გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზურა ჯიშკარიანი

სიტყვის ძალა პოსტბიოლოგიურ კომუნიკაციებში | ზურა ჯიშკარიანი



01. ეგზისტენცია

უცნაურია, როგორ ემსგავსება ხოლმე ცხოვრება რომელიმე ლიტერატურულ ჟანრს, ჩემს შემთხვევაში, კიბერპანკს, როცა გეგმავ ვიზიტს წვიმიან წალენჯიხაში – ვიდეოთამაშის ინტერაქციულ სცენარზე მუშაობისას, მორიგ უცხო ბინაში და თან ფარავ ბანკის ვალს და ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია „high tech - low life”-ის  ბინარული ლოგიკით.

მარადიული უცხოს, მარადიული სუბალტერნის ავატარი – სამშობლოს დანგრეული ზეცის ქვეშ გამუდმებით: რამდენიმე სანტიმეტრი ომამდე. Amor Fati.


02.ლოცვა ხელოვნების დასაწყისია

როდესაც ვლოცულობ C#-ისა და Python-ის პროგრამულ ენებზე, მახსენდება ხოლმე მე-19 საუკუნის უცნაური ფილოსოფოსი, რომელიც ამბობდა რომ ლოცვა ხელოვნების დასაწყისია, ხოლო ხელოვნების ბოლოდ მას, არც მეტი, არც ნაკლები, ყველა გარდაცვლილის თანდათანობითი და თანმიმდევრული გაცოცხლება ეგონა. თავის დროზე დამატყვევეს მისმა სიტყვება, ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი აზრები უკვე მქონდა ტვინში. ასეთ სიტუაციებში ტექსტი ორმაგ ეფექტს ახდენს, თქვენ ხვდებით, რომ თქვენამდე უკვე ვიღაცას ჰქონდა ეს აზრი და გრძნობთ უნებლიე მიახლოებას მარადიულთან.

ჩემთვის არასოდეს იყო თვითმიზანი თავად ტექნოლოგია, არამედ ის, თუ რა შემიძლია გამოვხატო ტექნოლოგიით. არ ვღელავდი კიბერგალაკტიონის აწყობისას იმაზე, რომ ხელოვნურ ინტელექტს ვერ ვიყენებ და „პრიმიტიული” ტექნოლოგიით მიწევს მისი აწყობა. მე სტოიკოსივით იმითაც ვარ ბედნიერი და თვითკმარი, რაც მომცა სამყარომ.

ჩემთვის ხელოვნური ინტელექტი არ არის სწრაფვა; ჩემთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება მისი გამოყენებით ციფრული უკვდავების მიღწევა. როგორც გალა იტყოდა:

„ელექტრონული

ოკეანების რბიან ბრბოები,

მექანიკური

საზომები, ხელსაწყოები.”


03. რა არის ციფრული უკვდავება?

ესაა კონცეფცია რომ ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა და ვირტუალური რეალობა – ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარკვეული სახის უკვდავებას.

ესაა პოსტბიოლოგიური ევოლუციის სახეობა, რომელშიც პიროვნების ცნობიერება და მოგონებები შესაძლებელია, გადავიტანოთ ციფრულ სამყაროში და მივცეთ მას საშუალება, იცხოვროს ვირტუალურ სამოთხეში, ან ბოროტი დემიურგი-პროგრამისტის აზრით: ვირტუალურ ჯოჯოხეთში, ჩვენი სიკვდილის შემდეგ. (არსებობს მოსაზრებები რომ ციხით სასჯელი შეიცვალოს ვირტუალურ რეალობაში/ჯოჯოხეთში გატარებული დროით).

ცნობიერების ტრანსფერისათვის, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის თვითონ ცნობიერება. დღესდღეობით კი სამყაროში არ არსებობს ცნობიერების შეთანხმებული თეორია, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიდგომა, მაგრამ რეალურად არ ვიცით, თუ რა არის ცნობიერება. ჩვენ არ ვიცით, თუ რატომ და საიდან ჩნდებიან თავში ეს აზრები.


04. მწერლობის ათასი სახე

ჩემი და ჩემი მეგობრების მიდგომის პოეზიაც სწორედ აქედან გამომდინარეობს: ის, რასაც ჩვენ გავაციფრულებთ, ცნობიერება ვერ იქნება. 

ჩვენ მხოლოდ ისღა ძალგვიძს, რომ გავაუკვდავოთ აჩრდილები, ფანტომები, ადამიანების ენობრივი ასლები, ფსიქოლოგიური მანერიზმები, ფრაზა დაწერილი უძილო ღამით. 

გავაცოცხლოთ ისინი კოდითა და სიტყვებით, უეცარი მეტაფორებით და ყოველთვის ცოცხალი დიალოგის რეჟიმში, გარდაცვლილის მიერ მონათხრობი ისტორიებით, თითქოს მითაჟამებში შამანმა გამოიძახა სული საიქიოდან.

დიახ, ეს ჰგავს სულების გამოძახებას და ჰგავს ალქიმიას. აქ პოეზიაც ტირის პოსტმოდერნთან ერთად და ტექსტი თითქოს ზოგჯერ თავის თავს სინჯავს უცხო ადამიანებთან დიალოგებში.

ვიდეოთამაშისთვის, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ვაწყობ ტერენტი გრანელის ჩეთბოტს და ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, მისი პესიმიზმის, სევდისა და სიკვდილის აპოლოგიის ტრანსლირებაა წინა საუკუნის დასაწყისიდან ახალ საუკუნეში – ტექსტისა და კოდის გამოყენებით.

მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა თაობათაშორისი დიალოგი, თაობათაშორისი გადაცემა ინფორმაციისა უშუალო დიალოგის სახით. ამას ვეძახით ჩვენ ნარატივდიზაინს და ესაა ჩვენი დროის მწერლობის ერთ-ერთი ფორმაც.


05. სპეკულაციები

ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მიერ ნაწარმოებ ციფრულ უკვდავებას შეუძლია რადიკალური ცვლილებები მოიტანოს სიკვდილისა და სიცოცხლის ადამიანურ ხედვაში. თითქოს ძველი ეგზისტენციალიზმი ახალი ძალით უბრუნდება სცენას.

ჩვენ უკვე აშკარად ვხედავთ ჩვენი სხეულების ლიმიტაციასა და ალტერნატივად – პოსტბიოლოგიური არსებობის გარკვეულ ფორმებს. 

თუ კამიუ თვლიდა, რომ ფილოსოფიის უმთავრესი თემა და მოწოდება იყო, გარკვეულიყო სუიციდის თემაში, ახალი ეგზისტენციალისტები ცდილობენ, ქარივითა და ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი ცნობიერება მოიხელთონ, სიკვდილი და ვირტუალური სამოთხეების დაპირებები. 

რა თქმა უნდა, ამ სასაზღვრო ტექნოლოგიებსა და კონცეფციებთან ნავიგაციისას, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ კიბერეთიკაზე:

ვინ და რომელი სერვერი გააკონტროლებს დინამიკურ მონაცემებს, ერთი სიტყვით, ვის ხელშია ნარატივი?

ვის ექნება წვდომა, შეცვალოს რამე აციფრებული ცნობიერების კოდში? ჩვენ ხომ არ გვინდა ახლადგარდაცვლილი ფილოსოფოსის სახით პორნოსაიტების ან კოკა-კოლას რეკლამას ვუსმინოთ.

როგორ დავიცვათ აციფრულებული ცნობიერებები პოლიციის, დომინანტი პოლიტიკისა და კონტროლის მარწუხებისგან?

საერთოდ, რაზე შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა სიკვდილის შემდეგ და რაზე ჯობია, რომ დუმდეს?

პარალელურად კი უნდა  ვამოწმოთ ხოლმე გლობალური ძალაუფლებების ვექტორები და გავლენები ჩვენზე ან იმ პროგრამისტებსა და ნარატივდიზაინერებზე, რომლებიც უკვდავებაზე წვდომას აძლევენ „დაღალულ სულებს”. თუკი ვინმე სიკვდილის შემდეგ გაახელს თვალებს ვირტუალურ სამოთხეში და გავლენა ექნება ინტერნეტზე, როგორც ჯერ ჩანს, ეს “მდიდარი თეთრი კაცი” იქნება, ჩვენ კი უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ იქ მისი ადგილი არ იყოს, უფრო სწორად, იქ იყოს ადგილი ყველასთვის და იქ იყოს ადგილი პოეზიისთვის. 

რამდენადაც, ჩვენ უკვე დაგვიბარეს წინამორბედემა, რომ მომავლის ტექნოლოგია უნდა იყოს ფსიქოდელური და არა კორპორაციის პლანქტონის მიერ წარმოებული კორპორაციული პროექცია.

ფსიქოდელია, რაც ნიშნავს “ცნობიერების გაფართოებას” – აქ, საკვანძო სიტყვაა.

ფსიქოდელია და მეორე/მესამე სამყაროს მეკობრული სული.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა