შემთხვევითი პოეზია MoonG-თა | ნიკა ხოჭოლავა
ქუჩას სჭირდება ხმა. Ხმა ხელოვნებაში. კულტურული მედიუმის გავლით, თქვენს ყურებში. თქვენი ყურების გავლით, თქვენს ტვინებში.
ურბანულ სივრცეებში მიმოფანტული ადამიანები მკვირცხლ, დაუნდობელ ასპარეზში არიან ჩართულნი: ქვეყანა უნდა განავითარონ, ტერიტორიები უნდა დაიბრუნონ ისე, რომ რაც აქვთ ისიც არ დაკარგონ, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა აღადგინონ, ლარი უნდა გაამყარონ, ცხრათავიან დრაკონს ყველა თავი უნდა მოჰკვეთონ, დატყვევებული პრინცესა უნდა გადაარჩინონ და რაც მთავარია - უნდა გადარჩნენ. ამ გამოწვევებით აღსავსე თანამედროვეობას, საკმაოდ ეკლექტური აქტიურ მონაწილეთა დასი ჰყავს: “ჯინსების თაობიდან” მოყოლებული, “ოთხმოცდაათიანელებით” გაგრძელებული, “ჩიფსების თაობით” მორთული და “ფერადი თაობით” გაახალგაზრდავებული საზოგადოება, ან როგორც ხშირად უწოდებენ ტელევიზორებიდან - “მოსახლეობა”. ამ ადამიანებში ქვეყნის უგემური უახლესი ისტორიით ნაკვებმა ემოციურმა მეხსიერებამ შექმნა გარემო, სადაც წარსული აწმყოს გაუთვალისწინებლად განაპირობებს მომავალს. ხშირად, სწორედ ასეთ ბუფერულ ზონაშია გზა ხსნილი აკუმულირდეს აწმყოს სტიქია და იქცეს განსხვავებულ, ყველასათვის ნაცნობ, მაგრამ დავიწყებულ ნამდვილ ხელოვნებად, რომელიც შექმნის კულტურულ სივრცეს მეტი სინამდვილისათვის. ალბათ, ეს ყველაზე კარგად მუსიკას შეუძლია.
სულ ახლახან ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი ქართული ლეიბლი “Didube Records”-ი, რომლის პირველი გამოცემაც კოლექტივ “MoonG”-ის ალბომია “ცრის”. Მათი Youtube არხის აღწერიდან ვიგებთ, რომ “დიდუბე რექორდსი ექსპერიმენტული ლეიბლია, რომელიც კომუნალური პრინციპით შეიქმნა დიდუბის რაიონის წერეთლის 73-ის (სსრკ-ს დროს ე.წ. "მუნჯების კორპუსის") ეზოში და განვითარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთობლივი მუშაობით.” ერთმნიშვნელოვნად, კოლექტივის სახელი წარმოშობის ადგილს უკავშირდება, თუმცა მათი შემოქმედება, რომელიც უბანს და კოლექტივის წევრებს გვაცნობს, ასევე გვაფიქრებს სახელის სიმბოლურობაზეც. სმენისას გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდობლობა გამოუცხადეს ამერიკულ ოცნებას, აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთს. რომლებმაც არაფრის კეთება ამჯობინეს კარაქის კეთებას რძისაგან, რომელიც საბოლოო ჯამში მაქსიმუმ მარგარინი გამოვიდეს. ნამდვილი უბნის მოსახლეობა, შეუმჩნეველი, ტაბუირებული უმრავლესობა, რომელთაც ჰიპ-ჰოპი აქციეს საშუალებად მონიშნონ საკუთარი თავი აწმყოში. ამიტომაც, ალბომის თითოეული ლირიკა ცოცხალია და ქუჩის ყოველდღიურ დუბლებს შეიცავს.
ჰიპ-ჰოპი, როგორც სუბკულტურაც ხომ მისი გაჩენიდან მოყოლებული ყოველთვის იდგა იმ უბრალოებაზე ან უფრო, პრაგმატიზმზე, სადაც ქუჩის ჩაგრული მკვიდრნი, ყველა შესაძლო ხერხით ცდილობდნენ მოეპოვებინათ ხმა ხალხში, რომ პირველ რიგში, საზოგადოებას ეღიარებინა მათი არსებობა და შემდგომ მოესმინა მათთვის?! MoonG-ის წევრები ამას ინსტინქტის დონეზე, გაუშალაშინებელი გმინვით ცდილობენ. ალბომის უბრალოების, შემთხვევითობის ამბიციას კითხვას მისი მუსიკალური გაფორმება უჩენს: ექსპერიმენტალური, დახვეწილი, მდიდარი 20 ინსტრუმენტალი; სონიკური მოგზაურობები ლამის ანი-დან ჰოე-მდე. ხმის კოლაჟებით გაჯერებული ტრანზაქციები ტრეკებს შორის. უეჭველია, პროდიუსერი კოლექტივის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, ფლობს მუსიკის შექმნის პროფესიონალურ ტექნიკას, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს გამოცემა სულაც არაა შემთხვევითი. თუმცა, იქნებ ეს ის შემთხვევაა, როცა ეზოში ორი განსხვავებული ცხოვრების გზის მარშრუტი რაღაც წერტილში ერთმანეთს კვეთს და იწვევს ისეთ სოციალური რეაქციას, რომელიც სპონტანურობას შობს: Შემთხვევით პოეზიას, გაფორმებულს კონკრეტული ადგილისათვის სახასიათო ადგილობრივი სემპლებით.
ალბომს ხსნის “ცრის”. ქუჩის გარე ხმებში აზელილი მელანქოლიური ნოტები. აბსტრაქტული სამწუთნახევრიანი ბიტი თრეფისთვის დამახასიათებელი ნიშნებით და არაფრით განსაკუთრებული განმეორებადი ლირიკით, რომელიც მეტადონდამოკიდებული ახალგაზრდობის ნაცრისფერ პერსპექტივას აღწერს:
არ კურნავს!...
დასაწყისიდანვე ვიგებთ, რომ ამ ბიჭებისთვის მრიცხველის ბრუნი დედამიწის ბრუნზე მნიშვნელოვანია, რაც მძიმე სოციალურ ცხოვრებას შეჩვეული მსმენელისათვის სრულებით არაა უცხო. პირიქით, იმაზე მეტად ახლოა ვიდრე ელექტროყვავილებით მორთული თბილისის მარჯვენა სანაპიროს ცენტრი. Შემდეგია სამზადისი სრული ტრეკისათვის - 36 წამიანი გაურკვეველი, ტონალობა შეცვლილი ხმის, სემპლით დამშვენებული ბოდიალი, რომელსაც მოჰყვება ორწუთნახევრიანი “გოგია”. ესაა მელოდიაზე გამოსული, საბჭოთა ესტრადის ვოკალური სემპლით გაფორმებული Jazz Hop ბითი, რომელზე რეპიც უბნის ეზოს გვაცნობს რჩეული ადამიანის ისტორიით. კოჭლი გოგია სულ 40 თეთრს ითხოვს და ლუდი უყიდო ჯობია. ის წარმოადგენს ქვეყნის უახლესი წარსულის სიმბოლოს, რომელიც ტანზე გახდილი, იარებით მოგიყვება მინი-იგავებს. აქაც, როგორც ყველა სხვა თბილისის უბანში ამინდს პანაშვიდი და ორმოცი ქმნის. ახალგაზრდებს საქმის ოსტატი, ნაღდი კრიმინალი უფროსი თაობა არიგებს ჭკუას, გელას რომ ითხოვენ და შემდეგ სხვა გელათი ბინას ტეხენ:
ალბომში გამოყენებული სლენგი, MoonG-ს ენა, ცალკე არის გამოსარჩევი. აი მაგალითად “გელა”, გამოყენებულია, როგორც ფულის ერთეული და როგორც ძალაყინი - საკეტის გასატეხი ინსტრუმენტი. ჩვენთან, მსგავს მუსიკალურ მიმდინარეობაში ასეთი ჩანაწერები სანთლით საძებნელია. არადა ეროვნულ ქუჩას რომელ საუცხოო ქუჩაზე ნაკლები აქვს სათქმელი? იმ კულტურაში სადაც, თითოეულ რეგიონს ადგილობრივი სახალხო გმირები: ყაჩაღები, ფირალები, კანონგარეშე ინდივიდები ჰყავს.
ფირალი არაბულად გაქცეულს ნიშნავს. ქვეყნის ახლო წარსულიდან, ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური ჩანაწერი სამ ხმაში შესრულებული სიმღერაა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულის გამოჩენილ გურულ ფირალზე, რომელმაც მჭადის ჭამას იმპერიასთან შეპირისპირება ამჯობინა და ხალხმაც მისი პირით წაიმღერა:
კანონგარეშე კანონიერება ჩვენი ხალხისთვის სრულებით არაა უცხო, თუმცა ნორმალიზებული უკანონობის მუსიკალურ სააშკარაოზე გამოტანა ნამდვილად აკლია თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენას. გოგიას არ აინტერესებს დაფასება. არავისთვის იბრძვის. სინამდვილის იმ სახით მიღება რა სახითაც მოცემულია და იდეალიზმისაგან დაცლილი პროტაგონისტების ლირიკა ის ფორმულაა, რაც სხვადასხვა დროს გამოცემულ ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს საკულტოდ აქცევს ხოლმე, არა? გოგიას ისტორიას მოჰყვება “სისხლი მდიოდა”. ყოველდღიურობით დაღლილი განწყობისთვის ამჯერად Screwed ბითზე მოყოლილი არაფერი, რასაც მივყავართ კოლექტივის სხვა, ექსცენტრულ პერსონაჟთან, რომლის ბალადაც - “ჩემი პაკეტი სრულია” ღიღინია უმომავლო აწმყოზე.
Საჯარო სკოლებში გამოზრდილ მოსწავლეთა სატკივარი, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს კულტურული ძეგლი - ფენოვანი ხაჭაპური თუ გასინჯული არა, მაგრამ შორიდან დანახული გაქვს, შენ ბუკეტს რაღაც აკლია, მისი ბუკეტი კი სრულია. ამ ტრეკის ორი ვერსია არსებობს. Საქმე იმაშია, რომ გამოცემის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა მისი განსხვავებული ვარიანტი, სადაც ალბომის რამდენიმე კომპოზიციაში ვოკალურ-ინსტრუმენტალური სემპლი განსხვავებული იყო. Საავტორო უფლებების დაცვის სისტემა სულ უფრო მკაცრი ხდება ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, ამიტომ, როგორც ჩანს, მეტაფიზიკური საკუთრების ხელყოფა დიდუბელ ბიჭებს არ გამოუვიდათ. მე კი, მიქსთეიფის ხიბლი სწორედ, რომ მის ულიცენზიოობაში, დაუკითხავად გამოქვეყნებაში მგონია.
Რატომ უნდა შეუერთდე საზღვაო ფლოტს, როცა შეგიძლია იყო მეკობრე?
პირველ ვერსიაში გამოყენებულია ვოკალური სემპლი: “ძმაო გაშალე მარჯვენა, შენი სიკვდილის არ მჯერა”. ეს 1978 წელს გამოსული ალბომიდანაა “ჩვენ საქართველოს ახალგაზრდობა”, რომელსაც “ვია ორერა” და ნანი ბრეგვაძე ასრულებენ. ინსტრუმენტალიც განსხვავებულია და მთლიანად გაფორმებაც მეტად ირონიული. ახალში, თუმცა შენარჩუნებულია ტექსტის სულისკვეთება, ინსტრუმენტალი მეტად სევდიანი, მშვიდი და სოლიდურია. “Ჩემი პაკეტი სრულია” მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია პროდიუსერს ადაპტირდეს წესებთან ისე, რომ მსმენელმა ორმაგად იხეიროს.
Ჰიპ-ჰოპში სემპლებით მანიპულირება არახალია. აქაურ სცენაზეც ყოფილა ბევრი მცდელობა სხვადასხვა დროს გამოსული ქართული მუსიკა გამოეყენებინათ ინსტრუმენტალში, ან ელექტრონულ მუსიკაში, მაგრამ რაც, როგორც მსმენელს მუდამ მაკლდა იყო მთავარი პრინციპის დაცვა: წარსული ორგანულად ერწყმოდეს აწმყოს და განაპირობებდეს მომავალს. თითქოს მხოლოდ იმიტომ იყენებდნენ სემპლინგის ტექნიკას, რომ რაღაც რეტრომანიის ტრენდს იყვნენ აყოლილნი. აქ კი, ასეთი განცდა არ შემქმნია.
“გაკატავე”-ში აბსტრაქტული ხმის კოლაჟი გაკატავებს არხიდან არხზე. თითქოს პროდიუსერი მუსიკალური სადღეგრძელოებით გვამოგზაურებს დიდუბის წარსულში. Ძველი ჩანაწერებიდან, ისეთი ნაწილები აქვს დაჭრილი და შეერთებული, რომელიც ძალაუნებურად გაგიჩენს ნოსტალგიას. Რას შეუძლია ახალგაზრდა მსმენელს გაუჩინოს დაუსწრებელი ლანდი წარსულისა? მუსიკალურ მანიპულაციას ცხადია.
“შემოვკრუგე” თავისი ბნელი, ამოუცნობ ხმათა ექოებით დატვირთული თრეფით აშავებს შექმნილ არასერიოზულ, ნახევრადირონიულ განცდას და ისეთ გარემოს ქმნის, რასთანაც ხუმრობა არ შეიძლება. დღის ბოლოს ბნელი ღამე ყველა იმედს წურავს. Სულს ელიავას დაშლილებში გატოვებინებს. Შერჩეული Ბიტი ამ ყველაფერს სასპენსის განცდას მატებს, ჩინური აკაპელით რომ იწყება და ჰორორ მელოდიით გრძელდება.
“Ბარიგა ღორი”-ი ხმოვანებით ნებისმიერ 80-იანი წლების კომპიუტერულ თამაშს დაამშვენებდა, თუმცა ამ შემთხვევაში კოლექტივის მორიგი წევრის იმედგაცრუებულ ტექსტს აფორმებს. დინებას გაყოლილი შემთხვევითი რითმები, ან იქნებ რამსი? Რამსი საკუთარ თავთან. ეტყობა გათენდა, დილით საკუთარ თავს კითხვებს უსვამ.
აი “ჩა ჩა ჩა” ნამდვილი ლივლივია, თავისუფალი ვარდნა. აქ მუსიკალურ ვიდეო კოლექტივის წევრებს ვიზუალურად გვაცნობს, რაც კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს მათ ჩვეულებრიობაში. ვიდეოში ჩანს გარაჟი, მათი სამუშაო სივრცე. ადგილი სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები იკრიბებიან. “Ბირჟა”, ოღონდ საქმიანი. Მიხვალ, შენ განცდებს შიგ გააჩერებ, ოსტატი კი ბიტს დაადებს. ტექსტიც მათი წარდგენაა:
ცხადია, ჰიპ-ჰოპში დისს ყოველთვის ჰყავს ადრესატი, მაგრამ ვფიქრობ ამ ტექსტის ერთადერთი ადრესატი თავად სიყალბეა და არა კონკრეტული პიროვნება. მხიარული ლირიკული გადახვევაა, ცოტა კბილის ამჭრელიც თუ, სხვა ჰიპ-ჰოპ არტისტები მოისმენენ.
“Რამდენი ბეში”-ის Ambient გარემო და ცხოვრების კამათლის პრინციპით დანახვა ნიადაგს ქმნის ალბათ ალბომის ყველაზე მიმზიდველი ტრეკისთვის - “21 გრამი”. აკადემიური სიზუსტით გამოყვანილი დრამატურგია იდეალურ ბიტს ბადებს ლურჯი განწყობისთვის, რომელზეც შემსრულებელი მის მოქნილ რეჩიტატივს უმატებს:
Პასუხი ფერად თაობას? Მომსახურების სფეროში მონური შრომით გამომუშავებული ლარების დიდუბის მეორადებში განივთება თანამედროვე, სტილის მოყვარული ადამიანისთვის ცხოვრების წესად იქცა. Მათთვის კი სტილი მხოლოდ ისაა, რასაც პრაქტიკული დანიშნულება აქვს.
Შავ-თეთრ ტელევიზორში ჩვენი ფერადი სამოსი არ ჩანს.
Შემდეგია “ზუკა” კვლავ მიკროფონთან თამაში - “Ბნელ ღამეში”-მდე. უკანასკნელში თითქმის 5 წუთიანი აკუსტიკური გიტარის ლუპია, აქა-იქ ვოკალური სემპლებით და კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი მიგნებით: “ვერ მატაობს მაგრამ რივოკი აქვს, ყველას უსწრებს” პირდაპირ დიდუბიდან! ირონიაა, ბავშვობაში ნაფენოვანხაჭაპურალს ახლა ვეგეტარიანული ბურგერის გაძლება რომ უწევს, Wu Tang-ს რომ უსმენს, მილიგრამებით საუზმობს და ურევს. “Მადლი”-ს შენელებული ბიტი აქვს სააფთიაქო ნარკომანიით შენელებული ცხოვრების გასაფორმებლად. Კორუფციის მადლი, რომლისაც უბნის მოსახლეობას ყველაზე მეტად სწამს, აფთიაქებში ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომს ხდის მაგიურ აბებს.
