეს გაუთამამდეს.
ჯანდამდე გზა ჰქონიათ,
იესომდე და გაუტამამდე.
მშვიდობის წაღებულს,
ომი მოიტანს.
დღე ჩასრიალდა ღამეში,
დაიკეცა ჯაყვა.
იქ რა ცეცხლი უნთიათ,
ჩაქრა აქ რა ქურა!
დრომ კედელთან მომაკითხა,
აკურატულმა მე მაკრატელმა.

 

8.

გოშიებს განგაში გაშინებთ.
რა ზრუნავს ჩვენზე და  დრო.
რა ზრუნავს ჩვენზე და  სივრცე.
დრო და სივრცე, დრო და სივრცე
გასაქანს გვაძლევს შებოჭილობით.
ორივე წაისიფრიფანებს და ქაღალდისგან გამოჭრილია.
გადმოღებული ბოლო ლექსის თაროდან
მაკრატლით კი არ დავკორტნი,
დაგიკლავ აკურატულად
ამ ორ კურატ კურატორს.
მეც მერამდენედ გადავიკეცე.
დავიმტვრეოდი, ვყოფილიყავი რომ
მუყაოსი და სიმთელეში ვგავარ გავარჯიშებულს.
ღამე მოიყვანს შავ მაგ ავაზებს,
რომ ქუჩას კლანჭი გაჰკრან გავაზე.
პეკინი წითლად დაწინწკლულია,
აღმა ახედავ და შეშურდება
თოფს, ორლულიანს,
რომელიც ისვრის
ერთი ლულიდან დროს და
მეორე ლულიდან სივრცეს.
შინაურ გოშიებს
განგაში გაშინებთ.

 

9.

დატენა სიცოცხლის გორგლით
ჯერ და მერე კი მისგან დაცალა, ტანი განტენა
და შუალედში გაჭიმა მიმღებ-გადამცემ
ადამიანი ანტენად.
აქეთ-იქიდან მომდგარმა არყოფნამ
ალაგ მოქრთამულ შემთხვევითობას
ბედი რა გორგლის ანდო,
დაბადებით და სიკვდილით დაკრულს,
ყურს ნუ ათხოვებ ორი არყოფნის
როგორ გლისანდოს.
დილიდან ასეა და ახლაც ქართან
კარს ხოლმე გააკანკალებს,
მზე კი სინათლეს აზერი
მეზობელივით ამტვრევს.
ერთმანეთისგან რამ გაყო, მაგრამ
მაინც მესამე არყოფნის კარის
თარჯიმანი და მთარგმნელი ხარ,
რომ მისი არსადობა-არასოდესობისთვის
აქაურობა-ახლაობის
თუ როგორ ამბების გასკდა კასკადი,
მისთვის გასაგებ, გრძნეული
და მჭევრმეტყველი გრძნობის,
დადგა და სცენაზე დასცე ნაზ ენაზე.

 

10.

სისხლის მიმოქცევას შეისწავლის ანგიოლოგი,
დროა თხევადი ჟანგი,
და ისტორია,
თან ჟანგოლოგი,
სისხლით მოზელილი
თიხის მძიმე ბურთულებით
არენაზე ჟონგლიორობს.
დროა თვითონ ისტორიის
ღვინოსავით ძელგი მენსტრუაცია
და პატრიოტის გონება
და მორწმუნის
სულიც საფენია,
ჰიგიენური და გაჟღენთილი.
ახლოს, ოჰ, ყოფნის
და შორს, ეჰ, ყოფნის
ორი უთავბოლო მიმართება
ბოლოდ და თავად
რომელ წყვილს არ მოირგებს
და მთელი სამყაროს აღწერას ჰყოფნის.
მე კი დერეფანი მეკაფანდარა 
არა მგონია, ბარბაციანი ნაბიჯის გამო 
და არაერთი ცინიკურიც ვიცანი კარი.
აქ შუქსაც ბნელი ცანცარი ელის,
ცბიერად ნელიც ან ცარიელი.
ჩემ გარდა იქნებ სხვაც იყოს
ოთახიდან დათესილი,
მეტი მეოტი მოტივი.

 

11.

არა მარტო ძილში იცის
გულზე დაჯდომა მაჯლაჯუნამ,
ის მღვიძარესაც ღვიძილშიც
თავს არ ანებებს ზოგჯერ და
ის ფიქრის უსწრაფესია
და სადაც თავის საშველად
გონებით მიქრი, ზის იქ.
ასეთ მაჯლაჯუნას, მოუშორებელს,
უკეთესს ვერაფერს დავარქმევ, ვიდრეა
„მონაწილეობის კრიზისი“.
მონაწილეობის კრიზისის კი სამკურნალო,
მხოლოდ ხალხური, მეთოდებია
სექსი და დემოკრატია.
თუმცა მაგათითაც
დიდად თავს ვერ შველიან,
არც უმაგათობა ივარგებს,
თორემ დაემსგავსები
სულ მთლად უდაბნოს,
ხრიოკ ველიანს.
ჩვენ რა ვქნათ, ბებერმა ხრონწებმა,
უკვე ყანწებად დაგრეხილები
ნელ-ნელა შევიკრათ უნდა რომ
ბოლომდე დაღუნულ ნულებად.

 

12.

რატომ მარტო რიტმია?
ფუჭ შეკითხვებს ავტორი,
ხალხის სკაში გატარებულ
რიტორიკულ ამ ტარიგებს,
აქაოდა თქვენიანი ვარო,
აქეთ-იქით არიგებს.
მხოლოდ გასცემს,
მხოლოდ კარგავს
და არაფერს არ იგებს.
მაინც ბედთან,
ასეთ ხვედრთან
ვერაფერი არიგებს.
რატომ მარტო რიტმია
და ქვეყნიერების მიეთ-მოეთი
თავზე ასდის ასე ხშირად ოხშივრად?
მალე არაა თუმცა შემცვლელი
ეს სკა ნირის,
მაინც რიტმს ეტმასნები,
რადგან ხარ სკანერი.
არსად გეჩქარება,
როგორც ქვაბის პირზე ჩამოჯდება პირველი ორთქლი.
ამასობაში სამყარო თავისი მრავალი ხელის
უთვალავი თითით,
რომლებს შორის შენ და მეც ვართ უნებლიეთ,
ისე უკრავს თავის თავზე,
როგორც უზარმაზარ ხელტაფაზე.
გესმის, როგორ მას გუგუნი გაუდის?
მეც მის ირგვლივ დავდივარ
და ნაბიჯების მაგივრად
ვურტყამ ნაფაზებს.
სკანერის საქმეა,
რომ მოიტანოს
უმკვლელობო ნანადირევი
და როცა შენ მოგიშორებს,
მერე გაიგებს ეს დავრდომილი ქვეყანა,
რომ ზედ რიტმზე სკანერი დებია.
ბოლო პასუხებს
და სკაში დასკვნებს,
ყურს არ უგდებენ,
ჩქარი ნაბიჯით გაურბიან
ან ერიდებიან.

 

13.

როცა ფერს მოაქვს თანაც ტექსტურა
და როცა ფერი იმას გაგებინებს,
თუ ხელს როგორი დახვდებოდა,
მას რომ შეხებოდი;
როცა ფერში
თვითონ მის გარდა
თვალით ხედავ და
ვითომ კანითაც გრძნობ იმ ზედაპირს,
რომლისაც იგი ფერი არის
ან იქნებოდა;
თვალ-ხელის ასე განუყრელად
გონებაში შემკრებ ფერ-მასალას
ეძახიან ქრომატურას.
როცა სიყვარული ფერია,
ხოლო სიკვდილი მისი მასალაა,
რომელიც გამოსჭვივის სიყვარულიდან,
ასეთ დროს ორივე მართლა თანაბრად ძლიერია
და მათი ქრომატურა,
სულ მცირე,
ორჯერ უფრო ძლიერია,
ვიდრე რომელიმე მათგანია ცალკე.
ამიტომ სიყვარული,
რაღაც ამბავში,
შეიძლება აღმოჩნდეს
ჩემსავით ბებრის
მაინც უებრო.
იცის თუ არა მან ეს,
ფერმწერი მხატვარი
არა უბრალოდ ფერებით
და მონასმებით,
არამედ
მუშაობს ქრომატურებით
და ხდება, რომ მას
ცხოვრება ბაძავს.

 

14.

დღე თავიდანვე ცუდად
დამახსოვრებულს ჰგავდა
და თავის თავის განმავლობაში,
ის ისე ისევ სევდის ფოთლების გვრემით
თანდათან ალაგ-ალაგობს,
ვითომ ტოტიდან ტოტზე
მიხტის იგივე გალაგო.
ბინდბუნდის ხორთუმით
ღამე გამოწმებს, ხომ ისევ ის ხარ.
მიდი და გაიგე, რას ფიქრობს,
მხედრად უნდიხარ თუ უნდა დაგიგოს,
როგორც ასფალტი,
სადაც ქალაქის ოღროჩოღროა.
დიდი და მძიმეა,
მაგრამ რბილი და მგრძნობიარე აქვს,
მოგეხსენება, ფეხისგულები.
შიში გაბედვაში ჩანს,
თორემ უშიშარმა,
აბა, რა იცის,
რაა გაბედვა.
გამბედავი სხვაა, უშიშარი  სხვა,
შუა უდევს ბრაზი და რისხვა.
დღესთან ერთად არის გუშინ, არის ხვალ.

 

15.

თუ დასცალდა, ივლისიდან დაიწყება წლები სამოცდა.
დროა, დრო აზრზე მოვიდეს, მიხვდეს,
ჩემზე ტყუილად დაიხარჯა და მოცდა.
რადგან არაფერი ჩემგან არ გამოდნა,
ფუჭია ჩემი კიდევ დალოდება, მოცდა.
როგორც ტერფი ტერფისგან,
მეტრფე სატრფოსგან იმიტომ ითხოვს თავის ერთადერთობას,
იმიტომ ვერ იტანს მისგან ღალატს, რომ
ითხოვს თავისთვის თავის ნამდვილობას,
რომელიც არაფერს მოაქვს ამ ქვეყნად ისე უდავოდ,
ერთადერთობის მკაფიო კონტური რომ მოუტანდა.
რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია,
ძუ იყოს თუნდა ხვადია, ხომ ქრება კაცი უსხვებო?
და თუკი პოეტის მისწრაფება ცოტა პრომისკუიტეტია,
მხოლოდ იმიტომ, რომ ის, ბეჩავი, გაბზარული ჭურჭელია
და წყალივით გასდის მას თავისი რეალურობა,
რომლის შევსებას დაეძებს აქეთ-იქიდან,
თორემ გარშემო ფრთოსან ცხოვრებას სწორად ჰგონია,
არა პოეტი, არამედ არის უფრო რომ ის კუტი ტეტია.
ქვეყნიერება, დავარქვათ თუ გსურს, მთელი სამყარო
ზუსტად ასეა, ისიც მანამდე და იმდენად რეალურია,
ვიდრე იგი და რამდენადაც ერთადერთია.
ჩემი თუ არ გჯერა, ჰკითხე!

 

16.

მეტი კარგი სერია, მეტი ჩამთრევი სერიალი
და რელიგიაც აღმოიფხვრება, მოგვწყდება თავიდან.
რაშიც გარწმუნებს რელიგია და რისთვისაც სწამთ რელიგიის,
ზუსტად იმას გკარნახობს საშენოდ კარგად გამართული ყველა სერიალი,
ყურმოსაკრავად როცა გეუბნება, რომ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ  დროებით.
რელიგიას შენ უნდა ეახლო, სერიალი შენთან თვითონ მოდის.
სერიალი სუფთაა, ეკლესია კი არ იცავს ჰიგიენას.
სერიალი სტუმარია, რომლის მოლოდინში
ვინ იცის, ჯერ კიდევ როდიდან
და რამდენ ენაზე ითქვა,
რომ სტუმარი ღვთისაა.
შენს დაუდეგარ ფიქრს
და მოუსვენარ გრძნობას
ბლანტი დღეების და წებოვანი
ღამეების განმავლობაში ვინმე სჭირდებათ,
ვინც კვერის დაკვრით დაუდასტურებს,
რომ ყველაფერი წარმავალია,
მაგრამ იქვე მოაყოლებს,
დასძენს რა, რომ
დროებით.
ხოლო რელიგიას
ახასიათებს და გამოარჩევს
ჯიუტი და უტეხი უეჭველობა;
რაც თავისთავად საეჭვოცაა და სადავოც.
ამასთანავე, ღმერთის ან ღმერთების რელიგია
თავის ერთადერთობას სავალდებულოდ ითხოვს,
რადგან თავისი ერთადერთობის გარდა არგუმენტები,
როცა ვინმეს არწმუნებს, თვითონაც იცის, რომ არ გააჩნია.
თუმცა მთელი სამყაროც ზუსტად ასე იქცევა, მაგრამ ის ამას
უნებლიეთ სჩადის. ხოლო რელიგიას ადამიანები ამკვიდრებენ,
კატეგორიულ ადამიანებს რამეში ენდო კი იგივეა, რომ შეწყალება
სთხოვო მთიდან დაგორებულ ლოდებს. კარგი სერიალი, დამეთანხმე,
მიიკლაკნება პირობითობის გულდასაწყვეტად მტკივნეულ, მაგრამ მაინც
მსუბუქ ნაპირებს შორის, და ეუბნება, დაუჟინებლად, გონების გულს ის, რომ
ყველაფერი დროებითია, ოღონდ დროებით. დროებით!

 

17.

პოეზია არაა წაგება და პოეზია არაა მოგება.
და უსიკვიდილოდ გაღვიძებისას
თითქმის იგივე წარსული
მაინც თავიდან მოგება.
თუ მეკითხები, რა განასხვავებს ერთმანეთისგან პოეზიას და პროზას,
ამას ვიტყვი, რომ პოეზიისთვის არ არსებობს სინონიმია,
არ არსებობს სინონიმები.
აი, პროზა კი  გთხოვ, აქ არ გაიხსენო
ერთი ცნობილი ანტიდეპრესანტი, სახელად „პროზაკი“ 
მოკლედ, პროზა კი
სინონიმებისგან შეკრულ მოაჯირს მიუყვება კიბეზე,
ნათურებადაც სინონიმებს ანთებს და აქრობს
და სინონიმებით მოკირწყლულ ქუჩაზე ცხოვრობს.
ხოლო პოეზიის კერპია ომონიმია
და თუ რამეს პოეზია დაეძებს,
მიუწვდომელი მისი მიზანი
ის ერთადერთი სიტყვაა,
რომელშიც ისმის ყველა ენის სულ ყველა სიტყვა.
რადგან იგია საყოველთაო ომონიმი,
დღისთვის იგია მზე ომონიმი,
ღამით ისაა მთვარე ომონიმი.
თავისთვის ჰქონდეთ,
რაც რამე სინონიმიაში საღი აზრია,
პროზას მოახმარონ უხვად, მათი ნებაა,
მთავარია, პოეზიას რომ არ ეომონ იმით.
ახლა დავუგოთ, დროა, ღერძები 
არ აგვერიოს,
პოეზიის ღერძია ომონიმია,
პროზის ღერძია სინონიმია 
და გავუყენოთ თავთავიანთ გზებს.
დატრიალდება პოეზია და ძველებურ ციფერბლატზე
დროს გაზომავს,
დროს, რომელიც არსად მიდის
და მაინც ყველგან მიდის.
საჭე მძღოლს ელოდება,
პროზა ეზოში დაქოქილია.
პოეზიას თავის მრგვალ გზაზე უჭირს
ცხადის სიზმრისგან კარგად გარჩევა,
ხოლო პროზა ვაჭარივით გაქნილი და დაქოქილია.
ერთმა მეორეს გადასძახა,
სადაც არ უნდა წახვიდე და ეგ გზა რამდენიც არ უნდა აქო,
ბოლოს მაინც მოხვალ და მოიტან
ატამივით სივრცის კომპოტს
მუქთად აქო, ქილიანს.

 

18.

რადგან არსად არ ხარ,
ამიტომ ხარ იძულებული,
რომ სადმე იყო
და ამ სადმეს ჰქვია „აქ“.
რადგან არასოდეს არ ხარ,
ამიტომ ხარ იძულებული,
რომ როდისმე იყო
და ამ როდისმეს ჰქვია „ახლა“.
ხომ ხედავ,
ერთი აკიდოს ამ ორი მტევნის,
არსადის,
არასოდესის წვენია
აქ და ახლა.
რადგან არსად და არასოდეს არ ხარ,
ხარ იძულებული გრძნობით.
ჭიქაც ეგაა, კულაც
და აზარფეშაც.
დავთვრეთ, თანდათან დავლიოთ
ჩვენი არყოფნის ღვინო
ისევ თბილისის საგარეწროში,
უკვე ამ საუკუნელი.
მარტი ტოტია,
წელიც  უბრალო კუნელი.

 

19.

ჩემი დემონი არ ჰგავს სხვა დაიმონებს.
იგი გზას მიბნევს, მიმაბარბაცებს,
ამიტომ თუ ვისვრი ამდენ ამდენს,
იმდენ იმდენს, აქსა და იქსს, მესა და შენს,
ჩემს და შენს, მაშინს და ახლას,
ასეს, ისეს, ესს, ისს, იმს, ამსაც.
დემონი კი არა, თაღლითი ყოფილა,
თუ კაცს ასე ნართაულად დაიმონებს.
ვითომ მართლა დავეძებ,
თუ რას ვითვლი,
როცა ვითვლი ერთს, ორს, გინდაც სამს ასცდეს.
უკვე რამდენჯერ გადავაფარე
აქს ესი და ამოვუდე იქს ისი.
რომელი ლექსი გაუძლებდა
მიმთითებლების ჩანჩქერს,
ან რომელი დაბნეული
გონს არ მოეგებოდა,
რომ დახვედროდა, თუნდაც უნებლიეთ,
თავისთვის მახედ
თავისი ხელით დაგებული
ამდენი  აი, ისევ!  დეიქსისი.
ყოველი მათგანი არის ხომ კედელში ჩაჭედებული,
რომელმაც მყარად უნდა შეიპყროს ხრახნი,
ფესვივით მზარდი დუბელი.
პოეტი ახლა პეკინელია,
ოდესღაც იყო დიდუბელი.
უვარგისობის გისოსებს საგულდაგულოდ გამოგებულმა
მან გაატარა საუკეთესო წლები.
და რაღა მნიშვნელობა აქვს,
ახლაა რა ხნის.
მდგომარეობას უკეთესად
ვერ გაიუკიდურესებ.
განწირულ მითითებებში
მითითებულის ხან სახით,
ხან კი მაგივრად
თავს ეძებს მიმთითებელი.
არ ვუსურვებდი შემთხვევით პოვნას
და არც განგებ მიგნებას.

 

20.

ევა

დაირხა ჭორი და გავარდა რუმორი,
ცალ მითითებას მიმთითებელ-მითითებულის
ბოლო აქვს რომ ორი.
ტალახიანი სამყაროდან ნელა წამოდგა
ადამიანი, ამ სამში გრძელი.
და ძირითადი ამ სამეულის ბუნდოვანი იდეა,
ცუდად გამოჰყვა ზოგ რეგვენს,
რომელმაც ღმერთად შერაცხა სამება,
რომელსაც უწოდა წმინდა,
რადგან იმასაც გრძნობდა, რომ
ადამიანი ტალახიდან რომელიღაც სამეულმა ამოხაპა,
თუმცა კი დატოვა ბურუსში, რომელიც
ურჩხულებს ბადებს რელიგიებადაც.
და მიმთითებელს თავისი თავისთვის
ბოლოს რომ მიეგნო, წრე უნდა შეეკრა
და, ესე იგი, თავის მშობლებზე უნდა გაევლო.
მიმიხვდი ალბათ,
რომ მითითების თავში
თავისი თავის აღმოსაჩენად
ალყად შეკრული მითითების ბოლომდე მიმყოლი
ყოფილა თებელი მეფე, სახელად ოიდიპოსი.
ხოლო კლდის ქიმზე
ფრჩხილივით წამოზრდილი
სფინქსი, რომელმაც
უვინაობო იგი, უფლისწული,
თავისი ვინაობის აღმოსაჩენად
ქალაქში შეუშვა და გაიმეტა,
ის სფინქსი იყო განსახიერება
მიმთითებელი თითის.
მისი გამოცანა, მრავლისთვის საბედისწერო,
ამოხსნა ოიდიპოსმა,
გასცა რა პასუხი,
რომელიც აღმოჩნდა მაცდურად მარტივი
და მრავლისმეტყველი  „ადამიანი!“.
თუმცა არ ინძრევა ბინძური ეკლესია,
ის მაინც ინძრევა.
ერქვა კი
სფინქსს ევა.

  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა