გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Shoplifters – გონების პროგრამული განახლება

შეგრძნება, რომელიც ახალი ფილმი ნახვის შემდეგ კინოთეატრიდან გამოსულს გიჩნდება, ძირითადად რამდენიმე სახისაა ხოლმე: 1. საერთოდ არ მოგეწონა და გენანება მასზე დაკარგული დრო და ფული. 2. დიდად არ აგაღელვა. 3. კმაყოფილი ხარ. შედევრი არ იყო, მაგრამ დრო ისე სასიამოვნოდ გავიდა, ვერც გაიგე. 4. ფილმი ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების სტიმულის გაძლევს და მოქმედებისკენ გიბიძგებს 5. ნანახით იმდენად აღფრთოვანებული რჩები, რამდენიმე დღე და ზოგჯერ კვირაც მისი გავლენის ქვეშ ხარ. 

თუმცა, კიდევ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ფილმები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმაა და შედარებით იშვიათ კატეგორიას განეკუთვნება: მოწონებასთან ერთად მათ ერთგვარი თერაპიული ეფექტი აქვთ, თითქოს ფსიქოანალიტიკოსის სეანსიდან გამოხვედი და ახლებურად ცდილობ გაიაზრო რეალობა. მსგავსი ფილმები თავდაყირა გიყენებს წარმოდგენებს ადამიანებზე, ცხოვრებაზე. ხელახლა გაფიქრებს საკუთარ ყოველდღიურობასა და ურთიერთობებზე და სევდიან და ოპტიმისტურ განწყობაზე ერთდროულად გაყენებს. იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას „წვრილმანი მძარცველები“ (Shoplifters) სწორედ ასეთი ფილმია. 8 ნოემბრიდან მისი ნახვა უკვე კინოთეატრ „ამირანშიც“ შეგიძლიათ.

კორეედას იაპონელი კლასიკოსის, იასუძირო ოძუს ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მიიჩნევენ. მის ფილმებში მართლაც იგრძნობა ოძუს  სიღრმე, სისადავე და ნატურალიზმი. კორეედაც ძირითადად ოჯახის და ბავშვების თემას უტრიალებს და ყველაზე კომფორტულად თავს ე.წ. Family drama-ს, იგივე Home drama-ს ჟანრში მუშაობისას გრძნობს. თუმცა, ოძუსგან განსხვავებით ის აქცენტს უფრო სოციალურ ფონზე აკეთებს და ამ რაკურსით გვაჩვენებს ოჯახურ ურთიერთობებს. ჰიროკაძუ კორეედა 20-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ავტორია, თუმცა, ფართო საზოგადოებამ ის 2004 წელს, კანის კინოფესტივალზე მთავარ კონკურსში წარდგენილი ნამუშევრით „არავინ იცის“ გაიცნო. ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება, მთავარი როლის შემსრულებელმა მოზარდმა კი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო დაიმსახურა. უფრო მასშტაბური აღიარება კორეედას 2013 წლის ნამუშევარმა „როგორც მამა, როგორც შვილი“ მოუტანა. ფილმი კანში ჟიურის სპეციალური პრიზით აღნიშნეს. წელს, ფესტივალზე მისი ტალანტი კიდევ უფრო დააფასეს და „წვრილმან მძარცველებს“ მთავარი ჯილდო, ოქროს პალმა გადასცეს.

რა არის ოჯახი? აუცილებელია კი, ბიოლოგიური კავშირი გვქონდეს მათთან, ვისაც ოჯახის წევრებად მივიჩნევთ? რაში გამოიხატება სიყვარული და როგორ გვიჩნდება ეს გრძნობა ვინმეს მიმართ? რამდენად სწორია, ადამიანები მათი კონკრეტული საქციელით განვსაჯოთ და როდის ხდება კონტექსტი გადამწყვეტი? ფილმი ამ თემების ირგვლივ ტრიალებს და ერთი იაპონური, ღარიბი ოჯახის მაგალითზე ხასიათებისა და იდენტობების მთელს პალიტრას შლის. რეჟისორი არ გვთავაზობს მზა პასუხებს, პირიქით, საგონებელში გვაგდებს და გვიბიძგებს, ბევრი ვიფიქროთ და არსებული ჩარჩოების მიღმა შევხედოთ ადამიანებს, მათ საქციელსა თუ მოტივებს.

შუა ხნის ასაკის წყვილი, ოსამუ და ნობუ მოხუც ბებიასთან და 2 შვილთან, თინეიჯერ გოგოსთან და ათიოდე წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობენ პატარა სახლში. აქ ყველაფერი ერთადაა, საძინებელიც, სასადილოც, ყველას ერთად და ერთმანეთზე სძინავს, ნივთები ქაოსურადაა მიმოფანტული, თუმცა, ეს კლაუსტროფობიული სივიწროვე მალე გავიწყდება, როცა პერსონაჟების ახლოს გაცნობას და მათ ურთიერთობაზე დაკვირვებას იწყებ.

