შვილმკვდარ დედათა აქცია, 1998 წ. | პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში
04.03.20261998 წლის 7 ივლისს 15-მდე შვილმკვდარი დედა მთავრობის სახლის წინ, ტროტუარზე ჩამოჯდა და გარდაცვლილი შვილის სურათით ხელში შიმშილობა დაიწყო.
იმ დროის პრესიდან ირკვევა, რომ აქციის მონაწილეთა შვილები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით მოკლეს. მოშიმშილე დედები კი ამბობდნენ, რომ მკვლელების ვინაობა ცნობილია, თუმცა მათ მფარველობენ და არ სჯიან.
შიმშილობის მესამე დღეს, 1998 წლის 9 ივლისს დაუდგენელმა პირებმა აქციის მონაწილე ერთ-ერთი დედა, ზაირა ფაცურია გაიტაცეს და ზუგდიდის რაიონის პოლიციაში მიიყვანეს. 11 საათის შემდეგ კი ზუგდიდის პროკურატურის თანამშრომლის უშუალო ჩართვით გაათავისუფლეს. ფაცურია მთავრობის სახლთან დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა.
მოშიმშილეებს შსს-ს წარმომადგენლები და ქალაქის სამმართველოს უფროსი, სოსო ალავიძე აკითხავდნენ, დაშლას სთხოვდნენ და მოთხოვნების შესრულებას ჰპირდებოდნენ.
14-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 20 ივლისს დედებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გაზეთი „დრონი“ წერდა:
იქნებ, მანქანამ მაინც გაგვიტანოს და მოვკვდეთ, რადგან შვილების სიკვდილის შემდეგ ჩვენ სიცოცხლეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: მკვლელებზე კანონის ძალით შური გვეძია; ამდენი ხნის ბრძოლის შემდეგ სიმართლეს ვერსად ვპოულობთ, პირიქით, შეშლილებად გვაცხადებენ, - ტირის 50-მდე ალყაში მოქცეული 12 შაოსანი დედა.
ერთ-ერთმა მონაწილემ, ეთერ აბჟანდაძემ პროტესტის ნიშნად ნავთი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, პოლიციამ ნავთით სავსე ბოთლი გამოგლიჯა.
ასე ასრულებდა სტატიას გაზეთი „დრონი“:
შვილმკვდარი დედებისთვის მიუღებელი სიმართლე სამართალდამცავმა ორგანოებმა დიდი ხანია, იპოვეს. გამოძიების მასალებში თავიდანვე ისეა წყალი ამღვრეული, რომ ამერიკიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები, ვერაფერს გაარკვევენ.
მოშიმშილეებმა პოლიციის ალყის გარღვევა ვერ მოახერხეს, რუსთაველის გამზირი ვერ გადაიკეტა.
...
1998 წელს შვილმკვდარ დედათა აქციის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ GEOPROTESTS.ORG-ზე - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1991-დან 2025 წლამდე საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებს.