
რუსეთისკენ წასულ მთავრობას ყველგან გავაპროტესტებ | სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის საქმე
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებს შორის ორი უკრაინელია: 27 წლის სერგეი კუხარჩუკი და ასევე 27 წლის რუსლან სივაკოვი. აქციებზე თავიდან შემთხვევით მოხვდნენ. შემდეგ გაიგეს, რომ რუსეთი ჩაგრავდა ქართველებს და გაუჩნდათ მოტივაცია, პროტესტში ჩართულიყვნენ, – ამბობს მათი ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.
გამოძიება ორივეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათი საქმე კიდევ სხვა ცხრა დაკავებულის საქმესთან ერთად განიხილება. შეგახსენებთ, რომ ეს ე.წ. „თერთმეტეულის საქმეა“, რომელში შემავალი დანარჩენი ბრალდებულები არიან: რეზო კიკნაძე, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, გიორგი ტერაშვილი, ირაკლი ქერაშვილი და ვალერი თეთრაშვილი. ეს ის საქმეა, რომლის ჯგუფურობასაც ადვოკატები სრულად გამორიცხავენ, რადგან არ დასტურდება, რომ ჯგუფის წევრები ერთმანეთს იცნობდნენ; რომ მათ, ვინმეს ორგანიზებით, დანაშაული დაგეგმეს და განახორციელეს. „თან დროშიც აღრევაა. არ შეიძლება, ჯგუფურად დანაშაული სხვადასხვა დღეს ჩაიდინონ ადამიანებმა“, – განმარტავს ადვოკატი ფიქრია მახარაძე.
სერგეისა და რუსლანის საქმეებში ისევე, როგორც სხვა პირების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა პატაკები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული რამდენიმეწამიანი ვიდეოები დევს.
ერთ-ერთ ვიდეოში სერგეი და რუსლანი ერთად არიან აქციაზე. კადრებში ჩანს, როგორ გადაულაპარაკებს სერგეი რუსლანს. მეორე ვიდეოში, ხალხის მასაში, რუსლანი ხელში რაღაც ნივთითაა. შემდეგ ხელს იქნევს, თუმცა, კადრი წყდება და გაურკვეველია, რას ისვრის, ან საერთოდ თუ ესვრის ვინმეს. გამოძიება მას ქვის სროლას ედავება, მაგრამ საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ რუსლანის მიერ ნასროლი ნივთი ნამდვილად ქვა არის და რომ რამე, ან ვინმე ამ სროლით დაზიანდა. სერგეის კადრში კი ასახულია, როგორ აგდებს ის შუშის ცარიელ ბოთლს, შემდეგ – პლასტმასის ცარიელ ბოთლს.
„[სერგეის შემთხვევაში], უბრალოდ, გადაგდების მომენტია, მიზანმიმართულიც კი არ არის სროლა. ისვრის არსაითკენ“, – გვიხსნის სერგეის და რუსლანის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.
„ქვა ვისროლო სადღაც და არავის მოხვდეს, ეს არ არის დანაშაული, არც ძალადობაა“, – ამბობს ადვოკატი ფიქრია მახარაძე.
რუსლანიც და სერგეიც უკრაინის მოქალაქეები არიან. ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს. ერთად მუშაობდნენ შემდუღებლებად და, რადგან ორივე უკრაინელია, იოლად დაახლოვდნენ. ბინაც ერთად იქირავეს.
„რუსლანი ამბობდა, საქართველოს მთავრობამ კურსი შეიცვალა და რუსეთისკენ წავიდაო; რუსეთისკენ წასულ მთავრობას კი, სადაც გინდა ვიყო, ყველგან გავაპროტესტებო“, – გადმოგვცემს ადვოკატი ფიქრია მახარაძე.
სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი 5 დეკემბერს, საღამოს, სამსახურიდან შინ დაბრუნებისას დააკავეს ნაქირავებ სახლთან ახლოს.
ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი ამბობს, რომ ამ დროს პოლიციის თანამშრომლებს სასამართლოს განჩინება მხოლოდ რუსლან სივაკოვის დასაკავებლად ჰქონდათ. მასთან ერთად მყოფი კუხარჩუკი კი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე გადაიყვანეს მცხეთის იზოლატორში, მომდევნო დღეს, 6 დეკემბერს კი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, გამოშვებისთანავე თავიდან დაიჭირეს უკვე სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს მუხლი მიუსადაგეს რუსლან სივაკოვსაც.
ბექა ხოხობაშვილის თქმით, სერგეის შესახებ ყველა მტკიცებულება შს სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ ღამეში შეაგროვეს და სისხლის სამართლის საქმეზე მის დასაკავებლად სასამართლოს განჩინებაც მიიღეს.
სერგეი კუხარჩუკის ადმინისტრაციული საფუძვლით დაკავების ოქმებში აღნიშნულია, თითქოს, ის ხელს უშლიდა რუსლან სივაკოვის დაკავებას. თუმცა, ეს ოქმები სისხლის სამართლის საქმეში აღარ გადაიტანეს. ბექა ხოხობაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში ისე ჩანს, თითქოს, რუსლან სივაკოვის დაკავებამ 5 დეკემბერს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო კუხარჩუკი იქ იყო თუ არა, ნახსენები არ არის.
„გაყალბების საკითხი სწორედ აქ შემოდის… ყველაზე დიდი შეცდომა, რაც საგამოძიებო ორგანომ დაუშვა, იმ ორი დეტექტივის წერილობითი ახსნა-განმარტებებია, რომლებმაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს კუხარჩუკი. ეს დოკუმენტები პირდაპირ ცხადყოფს, რომ ოქმები გაყალბებულია. დასაკითხ პირთა სიაში ამ დეტექტივების ჩასმა მე მოვითხოვე. მოსამართლემ მოთხოვნა დამიკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ითხოვდა, ამოეღოთ საქმიდან ადმინისტრაციული საქმის მასალები და ეს ორი მოწმეც“, – ამბობს ხოხობაშვილი, თუმცა იმედი არ აქვს, რომ სასამართლო არსებით სხდომებზე ამ მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე დაარღვევს კანონს და ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევის საშუალებას არც კი მოგვცემს, – დასძენს ხოხობაშვილი, – პრაქტიკა ასეთი მაქვს, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე მოსამართლეს წინათაც უთქვამს, ყველა მტკიცებულების გამოკვლევა ვერ ესწრებაო და სააპელაციოში გაასაჩივრეთ, იქ გამოიკვლიეთო. რეალურად, არც იქ გამოიკვლევენ და სტრასბურგში გადავინაცვლებთ“.
საქმეში არსებულ დარღვევებს შორის ადვოკატები იმასაც უთითებენ, რომ საქმის მასალების გაცნობა დაკავებულებმა ვერ მოახერხეს, რადგან ეს მასალები არ თარგმნეს. კერძო ადვოკატებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ დაკავებულებმა კიდევ არ იცოდნენ ზუსტად, თუ რას ედავებოდნენ.
უკრაინის ომიდან საქართველოს ციხემდე
სერგეი კუხარჩუკი ხერსონიდან არის, რუსლანი ვოლჩანსკიდან, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობდა და რუსულმა მხარემ მთლიანად გაანადგურა.
სერგეი საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდა. მას ორი შვილი და მეუღლე ჰყავს, თუმცა დაკავების შემდეგ მათთან კონტაქტი აღარ ჰქონია. ტელეფონის ნომერი, რომელიც ადვოკატებს მისცა ახლობლებთან დასაკავშირებლად, ხელმისაწვდომი არ არის. ციხეში სერგეის ტუბერკულიოზი აღმოაჩნდა და ქსნის სპეციალურ სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, ის ახლა უკეთ არის.
რუსლან სივაკოვს კი დედა და ორი ძმა ჰყავს. მამა ომში გარდაეცვალა. რუსლანი განქორწინებულია და ყოფილი მეუღლე, მათი სამი შვილით, ახლა გერმანიაში ცხოვრობს – იქ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხვდნენ.
რუსლანის დედას, ელენა სივაკოვას ტელეფონით დავუკავშირდით. მან გვიამბო, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე რუსებმა მათი ქალაქი დაიკავეს და იქ მყოფი უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, მათ შორის მოხვდა რუსლანიც. 2 წლის შემდეგ კი საქართველოში გამოადეპორტეს.
რუსლანის დედა გვიყვება, რომ მისმა შვილმა თბილისში სამსახური 2024 წლის მაისის დასაწყისში იშოვა. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს ამზადებდა. შემოდგომაზე კი მუშაობა თავისი პროფესიით – შემდუღებლად დაიწყო. რუსლანი ოჯახსაც ეხმარებოდა ფინანსურად. მათ ხან აუდიო, ხან ვიდეოზარით ეკონტაქტებოდა.
„30 ნოემბერს დამირეკა, სამსახურიდან რომ გამოვედი, გაჩერებაზე ვიდექი და საპროტესტო მსვლელობაში მოვყევიო. ცრემლსადენი გაზის ბალონებს ისროდნენ და ხალხის ნაკადს გავყევიო. როდესაც გააღწია, შემატყობინა, რომ სამშვიდობოს იყო“, – გვიამბობს ელენა სივაკოვა.
დედამ შვილთან კავშირი 5 დეკემბრის შემდეგ დაკარგა. ერთი თვის განმავლობაში არაფერი იცოდა. შემდეგ ადვოკატმა შეატყობინა. დედის პირველი ემოცია სიხარული იყო, რადგან უარესის მოლოდინში მყოფს შვება მოჰგვარა იმის გაგებამ, რომ შვილი ცოცხალი ჰყავს. ელენა თავს იმშვიდებს იმითაც, რომ ციხეში ცუდი პირობები არ არის; რომ დაკავებისას რუსლანს არ სცემეს; ხოლო ქართველი ხალხი მას ფინანსურად ეხმარება. ელენა სივაკოვასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ ვერაფრით ეხმარება შვილს.
„მე ჩემს უფროს ვაჟთან ერთად ვარ ქალაქ იზიუმში [ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 80 კილომეტრში], სადაც ყოველდღე ისვრიან, აქაც ქალაქს ანადგურებენ. ვიმალებით სარდაფში. ერთი იმედი, რაც გვაქვს, თქვენი ხალხის გულისხმიერებაა, თქვენი სახელმწიფოსი, ადვოკატის. რუსლანი დამნაშავე არ არის და უნდა გამართლდეს“, – გვეუბნება ელენა სივაკოვა, რომელიც სიახლეებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი შვილის შესახებ ადვოკატისგან იღებს, ოღონდ – შეზღუდულად, რადგან იზიუმში ელექტროენერგია დღის განმავლობაში მცირე ხნით მიეწოდებათ და კავშირიც გაჭირვებითაა შესაძლებელი.
დედამ შვილთან კავშირი 5 დეკემბრის შემდეგ დაკარგა. ერთი თვის განმავლობაში არაფერი იცოდა. შემდეგ ადვოკატმა შეატყობინა. დედის პირველი ემოცია სიხარული იყო, რადგან უარესის მოლოდინში მყოფს შვება მოჰგვარა იმის გაგებამ, რომ შვილი ცოცხალი ჰყავს.