ოსამუ მშენებლობაზე მუშაობს, მისი ცოლი  კი სამრეცხაოში. თუმცა, იმდენად დაბალი შემოსავალი აქვთ, თავს ძირითადად ქურდობით და ბებიის პენსიით ირჩენენ. ოსამუ მის მცირეწლოვან ბიჭთან, კარგად გაწვრთნილ შოთასთან ერთად სუპერმარკეტებში დადის და პროდუქტებს იპარავს. ნუბუ კი სამრეცხაოში, ტანსაცმელის ჯიბეში ჩარჩენილ ნივთებს აგროვებს. მათი თინეიჯერი გოგონა, აკი მსუბუქ პორნო-ინდუსტრიაში, ე.წ.peepshow-ს ტიპის სერვისში მუშაობს.

ზამთრის ერთ საღამოს, მაღაზიაში მორიგი „საქმიანი“ ვიზიტიდან სახლისკენ მიმავალი ოსამუ და შოთა კორპუსთან, სიცივეში მდგარ პატარა გოგოს შენიშნავენ. ბავშვი თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ აშკარაა, რომ ცუდად გრძნობს თავს და ახლობლებთან დაბრუნება არ უნდა. ოსამუს შეეცოდება და სახლში წამოიყვანს. ოჯახი თავიდან სკეპტიკურად ხვდება ამ ამბავს, რადგან ისედაც სიღარიბესა და სივიწროვეში უწევთ ცხოვრება, მაგრამ ძალიან მალე 5 წლის იური ყველას შეუყვარდება და მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. გოგონაზე ყველა თავისებურად ზრუნავს: ბებია ტანსაცმელს უკერავს და მის სხეულზე შემორჩენილ ჩალურჯებეს მალამოთი მკურნალობს, ნუბუ მუდმივად ეფერება და ანუგეშებს, შოთას კი თავისთან ერთად დაჰყავს ქუჩებში  და ქურდობით თავის რჩენასაც ასწვალის. სუპერმარკეტის პროდუქტივით მოპარული გოგონა თავადაც მშვენივრად გრძნობს თავს ამ გარემოში. მან პირველად შეიგრძნო გარშემომყოფებისგან სითბო და სიყვარული. აქ მას არავინ ეჩხუბება და სცემს. (ერთ ეპიზოდში ირკვევა, რომ იურის მშობლები, მიუხედავად ეკონომიკური კეთილდღეობისა, ბავშვის მოვლით დიდად დაინტერესებულები არ არიან, ერთმანეთში სულ ჩხუბობენ და იურიც მუდმივ ტერორში ჰყავთ. მამა კი, დედაზე და ბავშვზე ფიზიკურადაც ძალადობს).

„თუ ვინმე გიყვარს, თუ ნამდვილად გიყვარს, მას არ სცემ, ეხუტები“ – ეუბნება ნუბუ იურის, როცა ერთ მონეტში ბავშვი ეკითხება, კონკრეტული საქციელისთვის ცემას ხომ არ დაიმსახურებს. ამ უჩვეულო ოჯახში უამრავი პრობლემაა, რაც ბევრ რამეზე გიჩენს კითხვებს და უცნაური ეთიკური დილემების წინაშე გაყენებს. თუმცა, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და უმწეო ყოველდღიურობაში ნაპოვნი ბედნიერება იმდენად ავთენტურია, გაკვირვებას ვერ მალავ და სევდა გიპყრობს, როცა ბერჯერ ნანახი გაპრიალებული, ვითომ იდეალური, მაგრამ სინამდვილეში ცარიელი, სტერილური და ყალბი ურთიერთობები გახსენდება. 

რეჟისორი ოსტატურად ახერხებს სენტიმენტალიზმის, ნატურალიზმის და ირონიის ზღვარზე იაროს, ისე რომ არცერთი მოგახვიოს თავზე. კორეედა არ მორალისტობს, არ განსჯის თავის პერსონაჟებს, ფილმის ბოლო ნაწილშიც კი, სადაც საეჭვო დეტალები გამოაშკარავდება, ის გვიტოვებს შესაძლებლობას, თანაგრძნობის უნარი არ დავკარგოთ და კიდევ ერთხელ დავფქირდეთ, სად გადის ზღვარი მორალურობასა და ამორალურობას შორის, რა არის ცუდი და კარგი და როგორ შეიძლება შევცდეთ, როცა ადამიანებს და მოვლენებს სწორხაზოვნად, კონტექსტისგან დამოუკიდებლად აღვიქვამთ ხოლმე.

„წვრილმანი მძარცველები“ უდავოდ ბოლო წლებს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭავი ნამუშევარია. ემოციური, სევდიანი და ამავდროულად, იმედისმომცემი ფილმი ისევე იპარავს მაყურებლის გონებას და გულს, როგორც მისი გმირები ნივთებს მაღაზიაში. 

<p
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა