გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შობა | ინდიგო N51

დროება 1882 წელი
1882 წ.

წარსული წლის მონაღვაწევი 

თბილისი, იანვრის 1-ს.

ვგონებთ, არც ერთ წელიწადს იმდენი შეწუხებული სახე არ უნახავს ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში, როგორც წარსულმა ნახა. ტრანზიტის მოსპობამ, ბაქოსა და ბათუმის გაძლიერებამ თბილისს ფთები შეაკვეცა, ის ფთები, რომელნიც ომიანობის დროს ფულის სიუხვის გამო ისე უეცრად შეესხა და ეხლა, როდესაც თბილისის ცხოვრება თავის კალაპოტში აპირობს ჩაჯდომას, საჩივარი მოისმის ყველგან და ყველასაგან: ჩივის ფულის პატრონი, რომელიც თუმანზედ თუმანს ვეღარ იგებს; ჩივიან ვაჭრები, რომელთ დუქნებსა და მაღზიებში მუშტარი გროვა- გროვა აღარ შედის; ჩივიან მამულის პატრონები, რომელნიც იძულებულნი არიან თავიანთ მამულის ნაწარმოები ნახევარსა და მეოთხედ ფასად გაჰყიდონ ომიანობის კვალობაზეც, – ერთის სიტყვით ჩივიან ყველანი და მიზეზი ამ საერთო გოდებისა ის არის, რომ ჩვენ შეჩვეულნი არა ვართ არც წესიერ ვაჭრობას, არც წესიერად მამულის მოვლას; ან უნდა ფულებს ცოცხითა ვხვეტდეთ და ჰაერში კოშკებს ვაშენებდეთ, ან გულ-ხელ დაკრეფილები ჩამოვმწკრივდეთ და „ულმობელ“ ბედზედა დავიწყოთ საჩივარი.

საჩივარი თავისთვის იყოს და არ იქნება ურიგო, რომ მოკლედ მაინც გადავათვალიეროთ, რა სიკეთეც მოიტანა ძველმა წელმა და რას უნდა მოველოდეთ ახლებისაგან.

პირველშივე უნდა მართალი ითქვას, რომ წარსული წელი უფრო პროექტებითა და საქმის დასაწყისებით იყო მდიდარი, ვიდრე საქმის შესრულებით.

წლის დასაწყისშივე გორის მაზრის თავადაზნაურობამ საკვირველის თავისა და ჯიბის განწირულობით ერთხმად აღტაცებით მიიღო პროექტი სწავლისათვის საჭირო ხარჯის განაწილებისა, მის კომისიისაგან შემუშავებული. ვიდრე ეს აღტაცება რკინისგზით გორიდამ თბილისამდე მოაწევდა, საკმაოდ განელდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მაინც თბილისის მაზრის თავადაზნაურობამაც გაიწერა ამ ჩინებული საქმისათვის ფული და ახლა ჯერი მიდგა კახეთის თავად-აზნაურობაზედ. ჩვენდა სამწუხაროდ, კახეთში რკინის-გზის გაუყვანლობამ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იმოქმედა, როგორც ეტყობა ურკინის-გზოდ არამც თუ ადამიანები და საქონელი, აზრებიც კი ძალიან ნელა მიიზლაზნებიან და ხშირად ერთის დღის სავალს მთელს წელიწადს ანდომებენ.

მაგრამ კახეთი თავის დღეში არც ერთ საზოგადო საქმეში სხვა ჩვენის ქვეყნის კუთხეებს უკან არ ჩამორჩენია და იმედია, რომ ბევრის ხნით არც ეხლა ჩამორჩება.

nasa 2020

ჭანტილობა

შობის წინა დღეს ეძახიან ჭანტილობას (წანდილობა). მზის ამოსვლისას ქალებს უნდა გაერჩიათ პურის კაკალი და მასახარშავად ჩაედგათ, თან ამავე ქვაბში ჩაიყრებოდა სამ­სამი კაკალი ყველა მარცვლეულისა: ლობიო, სიმინდი, ცერცვი, ღომი, ფეტვი, ქერი, სამი კაკალი პური – მოსავლის სიუხვისთვის. საღამომდე იხარშებოდა. მოხარშვის შემდეგ, ქვაბს რომ ჩამოდგამდნენ, უნდა აეღოთ ნახარში ქაფი და ყველა ხეხილისთვის მოეცხოთ, შემდეგ კი ამ მოხარშულ კაკალს გობში გადმოყრიდენ და გობშივე შეაზავებდენ ნიგვზით და ხახვით – ან ნიგვზის მაგიერ შეეძლოთ ექნათ თაფლი. ამ შეზავებულ პურის კაკალს ეძახიან ჭანტილას.

საღამოს, ვახშმობისთვის, უფროსი ქალი გამოაცხობდა სამ პატარა კვერს, ჯვარდასახულს, ხველის ტაბლას ეძახ­დნენ ამ კვერებს. ჭანტილიან გობში ჩააწყობდნენ ამ სამ კვერს, ჭიქით ღვინოს, გობის კიდეზე ნაკვერჩხლზე საკმე­ ველს დააკმევდნენ ან სანთელს აანთებდნენ და უფროსი ქალი კერიას ძირში მარჯვნივ სამჯერ შეატრიალებდა და ამგვარად შეილოცებდა:

„ღმერთო, დაგვიფარე ხველი­საგან, სნებისაგან, მოგვეცი სიმთელე საქონელს, კაცის სულს, რაც ხარ, გვიშველე და მოგვეხმარე“.


იმ ღამეს კორკოტს ღამეს უთევდით. მოვყვებოდით ლექსებს, კორკოტს მოულხენდით, დიდხან არ დავიძი­ნებდით. მეორე დღეს, შობი შემოლოცვას, ღამით, ვჭამ­დით კორკოტს. დავნაყავდით კვახი თესლს, კანაფის ჭვივას, კანაფის თესლს, თბილ წყალში გავხსნიდით და იმაზე ვჭამდით კორკოტს. ჯერ სახლის ოთხივე კუთხე­ებზე დავამთებდით სამთლებს, ვილოცავდით, გავტეხ­დით განატეხს (რიტუალური პური), განატეხში კაკალს ურთავდით, თუ გვექნებოდა, მერე და ვივახშმებდით.


კორკოტი ჭამის შემდეგ ბაღვები მოივლიდენ სოფელს, მიულოცავდენყე შობი მობძანებას: „შობა! შობა! შობა! ღმერთმა გაგითენოს შობა­ახალწელიწადი. ჩვენ ხომ მთხოვლები არა ვართ, ქრისტეს მახარობლები ვართ, გამოგვიტანეთ ჩირები, სიცივემ დაგვძრა ფჩხილები. არი­ ელა­მარიელა, ნუ გაგვიშვებ ცარიელა. ამოვახვიე გვრი­ჭები, დაგეზდებიან ბიჭები“.

გლეხი გამოუტანდაყე ჩირს ან სხვა ხილს. ბავშვები ყვე­ლასთან ასეთი ლოცვით მივიდოდენ, მოაგროვებდენ ხილს.


ჭანტილობის მეორე დღეს ეძახიან შობას, ეს დღე ყვე­ლასთვის დიდი უქმი იყო. ჩიტის აზვრამდე ჯერ რომ გათენებული არ იყო, უნდა დაეკლათ ორი მამალი. ერთი იყო საანგელოზო ყვინჩილა და მეორე ხარების სალოცი. საანგელოზო ყვინჩილა ადამიანებს სნება-­ბა­ტონებისაგან იცავდა. ამ ყვინჩილას ჭინჭორს ამოაცლი­დენ და შობამდე გაუშვებდნენ. შობას კი დაიკვლებოდა ძალიან ადრე, რომ ჩიტსაც არ გაეგოო. ოჯახის წევ­რების მეტი, საანგელოზო ყვინჩილას ხორცს ვერავინ შესჭამდა. დაკვლისთანავე შეიწვებოდა და შეიჭმებოდა გათენებამდე.


მეორე მამალი ხარების სალოციც ჩიტის აზვრამდე დაიკვლებოდა, მხოლოდ ის უნდა შეჭმულიყო სადი­ლისთვის. მაისის დამლევს მთაზე გარეკენ ხარებს და სწორედ ამ დროს ყვინჩილას შემოავლებენ თავზე და შეულოცავენ „ღმერთო დეიფარე ნადირისგანა, ჭირისგან, ფათარაკისგან, მშვიდობით ჩამოიყვანე, მშვიდობით გვაჩვენე ჩვენი პირუტყვი“. ამოაცლიდენ პატარა ჭინჭორს, რომ კარგი საცნობი ყოფილიყო, გაუშვებდენ და შობას იმასაც დაკლავდენ. ამ მამლის ხორცის შეჭმა გარეშე კაცსაც შეეძლო, მხოლოდ თა­ვი, ფეხი, კუჭ­-ფილტვი არავის გარეშეს არ ეჭმებოდა – ისეც ჩიტის აზვრამდე უნდა შეეჭამათ.


თუ ოჯახში ერთი ან ორი წლის მკვდარი ჰყავდათ, მა­შინ ამ დღეს იმას სუფრას წოუდგამდენ – მოხარშავდენ შაშხს, გამოაცხობდნენ ყველიანებს, პურებს, ღვინოს დასდგამდენ სუფრაზე დოქით, სავსე ჭიქებით, უფროსი ქალი ღვინოს პურზე წოუსხმდა და იტყოდა: ღმერთო გამინათე ჩემი ახალი მკვდარი. შემდეგ კი სადილს მი­ირთმევდენ, მიწვევა ამ დღეს არ იცოდენ.

მიხეილ რეხვიაშვილი, ივლიტე რეხვიაშვილი, რაჭა, სოფელი ჭიორა, 1958 წ.

მუცლის სალოცავი


თუთხმეტი დღით ადრე შობამდი ძაროში ჩავყრიდით ქათმეფს. ღორს ერთი თვით ადრე კალანდამდი ჩავაგდებდით სასუქში. საშობოთ დავკლიდით ორ­სამ ქათამს, გამუ­აცხობდით მუცლის სალოცავს და ღვიძელს. მუცლის სალოცავის კვერცხს და საღვიძლე კვერცხს სამი­ოთხი დღით ადრე მოვხარ­ჩავდით, გავარჩევდით და ჩავდობდით პაწა კალათაში. ამ კალათას ჩამოვკიდებდით ოჯანჯალაზე, ქვეშ ცეხლი ენთო და ფუტში გახმებოდა სამ დღეში. რომ გახმებოდა, ჩამევიღებდით. მოვზელდით პურის ქფილს და პაწას წამუაღუებდით. მერე კეცს გა­დავადგამდით ცეხზე. რომ გახურდებოდა კეცი, გადმოვდგამდით. წაგრილდებოდა პაწას და დავაკრავდით მუცლის სალოცავს. მუცლის სალოცავს უნდოდა თელი კვერ­ცხი და ერიცახე ყველი. რეთიც ვიყავით ოჯახში, მუცლის სალოცავს იმდონს გამუაცხობდით. მუცლის სალოცავს რომ გამუ­აცხობდით, მერე დევიწყებდით ღვიძელის გამოცხობას. მუცლის სალოცავი გვალი იყო. ღვიძელს მოგძოთ გამუაცხობდით. უზამდით პაწა ყველს და დაჭრილ კვერცხს. ერ კაკალ კვერცხს ოთხათ გავჭრიდით. ღვიძელს გამუაცხობდით ორ­სამს და ჭამის დროს დავჭრიდით. შობიზა ორ­სამ ქათამს დავკლიდით და გავაკეთებდით. ღომს გა­ვაკეთებდით. ჭადსაც გამუაცხობდით. თუ გვეყოლებოდა, ინდოურსაც დავკვლიდით. ინდოურს გავაკეთებდით საცივათ. ქათამს შევწვავდით შამფურზე. დავანთებდით დიდ ცეხს. ცეხს გვერძე დუუსობდით პაწა ბარჯგს. შამფურის ერ თავს ბარჯგზე ჩამუადობდით. მიორე ხელჩი გვექნებოდა და ვატრვალებ­ დით. ნიორს დავნაყვიდით და მარილს და ნიორს წუუსვამდით და კაი გემო მიეცემოდა. რომ შეიწობოდა, მერე დავშჭრიდით.

შობის წინ ღამეს ალილო ჩამეიარდა, სახე ქონდენ ახოული. გვილოცავდენ სიმღერით შობა­კა­ ლანდას.

შობა რომ გათენდებოდა, მუცლის სა­ლოცავს ბაღნეფს მუცელზე შამუარებდით თითოს თითო ბაღანას სამჯერ და შუულო­ცავდით: თქვენი მუცლის სატკივარი აღმა ქარს გაატანე და დაღმა – წყალსო. მერე ვჭამდით. მუცლის სალოცავს ერთიმიორეს არ ვაჭუმდით. ჩვენ შეგვეჭამა უნდა ჩვენ­ჩვე­ნი მუცლის სალოცავი.

