ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შესავალი საბჭოთა ექსპერიმენტულ მუსიკაში | Ash Scholem ქართული ჟღერადობის ძიებაში

1922 წლის 7 ნოემბერს, ბაქოში, კასპიის ზღვის ფლოტის ხომალდები ოქტომბრის რევოლუციის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ და არსენი ავრაამოვის მუსიკალურ ღონისძიებაში - სირენების სიმფონია - მიიღეს მონაწილეობა. ერთი გავითვალისწინოთ, სიტყვა სიმფონია, აქ არ ატარებს  ტრადიციულ მნიშვნელობას, არამედ, მის უკან მდგომი კონტექსტის დეკონსტრუქცია უფროა. „სიმფონია“ სირენის ჩართვით იწყება, რასაც ინდუსტრიული ხმები მოსდევს, შემდეგ ისმის ზარბაზნის გასროლა. ხმა შემთხვევითი არაა, თითოეული გასროლა თამაშობს სიგნალის როლს და განსაზღვრავს ხმოვანი მოქმედებების ტემპს და ქრონოლოგიას. მაგალითისთვის, პირველ გასროლაზე, ქალაქის ერთ ადგილას სირენები ირთვება, მეორე გასროლაზე ზარები იწყებენ რეკვას და ა.შ.

ავრამოვმა რამდენიმე პორტატული ხელსაწყო გამოიგონა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის. მოწყობილობა შედგებოდა 20-დან - 25-მდე სირენისგან რომელიც უკრავდა ინტერნაციონალის ნოტებს. სიმფონიას ის ხელმძღვანელობდა სპეციალურად აშენებული კოშკიდან, საიდანაც დროშის ფრიალით დირიჟორობდა ფლოტილიას, მატარებლის სადგურს, ქარხნის გუგუნს... 

საბჭოთა მუსიკას ერთი ნიშანთვისება აქვს -  მის  ესთეტიკას მთლიანად  სეკულარული, პოლიტიკური და ნაციონალური იდეოლოგია განსაზღვრავს. ტექნიკურ საკითხებს - ჰარმონიასა და ტონალობას, პოლიტსაბჭო არჩევს. მუსიკის აკადემიური განხილვების დროს,  პოლიტიკური ლიდერების  „რჩევებს“ ისმენენ. თავიდან, ისევე როგორც პოლიტიკაში, მუსიკაშიც რადიკალური იდეები ჭარბობდა. მაგალითად, 1920 წელს, არსენი ავრაამოვმა განათლების კომიტეტს მისწერა წერილი, სადაც ამტკიცებდა, რომ პიანინოების კონფისკაცია და მისი ხმარებიდან ამოღება საუკეთესო გზა იყო ახალი, რევოლუციური და თანამედროვე მუსიკის განვითარებისთვის. ავრაამოვის სურვილი იყო ტემპერირებული წყობის მოშლა, თუმცა ზოგიერთი მისი კოლეგა კიდევ უფრო შორს მიდიოდა და ყველანაირი სიმებიანი ინსტრუმენტების ამოღებასაც მოითხოვდა.  

ავრაამოვის მუსიკალური ხედვაც მის რევოლუციურ იდეებზე იყო დაფუძნებული, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი სახალხო თანასწორობა. აქედან გამომდინარე მას არ უნდოდა რომ ღონისძიება დაყოფილიყო როგორც შემსრულებლად და მსმენელებად, არამედ ისწრაფოდა მსმენელის სრული ჩართულობისკენ, სიმფონიის შექმნის პროცესში. შესაბამისად, მისთვის წამოძახილები, შეძახებები, ტაში თუ ნებისმიერი სხვა ხმოვანი ქმედება უკვე წარმოდგენის ნაწილი იყო. 

შემდგომში, არსენი ავრაამოვის იდეების შთაგონებით, ევგენი შოლპომ დაწერა სამეცნიერო ფანტასტიკური ესე - მუსიკის მტერი - სადაც აღწერს ელექტრონულ ინსტრუმენტს, რომელსაც უწოდებს მექანიკურ ორკესტრს. ინსტრუმენტს შეუძლია სხვადასხვა ჟღერადობების სინთეზი და სპეციალურ შექმნილი ფორმულით, მოკლე კომპოზიციის შემსრულებლის გარეშე შესრულება. შოლპო გვიყვება თავისი წარმოსახვითი მეგობრის მოგზაურობას მუსიკალურ სივრცეში. ის მუსიკალური ნიჭით არის დაჯილდოებული, სწავლობს მუსიკის თეორიას და ამასთანავე, არის მეცნიერი - მათემატიკოსი და ფსიქოლოგი. გამოგონილ მეგობარს მუდმივად აქვს ფუნდამენტური უთანხმოება თავის კოლეგებთან, მუსიკოსებთან. ის განდევნილი იქნება მუსიკალური წრეებიდან და შერაცხულ იქნება როგორც მუსიკის მტერი. აქ საყურადღებო ისაა, რომ შოლპოსეული „მექანიკური ორკესტრი“-ს დახასიათება შესამჩნევად ჰგავს, 40 წლის შემდეგ შექმნილ ANS სინთეზატორს. ასევე მისი წარმოდგენა ელექტრონულ ინსტრუმენტზე არც ისე შორს დგას თანამედროვე სეკვენსერისგან.

1922 წლის აგვისტოში, ლეონ თერემინმა, რუსმა მეცნიერმა და მოყვარულმა ვიოლონჩელისტმა ფუტურისტული სიტყვები მუსიკალურ ინოვაციად აქცია და მოსკოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მის მიერ შექმნილი ინსტრუმენტი წარუდგინა სამყაროს. 1927 წელს, საბჭოთა მთავრობამ თერემინი ხანგრძლივ ტურზე გაუშვა სადაც პარიზში, ლონდონში და გერმანიის რამდენიმე ქალაქში აჩვენა აუდიტორიას თავისი ქმნილება - ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ფიზიკური კონტაქტის გარეშე გამოსცემდა ხმოვან ტალღებს და ქმნიდა სიმფონიას. რაც თერემინის გამოგონებას გამოარჩევდა და რევოლუციურ იდეოლოგიასთან სინთეზში ამყოფებდა იყო მისი უნიკალურად მარტივი წარმოებისა და გამოყენების სისტემა. თერემინის ინსტრუმენტი შესაძლებელს ხდიდა ყველა მშრომელის სახლში ყოფილიყო ორკესტრი, რომელზეც ისინი შექმნიდნენ სიმფონიებს.

 უკვე ნახსენებმა, ANS სინთეზატორმა მუსიკოსებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა. ამ პერიოდშივე გაიხსნა ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის სტუდიაც, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია საბჭოთა კავშირში. სტუდიაში მუშაობდნენ ედისონ დენისოვი, სოფია გუბაილუბინა, ედუარდ არტემიევი, სტანისლავ კრეიჩი და ა.შ. ამ მუსიკოსების სახელს უკავშირდება საბჭოთა ექსპერიმენტული მუსიკის განვითარება.  თუმცა, ვინაიდან ელექტრონული მუსიკის გასაჟღერებელი სივრცე არ არსებობდა, ჟანრმა მთლიანად გადაინაცვლა კინემატოგრაფიაში. ნამუშევრების უმეტესობა ფილმებში თუ შეგვხდება მხოლოდ.  მაგალითად, სტუდიაში შექმნილი ერთ-ერთი პირველი კომპოზიცია, არტემიევს და კრეიჩს ეკუთვნით, ცნობილია როგორც ფილმ „კოსმოსის“ საუნდტრეკი. 

საბჭოთა მუსიკის აბსოლუტური უმრავლესობა ლეიბლ მელოდიაზე გამოდიოდა, რომელიც უფრო საერთო და მისაღები ჟღერადობის გამოცემით იყო დაკავებული. ამიტომ, ადრეულ ექსპერიმენტულ არტისტებს, როგორც წესი, პოპ ნამუშევრების შექმნაც უწევდათ. ვალენტინა პონომარევა ამის კარგი მაგალითია. რუსული რომანსების შემსრულებელმა მუსიკოსმა, 1989 წელს რუსული ავანგარდის და ექსპერიმენტალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი „Искушение“ გამოუშვა, ისევ და ისევ მელოდიაზე. ალბომი 6 ტრეკს აერთიანებს და სავსეა Free Jazz იმპროვიზაციის ქაოსური მელოდიებით. მანამდე კი, 88 წელს, შემსრულებელმა “А Напоследок Я Скажу” ალბომი გამოუშვა, რომელიც სტანდარტული რომანსების ნაკრებია. ამ ორ ალბომს შორის განსხვავების დანახვა, პირველივე ნოტიდან არ გაუჭირდება მსმენელს. 

შეგვიძლია დავუშვათ რომ საბჭოთა ექსპერიმენტულმა მუსიკალურმა სცენამ პირდაპირი თუ არა ირიბი გავლენა ნამდვილად მოახდინა ახალი ქართული ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე. ამიტომ, ამ მიქსში, მოისმინეთ გამორჩეულ ნამუშევრებს, რომლებიც საბჭოთა ექსპერიმენტალმა 1922 წლიდან - 1989 წლამდე შექმნა. კომპოზიციები ქრონოლოგიურად არის დალაგებული და მარტივად აღქმადია ჟღერადობის განვითარებაც, მისი დამუშავება და ახალი დინებისთვის ნაცნობი სახის ჩამოყალიბება, ავრაამოვის საარტილერიო ზალპებიდან, გვიან საბჭოთა Free Jazz-ამდე.