“არ ირწმუნო’ “Madlib”-ისეული ჯაზ/ფანკ სემპლებით აწყობილი მელოდიაა, რომელსაც სასიამოვნო ვოკალი ემატება და უსიამოვნო უნდობლობის აღწერა მოსდევს. Სიმშვიდისმომგვრელ ვოკალურ სემპლს დასაწყისში, მძაფრი ელექტრონული გიტარის ლუპი ცვლის, რაზეც განვითარებულია კრიმინალური სიუჟეტი. ალბომში ხასიათები ქაოსურად ხტება ერთიდან მეორეზე, რამაც სმენისას შეიძლება გადაგღალოს, მაგრამ პროდიუსერის ოსტატური, მუსიკალურად მდიდარი მიქსი არ გაძლევს საშუალებას მოწყდე მოსმენას.
“100100 გელას” მომდევნო ხმაურია ალბომის ეკლექტური მუსიკალური გაფორმებისთვის. აღსანიშნავია რომ, თითოეულ სრულ ტრეკს ალბომში საკუთარი შესავალი ან ეპილოგი აქვს. Მუსიკალური ნომრების ტრანზაქციისას შესამჩნევია მათი მიქსი, ამიტომ ეს მიქსთეიფი უფროა ვიდრე სრული ალბომი. შესაბამისად, ჩანაწერის სრულად მოსმენა უმჯობესია.
“ორფევსი” ქუჩის მოსალოდნელი აგრესიაა. აქამდე თუ ლაღი, ურწმუნო, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები გველაპარაკებოდნენ, ახლა, როგორც ჩანს მათ სხვა მხარეს გვანახვებენ. უფრო მიმწოლს, ვერაგს. უჩვეულო Ბიტში შეზრდილი ექოები კი მოგზაურობის დასასრულისთვის გვამზადებს.
წესით, “ორბიტი”-თ უნდა იხსნებოდეს “ჩიტივით”, მაგრამ მათ შორის კონტრასტია. Პირველი ინდუსტრიულ ჟღერადობაზე დევს, ხოლო მეორე, კი “არ ირწმუნოს” ბედს გაჰყოლია - მსუყე ელექტრონული გიტარის სოლო ჩიტივით ანარნარებს ბიჭების სიტყვებს ჰაერში. ყველაფერი მთავრდება Memphis Rap-ისთვის დამახასიათებელი მისტიკური ჟღერადობით, რომელზეც განუწყვეტლივ მეორდება “შევე*ი ნასას”.
Moon G-ის შემოქმედება არ არის ის, რასაც მანქანის სალონებიდან გაიგონებთ. მათი წევრები თვითმყოფადი პოეზიით ცდილობენ უმიზნოდ იყვნენ ისინი, ვინც არიან და სათქმელი გადმოსცენ უმი სახით. არც გმირები არიან და არც ანტიგმირები. არსად არ მირბიან. Მათი მუსიკა არც გეტოებში მოისმინება და არც ფეშენებელური რესტორნების ფლეილისტებში. Მუნჯთა ლირიკა არ ბლატაობს მძიმე ბედით თუ გამძლეობით. ვერც ლომბარდებში გატარებულ ზამთრებში ხედავენ ვარდისფერს. რეალობის ფერი ხომ ნაცრისაა, სადაც სულ ცრის. ჯგუფის წევრებმა Მამაცურად მიიღეს მოცემულობა, სადაც ერთადერთი მიზანი მხოლოდ ნაღდის, ხელშესახების, საკუთარ თავზე გამოცდილის შეცნობაა. ამასთან, Მუსიკალური გაფორმება იმდენად მდიდარი და დინამიკურია, რომ საკითხავია რომელი რომელს აფორმებს. Პირველ რიგში, სწორედ ეს ფენომენი მოგასმენინებს ალბომს ორჯერ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ისიც, რომ უპირობო სინამდვილის, ქუჩის რეპრეზენტაციის ამბიციას აკლია გოგოების ხმა. უბანში გოგოებიც არიან. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალში გარაჟიდან გოგოების ხმასაც გავიგონებთ.
Საბოლოო ჯამში, ამ ფერხულში Მთავარი ღირებულება ის მგონია, რომ ეს ერთგვარი მცდელობაა ცენტრალურმა დისკურსმა აღიაროს მათთვის ჯანსაღ გზას აცდენილი, თითქოსდა გაუთვალისწინებელ ნარჩენებად აღქმული ადამიანების არსებობა. გაამდიდროს თანამედროვე, სამიზნე საზოგადოებაზე გათვლილი სახელოვნებო სივრცე საკუთარი სიმუნჯის დასრულებით. ჩვენ კი, რაღა დაგვრჩენია თუ არა, ვნახოთ რამდენად გაუხსნის ყურს მუნჯთა ხმას დედაქალაქის კულტურული ავანგარდი, რომელსაც ვერ ემატავებიან, მაგრამ რივოკით გაურბიან.