ივანე აბუთაძე, გურია, სოფელი გონებისკარი

ქრისდეში

(შობა)

ხორბალს რამდენიმე დღით ადრე ხელის საფქვავზე მსხვილად დაფქვავდნენ. შობის დილას მისგან ფაფას გააკეთებდნენ. დილითვე ამ თესლს საწებლად ე.წ. მუჯორ­ს (დანაყილი და ზეთგამოხდილი კანაფის თესლი ან ნიგოზი) გაუკეთებდნენ: გამოხდიდნენ კანაფის თესლის ზეთს, ჩენჩოს წყალში გახსნიდნენ, მარილით შეაზავებდნენ და შემ­დეგ თავისავე ზეთს გადაასხამდნენ. თესლსა და მუჯორს საღამოსთვის შეინახავდნენ.

ჯერ კიდევ შემოდგომის პირზე, კალოობის დროს, მოიმარაგებდნენ ახლად გალეწილ სა­უკეთესო ხორბალს, დაფქვავდნენ მას, ცალკე კიდობანში მოათავსებდნენ და შეინახავდნენ საახალწლო დღეობებისათვის. ამ ფქვილს ლამარიას ტაბლაშ­ი (მარიამის ფქვილი) ეწო­დებოდა, წმინდად თვლიდნენ და ოჯახისათვის უცხო პირებს არც დაანახვებდნენ და არც შეაჭ­მევდნენ მისგან გამომცხვარ კვერებს.

მარიამის ფქვილის კიდობანს პირველად შო­ბის საღამოს ხსნიდნენ, იქამდე ოჯახის წევრი კაცი არყის ხისგან გათლიდა პატარა ჩოგანს, ღუარჩინს. ამ ღუარჩინით ამოიღებდა დიასახ­ლისი საღამოს მარიამის ფქვილს.

ოჯახის დანარჩენი წევრები კერიას გარსშე­ მოუსხდებოდნენ, ნახშირის ნაჭერს ხელში მაგრად მომუჭავდნენ, თავებს დაბლა დახრიდნენ და სრულ სიჩუმეს ჩამოაგდებდნენ იმ დრომდე, ვიდრე დიასახლისი ლამარიას ტაბლაშ­ს არ შემოიტანდა. დიახლისი შეუდგე­ბოდა აუფუებელი ლემზირების (რიტუალური პური) ცხობას. ამ დღეს დამზადებულ თესლს, მუჯორს და ლემზირებს ქორა მახუშ­ი (ოჯახის უფროსი კაცი) ვახშმის წინ წმინდა მარიამს შესწირავდა:

„დიდება მოგსვლოდეს ლამარია შობისას! ლამარია შობისაო, მრავალი შობ­ი კარგ გულზე შეგვახვედრე მადლიანო, ოთხფეხს და ადამიანს ყველას, ჩვენ და ჩვენი ნათესავი უმარცხოდ – უნაკლოდ გვამყოფე ქრისდე შობისაო მადლიანო. როგორც მზე და დღე იმატებს, ისე მატება მიეც ჩვენს ყოფა­ცხოვრებას – ქორა მახუშის ლოც­ვა ეცერიდან“.

qrisdeshi

ლიფანე

ქრისდეშ­ი დიდი უქმე იყო. ლახამულელს თუ ამ დღისათვის წინასწარ მომარაგებული ხორცი არ ჰქონდა, მაშინ ის ქრისდეშ დილით ღორს დაჰკლავდა. ამ დღეს სუფრაზე აუცილებლად მოხარშული ხორცი უნდა ჰქონოდათ, რადგან ქრისდეშს მიცვალებულთა სულები იხსნილებ­დნენ და მათთვის სახსნილო ლიფანე უნდა მო­ეწყოთ. სულების ლიფანე­ს სადილობის დროს გაშლიდნენ. ტაბაგ­ზე (სამფეხა მრგვალთავიანი დგამი) დააწყობდნენ მოხარშულ ხორცს, ყვე­ლიანს, ხორციან ლემზირებს და დაანთებდნენ სამ ცალ სანთელს. სახლის უფროსი მივიდოდა სუფრასთან და მიცვალებულთა სულებს შენდო­ბას ეტყოდა.

ფარნაოზ სოუხის ძე ჭკადუა, 85 წლის, სოფელი ქვემო ლახამულა, 1936 წ.

meskheti


მარხოშამაე წუხრა

გიორგობის შემდეგ მოდის დღესასწარული შობა, რომელსაც ხევსურუ­ლად ჰქვიან „ქრისტე“, მაგრამ მანამ ქრისტე მოვიდოდეს, გადაიხდიან „მარხოშამაეს“. „მარხოშამაე წუხრას“ ოჯახებში ყველა ამზადებს ვახშამს.

თუ ვისმე არაყი აქვს, ერთი მეორესაც ეპატიჟებიან. ვახშამზე იციან ხინკა­ლი, ან კეცეული, შეიძლება ფაფაც. დიასახლისი დაამზადებს გულს, გაურევს ერთიმეორეში მაკრატლით ჩაჭრილს ხორცს, კომბოსტოს, შიბუს (ღანძილის მსგავსი ბალახის მწნილია), მოხარშულ კარტოფილს და ყველს. ამის გულს ერთიმეორეში არევს და გააკეთებს ხაჭაპურებს, გამოაცხობს ზედგანზე (ქადების გამოსაცხობი რკინის რგოლი, რომელიც ჭერში დამაგრებული რკინის საკიდით, ჩამოკიდებულია ცეცხლზე და ზედ დადებულია სიპიქვა) და ნაცარში. მერე გაბანს წყალში, გაპოხს გაბანილ გვერდზე და დააწყობს ერთიმეორეზე. თუ აქვს, დადგამს თხილიან ჯამს ან სხვა რამესაც. ადგება დიასახლისი, ხანდახან კაციც და მიცვალებულისათვის „დასდებს სახელს“ (მიცვალებულებსაც იხსენიებენ ამავე დღეს). ამ შანდობის თქმას რომ მოათა­ ვებს, დადგამენ ტაბლას, დასჭრიან კეცეულებს, ჩადგამენ ჯამებით ერბოს და დაუწყებენ ჭამას.

დღესასწაული რომ მოახლოვდება, ჩვეულებრივ იხარშება „საქრისტო ქვა­ბები“ (ლუდის მოხარშვას ქვაბის დუღებას ეძახიან). მარხვა რომ შეიკვრის, დასტურები (ხატის მსახური) მივლენ ჯვარში და ადუღებენ ლუდს. ლუდს რომ აადუღებენ და ხუცესი საფუებად „შახყრის“. იმის შემდეგ იგი ჯვარში ცხოვ­რობს. დასტურებიც ემზადებიან საწელწდო ქვაბების დასაყრელად. გაივლის მარხვის ერთი კვირა და დასტურ­ხელოსნები კვლავ ყველანი იყრიან თავს ჯვარში (ქრისტე სოფელში სამ­ოთხ ადგილზე იციან). ერთი დასტური გაიგ­ზავნება დიასახლისის მოსაყვანად. დიასახლისს ჩვეულებრივ მომზადებული აქვს მასანთოები; გუდაში ჩააწყობს ბოჭოლებს (სამკუთხედ პატარა პურებს), სანთლის მაგიერ მუშს.

ჯერ „მწევრის საფლავის” პირდაპირ გალავანთან ანთებს მუშს და ევედ­რება მწევართ – რასაც აწყენს, იმის პატიებას. მერე ცოტათი გაივლიან და „ლაშქართ“ პირდაპირ ასრულებს ასეთივე წესს. მერე ჯვართაკე გალავანზე გადასასვლელ ადგილას, მერე ქვევრთან, მერე სადიასახლისოს კარებთან, მერე სალუდე ქვაბთან და ბოლოს მოანთებს იქ, სადაც ვარცლი უდგას. ღმერთს შეეხვეწება შველას, დახმარებას, რასაც აწყენინებს, ყველაფრის პატიებას. ბოლოს დაჯდება სადიასახლისოში. ცეცხლი იქ დასტურის მიერ არის დანთებუ­ლი და დიასახლისი შეუდგება ხავიწის დუღებას, ხავიწი ცოტათი გაიყინება და „ჩანახით“ ასწყავს. ჯერ გააკეთებს ღამისსამთელოს, ხმიად­საკვირაოებს. ხმია­დი უნდა ცხრა, საკვირაო ‒ ოთხი, ღამისსამთელო ერთი დიდი ქადა. მანამდინ ღამითევას შეუდგებიან, ჯვარიონნი სხვა წვრილმან წესებს ასრულებენ.

ალექსი ოჩიაური, სოფელი არხოტი, 1988 წ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა